1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეორე ნაწილი - ვლადიმერ (ლადო) ჯაფარიძე)

ავტორი:

ვლადიმერ (ლა­დო) ჯა­­ფა­რიძე

 

იხილეთ პირველი ნაწილი

 

პედაგოგი, მთარგმნელი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ (ლა­დო) ჯა­­ფა­რიძე (1887-1981), რომელიც მხატვარ უჩა ჯაფარიძის (1906-1988) ძმა გახლ­დათ და 1919 წლის შემოდგომიდან - 1921 წლის იანვრამდე მსახურობდა აზერბაიჯანის დედაქა­ლაქ ბაქოში აკ­რე­დიტე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პი­რ­ველ მდივნად, იგო­ნე­ბ­და: “ბაქოს დაკავების შემდეგ, საქართველოს ჯე­რიც და­დგა. ორ­ჯონიკიძე იმ დროს ბაქოში იყო და XI არმიით საქართველოზე გამოსალაშქრებლად ემ­ზადებოდა. ის იქ არა მარტო სარდალი და კომუნისტების მეთაური, არამედ ერთპირო­ვ­ნუ­ლი მბრძა­ნე­ბელიც ბრძანდებოდა... კრემლის ნებართვისთანავე, XI არმია საქართველოსაკენ დაიძრა. მაშინვე მთე­ლი ამ­ერ-იმერი ფეხზე დადგა. დიდი, პა­ტა­რა, მუშა თუ მრეწველი, პარტიული თუ უპარ­ტიო, ყვე­ლა თოფ-იარაღს მოითხოვდა ფრონტზე წასასვლელად... ორი კვირა გრძელ­დე­ბოდა ბრძო­­ლა. განსაკუთრებით გააფთრებით ქართველი მუშები იბრძოდნენ. იბრძოდა ახა­ლ­გა­ზრდობა, მოწაფეებიც კი, ბიჭებიც და გოგოებიც. თავს არა­­ვინ იზოგავდა. ნამ­დ­ვილი სა­ხალხო ბრძოლა გაუმართეს ოკუპანტებს... იყო მომენ­ტები, როცა მტერი უკვე და­მა­რცხებულიც კი გვეგონა... ჩვენმა მცირერიცხოვნებამ ვერ გაუძლო რიცხვმრავალ მომ­ხდურს. ისინი სხვადასხვა მხრიდან მოადგნენ რესპუბლიკის საზღვრებს. თვით მამისო­ნის გადმოსასვლელიც კი არ დაუტოვებიათ გამოუყენებელი. იქ ჩვენი ჯარი არ იდგა, რადგან ის ბუნებრივად დიდი თოვლით იყო გამაგრებული, რომლის გადმოლახვას არა­ვინ მოელოდა...

 

იმ დღეს თბილისში ვიყავი და ჩემი თვალით ვიხილე ის ჯოჯოხეთი, რომელიც შე­­მო­სულებმა დაატრიალეს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოსახდენი მოხდა! მერე და მერე, რუსის ურდოებმა თბილისს აღა-მაჰმად-ხანი დაავიწყეს!

 

გამოვედი ქუჩაზე, ირგვლივ სიცარიელეა. ბოლოს, ერევნის მოედანზე რომ ამოვე­დი, ორიოდე უძილობისაგან თვალებჩაღამებული მოხუცებული დავინახე. ერთს წითელი ქსოვილი შემოეხვია მკლავზე. მითხრეს, ჩვენმა ჯარებმა დატოვეს ქალაქი და სულ მა­ლე რუსის ჯარები შემოვლენო. ესენი თურმე ჩემსავით შემორჩენილები ყოფილან და “სეირის” საყურებლად გამოსულან.

 

მე გულშემოყრილი ვიდექი და წასვლას არ ვაპირებდი. ან სად უნდა წავსული­ყავი? სახლში? - სამსახურში ხომ სულ არავინ აღარ იქნებოდა. ვიდექი და ვუ­ც­დიდი ჯარების შემოსვლას. აქა-იქ გამოჩნდნენ ჩემსავით შემორჩენილები - ორი-სამი კაცი და ბოლოს რუსის ქა­ლე­ბის ერთი პატარა ჯგუფიც. დამლაგებლები იყვნენ, თუ კერძო ოჯა­ხებში მოსამსახუ­რე­ნი. მხიარულად მოდიოდნენ პროსპექტის მხრიდან და მზესუმზირას აკნატუნებდნენ. ცხა­დია, ჩენჩოს ქუჩაში აფურთხებდნენ. ძალიან გახარებულები იყვნენ, - ეტყობოდათ და უც­­დიდნენ თავიანთი ძმების შემოსვლას. იცინოდნენ, ხარხარებდნენ ამ უსაზღვრო ნაღ­ვე­ლითა და წუხილით შეპყრობილ გარემოში.

 

- Ха-ха-ха! А помнится Груня, ерти, ори... - სიცილით ერთმანეთს ასკ­დებიან.

 

ჩვენ - მე და ჩემსავით დამუნჯებული ის ორიოდე მოხუცი - ახლანდელი აღმას­კო­მის შენობის წინ ვიდექით. ამ დროს, ერთი ინტელიგენტი მოვიდა და ისიც ჩვენთან და­­დ­გა. რომ შემატყო დაღონება, გამომელაპარაკა. პოლონელი ვარო - მითხრა. ისიც ძა­ლი­ან შეწუხებული იყო - ჩემზე არანაკლებ, მაგრამ თავს ინუგეშებდა და მეც მარწ­მუ­ნე­ბდა, რომ სამ თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნებოდა. ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო და უგუნურად მოხითხითე რუსის ქალებს ბრაზმორეული მისჩერებოდა”.

 

ზემოთ მოყვანილი ამონარიდიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს დემოკრატი­ული რესპუბლიკის დაცვისათვის წარმოებულ ბრძო­­ლას, ქართველებთან ერთად გულ­წრ­ფელად თანაუგრძნობდნენ თბილისში მცხოვ­რე­ბი პოლონელებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი იყვნენ. იმავდროულად კი ადგილობრივი რუსები სიხა­რუ­ლით ეგებებოდნენ თავიანთ თანამოძმეებს, რომლებიც დამოუკიდებელი ქართული სა­ხე­ლმწიფოს მოსასპობად მოდიოდნენ.

 

წითელი ჯარის ნაწილების თბილისის ცენტრში შემოსვლას ლადო ჯაფარიძე ასე აღწერს: “ახლანდელი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც იმ დროს მეტად ვიწრო იყო, ცხე­ნოსანთა რაზმი გამოჩნდა. დაღლილ-დაქანცულობისა და უძილობის გამო თვალებჩა­ღა­მე­ბული მხედრები, განუყრელი ბუდიონოვკებით თავდამშვენებულნი, მშიერ-მწყურვა­ლ­ნი, ძლივს მოლასლასებდნენ. ერთნაირ მაზარამოსილთაგან მეთაურს ვერ გამოარჩევ­დით. აღმასკომის წინ კიდევ მოეყარა თავი რამდენიმე კაცს. რაზმი მცირე ხნით აღმას­კო­მის წინ შედგა და დაიძახა:

 

Да здравствует Советская власть, ура!

 

მაგრამ საპასუხო “ურ­ას” მთქმელი არავინ იყო, გარდა იმ რამდენიმე რუსი ქა­ლისა.

 

Да здравствует Совет­с­кая Грузия! – დაიძახა ერთმა მათმა ალბათ მეთაურთაგანმა და ჩვენც გამოვფხიზლდით.

 

ცოტა მომეშვა, “გრუზია” რომ ახსენეს. რუსის ქალებმა კი გაკვირვებაც გამო­ხატეს.

 

ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ “იგონებს” “Заря”-ს ფურცლებზე: “На улицах масса народа, красные флаги, много цветов, приветственные возгласы”. და რაც მთავარია, “Повсюду ра­дости!” - გვარწმუნებს, თითქოს მართლა ვისმეს რაიმე უხაროდა, გარდა იმ მზესუმ­ზი­რა­ჭამია რუსი გოგოებისა.

 

კარგა ხანს ვიდექი ქალაქის გამგეობის შენობის წინ. ჯარები თავის გზას გაუდ­გ­ნენ. მე სასახლისაკენ წამოვედი, იქნებ ვინმე ნაცნობს გადავყროდი და გამეგო, რა უბე­დურება იყო ჩვენს თავს. ზოგი ამბობდა: “ჩვენი ჯარები მცხეთის სიმაღლეებზე გა­მა­გრებულანო და უბრძოლველად წითელ არმიას დასავლეთისაკენ არ გაუშვებენო”, ზო­გი კიდევ რას. პროსპექტზე დამფრთხალი ხალხი დაბოდიალობდა... “ზემელის” მხრი­დან რუსი ჯარისკაცების კონვოის მოჰყავდა ჩვენი ჯარის ნაწი­ლე­ბი, დატყვევებულნი. იქ ოფიცრებიც ერივნენ, მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც. ისინი შტა­ბ­ში მიჰყავდათ.

 

უაზროდ დავბორიალობდი ნახევრად დაცარიელებულ პროსპექტზე მთელი დღე და ნაცნობებთან გამოლაპარაკებისას ხავსივით ვებღაუჭებოდი, ვინმე რამე სანუგეშოს თუ იტყოდა. იმ დღეს შევხვდი აბელ ენუქიძეს. თბილად ეცვა, თავზე ფაფახი ეხურა, გვე­რდზე ვიღაც მოჰყვებოდა. გამაცნო. ალიოშა სვანიძე გამოდგა, შემდგომში ჩვენი რეს­პუ­ბლიკის მთავრობის ერთ-ერთი წევრი - ფინანსთა მინისტრი (სტალინის ცოლისძმა). აბელი, რო­გორც მითხრა, ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად ჩამოსულიყო, ლენინის და­ვა­ლებით, მა­გ­რამ ვეღარ ჩამოესწრო და იმავე დღეს, ქუთაისისაკენ გაემგზავრა, იქნებ სა­დმე წამო­ს­წეოდა”.

 

ზემოხსენებული აბელ ენუქიძე (1877-1937) მსახურობდა სსრ კავშირის ცენტრა­ლუ­რი აღმა­ს­რულებელი კომიტეტის მდივნად (1922-1935), ხოლო ალექსანდრე სვანიძე (1886-1941) - რსფსრ-ის, საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის სფსრ-ის ფინანსთა მი­ნი­სტრად, სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძ­ღ­ვანელი გერმანიაში (1924-1935), ბოლოს კი სსრკ სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ (1935-1937). მიუ­ხე­დავად იმისა, რომ ორი­­ვე მათგანი სტალინის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, ისინი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვლადიმირ ლენინის მცდელობა, - როგორმე ნოე ჟო­რ­დანია საქართ­ვე­ლოში დაეტოვებინა - უშედე­გოდ დასრულდა.

 

მესამე ნაწილი - გიორგი ნადირაძე (1902 – 1960) - ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთა­რგმნელი და მწერალი.

გააზიარე: