„ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის, ემილ ავდალიანის წიგნის წარდგენა გაიმართა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის, ემილ ავდალიანის წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
 

ემილ ავდალიანის წიგნი სახელწოდებით „მსოფლიოს ახალი წესრიგი და პატარა რეგიონები“ (New World Order and Small Regions. The Case of South Caucasus) ცნობილმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Palgrave Macmillan-მა სექტემბერში გამოსცა.
 

წიგნი, რომელიც განკუთვნილია, როგორც სამხრეთ კავკასიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მოიცავს ევრაზიაში დიდი ძალების გაზრდილი მეტოქეობის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების ახლებურ გაანალიზებას.
 

წიგნში ასევე მოცემულია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, ირანის და თურქეთის ინტერესების ახლებური ანალიზი. არანაკლებ დიდი ყურადღება ეთმობა ჩინეთსა და აშშ-ის შორის ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ბრძოლის ფონზე, რეგიონში ჩინური ინტერესების განხილვას.
 

„დღეს, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის უახლესი კვლევები ფოკუსირებულია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ასევე, თითოეული რეგიონალური აქტორის (რუსეთი, თურქეთი და ირანი) კავშირებზე რეგიონის ერთ ან სამივე სახელმწიფოსთან. ჩემი მიზანი იყო წიგნში წარმომეჩინა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ევრაზიაში არსებული ცვლილებების ფონზე, რაც ნაკლებად გვხვდება თანამედროვე ლიტერატურაში. მოხარული ვარ, რომ წიგნი ავტორიტეტულმა გამომცემლობამ გამოსცა და ვიმედოვნებ, რომ მკითხველისთვის მეტად საინტერესო იქნება“, -აღნიშნა ემილ ავდალიანმა.

გააზიარე: