2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის თაობაზე, ჯერ-ჯერობით, არ გამოქვეყნებულა და მისი ზუსტი შინაარსი უცნობია.
საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმია, რომლის დროსაც იზღუდება ადამიანის უფლებები და იზრდება აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილებები. საგანგებო მდგომარეობა დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამხედრო გადატრიალება, ბუნებრივი კატასტროფა, ეიპიდემია და შემთხვევები. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებში მონაწილეობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი. გადაწყვეტილების მიღების ძირითადი პრინციპი შემდეგია: პრემიერ-მინისტრი ახდენს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიცირებას, პრეზიდენტი - ამ გადაწყვეტილების ხელმოწერას (პრემიერ-მინისტრთან ერთად), რის შემდეგაც იგი მტკიცდება პარლამენტის მიერ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რომელი უფლებები იზღუდება, რა მოტივით და საქართველოს რომელ ტერიტორიაზე. საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაძლებელია, შეიზღუდოს ან შეჩერდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე შემდეგი უფლება:
- ადამიანის თავისუფლება (მუხლი 13) - ამ უფლების მიხედვით, ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით დაიშვება. დაკავებული პირი სასამართლოს 48 საათში უნდა წარედგინოს და განემარტოს თავისი უფლებები, მათ შორის ადვოკატის მოთხოვნის შესახებ. ბრალდებული პირის პატიმრობის ვადა კი 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს;
- მიმოსვლის თავისუფლება (მუხლი 14) - ეს უფლება გულისხმობს საქართველოში თავისუფალ მიმოსვლას, საცხოვრებელი ადგილის არჩევის და საქართველოდან გასვლის უფლებას;
- პირადი ცხოვრების უფლება (მუხლი 15) - ეს უფლება იცავს ადამიანის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ადამიანის პირად სივრცეს, საცხოვრებელსა და კომუნიკაციას;
- გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 17) - ეს უფლება აერთიანებს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ ისეთ თავისუფლებებს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, დევნის დაუშვებლობა აზრისა და გამოხატვის გამო, ინფორმაციის თავისუფლად მიღება და გავრცელება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, ცენზურის დაუშვებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, მედია პლურალიზმის დაცვა და სხვა;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება (მუხლი 18) – ეს მუხლი აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან უფლებას, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა პირადი საკითხების შესახებ ინფორმაციის დაცულობას, სახელმწიფოს მიერ მიყენული ზიანის ანაზღაურების უფლებას და სხვა;
- საკუთრების უფლება (მუხლი 19) - ეს მუხლი იცავს საკუთრებას და მემკვიდრეობის უფლებებს და ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს, წინაპირობებსა და კომპენსაციის ვალდებულებას სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრების ჩამორთმევისას;
- შეკრების თავისუფლება (მუხლი 21) – ეს უფლება მოიცავს საჯაროდ შეკრების თავისუფლებას, ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილებით (თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება);
- შრომის თავისუფლება (მუხლი 26) – მუხლი იცავს საკუთრივ შრომის უფლებას, სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებას, უფლებას შრომის უსაფრთხო პირობებზე, პროფესიული კავშირების შექმნას და მასში გაერთიანებას, გაფიცვის უფლებას, მეწარმეობის თავისუფლებას, მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
ჩვეულებრივ, სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნული უფლებების შეზღუდვა მოითხვოს შემდეგი პრინციპების დაცვას: უფლებაში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული, კანონიერი, განხორციელდეს სასამართლოს ნებართვით და ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საჯარო ინტერესი, სხვათა უფლებების დაცვა და სხვა. საგანგებო მდგომარების პირობებში, ყველა ეს დამცავი მექანიზმები, ისევე როგორც სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, შეიძლება, შეჩერდეს საგანგებო მდგომარეობის ვადით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებები ამით არ ამოიწურება. კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას, დამატებით, ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებებს საგანგებო მდგომარეობის ვადით და საგანგებო მდგომარეობის ტერიტორიაზე:
- გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აკრძალონ კრებები, მიტინგები, გაფიცვები, მასობრივი ღონისძიებების მოწყობა, გააკონტროლონ მასმედია, შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესი, შეზღუდონ თავისუფალი გადაადგილება, აკრძალონ საცხოვრებელი ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება ნებართვის გარეშე, შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, დააწესონ კომენდანტის საათი, კარანტინი და გაატარონ სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეამოწმონ და გაჩხრიკონ მოქალაქეები, მათი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან (დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფით);
- შეცვალონ სახელმწიფო საწარმოების წარმოებისა და მიწოდების გეგმები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, გადააყენონ სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები და დანიშნონ სხვა პირები, შეზღუდონ დასაქმებულების განთავისუფლება ასეთი საწარმოებიდან, გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების პრევენციის და ლიკვიდაციისთვის;
- გამოიყენონ კერძო იურიდიული და ფიზიკური პირის ქონება და მატერიალური საშუალებები საგანგებო ვითარების შედეგების პრევენციის და ლიკვიდაციისთვის, სათანადო ანაზღაურებით საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, ჩააბან მოქალაქეები საწარმოების, დაწესებულების და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფით;
- არ დაუშვან მოქალაქეთა მიერ სამხედრო ფორმირებების შექმნა, დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ხოლო ორგანიზაციებს - სამხედრო ტექნიკა, რადიაქტიული და სხვა მავნე ნივთიერებები, შეზღუდონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური, შხამიანი, სპირტიანი სასმელებით და სპირტის შემცველი სხვა ნივთირებებით ვაჭრობა.
აუცილებელი არ არის სახელმწიფომ ყველა ზემოაღნიშნული შეზღუდვა და ღონისძიება ერთდროულად აამოქმედოს. როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ ზოგიერთი უფლება იზღუდება საჭიროების პროპორციული მოცულობით და ვადით.
საგანგებო მდგომარეობის დროს საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.
საგანგებო სიტუაციის შედეგების პრევენციის და ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო გამოუყოფს საცხოვრებელს, აუნაზღაურებს ზიანს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში ან აღმოუჩენს სხვაგვარ დახმარებას.
საგანგებო მდგომარეობის დროს არ ტარდება არჩევნები ხოლო კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის განხილვა ჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე. საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებულია სამხედრო ძალების გამოყენება.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე იქნა შემოღებული:
2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკავშირდებოდა სახალხო დემონტსრაციებს, რომელიც დასრულდა ვარდების რევოლუციით. ბრძანებულება არ ითვალისწინებდა, რომელი უფლებები შეიზღუდა ან რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. საგანგებო მდგომარეობა ძალადაკარგულად გამოცხადდა იმავე წლის 24 ნოემბერს.
2006 წლის 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენის გამო. სახელისუფლებო ორგანოებს უფლება მიეცათ ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განეხორციელებინათ ისეთი მოქმედებები, როგორიცაა მოსახლეობისათვის და საწარმოებისათვის ფრინველის ჩამორთმევა და განადგურება, განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ეწეოდნენ ფრინველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების წარმოებას, გარეულ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვა, მოსახლეობისათვის სანადირო იარაღის დროებით ჩამორთმევა, ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, დეზობარიერების მოწყობა და სხვა ღონისძიებების განხორციელება.
პოლიტიკური კრიზისის და სახალხო პროტესტის გამო საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2007 წლის 11 ნოემბერსაც. დეკრეტის მიხედვით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის უფლება, შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის და გაფიცვის უფლება. აგრეთვე, შეჩერდა ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მუშაობა და დაწესდება ინფომრაციის მიღება და გავრცელება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
საგანგებო მდგომარეობა უკანასკნელად გამოცხადდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, 2008 წლის 3 სექტემბრის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომლის საფუძველზე გაუქმდა მანამდე მოქმედი საომარი მდგომრეობა და მის ნაცვლად დაწესდება საგანგებო მდგომარეობა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდება კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ მიზანს - ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. აქედან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება დაწესდებს შეზღუდვები მხოლოდ იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც აუცულებელია ამ მიზნის მისაღწევად.