ვლადიმერ (ლადო) ჯაფარიძე
იხილეთ პირველი ნაწილი
პედაგოგი, მთარგმნელი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ (ლადო) ჯაფარიძე (1887-1981), რომელიც მხატვარ უჩა ჯაფარიძის (1906-1988) ძმა გახლდათ და 1919 წლის შემოდგომიდან - 1921 წლის იანვრამდე მსახურობდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აკრედიტებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პირველ მდივნად, იგონებდა: “ბაქოს დაკავების შემდეგ, საქართველოს ჯერიც დადგა. ორჯონიკიძე იმ დროს ბაქოში იყო და XI არმიით საქართველოზე გამოსალაშქრებლად ემზადებოდა. ის იქ არა მარტო სარდალი და კომუნისტების მეთაური, არამედ ერთპიროვნული მბრძანებელიც ბრძანდებოდა... კრემლის ნებართვისთანავე, XI არმია საქართველოსაკენ დაიძრა. მაშინვე მთელი ამერ-იმერი ფეხზე დადგა. დიდი, პატარა, მუშა თუ მრეწველი, პარტიული თუ უპარტიო, ყველა თოფ-იარაღს მოითხოვდა ფრონტზე წასასვლელად... ორი კვირა გრძელდებოდა ბრძოლა. განსაკუთრებით გააფთრებით ქართველი მუშები იბრძოდნენ. იბრძოდა ახალგაზრდობა, მოწაფეებიც კი, ბიჭებიც და გოგოებიც. თავს არავინ იზოგავდა. ნამდვილი სახალხო ბრძოლა გაუმართეს ოკუპანტებს... იყო მომენტები, როცა მტერი უკვე დამარცხებულიც კი გვეგონა... ჩვენმა მცირერიცხოვნებამ ვერ გაუძლო რიცხვმრავალ მომხდურს. ისინი სხვადასხვა მხრიდან მოადგნენ რესპუბლიკის საზღვრებს. თვით მამისონის გადმოსასვლელიც კი არ დაუტოვებიათ გამოუყენებელი. იქ ჩვენი ჯარი არ იდგა, რადგან ის ბუნებრივად დიდი თოვლით იყო გამაგრებული, რომლის გადმოლახვას არავინ მოელოდა...
იმ დღეს თბილისში ვიყავი და ჩემი თვალით ვიხილე ის ჯოჯოხეთი, რომელიც შემოსულებმა დაატრიალეს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოსახდენი მოხდა! მერე და მერე, რუსის ურდოებმა თბილისს აღა-მაჰმად-ხანი დაავიწყეს!
გამოვედი ქუჩაზე, ირგვლივ სიცარიელეა. ბოლოს, ერევნის მოედანზე რომ ამოვედი, ორიოდე უძილობისაგან თვალებჩაღამებული მოხუცებული დავინახე. ერთს წითელი ქსოვილი შემოეხვია მკლავზე. მითხრეს, ჩვენმა ჯარებმა დატოვეს ქალაქი და სულ მალე რუსის ჯარები შემოვლენო. ესენი თურმე ჩემსავით შემორჩენილები ყოფილან და “სეირის” საყურებლად გამოსულან.
მე გულშემოყრილი ვიდექი და წასვლას არ ვაპირებდი. ან სად უნდა წავსულიყავი? სახლში? - სამსახურში ხომ სულ არავინ აღარ იქნებოდა. ვიდექი და ვუცდიდი ჯარების შემოსვლას. აქა-იქ გამოჩნდნენ ჩემსავით შემორჩენილები - ორი-სამი კაცი და ბოლოს რუსის ქალების ერთი პატარა ჯგუფიც. დამლაგებლები იყვნენ, თუ კერძო ოჯახებში მოსამსახურენი. მხიარულად მოდიოდნენ პროსპექტის მხრიდან და მზესუმზირას აკნატუნებდნენ. ცხადია, ჩენჩოს ქუჩაში აფურთხებდნენ. ძალიან გახარებულები იყვნენ, - ეტყობოდათ და უცდიდნენ თავიანთი ძმების შემოსვლას. იცინოდნენ, ხარხარებდნენ ამ უსაზღვრო ნაღველითა და წუხილით შეპყრობილ გარემოში.
- Ха-ха-ха! А помнится Груня, ерти, ори... - სიცილით ერთმანეთს ასკდებიან.
ჩვენ - მე და ჩემსავით დამუნჯებული ის ორიოდე მოხუცი - ახლანდელი აღმასკომის შენობის წინ ვიდექით. ამ დროს, ერთი ინტელიგენტი მოვიდა და ისიც ჩვენთან დადგა. რომ შემატყო დაღონება, გამომელაპარაკა. პოლონელი ვარო - მითხრა. ისიც ძალიან შეწუხებული იყო - ჩემზე არანაკლებ, მაგრამ თავს ინუგეშებდა და მეც მარწმუნებდა, რომ სამ თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნებოდა. ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო და უგუნურად მოხითხითე რუსის ქალებს ბრაზმორეული მისჩერებოდა”.
ზემოთ მოყვანილი ამონარიდიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლას, ქართველებთან ერთად გულწრფელად თანაუგრძნობდნენ თბილისში მცხოვრები პოლონელებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი იყვნენ. იმავდროულად კი ადგილობრივი რუსები სიხარულით ეგებებოდნენ თავიანთ თანამოძმეებს, რომლებიც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მოსასპობად მოდიოდნენ.
წითელი ჯარის ნაწილების თბილისის ცენტრში შემოსვლას ლადო ჯაფარიძე ასე აღწერს: “ახლანდელი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც იმ დროს მეტად ვიწრო იყო, ცხენოსანთა რაზმი გამოჩნდა. დაღლილ-დაქანცულობისა და უძილობის გამო თვალებჩაღამებული მხედრები, განუყრელი ბუდიონოვკებით თავდამშვენებულნი, მშიერ-მწყურვალნი, ძლივს მოლასლასებდნენ. ერთნაირ მაზარამოსილთაგან მეთაურს ვერ გამოარჩევდით. აღმასკომის წინ კიდევ მოეყარა თავი რამდენიმე კაცს. რაზმი მცირე ხნით აღმასკომის წინ შედგა და დაიძახა:
– Да здравствует Советская власть, ура!
მაგრამ საპასუხო “ურას” მთქმელი არავინ იყო, გარდა იმ რამდენიმე რუსი ქალისა.
– Да здравствует Советская Грузия! – დაიძახა ერთმა მათმა ალბათ მეთაურთაგანმა და ჩვენც გამოვფხიზლდით.
ცოტა მომეშვა, “გრუზია” რომ ახსენეს. რუსის ქალებმა კი გაკვირვებაც გამოხატეს.
ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ “იგონებს” “Заря”-ს ფურცლებზე: “На улицах масса народа, красные флаги, много цветов, приветственные возгласы”. და რაც მთავარია, “Повсюду радости!” - გვარწმუნებს, თითქოს მართლა ვისმეს რაიმე უხაროდა, გარდა იმ მზესუმზირაჭამია რუსი გოგოებისა.
კარგა ხანს ვიდექი ქალაქის გამგეობის შენობის წინ. ჯარები თავის გზას გაუდგნენ. მე სასახლისაკენ წამოვედი, იქნებ ვინმე ნაცნობს გადავყროდი და გამეგო, რა უბედურება იყო ჩვენს თავს. ზოგი ამბობდა: “ჩვენი ჯარები მცხეთის სიმაღლეებზე გამაგრებულანო და უბრძოლველად წითელ არმიას დასავლეთისაკენ არ გაუშვებენო”, ზოგი კიდევ რას. პროსპექტზე დამფრთხალი ხალხი დაბოდიალობდა... “ზემელის” მხრიდან რუსი ჯარისკაცების კონვოის მოჰყავდა ჩვენი ჯარის ნაწილები, დატყვევებულნი. იქ ოფიცრებიც ერივნენ, მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც. ისინი შტაბში მიჰყავდათ.
უაზროდ დავბორიალობდი ნახევრად დაცარიელებულ პროსპექტზე მთელი დღე და ნაცნობებთან გამოლაპარაკებისას ხავსივით ვებღაუჭებოდი, ვინმე რამე სანუგეშოს თუ იტყოდა. იმ დღეს შევხვდი აბელ ენუქიძეს. თბილად ეცვა, თავზე ფაფახი ეხურა, გვერდზე ვიღაც მოჰყვებოდა. გამაცნო. ალიოშა სვანიძე გამოდგა, შემდგომში ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი წევრი - ფინანსთა მინისტრი (სტალინის ცოლისძმა). აბელი, როგორც მითხრა, ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად ჩამოსულიყო, ლენინის დავალებით, მაგრამ ვეღარ ჩამოესწრო და იმავე დღეს, ქუთაისისაკენ გაემგზავრა, იქნებ სადმე წამოსწეოდა”.
ზემოხსენებული აბელ ენუქიძე (1877-1937) მსახურობდა სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნად (1922-1935), ხოლო ალექსანდრე სვანიძე (1886-1941) - რსფსრ-ის, საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის სფსრ-ის ფინანსთა მინისტრად, სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გერმანიაში (1924-1935), ბოლოს კი სსრკ სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ (1935-1937). მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სტალინის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, ისინი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვლადიმირ ლენინის მცდელობა, - როგორმე ნოე ჟორდანია საქართველოში დაეტოვებინა - უშედეგოდ დასრულდა.
მესამე ნაწილი - გიორგი ნადირაძე (1902 – 1960) - ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მწერალი.