ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ელჩმა დავით აფციაურმა მონაწილეობა მიიღო 2023 წლის ასტანის საერთაშორისო ფორუმში და სიტყვით წარსდგა საპანელო განხილვაზე, რომელიც დაკავშირებული იყო საშუალო ძალის ქვეყნების დიპლომატიის საკითხებთან.
ელჩმა დავით აფციაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საშუალო ძალის ქვეყნების გაზრდილი როლი თანამედროვე გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას თანამშრომლობის ახალ მოდელებში. დავით აფციაურმა, ასევე, რამდენიმე ინტერვიუ მისცა ყაზახეთის წამყვან სატელევიზიო არხებს ფორუმის ფარგლებში განხილული საკითხების ირგვლივ.
ასტანის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ასტანის ეკონომიკური ფორუმის საფუძველზე შეიქმნა, ამჟამად განსახილველ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმოადგენს მძლავრ პლატფორმას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების მაღალი დონის დელეგატების შეხვედრისათვის გლობალურ გამოწვევებთან საბრძოლველად გზებსა და გადაწყვეტილებებზე სამსჯელოდ.
ფორუმის მოდერატორთა შორის იყვნენ CNN-ის წამყვანი ჟურნალისტი, რიჩარდ ქუესტი და BBC-ის ცნობილი ჟურნალისტი და ტელესახე, სტივენ კოული.