ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევრის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, "ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კითხვარის შეფასება ხაზს უსვავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ სექტორულ რეფორმებში არსებულ წარმატებას, მათ შორის ისეთ ფუნდამენტურ სფეროებში, როგორებიცაა მართლმსაჯულების, უსაფრთხოების, ეკონომიკური და სხვა სფეროები".
ნიკოლოზ ხატიაშვილმა აღნიშნა: "აღსანიშნავია, რომ საქართველო რიგ საკითხებში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, რაც მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებს ზრდის. ასევე, აღნიშნული პროგრესი წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ მომავალში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სტადიაზე გადავა, ბევრად სწრაფად მოახდენს გაწევრიანების ეგრეთწოდებული „კოპენჰაგენის“ თავებით მოლაპარაკებას და დახურვას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წინსწრებად ასრულებს ბევრ ისეთ ვალდებულებას, რომლის განხორციელება გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მოუწევს. ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წარმოადგენს პოლიტიკურ ნაწილზე ფოკუსირება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებშია გაწერილი და რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, უმნიშვნელოვანესი იქნება საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზება, რისთვისაც საჭიროა ერთი მხრივ ევროკავშირთან, როგორც ერთიან ინსტიტუტთან თანმიმდევრული და აქტიური თანამშრომლობა, ხოლო მეორე მხრივ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში მუშაობა და მათი მხარდაჭერის გაზრდა ჩვენს მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებთან აქტიური კომუნიკაცია, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის მიმართ სკეპტიციზმით. ამ პროცესის წარმატებით განსახორციელებლად, საკვანძო როლი ენიჭება მაქსიმალურ ჩართულობას ყველა შესაბამისი და რელევანტური აქტორის მხრიდან, როგორც პოლიტიკური საზოგადოებიდან ასევე არასამთავრობო სექტორიდან" , - განაცხადა ხატიაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში, ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.