ქართულ-ბალტიური მიმდინარე დიალოგი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო თანამშრომლობა, რაც განპირობებული იყო საერთო ინტერესებით, ისტორიული ასპექტებითა და  გამოწვევებით. მიუხედავად წარმატებული კავშირებისა, არის რიგი საკვანძო მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების მეტად გააქტიურება და ჩართულობის გაძლიერება როგორც აკადემიურ, ასევე სამთავრობო დონეზე. 


ქართულ-ბალტიური მიმდინარე დიალოგის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მონაწილე ქვეყნების აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული წრეების ჩართულობით, ეფექტური სადისკუსიო პლატფორმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება საერთო ინტერესის სფეროების ირგვლივ თანამშრომლობის გაღრმავება, არსებული გამოწვევების მიმართ ერთიანი მიდგომების შემუშავება, ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების გაძლიერება და ახალი იდეების გენერირება ფართო ჩართულობის გზით. 


დიალოგის ფარგლებში გაიმართება  საგნობრივი დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონის უსაფრთხოება, სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, გარემოს დაცვის საკითხები და კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა  და სხვა. დიალოგის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაღალი დონის შეხვედრების ჩატარება მონაწილე ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ეფექტურ აღსრულებას. 


ბალტიის ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩატარდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიც, სადაც მხარეები გაუზიარებენ საქართველოს საუკეთესო პრაქტიკას, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მიაწვდის ხელისუფლების წარმომადგენლებს. 


ქართულ-ბალტიური მიმდინარე დიალოგის მუშაობას უზრუნველყოფენ ლატვიის და საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები - „ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაცია (LATO)“ და „ჯეოქეისი“. დიალოგის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის  შეხვედრებისა თუ დისკუსიების _- მათ შორის, შესაძლო მაღალი წარმომადგენლობით - ჩატარება, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატებში. აღნიშნული პლატფორმის მუშაობის შედეგად,  რეგულარულად მომზადდება შესაბამისი ანგარიშები და რეკომენდაციები, რომლებიც მიეწოდება ყველა დაინტერესებულ  პირებს.


პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების აკადემიური  და საჯარო  წრეების კიდევ უფრო დაახლოებას. შედეგად კი, პროექტი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცებასა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზაციაზე ბალტიის რეგიონში. 


 

გააზიარე: