მესამე ნაწილი - გიორგი ნადირაძე
1921 წლის თებერვლის მიწურულს საქართველოსა და მისი დედაქალაქში მომხდარი მოვლენების თვითმხილველთა შორის იყო გიორგი ალექსანდრეს ძე ნადირაძე (1902-1960), მომავალში - ცნობილი მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მწერალი. მისი საყურადღებო მოგონების ხელნაწერი, დათარიღებული 1960 წლის თებერვალ-მარტით, დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში. ეს მოგონება ავტორს დაუსრულებელი დარჩა, ვინაიდან იმავე წლის ივნისში იგი გარდაიცვალა.
გიორგი ნადირაძე აღნიშნავდა, რომ თუ მის ხელნაწერში მოყვანილი ფაქტების სიმართლის გამო, ვერ მოხერხდება მისი გამოქვეყნება, "დაე, ეგდოს იგი ჩემს უჯრაში. სიკვდილის წინ არ შემიძლია არ ვთქვა აღსარება".
ხსენებულ მოგონებებში ვკითხულობთ: “გარედან ქვემეხების გუგუნი მოისმოდა. მაშინდელი სამხედრო ტექნიკის კვალობაზე ბრძოლის ხაზი საკმაოდ შორს იყო. იმ დილას, თუ წინა დღით, სასახლის აივნიდან ნოე ჟორდანიას სიტყვები მოვისმინე: “თბილისი ვერდენია! თბილისის მისადგომებთან საფლავი გაეთხრებათ საქართველოს მტრებს!”
ეს სიტყვები ისე დარწმუნებით ჟღერდა ახლაც, რომ ქვემეხების გუგუნს გულდამშვიდებით ვუგდებდი ყურს. დედაჩემი გაბმით პირჯვარს იწერდა, ჩემი და ნინო (კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დედა. - ნ. ჯ.) მე შემომცქეროდა და, როგორც ჩანდა, ჩემი მტკიცე გამომეტყველება უფრო მეტ გავლენას ახდენდა მასზე, ვიდრე დედაჩემის გაფითრებული სახე. მოულოდნელად სასადილო ოთახის კარი გაიღო და მამაჩემი (გ. ნადირაძის მამა, თამბაქოს ფაბრიკა “ალზიორას” მფლობელი, ქველმოქმედი ალექსანდრე ნადირაძე, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დახვრიტეს. - ნ. ჯ.). შემოვიდა. საშინლად აღელვებული ჩანდა. ჩვენ ყველანი კითხვის ნიშანივით მოვიკუნტეთ.
- არ შეგეშინდეთ! წარმოსთქვა მამაჩემმა დინჯად. სადაა ჩემი შაშხანა?
ყველანი შიშმა შეგვიპყრო.
- რა მოხდა? რატომ არაფერს ამბობ? - შეშფოთებული შეეკითხა დედაჩემი.
- თბილისს ვტოვებთ!
ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ უკაცურ სასაფლაოზე მოისმენს. დიახ, ჩვენ ყველას გვესმოდა ეს სიჩუმე. თბილისის დატოვება ხომ საქართველოს დატოვებას ნიშნავს. მამაჩემი თითქმის მიხვდა ჩვენს აზრებს:
- არ გეგონოთ, რომ თბილისს სამუდამოდ ვტოვებთ, - წარმოსთქვა მან, - ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრია. ამიტომ ყველანი დარჩებით აქ... მე უნდა წავიდე...
დედაჩემი აფუსფუსდა. რამდენიმე წუთში მამაჩემმა კარი გაიკეტა და ჩვენ გაშეშებულნი მივაჩერდით ერთმანეთს. დედაჩემი მტკიცე ნებისყოფის ქალი იყო. მან ერთბაშად მოიკრიბა შინაგანი ძალღონე და თითქმის ბრძანების კილოთი მითხრა:
- გაეცალე აქაურობას. მე, ნინო და ტიტო აქ დავრჩებით!
მე გავემზადე. ის იყო კარი უნდა გამეხსნა, რომ ქუჩიდან ძახილი მოისმა:
- ალექსანდრე, ალექსანდრე!
აივნის კარი გავხსენი და ქუჩაზე გადავიხედე. დავინახე საერო ტანისამოსში გამოწყობილი სანდრო ახმეტელი (რეჟისორი, გ. ნადირაძის დედის ბიძაშვილი. - ნ. ჯ.) მხარზე შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული.
- სად არის მამაშენი?
- წავიდა.
- შენ რას უზიხარ აქ? აბა, ჩქარა!
- შენ წადი, მე მოვდივარ, მოვდივარ ჩემს ამხანაგებთან ერთად.
- აბა კარგად იყავით! მცხეთაში გნახავ.
მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა არჩილისთვის (არჩილ ნადირაშვილი, გ. ნადირაძის ბიძა. - ნ. ჯ.) გამევლო. საჩქაროდ დავემშვიდობე ჩვენიანებს და ქუჩაში გავედი. საოცარი სიწყნარე იყო. ქვემეხების გაბმული გუგუნიც კი მიწყდა. ყუმბარების ხმაური იშვიათად არღვევდა სიმშვიდეს. პირველ ხანს მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობამ არაფერი იცოდა ჯარისა და მთავრობის ევაკუაციის შესახებ. ქუჩაში არავითარი ტრანსპორტი არ იყო. მე სწრაფი ნაბიჯი ავიღე დიდუბისკენ. რაც უფრო მივდიოდი წინ, მით უფრო ივსებოდა ქუჩა ხალხით. ყველა გარბოდა. მე მაშინ ასე მეგონა, რომ ყველანი ბოლშევიკებს გაურბოდნენ. ახლა მე უკეთ ვერკვევი ამ საკითხებში, ვიდრე ვერკვეოდი მაშინ. ცხადია, ზოგიერთები ჩემს გზას მოჰყვებოდნენ, ზოგი ახალი მეპატრონის მოლოდინში იყო, ზოგიც - ძარცვა-გლეჯისთვის ემზადებოდა.
მირიანაშვილების სახლი ჩაბნელებული დამხვდა. ნუთუ წავიდნენ? მაინც ვსინჯავ. სასწრაფოდ ავირბინე კიბე და მთელი ძალით რახარუხი ავუტეხე კარს. მამიდაჩემის ხმა მომესმა.
- მადლობა ღმერთს შინ ყოფილხარ!
ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო. მე შევედი და გავშეშდი. ერთხანს ხმა ვერ ამოვიღე. უცებ რატომღაც საშინლად დავიღრიალე:
- არჩილ!
- რა დაგემართა, ბიჭო?
- თბილისს ვტოვებთ!
ეს ორი სიტყვა და არჩილის წამოფრენა ერთი იყო. სამ თვლაზე ჩაიცვა ტანისამოსი. მეორე ოთახიდან საცვლების ამარა გამობარბაცდა დეკანოზი (დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, შემდგომში _ არქიმანდრიტი იოსებ მირიანაშვილი, გ. ნადირაძის მამიდის ქმარი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. - ნ. ჯ.) ჩემს შორიახლო გაჩერდა, ვერხვის ფოთოლივით კანკალებდა და რაღაც გაუგებარს ბუტბუტებდა. ყველას მკვდრის ფერი ედო.
- წადით, შვილებო, საჩქაროდ წადით, - წარმოსთქვა სულიერმა მამამ.
რამდენიმე წამში ოთახი აივსო. თავები გამოყვეს ნინომ, ლიზამ, ვერამ, ელენემ... გარეთ, მცხეთისკენ მიმვალ შარაგზაზე უკან დახეული ჯარის და ქვემეხების ხმაური მოისმოდა. ქუჩა გუგუნებდა. ახლა, როგორც ჩანს, მთელი ქალაქი ფეხზე იყო.
სწორედ ამ წუთში მახარაძის საარტილერიო ბრიგადა უკან იხევდა. ოფიცრები, რომელნიც კარგად იცნობდნენ დეკანოზ იოსებ მირიანაშვილის უფროს ქალიშვილს, ხმამაღლა ეძახდნენ:
- მირიანაშვილებო! ნინო, ლიზა! გამოდით გარეთ!
მე და არჩილმა საჩქაროდ ჩავირბინეთ კიბე, სასაფლაო გადავჭერით და პირდაპირ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე გავედით. ავჭალამდე მივყვებოდით ჯარს. განწყობილება ჩინებული იყო. ღრმად დარწმუნებული ვიყავით, რომ თბილისს დროებით ვტოვებდით. "დროებითის" ცნებაც მრავალნაირია. მაშინ ამ სიტყვის ქვეშ ვგულისხმობდი ორ-სამ დღეს. საიდან მოდიოდა ეს რწმენა, არავინ იცოდა. სად იქნება ახლა მამაჩემი? ნუთუ ისიც ფეხით მოჰყვება უკანდახეულ ჯარს?...
მე მაგარი მუხლი მქონდა და შემეძლო ფეხით მევლო ბათუმამდეც. მაგრამ ავჭალაში არჩილმა ისტერიკა გამართა. ამასობაში თბილისიდან მატარებელი ჩამოდგა. ისე იყო გატენილი, რომ მისი დანახვაც კი შემზარავად მოგვეჩვენა. როგორ უნდა შევიდეთ ამ ვაგონებში? მაგრამ მაინც შევედით. უძირო ვაგონებია, გავიფიქრე, როცა ერთი ფეხი როგორც იქნა იატაკზე დავუშვი. მატარებელი დიდხანს არ გაჩერებულა. ამის საშუალებას არ იძლეოდნენ თბილისიდან ერთიმეორის მიყოლებით წამოსული მატარებლები. თანაც არც ერთი შემხვედრი არ ჩანდა. საით მივდივართ? ეს კითხვა ყველას აწუხებდა. მე სანდრო ახმეტელის სიტყვები გამახსენდა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე მცხეთაში ჩამოვსულიყავი. არჩილი თანახმა იყო. ხვალ ხომ ისევ თბილისში უნდა დავბრუნდეთ? სულ მალე მცხეთის ბაქანზე დავსეირნობდით. აგერ, სანდრო ახმეტელიც! მხარზე შაშხანა გადაუკიდია და აწეული თავით მოაბიჯებს. დამინახა თუ არა, ხელი დამიქნია და "დირექტივები" მომცა:
- ფეხი არ მოიცვალო! მე აქა ვარ და აქა ვრჩები! ამ ვიწროებში საქართველოს ჯარი გაუმართავს მტერს გენერალურ ბრძოლას...
გენერალ გიორგი კვინიტაძის შტაბი მოთავსებული იყო გედევანიშვილის სახლში, რომელიც სადგურის პირდაპირ ციცაბოდ აღმართული კლდის ერთ-ერთ პლატოზე იყო გაშენებული...
- სად არის მთავრობა? სად არის ნოე ჟორდანია? - შევეკითხე ახმეტელს.
- ეს საიდუმლოებაა, - მოკლედ განმიმარტა მან.
მე აღარ გავაგრძელე ლაპარაკი, რადგან მტკიცედ მწამდა, რომ ოლიმპიელების ცხოვრების "წვრილმანები" არ უნდა იცოდნენ უბრალო მოკვდავებმა. ეს წვრილმანები ეუწყება ხალხს მაშინ, როცა მათ დაფარავს ხავსი და ისინი ლეგენდებში გადავლენ. მეორე წამს მე თვითონ ჩამეცინა, რადგან კარგად ვიცოდი ახმეტელის პირადი აზრი.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოულოდნელად შევეჩეხე ვანო ჯამასპიშვილს. ეს იყო შესანიშნავი ქართველი... ვანო მე მიყვარდა უპირველესად ყოვლისა იმიტომ, რომ თვითონ მას თავდავიწყებით უყვარდა სამშობლო. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ, მერე ერთმანეთს ვეხვევით, ერთიმეორის ამბავს ვეკითხებით. ვანო კოჯრის გმირია. საოცარი ამბები ითქვა... ეს ორი კვირაა თბილისის სამხრეთის მისადგომებს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ.
- ჯარის ნაწილებმა გუშინ დილიდანვე დაიწყეს დახევა... ჩვენ არიერგარდში დაგვტოვეს. ეს-ესაა ჩამოვედი თბილისიდან. ავჭალაში გზა გადაგვიჭრეს, ბრძოლით გავარღვიეთ გზა და, ხომ ხედავ, ერთი ნაკაწრიც არა მაქვს.
- ამის გამო თითო ჭიქა მაინც რომ არ გადავკრათ, ცოდვად ჩაგვეთვლება, - მივახალე მე.
- შენ გენაცვალოს ჩემი თავი! გაიცანით - უნტეროფიცერი ხახუტაშვილი. წავიდეთ!
- წამოდით ჩემთან, მოგვმართა ახლადგაცნობილმა ოფიცერმა. მამაჩემი სვეტიცხოვლის ეზოში ცხოვრობს.
- შესანიშნავია, მოუწონა ვანომ.
სადგურის ბაქანი დავტოვეთ და შარაგზისკენ გავედით”.
ამ მოგონებებში ასევე საინტერესოდ არის მოთხრობილი გიორგი ნადირაძის და მისი მეგობრების მგზავრობა თბილისიდან მცხეთაში და იმხანად მომხდარი სხვა მოვლენებიც, თუმცა ეს წინამდებარე გამოკვლევის ქრონოლოგიურ ჩარჩოს სცილდება.
მეოთხე ნაწილი - ლიზიკო ქავთარაძე