ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიწვევით, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ლატვიელ სტუდენტებს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ ფორმატში ლექცია წაუკითხა.
ღონისძიებას მოდერატორობას ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) გენერალური მდივანი, სიგიტა სტრუბერგა უწევდა.
ლექციის დროს ვიქტორ ყიფიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიმდინარე მოვლენები და გეოპოლიტიკური ტენდენციების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე.
ვიქტორ ყიფიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც მკაფიოდაა დეკლარირებული.
მან ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე ისაუბრა, თუმცა, ის იმედგაცრუებაც აღნიშნა, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობამ გამოიწვია, რადგანაც, მისი თქმით, არაერთი კვლევისა და შეფასების თანახმად, რეფორმების კუთხით, საქართველოს მოლდოვაზე უკეთესი პროგრესი აქვს და უკრაინასაც დიდად არ ჩამოუვარდება. „ამ გზაზე ჩვენი მორიგი მცდელობა, როგორც ჩანს, წარმატებული იქნება, რადგან ევროკომისიის მიერ საქართველოს სექტორული რეფორმების შეფასება გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსი მიიღებს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიმართ თავად ევროკავშირის მხრიდან გაზრდილი ინტერესიც და მათი მხრიდან იმ პროექტებით დაინტერესებაზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობით იგეგმება. ასეთ პროექტებად მან დაასახელა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო-კაბელის, ე.წ. შუა დერეფნისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები, რომლებსაც გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელი რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია და შესამჩნევი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.
ლექციისას, ვიქტორ ყიფიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც განიხილა, აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის შესახებ და მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საქართველოს ძალისხმევას გაუსვა ხაზი.
საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საუბრისას, ვიქტორ ყიფიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ახსენა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ს მხრიდან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების როლი შავი ზღვის რეგიონში გაიზრდება. ცხადია, გვესმის, აშშ არ არის შავი ზღვის ქვეყანა, თუმცა, შესაძლებელია, რომ იგი შავი ზღვის რეგიონში ძალაუფლების მქონე სახელმწიფო გახდეს“.
ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებით ჯეოქეისის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებს შორის არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის და შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობა უფრო გაიზრდება. „მოვუწოდებთ ჩვენს ნატოელ კოლეგებს, იმისათვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული, მიმართონ უფრო ეფექტურ ზომებს, ეკონომიკური, თავდაცვისა და პოლიტიკური ქმედებების თვალსაზრისით,“- განაცხადა მან.
ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და კითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
იხილეთ ლექციის ჩანაწერი