„ჯეოქეისმა“ სუვერენულ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთწლიან პერიოდზე განხილვა გამართა

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: „სუვერენულ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის პერიოდის ანალიზი“ გაიმართა. 
 

ონლაინ განხილვა მიზნად ისახავდა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო ომის ერთი წლის პერიოდის მიმოხილვასა და დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული მხარდაჭერის, უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას. ონლაინ ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ ვახტანგ კაპანაძე, ,,ჯეოქეისის" მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი), 2013-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით კაკულია. „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განხილვას მოდერატორობა გაუწია.
 

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო, უკანონო ომის ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და დასავლეთის სხვა ლიდერების ვიზიტები კიევში მკაფიო დასტურია იმისა, რომ  დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას და მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. უკრაინის საბოლოო გამარჯვება გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძირეული შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს,“ - აღნიშნა  ხათუნა ბურკაძემ. 
 

მისივე თქმით, ომის ერთი წლის თავზე, სხვადასხვა პერიოდში ნატო-ს გაერთიანებული ძალების 7  სარდალმა, მათ შორის  2009-2013 წლებში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამაცი უკრაინელების მხარდაჭერისა და მათი გამარჯვებისათვის. 
 

„ამ ომმა აჩვენა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის  როლი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის პროცესში ყოველდღიურად იზრდება და რეგიონალურთან ერთად მათი გლობალური მნიშვნელობა განსაკუთრებით იკვეთება. ეს მოცემულობა რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აჩქარებს და ამ ორგანიზაციების გაფართოების პროცესის გაგრძელებას მოითხოვს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

„დღეისათვის უკრაინა გამარჯვებულია. რუსეთი დამარცხებულია. თუ როგორ გაფორმდება ეს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ასევე იმის თაობაზეც, თუ რა პერიოდი იქნება ამისთვის საჭირო. რუსეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა.  დაზვერვამ ვერ განსაზღვრა უკრაინის სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი - ხალხის წინააღმდეგობის უნარი და ოპერატიული გრავიტაციის ცენტრი - დასავლეთის დახმარების ხარისხი უკრაინის მიმართ.  როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის სამხედრო, საგარეო დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. თუმცა რუსეთში მოქმედი სისტემის გათვალისწინებით შეიძლება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მიჰქონდათ მისთვის სასურველი ინფორმაცია ან თავად პრეზიდენტი ამ მონაცემებს ადეკვატურად არ აანალიზებდა,“ -  განაცხადა  ვახტანგ კაპანაძემ. 
 

გასულ წელს, ომის დაწყებისთანავე, დავით კაკულია უკრაინაში  ჩავიდა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა. ერთი წლის თავზეც ის კიევში იმყოფებოდა. 
 

დავით კაკულიამ განაცხადა: „უკრაინა ომის პარალელურად მუდმივად ცდილობს   თავის სამხედროებს განათლება მიაღებინოს. ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ეყოლება ერთ-ერთი ყველაზე მაგრად მომზადებული სამხედრო ნაწილები, რომლებიც დასავლური შეიარაღებით არიან გადამზადებულები და თანამედროვე ომთან დაკავშირებულ საკითხებს კარგად ფლობენ“.
 

„მიუხედავად რეგულარული თავდასხმებისა, მიტოვებულ საგუშაგოებს ვერ ნახავთ. თუ საგუშაგო ფეთქდება, ახალი უახლეს პერიოდში შენდება. ასევე, საინჟინრო საშუალებებზე ყურადღებაა გასამახვილებელი, რომლებიც ჯარის უსაფრთხოების უზრუნველსაფოფად არის საჭირო. დასავლური ტექნიკა უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარება იმაში, რომ სანგრების თხრაში  მთელი დღე არ დაკარგონ. უკრაინელ სამხედროებს შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნიათ და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვთ,“ - დასძინა დავით კაკულიამ. 
 

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი.

გააზიარე: