ხათუნა ბურკაძემ და ვალერი ჩეჩელაშვილმა, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ზუგდიდში წარადგინეს

„ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანამშრომლობით, “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა. „ჯეოქეისის“ ინფორმაციით, პრეზენტაცია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.  
 

ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით. 


ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის წარმომადგენლები ზუგდიდის სახელმწიფო  სასწავლო  უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ. მათთან ერთად პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობასა და ამ პროცესში აკადემიური, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. 


 „საქართველოს საზოგადოება გახლეჩილია. ამ ნაპრალის ამოვსებასა და შევიწროვებაზე პოლიტიკური ელიტები თავს არ იწუხებენ. ამავდროულად საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია, რომ დაპირისპირება და პოლარიზაცია წარმოადგენს საქართველოს წინაშე არსებულ უდიდეს და უმთავრეს გამოწვევას. ეს გვასუსტებს ჩვენ და აძლიერებს ჩვენ მტერს - ფრაგმენტირებული საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისათვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები. დაპირისპირების დასრულების გარეშე ამ ამოცანების შესრულება რთულად წარმოსადგენია“, -  განაცხადა GSAC-ის მმართველობის წევრმა, ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო იყო და არის ნატო-სა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში.
 

„ჩვენი ამბიცია იმაშია, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში დამკვიდრდეს ევროპული თანამშრომლობისა და პოლიტიკური კულტურის სტანდარტები. ამასთან რადიკალურად იცვლება საერთაშორისო კონტექსტი. ჩვენ გავხდით უკრაინაზე რუსეთის ბარბაროსული აგრესიის მოწმენი. მაგრამ მამაცი უკრაინელი ხალხის თავდადებულმა წინააღმდეგობამ შექმნა ახალი რეალობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები. მათ შორის გაუხსნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
 

ამ ომში რუსეთის გარდაუვალი მარცხის შემდეგ დაიწყება მსოფლიო და რეგიონალური ახალი უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება. ესეც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ჩვენ მოგვეცემა რეალური შანსი მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, რისთვისაც უნდა შევთავაზოთ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივები საერთო ევროპულ სივრცეში - საქართველოსთან ერთად და საქართველოს შემადგენლობაში. ამისთვის ჩვენ უნდა გავხდეთ ერთიანი, ძლიერი და მიმზიდველი ქვეყანა. დაპირისპირების დასრულების გარეშე ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ. ეს გახლავთ ეროვნული თანხმობის დეკლარაციის სულისკვეთება და მთავარი მიზანი“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
 

„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო, აგრესიულმა მოქმედებებმა ყველაფერი შეცვალა. კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა სერიოზული საფრთხეების წინაშეა. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველოც არაერთგზის აღმოჩნდა რუსეთის აგრესიული ქმედებების სამიზნე. მიმდინარე ოკუპაციის, ანექსიისა და რეგიონში არსებული მოვლენების ანალიზის ფონზე ცხადია, რომ პოლარიზაცია წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორს, არამედ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.
 

მისივე განმარტებით, ძალთა კონსოლიდაცია და ეროვნული თანხმობის მიღწევა განაპირობებს ქვეყნის სტრატეგიული მიზნების უზრუნველყოფას. საერთო წარმატებისათვის ერთიანობაა საჭირო.
 

„გამაერთიანებელი მიზანი საერთო ძალისხმევას მოითხოვს. ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგი უნდა შემუშავდეს. სწორედ მის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები მოგვცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ევროპულ, უკეთეს მომავალს განსაზღვრავს. შიდა დაპირისპირებებს არ უნდა შევწიროთ გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივა, რის გარეშე გაგვიჭირდება ახალ საერთაშორისო წესრიგში სათანადო ადგილის დამკვიდრება.
 

ერთიანობით, პარტნიორების მხარდაჭერით, სწორი სტრატეგიული ხედვებითა და რეფორმების განხორციელებით უნდა შევძლოთ როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ევროპული, ევროატლანტიკური მიზნების მიღწევა“,- აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
 

შემოუერთდით „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ მიერ შექმნილ დეკლარაციას. მოაწერეთ ხელი და გახდით მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე.
 

გააზიარე: