საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შესახებ საყურადღებო ცნობები შემოგვინახა მისმა თვითმხილველმა ლიზიკო ქავთარაძემ (1905-1988), რომელიც დაიბადა და აღიზარდა ქაიხოსრო ქავთარაძის - სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის და ილია ჭავჭავაძის დამკრძალავი კომისიის წევრის ოჯახში. აქვე დავსძენთ, რომ ლ. ქავთარაძემ, ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით, 1928-1936 და 1940-1956 წლები, ანუ საერთო ჯამში - 28 წელიწადი საბჭოურ საპყრობილეებში გაატარა.
ლიზიკო ქავთარაძე იგონებდა: “ნოე ჟორდანია ხანდაზმულობით და უპირატესი მნიშვნელობით ნოე რამიშვილისაგან გამოსარჩევად, “დიდ ნოედ” იწოდებოდა. ჩვენ, ქართველები, ამ სახელს მიჩვეულნი ვართ. ჩვენი მოწიწებული პატივისცემა შორს იყო და არის “ვოჟდის” მონური განდიდება-გაღმერთებისაგან...
XI არმიამ ომის გამოუცხადებლად დაიწყო საქართველოს ოკუპაცია... საქართველოზე ყაჩაღური თავდასხმა ლენინმა აჯანყებულთათვის დახმარებად გამოაცხადა. ნადირ ბელადს თავი არ შეუწუხებია, აჯანყების ერთი მიყრუებული სოფელი მაინც დაეზუსტებინა და წყვილი მეამბოხე მაინც დაესახელებინა...
მახსოვს, იმ საბედისწერო დილას ხალხი თავისი დედაქალაქის შუაგულში შეკრებილიყო. ყველა აქეთკენ ეშურებოდა. ერთ წუთსაც არ წყდებოდა შეკრებილთა სრულიად სტიქიური და იმავ დროს მწყობრად საქმიანი მოძრაობა. წესრიგის დამცველთა სულ ახალი რაზმები იქვე დგებოდნენ და სწრაფად მიემართებოდნენ დანიშნულების მისაღებად. აქეთ-იქით გაბნეულ მაგიდებთან მოხალისეთა ჩაწერა წარმოებდა. იქ ტევა აღარ იყო. ზოგს სამხედრო აღჭურვილობა ჩასაბარებლად მოჰქონდა, ხანაც ვინმე დაიძახებდა, რომ ფრონტზე წასულთა შენაცვლება ამა და ამ ქარხანას ესაჭიროება და გაწვდილ ხელებს საჩქაროდ მისამართებს აჩეჩებდა. სახელდახელოდ აქა-იქ ნებისმიერი მიტინგები იმართებოდა, ფრონტის ამბების ზეპირად გადმოცემა ხშირად ისმოდა (მაშინ რადიო არ იყო). გაზეთის გამყიდველები ჩანთებს სწრაფად აცარიელებდნენ. ქალებს საკერავი მიეღოთ და ბავშვებითურთ დატვირთულები სახლისაკენ მიაბიჯებდნენ. უქმად არც ბავშვები ჩერდებოდნენ... ერი თავის დასაცავად აღმდგარიყო და მწყობრად, რაღაც საოცარი წესრიგიანობის გუმანით საქმეში თანდათან ებმებოდა. ყველა თავის ადგილს იკავებდა. არავითარი პანიკა, არეულობა, მით უმეტეს არავითარი ძაბუნი, მოდუნება, გულხელდაკრებული შორიდან ცქერა, შიშნაკრავი, ანგარიშიანი განდგომა...
აგერ გამოჩნდა ყველასათვის ასე ნაცნობი კაბრიოლეტი. - ბატონო ნოე!... – შეჰღაღადა ხალხმა. კაბრიოლეტში ჭაღარა მოხუცი წამოიმართა: - შვილებო!...
დიახ, გოდებდა ხალხი... ქვითინებდნენ ქალები, კაცის ხელი მალული წკიპურტით იშორებდა ჩამოგორებულ სიმწრის ცრემლს... ტროტუარების გასწვრივ ჯარი მიედინებოდა. ხელების ქნევით და სახელდახელო ნუგბარით მათ ქალები მისდევდნენ: _ თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ!... საპასუხოდ ომახიანი შეძახილები ისმოდა. თეთრ ცხენზე ამხედრებულმა თმაქოჩორა ჭაბუკმა საგანგებო კინოკადრივით გაიელვა: - გამარჯვება! გამარჯვება! - გმინავდა მისი ხმა. მაცნე თუ იყო ფრონტიდან, გაცოცხლებული “ბაში-აჩუკი”... იქნება გასამხნევებლად გამოაქროლა ვინმემ. მაგრამ ჭაბუკი დაბრუნებულიც ვნახე. ცხენს კვლავ დიდი სისწრაფით მოაგელვებდა და გამარჯვება მის სახეზე აღარ ეწერა. ალბათ, იქ – ზევით, არცთუ ისე იმედიანად მიიჩნიეს მისი პატაკი... დიდ ეროვნულ მწუხარებას მოეცვა ყველა... ერთიანობის გრძნობას, მშობლიურ ლტოლვას ერთ არსებად ექცია ხალხი...
დანაშაულზე წასწრებული ორი ჯაშუში – კოხი და ივანოვი – ბადრაგს მიჰყავდა. მათ ირგვლივ აღმართული მუშტების რკალი გაჩნდა. წრე ვიწროვდებოდა, ბადრაგი დაცვას ვეღარ ახერხებდა... მოულოდნელად ხმამ იქუხა... - შეჩერდით! მონური ძალადობით არ წაიბილწოთ! ბრმა შურისგებით მტერს ანგარიშებს ჩვენ არ ვუსწორებთ. ჩვენ ვიყავით და ვართ თავისუფლების ერთგული ხალხი. მონების ბოგანო-ბრბოდ არც დღეს ვიქცევით. დამნაშავენი კანონს ჩავაბაროთ!...
მეორე დღეს ტყვეები მოჰყავდათ – ჩამოძონძილი, წვერიანი, უტყვი სახეები. შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ. რა ხდებოდა, რისთვის ხდებოდა – ბაიბურში არ იყვნენ. კვლავ აღშფოთება, ზიზღი, გულამღვრეული შეძახილები... და თვალის დახამხამებაში კვლავ ცოცხალი ბარიერი: ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი ხელიხელჩაკიდებული გაიჯაჭვა. ერთი სული მქონდა, მეც ამ ცოცხალი ჯაჭვის რგოლად შევმძვრალიყავი, მაგრამ ყელზე უკვე საკმაოდ შემძიმებული ყულაბა მეკიდა. მრავალი ჩემი ტოლი გოგო-ბიჭი ხალხში შეწირულებას ვაგროვებდით...
დამფუძნებელი კრება სამი დღე-ღამის უწყვეტ სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტს. როდესაც ყიზილბაშური ძალმომრეობით კვლავ ისპობოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობა, თავისი ჭეშმარიტი სახით იგი უნდა წარმდგარიყო კაცობრიობის და ისტორიის წინაშე ვანდალების სიყალბე-სიმრუშის ხელყოფისაგან სრულიად დაცული...
ასოცი წლის შემდეგ ღალატით და მოტყუებით ლენინმა ფეხქვეშ მოიქცია საქართველო. ზუსტად ისე, როგორც მისმა წინაპარმა - იმპერატორმა პავლე პირველმა... საქართველოს ოკუპაციამ მორალურად ძირი გამოუთხარა ბოლშევიკურ საბჭოეთს, საბოლოოდ დასცა მისი პოლიტიკური კრედიტი და იდეური გაკოტრება ყველასათვის ცხადყო”.
მეხუთე ნაწილი - მიხეილ ქავთარაძე