1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მესამე ნაწილი - გიორგი ნადირაძე)

ავტორი:

მესამე ნაწილი  - გიორგი ნადირაძე

 

1921 წლის თებერვლის მიწურულს საქართველოსა და მისი დედაქალაქში მომ­ხ­და­რი მოვლენების თვი­თმხილველთა შორის იყო გიორგი ალექ­სანდრეს ძე ნადირაძე (1902-1960), მომავალში - ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთა­რ­გმნელი და მწერალი. მი­სი საყურადღებო მოგონების ხელნაწერი, დათარიღებული 1960 წლის თებერვალ-მა­რ­ტით, დაცუ­ლია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუ­­ზე­უმ­ში. ეს მოგონება ავტორს დაუს­რუ­ლებელი დარჩა, ვინაიდან იმავე წლის ივნისში იგი გარდაიცვალა.


გიორგი ნადირაძე აღნიშნავდა, რომ თუ მის ხელნაწერში მოყვანილი ფაქტების სი­­მარ­თ­ლის გამო, ვერ მოხერხდება მისი გამოქვეყნება, "დაე, ეგდოს იგი ჩემს უჯრაში. სიკვ­დი­ლის წინ არ შემიძლია არ ვთქვა აღსარება".

 

ხსენებულ მოგონებებში ვკითხულობთ: “გარედან ქვემეხების გუგუნი მოისმოდა. მაშინდელი სამხედრო ტე­ქ­­ნი­კის კვალობაზე ბრძოლის ხაზი საკმაოდ შორს იყო. იმ დილას, თუ წინა დღით, სა­სა­ხ­ლის აივნიდან ნოე ჟორდანიას სიტყვები მოვისმინე: “თბილისი ვერდენია! თბილისის მი­სა­დგომებთან საფლავი გაეთხრებათ სა­ქარ­თ­ველოს მტრებს!”

 

ეს სიტყვები ისე დარწმუნებით ჟღერდა ახლაც, რომ ქვემეხების გუგუნს გულ­და­მ­­შვიდებით ვუგდებდი ყურს. დედაჩემი გაბმით პირჯვარს იწერდა, ჩემი და ნინო (კომ­პო­­ზი­ტორ ბიძინა კვერნაძის დედა. - ნ. ჯ.) მე შემომცქეროდა და, როგორც ჩანდა, ჩემი მტკიცე გამომეტყველება უფრო მეტ გავლენას ახდენდა მასზე, ვიდრე დედაჩემის გაფი­თ­­რებული სახე. მოულოდნელად სასადილო ოთახის კარი გაიღო და მამაჩემი (გ. ნადი­რა­ძის მამა, თამბაქოს ფაბრიკა “ალზიორას” მფლობელი, ქველმოქმედი ალექსანდრე ნა­დირაძე, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დახვრიტეს. - ნ. ჯ.). შე­მოვიდა. საშინლად აღელვებული ჩანდა. ჩვენ ყველანი კითხვის ნიშანივით მო­ვი­კუნ­ტეთ.

 

- არ შეგეშინდეთ! წარმოსთქვა მამაჩემმა დინჯად. სადაა ჩემი შაშხანა?

ყველანი შიშმა შეგვიპყრო.

- რა მოხდა? რატომ არაფერს ამბობ? - შეშფოთებული შეეკითხა დედაჩემი.

- თბილისს ვტოვებთ!

 

ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ უკაცურ სა­სა­ფ­ლაოზე მოისმენს. დიახ, ჩვენ ყველას გვესმოდა ეს სიჩუმე. თბილისის დატოვება ხომ სა­ქართველოს დატოვებას ნიშნავს. მამაჩემი თითქმის მიხვდა ჩვენს აზრებს:

 

- არ გეგონოთ, რომ თბილისს სამუდამოდ ვტოვებთ, - წარმოსთქვა მან, - ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრია. ამიტომ ყველანი დარჩებით აქ... მე უნდა წავიდე...

 

დედაჩემი აფუსფუსდა. რამდენიმე წუთში მამაჩემმა კარი გაიკეტა და ჩვენ გაშე­შე­ბულნი მივაჩერდით ერთმანეთს. დედაჩემი მტკიცე ნებისყოფის ქალი იყო. მან ერთბაშად მოიკრიბა შინაგანი ძა­ლ­ღო­ნე და თითქმის ბრძანების კილოთი მითხრა:

 

- გაეცალე აქაურობას. მე, ნინო და ტიტო აქ დავრჩებით!

 

მე გავემზადე. ის იყო კარი უნდა გამეხსნა, რომ ქუჩიდან ძახილი მოისმა:

 

- ალექსანდრე, ალექსანდრე!

 

აივნის კარი გავხსენი და ქუჩაზე გადავიხედე. დავინახე საერო ტანისამოსში გამოწყობილი სანდრო ახმეტელი (რეჟისორი, გ. ნადირაძის დედის ბიძაშვილი. - ნ. ჯ.) მხარზე შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული.

 

- სად არის მამაშენი?

 

- წავიდა.

 

- შენ რას უზიხარ აქ? აბა, ჩქარა!

 

- შენ წადი, მე მოვდივარ, მოვდივარ ჩემს ამხანაგებთან ერთად.

 

- აბა კარგად იყავით! მცხეთაში გნახავ.

 

მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა არჩილისთვის (არჩილ ნადირაშვილი, გ. ნადი­რა­ძის ბიძა. - ნ. ჯ.) გამევლო. საჩქაროდ დავემშვიდობე ჩვენიანებს და ქუჩაში გავედი. სა­ო­ცარი სიწყნარე იყო. ქვემეხების გაბმული გუგუნიც კი მიწყდა. ყუმბარების ხმაური იშ­ვი­ათად არღვევდა სიმშვიდეს. პირველ ხანს მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქა­ლაქის მოსახლეობის უმეტესობამ არაფერი იცოდა ჯარისა და მთავრობის ევა­კუ­აციის შე­სახებ. ქუჩაში არავითარი ტრანსპორტი არ იყო. მე სწრაფი ნაბიჯი ავიღე დი­დუ­ბისკენ. რაც უფრო მივდიოდი წინ, მით უფრო ივსებოდა ქუჩა ხალხით. ყველა გა­რ­ბოდა. მე მაშინ ასე მეგონა, რომ ყველანი ბოლშევიკებს გაურბოდნენ. ახლა მე უკეთ ვე­რკვევი ამ საკითხებში, ვიდრე ვერკვეოდი მაშინ. ცხადია, ზოგიერთები ჩემს გზას მო­ჰყვებოდნენ, ზოგი ახალი მეპატრონის მოლოდინში იყო, ზოგიც - ძარცვა-გლეჯისთვის ემზადებოდა.

 

მირიანაშვილების სახლი ჩაბნელებული დამხვდა. ნუთუ წავიდნენ? მაინც ვსი­ნ­ჯავ. სასწრაფოდ ავირბინე კიბე და მთელი ძალით რახარუხი ავუტეხე კარს. მამი­და­ჩემის ხმა მომესმა.

 

- მადლობა ღმერთს შინ ყოფილხარ!

 

ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო. მე შევედი და გავშეშდი. ერთხანს ხმა ვერ ამოვიღე. უცებ რატომღაც საშინლად და­ვი­ღ­რიალე:

 

- არჩილ!

 

- რა დაგემართა, ბიჭო?

 

- თბილისს ვტოვებთ!

 

ეს ორი სიტყვა და არჩილის წამოფრენა ერთი იყო. სამ თვლაზე ჩაიცვა ტანი­სა­მ­ო­­სი. მეორე ოთახიდან საცვლების ამარა გამობარბაცდა დეკანოზი (დიდუბის ეკლე­სი­ი­ს წინამძღვარი, შემდგომში _ არქიმანდრიტი იოსებ მირიანაშვილი, გ. ნადირაძის მა­მიდის ქმარი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. - ნ. ჯ.) ჩემს შორიახლო გაჩერდა, ვე­რ­ხ­ვის ფოთოლივით კანკალებდა და რაღაც გაუგებარს ბუტბუტებდა. ყველას მკვდრის ფე­რი ედო.

 

- წადით, შვილებო, საჩქაროდ წადით, - წარმოსთქვა სულიერმა მამამ.

 

რამდენიმე წამში ოთახი აივსო. თავები გამოყვეს ნინომ, ლიზამ, ვერამ, ელენემ... გარეთ, მცხეთისკენ მიმვალ შარაგზაზე უკან დახეული ჯარის და ქვემეხების ხმაური მოისმოდა. ქუჩა გუგუნებდა. ახლა, როგორც ჩანს, მთელი ქალაქი ფეხზე იყო.

 

სწორედ ამ წუთში მახარაძის საარტილერიო ბრიგადა უკან იხევდა. ოფიცრები, რომელნიც კარგად იცნობდნენ დეკანოზ იოსებ მირიანაშვილის უფროს ქალიშვილს, ხმამაღლა ეძახდნენ:

 

- მირიანაშვილებო! ნინო, ლიზა! გამოდით გარეთ!

 

მე და არჩილმა საჩქაროდ ჩავირბინეთ კიბე, სასაფლაო გადავჭერით და პირდა­პირ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე გავედით. ავჭალამდე მივყვებოდით ჯარს. განწყობილება ჩინებული იყო. ღრმად დარწმუნებული ვიყავით, რომ თბილისს დროებით ვტოვებდით. "დროებითის" ცნებაც მრავალნაირია. მაშინ ამ სიტყვის ქვეშ ვგულისხმობდი ორ-სამ დღეს. საიდან მოდიოდა ეს რწმენა, არავინ იცოდა. სად იქნება ახლა მამაჩემი? ნუთუ ისიც ფეხით მოჰყვება უკანდახეულ ჯარს?...

 

მე მაგარი მუხლი მქონდა და შემეძლო ფეხით მევლო ბათუმამდეც. მაგრამ ავ­ჭა­ლაში არჩილმა ისტერიკა გამართა. ამასობაში თბილისიდან მატარებელი ჩამოდგა. ისე იყო გატენილი, რომ მისი დანახვაც კი შემზარავად მოგვეჩვენა. როგორ უნდა შევიდეთ ამ ვაგონებში? მაგრამ მაინც შევედით. უძირო ვაგონებია, გავიფიქრე, როცა ერთი ფეხი როგორც იქნა იატაკზე დავუშვი. მატარებელი დიდხანს არ გაჩერებულა. ამის საშუ­ა­ლე­ბას არ იძლეოდნენ თბილისიდან ერთიმეორის მიყოლებით წამოსული მატარე­ბ­ლები. თა­ნაც არც ერთი შემხვედრი არ ჩანდა. საით მივდივართ? ეს კითხვა ყველას აწუხებდა. მე სანდრო ახმეტელის სიტყვები გამახსენდა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე მცხე­თა­ში ჩამოვსულიყავი. არჩილი თანახმა იყო. ხვალ ხომ ისევ თბილისში უნდა დავბრუნ­დეთ? სულ მალე მცხეთის ბაქანზე დავსეირნობდით. აგერ, სანდრო ახმეტელიც! მხარზე შაშ­ხანა გადაუკიდია და აწეული თავით მოაბიჯებს. დამინახა თუ არა, ხელი დამიქნია და "დირექტივები" მომცა:

 

- ფეხი არ მოიცვალო! მე აქა ვარ და აქა ვრჩები! ამ ვიწროებში საქართველოს ჯარი გაუმართავს მტერს გენერალურ ბრძოლას...

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის შტაბი მოთავსებული იყო გედევანიშვილის სახლ­ში, რომელიც სადგურის პირდაპირ ციცაბოდ აღმართული კლდის ერთ-ერთ პლატოზე იყო გაშენებული...

 

- სად არის მთავრობა? სად არის ნოე ჟორდანია? - შევეკითხე ახმეტელს.

 

- ეს საიდუმლოებაა, - მოკლედ განმიმარტა მან.

 

მე აღარ გავაგრძელე ლაპარაკი, რადგან მტკიცედ მწამდა, რომ ოლიმპიელების ცხოვრების "წვრილმანები" არ უნდა იცოდნენ უბრალო მოკვდავებმა. ეს წვრილმანები ეუწყება ხალხს მაშინ, როცა მათ დაფარავს ხავსი და ისინი ლეგენდებში გადავლენ. მეორე წამს მე თვითონ ჩამეცინა, რადგან კარგად ვიცოდი ახმეტელის პირადი აზრი.

 

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოულოდნელად შევეჩეხე ვანო ჯა­მასპიშვილს. ეს იყო შესანიშნავი ქართველი... ვანო მე მი­ყ­ვარდა უპირველესად ყოვლისა იმიტომ, რომ თვითონ მას თავდავიწყებით უყვარდა სამ­შო­ბლო. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ, მერე ერთმანეთს ვეხვევით, ერთიმეორის ამ­ბავს ვეკითხებით. ვანო კოჯრის გმირია. საოცარი ამბები ითქვა... ეს ორი კვირაა თბილისის სამხრეთის მისადგომებს მხო­ლოდ იუნკრები იცავდნენ.

 

- ჯარის ნაწილებმა გუშინ დილიდანვე დაიწყეს დახევა... ჩვენ არიერგარდში დაგვტოვეს. ეს-ესაა ჩამოვედი თბილისიდან. ავჭალაში გზა გადაგვიჭრეს, ბრძოლით გავარღვიეთ გზა და, ხომ ხედავ, ერთი ნაკაწრიც არა მაქვს.

 

- ამის გამო თითო ჭიქა მაინც რომ არ გადავკრათ, ცოდვად ჩაგვეთვლება, - მივახალე მე.

 

- შენ გენაცვალოს ჩემი თავი! გაიცანით - უნტეროფიცერი ხახუტაშვილი. წა­ვი­დეთ!

 

- წამოდით ჩემთან, მოგვმართა ახლადგაცნობილმა ოფიცერმა. მამაჩემი სვე­ტი­ც­ხო­ვლის ეზოში ცხოვრობს.

 

- შესანიშნავია, მოუწონა ვანომ.

 

სადგურის ბაქანი დავტოვეთ და შარაგზისკენ გავედით”.

 

ამ მოგონებებში ასევე საინტერესოდ არის მოთხრობილი გიორგი ნადირაძის და მისი მეგობრების მგზავრობა თბი­ლისიდან მცხეთაში და იმხანად მომხდარი სხვა მოვ­ლე­ნებიც, თუმცა ეს წი­ნა­მ­დებარე გამოკვლევის ქრონოლოგიურ ჩარჩოს სცი­ლ­დება.

 

 

მეოთხე ნაწილი  - ლიზიკო ქავთარაძე

გააზიარე: