ვიქტორ ყიფიანმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA University) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში  სახელწოდებით  “Shaping the Geopolitics of the Greater Eurasia: from Past to Present to Future”, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ღონისძიების მონაწილეებს ქალაქ შუშაში შეხვდა.


კონფერენცია აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ 30 ქვეყნის სხვადასხვა სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები. 


ქალაქ შუშაში კონფერენციის მსვლელობისას, ვიქტორ ყიფიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეკითხვით მიმართა და აღნიშნა: „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ შუშაში ყოფნით და დიდ მადლობას გიხდით თქვენი დროისათვის. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, სამხრეთ კავკასიური მილსადენი. უდავოა, რომ ამ პროექტმა საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც დღემდე პროდუქტიულია და, იმედია, მომდევნო ათწლეულებსაც გასტანს. ეს ყველაფერი კი ჰეიდარ ალიევისა და მისი კოლეგის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დიდი დამსახურებაა, რისთვისაც ჩვენ ყველა დიდად მადლიერნი ვართ“.


ილჰამ ალიევმა ვიქტორ ყიფიანს საქართველო-აზერბაიჯანის საერთო პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა და ხაზი გაუსვა ერთობლივ წარმატებულ პროექტებს - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს. ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი გეგმავს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში დამატებით ინვესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის გასაზრდელად, რათა გადაზიდვები 5 მილიონ ტონამდე გაიზარდოს, ეს კი ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შესაძლებლობების ზრდასაც. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, ასევე, აქტიურად განიხილავს  საქართველოსთან საზღვაო პორტებთან დაკავშირებით თანამშრომლობასაც. „ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ და ვაფასებთ საქართველოს არსებული და მომავალი საზღვაო პორტების პოტენციალს. არ მინდა კონკრეტულ შედეგებამდე წინასწარ ვისაუბრო, თუმცა ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ, ამის შესახებ. ვხედავთ დიდ პოტენციალს, რადგან აშკარაა, რომ ტვირთბრუნვა შუა დერეფნის მეშვეობით კასპიის ზღვიდან საქართველოს პორტების გავლით ყარსამდე (თურქეთი) საკმაოდ დიდი მოცულობის იქნება. ასე რომ, ეს რეალობაა,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. იგი, ასევე, შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, როგორც განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის. 


„ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს და ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

იხილეთ ამონარიდი პრესკონფერენციიდან
 

გააზიარე: