„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - ლონდონიდან თბილისამდე

ავტორი:

პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს მაია მუმლაძესთან, რომელიც არის ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული და დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა საქართველოში.

 


- მაია, მოგესალმებით! სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის. 
მაია, თქვენ სწავლობდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში  და ცხოვრობდით დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში. 


- დღეს რას საქმიანობთ? 


- დღეის მდგომარეობით ვარ დასაქმებული დელოიტში, წამყვანი კონსულტანტის პოზიციაზე. მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მაქვს შესაძლებლობა გამოვიყენო და გავაზიარო შეძენილი ცოდნა. 


- ლონდონში რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?


- მივიღე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი, კორპორატიული და ფასიანი ქაღალდების სამართლის სპეციალიზაციით. აღნიშნული კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორატიული ფინანსირება, კორპორატიული მართვის სამართალი, საბანკო სამართალი, Private equity, Venture Capital და M&A. ასევე, მინდა აღვნიშნო რომ ჩემმა სადისერტაციო ნაშრომმა მოიპოვა წარჩინების შეფასება. დისერტაცია, „Disclosure for a Greener Future: Evaluating the UK Prospectus Regime's Prospects in Combating Climate Change“, აფასებს პროსპექტუსის ფარგლებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი რეგულაციის და პრაქტიკის ფარგლებში. 
 

- რამ გიბიძგათ გესწავლათ ეს საკითხი - რა იყო ის მოტივაცია, რამაც გადაგაწყვეტინათ თქვენი მთავარი ფოკუსი კორპორატიული & ფასიანი ქაღალდების სამართლის მიმართულებით მიგემართათ?


- ჩემი წარსული პროფესიონალური გამოცდილებით მქონდა შეხება როგორც ქართულ, ასევე  დიდი ბრიტანეთის კორპორატიული და ფასიანი  ქაღალდების სამართალთან. საქმიანობის დროს გამიჩნდა ინტერესი ლონდონის ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულაციასთან მიმართებით. დამატებით, პირველი მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ჩემი აკადემიური კვლევა ეხებოდა კომპანიების მიერ ბონდების გამოყენებით დაფინანსების მოპოვებას. აღნიშნულ პროცესშიც, მიზნად დავისახე შემესწავლა სხვადასხვა მეთოდები და გზები, რომლითაც შესაძლებელია კომპანიების გრძელვადიანი, სტაბილური წარმატების მიღწევა და შენარჩუნება.  ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლამ მომცა შესაძლებლობა შემესწავლა არამარტო ეს საკითხები, არამედ ცოდნა შემეძინა ახალ სფეროებზე როგორიცაა Environmental, Social, Governance (ESG).
 

 - და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ლონდონში სწავლისას შეიძინეთ, გარდა აკადემიური ცოდნისა?


-ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი ლონდონში ყოფნის განმავლობაში იყო შესანიშნავ პროფესიონალებთან და აკადემიკოსებთან გატარებული დღეები. სამაგისტრო კურსი შედგებოდა 70 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან, რამაც შესაძლებლობა მომცა გამეგო მეტი არამარტო ბრიტანულ, არამედ მრავალი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე. ასევე, უნდა აღვნიშნო ერთ-ერთი ლექტორის, ნიამფ მალონის დიდი წვლილი ჩემს აკადემიურ განვითარებაში. იგი მასწავლიდა ფასიანი ქაღალდების რეგულაციის სამართალს და ხელმძღვანელობდა ჩემს სადისერტაციო ნაშრომს. დღეისთვის, იგი არის ჩემთვის არამარტო მენტორი, არამედ მაგალითი იმისა, თუ რა სტანდარტებით უნდა ვხელმძღვანელობდე როგორც იურისტი. 
 

- ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საცხოვრებლად პოპულარული ქალაქია. რამ მოახდინა ყველაზე მეტად თქვენზე შთაბეჭდილება იქ ცხოვრებისას?


- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლონდონში არსებულმა კულტურულმა მრავალფეროვნებამ.  ლონდონში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი მრავალი ქვეყნის ხელოვნებას, ლიტერატურასა და სამზარეულოს. ასევე აღსანიშნავია, რომ სწავლის პერიოდს დაემთხვა მონარქის კორონაცია და შევესწარი დიდი ბრიტანეთისთვის ერთ-ერთ ისტორიულ მოვლენას. 
 

- როგორი არის ლონდონური ცხოვრება?


- ლონდონი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ჰაბი და ცხოვრების სტილი ამას ასახავს. ამის მიუხედავად, არსებობს განტვირთვის უამრავი შესაძლებლობა. ლონდონში ცხოვრება ჩემთვის მოიცავს მრავალი მუზეუმის ვიზიტს, საუკეთესო ყავას, ნისლიან ქუჩებში სეირნობას და რა თქმა უნდა, უამრავ პაბს. 


- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება  უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას?  თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?


- ვთვლი საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლება კარგ შესაძლებლობას იძლევა მოხდეს არსებული სტანდარტების ამაღლება და ახალი ინიციატივების იმპლემენტაცია არსებულ პრაქტიკაში. ჩემთვის ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია ESG და კორპორატიული მართვის სტანდარტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებაა. ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვალდებულებებს ამ სტანდარტების შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნული პრაქტიკის ჩამოყალიბება ქართული კომპანიებისთვის წარმოადგენს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. 

 

- მაია, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე - ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და უზიარებენ სხვას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. 


 

გააზიარე: