სემ ჰანტინგტონი

ავტორი:

კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება, რომელიც ჰარვარდში გავიცანი, სემ ჰანტინგტონი იყო. „ცივილიზაციათა შეჯახების“ ავტორი ძალიან ორიგინალური აზროვნებით გამოირჩეოდა. იგი ჩვენი  ცენტრის ყოფილი დირექტორი იყო და იქვე ეწეოდა სამეცნიერო კვლევას. ბედმა გამიღიმა, ოფისი მისი კაბინეტის გვერდზე მომცეს. ასე რომ, ხშირად მიწევდა მასთან ურთიერთობა. ასევე, ახლოს გავიცანი მისი სომხური წარმოშობის მეუღლე ნენსი არაკელიანი, რომელიც ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური ქალბატონი აღმოჩნდა.  


ერთხელ კორიდორში მუხლებზე დაჩოქილი სემი დავინახე. წიგნებით სავსე უჯრა გამოეტანა და შიგ იქექებოდა. 
 

- რას შვრები, სემ? 
 

- აა, კახი, ხომ იცი ჩვენ შენობას ანგრევენ. ახალი უნდა აგვიშენონ და ჩემს წიგნებს ვახარისხებ, რაც არ მჭირდება, თან აღარ წავიღებ. თუ გინდა, შემომიარე და აარჩიე რომლებიც მოგეწონება.
 

- დიდი მადლობა, სემ. აუცილებლად შემოგივლი. 
 

რამდენიმე დღეში სემის მეუღლე ნენსი შემხვდა.
 

- აბა, კახი, უკვე ერთი წელია ჰარვარდში ხარ და გრძნობ, თუ არა თავს პოლიტიკის ექსპერტად? - ღიმილით მკითხა ნენსიმ.


- ნენსი, ჩემო კარგო, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. აბა თავად განსაჯე, კაცი რომ შენ ქმარს მუხლებზე იატაკზე დავარდნილს დაინახავს, როგორ იქექება მტვრიან უჯრაში, ის უკვე თავისთავად პოლიტოლოგიის  გურუა. 
 

- ოჰ, კახი, რა ენა გაქვს, - წასკდა სიცილი ნენსის, - აუცილებლად  ვეტყვი სემს, რაც მითხარი.

 
ჰანტინგტონი კონსერვატორი პოლიტიკური მეცნიერი და, შესაბამისად, მკაცრი რეალპოლიტიკოსი იყო. მისი უდიდესი ავტორიტეტის გამო მას ხშირად იწვევდნენ კონგრესში შესაბამის კომიტეტებში მიმდინარე მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად. მას უსმენდნენ და მის აზრებს იზიარებდნენ. უაღრესად საინტერესო იყო ჰანტინგტონის ლექცია, რომელიც მან ჩვენს ჯგუფს წაუკითხა. ლექციის თემა იყო, თუ როგორ ინარჩუნებდა შეერთებული შტატები მსოფლიო ჰეგემონიას. მისი ეს თეორია მას შემდეგ არსად აღარ შემხვედრია. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის იმის ცოდნა, თუ რა ინსტრუმენტებს იყენებდა ამერიკა მსოფლიო ბატონობის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ეს ერთი თეორიაა და ის სრულიად ვერ ასახავს ყველა იმ მიზეზსა და ფაქტორს, რითაც ამერიკა გლობალურ ძალად რჩება; თუმცა მისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მდგომარეობის აღსაქმელად ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ფრიად მნიშვნელოვანია. 


ჰანტინგტონმა, ფაქტობრივად, მოგვცა სტუქტურული სქემა, რომელიც ნათლად აჩვენებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის განხორციელების შემდეგ მეთოდს: აშშ, პირველ რიგში, ევრაზიულ სივრცეში (გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი) აკეთებს მისი მთავარი მეტოქეების იდენტიფიკაციას; ანუ განსაზღვრავს იმ რეგიონულ ლიდერებს (იგი მათ „მორქინალებს“ – regional bullies-ს უწოდებდა), რომლებსაც შეუძლიათ ან ხელი შეუშალონ მსოფლიო ჰეგემონიაში, ან პოტენციურად თვითონ გახდნენ გლობალური ლიდერები. 


ჰანტონგტონის სქემის მიხედვით ეს სახელმწიფოები იყვნენ: გერმანია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ირანი. თითოეული ამ „მორქინალის“ გარშემო შეერთებული შტატები იძენს მოკავშირე მცირე სახელმწიფოებს, რომელთა საშუალებითაც იგი აბალანსებს რეგიონულ ლიდერს და უქმნის მას პრობლემებს რეგიონული, თუ გლობალური ჰეგემონიის გზაზე.


გერმანიას, რომელსაც ამერიკა ახლო მომავალში თავის ყველაზე დიდ კონკურენტად განიხილავდა, ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და თურქეთის საშუალებით აბალანსებდა. რუსეთს, რომელსაც ამერიკა ტრადიციულად თავისი ჰეგემონიის ყველაზე დიდ მტრად განიხილავდა, იმავე ბრიტანეთის, თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშუალებით „არეგულირებდა“. 


ჩინეთს, რომელსაც ამერიკა შორეულ მომავალში ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამდა, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ტაივანის, ფილიპინებისა და მალაიზიის საშუალებით აბალანსებდა, ხოლო ირანს — თურქეთისა და ისრაელის დახმარებით აკონტროლებდა. ყველაზე დიდ შიშს კი ჰანტინგტონს ისევე, როგორც ბზეჟინსკისა და კისინჯერს, გერმანია-რუსეთისა ან რუსეთ-ჩინეთის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივა უღვივებდა და მიაჩნდათ, რომ ამერიკას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა ასეთი ტანდემების შექმნა ევრაზიულ სივრცეში. 

 

ამერიკის მიერ მსოფლიო უსაფრთხოების კონტროლის სქემა.

ავტორი - სემ ჰანტინგტონი. ჰარვარდი. 2002.


 

გააზიარე: