ნიკოლოზ ხატიაშვილი ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა.
 

აღნიშნული ცენტრის ინფორმაციით, ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი განხილვის საგანს წელს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს გაფართოების მნიშვნელობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილზე. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები და რუსეთის შეკავების ახალი შესაძლებლობები.
 

კონფერენციის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვდა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს, სელესტ ვოლანდერს და ასევე, გერმანული ანალიტიკური ცენტრებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
 

„ბერლინის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი ასეთი მასშტაბის კონფერენციაა, სადაც მიმდინარეობდა ევროპის უსაფრთხოების მომავლის საგნობრივი განხილვა ევროპელი ლიდერების მიერ. ისინი თანხმდებიან, რომ სიღრმისეულად გადასახედია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და შესაქმნელია ახალი მექანიზმები, რომლებიც მეტად ძლიერს და მედეგს გახდის მთლიან ევროპას. აქ საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის ნატოს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფაზე ე.წ 360 გრადუსიანი მიდგომით, ახალი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე რუსულ ენერგორესურსებზე ალტერნატიული გზების მოძიებისა და განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებით. მნიშვნელოვანია, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, საქართველოს გააჩნია მზარდი როლი, შესაბამისად, ნატოს გაფართოებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოსა და უკრაინას, რაც არაერთხელ აღინიშნა კონფერენციაზეც“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

გააზიარე: