ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორია, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.
„გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს კონკრეტულ თანამშრომლობას საქართველოში "ჯეოქეისისა" და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ირგვლივ. კერძოდ, ერთის მხრივ, საქართველოში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ აქტუალურ დისკუსიებზე, პოლონური „ეკონომიკური ფორუმის“ ბრენდი წარმოდგენილი იქნება როგორც პარტნიორი. მოგეხსენებათ, პროექტის ფარგლებში, ჩვენ უკვე გავმართეთ ორი მაღალი რანგის დისკუსია, მომდევნო დისკუსია კი უახლოეს პერიოდში გაიმართება. პარალელურად დაიწყება მუშაობა მიმდინარე წელს საქართველოში პოლონური გამოცდილებით მსხვილი ეკონომიკური ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 6-7 მარტს, პოლონეთში ფორუმის ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრებს გავმართავ. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ვთანხმდებით სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით“ - განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა.
„მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორ აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტსა და წამყვან ქართულ ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისს" შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საქართველოდან ყოველწლიურად ჩამოდიან კარპაჩში, რათა მონაწილეობა მიიღონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ კონფერენციაში, სადაც განიხილება ჩვენი საერთო საკითხები - განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური ფორუმი მტკიცედ არის მოწოდებული, თავისი გამოცდილება გაუზიაროს "ჯეოქეისს". მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლონეთი საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შესაბამისად, ჩვენს ინსტიტუციურ პარტნიორობას ორ ქვეყანას ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა ეკონომიკური ფორუმის პროგრამის საბჭოს თავმჯდომარემ, ზიგმუნტ ბერდიხოვსკიმ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ორგანიზაციის - „Foundation Institute for Eastern Studies” გამგეობის პრეზიდენტმა, ერჟი ბოჩინსკიმ.