“ჯეოქეისი” რუმინეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილესთან, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ ფლორიან კოლდეასთან შეხვედრას გამართავს

ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისი”, კვლევითი პროექტის, GEO Intel Project-ის ფარგლებში, რუმინეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილესთან, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ ფლორიან კოლდეასთან შეხვედრას გამართავს. 


ღონისძიებას „ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსის - “საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ - სტუდენტები, ასევე, „ჯეოქეისისა“ და პარტნიორი ორგანიზაციის, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC)  ანალიტიკოსები დაესწრებიან.


შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი გაუწევს.


დისკუსია შეეხება შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით დაზვერვის სფეროში რეგიონის ქვეყნებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს.


ფლორიან კოლდეამ რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 12 წელი დაჰყო. იგი ხელმძღვანელობდა რუმინეთში დაზვერვის სფეროში ჩატარებულ ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას. გააჩნია კონტრდაზვერვისა და  კონტრტერორიზმის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. ამჟამად რუმინეთში დაზვერვის ეროვნულ აკადემიასა და სხვა პრესტიჟულ სამოქალაქო და სამხედრო უნივერსიტეტებში აკადემიურ საქმიანობას ეწევა და მიღებულ გამოცდილებას ქვეყანაში უსაფრთხოების მტკიცე კულტურის განვითარებისა და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელთა ახალი თაობის ფორმირების ხელშეწყობისათვის იყენებს. 

გააზიარე: