ხათუნა ბურკაძე - პროაქტიული საგარეო პოლიტიკით პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას შევძლებთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა:  „შავი ზღვის რეგიონი რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხორციელების არენად იქცა. რუსეთის ფედერაციის განგრძობადი, უკანონო, არაპროვოცირებული და ძალადობრივი მოქმედებები მიზნად ისახავენ ე.წ. გავლენის სფეროების გაფართოებასა და რეგიონში კონტროლის ბერკეტების მოპოვებას. ეს წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ევროპული, ევროატლანტიკური სივრცისა და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიულმა ომმა ცხადყო, რომ 24 თებერვლის შემდგომი მსოფლიო სხვაგვარი იქნება. ახალ საერთაშორისო წესრიგში სათანადო ადგილის მოსაპოვებლად აუცილებელია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის როლის გამოკვეთა“.
 

ხათუნა ბურკაძის განმარტებით, „ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად აქტიურად უნდა ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს თავდაცვითი სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფას, საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“.


მისივე თქმით, ეკონომიკურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები სატრანსპორტო და სატრანზიტო გზების გასავითარებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველიც გახდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონი საინტერესოა სხვადასხვა დარგობრივი განზომილების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური მიმართულებებით.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა:  „პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებელია მასშტაბური პროექტების განვითარება და განხორციელება, რომელთა შედეგად გვექნება თანამედროვე სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენს სატრანზიტო როლსა და მნიშვნელობას მეტად გააძლიერებს და უსაფრთხოების კომპონენტთან ერთად საქართველოს მისცემს შესაძლებლობას თავისი ინტერესები საერთაშორისო არენაზე უკეთ დაიცვას“.


„რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, ქვეყნის შიგნით არსებული პოლარიზაცია აფერხებს არა მხოლოდ საქართველოს წინსვლას, არამედ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფა ეროვნულ თანხმობას მოითხოვს. ეროვნული თანხმობის საფუძველზე შემუშავებული ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგი და მის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობენ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რომელიც ჩვენი ევროპული, უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია. შიდა დაპირისპირებებს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების ისტორიული შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ თავად ვიბრძოლეთ“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 


გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს

გააზიარე: