გარკვეული ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემო მოსაზრება გამოვთქვა იმ საკითხზე, რაც ჩვენი კონსტიტუციის ხარვეზად მიმაჩნია, და რომელიც ქვეყნის უშიშროებისთვის, კონკრეტული რეალობისა და ტენდენციების გათვალისწინებით სერიოზულ რისკს შეიცავს. ეს ჩვენი საპარლამენტო არჩევნების თარიღს ეხება. და ამაზე, მგონი, ადრეც ბევრჯერ გამოვთქვი ჩემი აზრი: ცუდ დროს ვატარებთ არჩევნებს...
რას ვგულისხმობ?
რუსეთის გვერდით ცხოვრება გარანტირებული რისკია, როცა ანექსიის საფრთხე ყოველთვის იმდენად რეალურია, რომ კითხვა იმდენად ის კი არის, იქნება თუ არა ახალი ანექსია, არამედ - როდის?
ზოგადად, არაპროგნოზირებადი ვლადიმერ პუტინის პერიოდში, რუსული ოკუპაციის ყველაზე სახიფათო სეზონის განსაზღვრა, გაგიკვირდებათ და, საკმაოდ პროგნოზირებადია - პუტინისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდები ორია:
1) ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი (ნაკიანი წლების შემოდგომა) - რომელიც, სწორედ ჩვენი საპარლამენტო არჩევნების თანხვედრია;
2) ოლიმპიადების ჩატარების პერიოდი (ნაკიანი წლების ზაფხული, ან არანაკიანი ლუწი წლების ზამთარი)
ეს სწორედ ის სეზონებია, როდესაც ვლადიმერ პუტინს ოკუპაციის ვირუსის პერსისტიული (ხანგრძლივად/მუდმივად მიმდინარე) ინფექცია/სურვილი მოსალოდნელად უმწვავდება და რეალიზების ფაზაში გადადის.
I სეზონის ლოგიკა ადვილად მისახვედრია, რატომაც - ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს ქვეყნის პოლიტიკური ძალების და მოსახლეობის აქცენტი შიდაპოლიტიკურ საკითხებზე გადადის. და ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი თუ პრეტენდენტი - ამერიკა დროებით იზოლაციონიზმის ქოლგის ქვეშ ექცევა. ეს ხელს უხსნის არამარტო რუსეთს, არამედ იმ სხვა ძალებსაც, რომელთაც ამერიკის შესუსტებული რეაქციის ფონზე საკუთარი ლოკალურ-რეგიონული ამოცანების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა სწყურიათ. მით უფრო, რომ ამის საოცარი შესაძლებლობები (და რეალიზაციის გზებიც) კოვიდ-პანდემიამ შობა და განავითარა.
გამწვავების II - ოლიმპიური- სეზონი - პუტინი მასაც მოხერხებულად იყენებს. მაგალითად, 2014 წელს, ყირიმში „რეფერენდუმი“ და იდუმალი „მწვანე კაცუნების“ დესანტი, პრაქტიკულად სოჭის ოლიმპიადის დამთავრებისთანავე დაიწყო, რასაც მალევე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია მოჰყვა.
ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი - პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებიდან 4 დღეში, 24 თებერვალს დაიწყო. მაშინ გავრცელდა არაოფიციალური ხმები, რომ პუტინს სწორედ ოლიმპიადის პერიოდის გამოყენება სურდა. ეგონა, რომ რამდენიმე დღეში „მოაყომარებდა“ სიტუაციას და სანამ ოლიმპიადა დასრულდებოდა, უკრაინის ანექსიას დაასრულებდა (ყოველ შემთხვევაში - ხელისუფლებას ჩამოაგდებდა და კიევს და ხარკოვს დაიკავებდა), მაგრამ სი ძინ პინის დაჟინებული თხოვნის შემდეგ თარიღი მცირედ გადადო.
დაბოლოს რუსეთ-საქართველოს 2008 წ. ომი, რომელშიც პუტინმა ორივე „სეზონი“ დაამთხვია და გადააბა ერთმანეთს. ზაფხულის დადგომისთანავე, მიუხედავად აშშ ხელისუფლების (პირადად პრეზიდენტ ბუშის და სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გაფრთხილებისა), საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა პუტინის მიერ მომზადებული დახვეწილი სპექტაკლი-სატყუარა, სადაც სცენაზე იდგმებოდა კოკოითის რუსებისადმი ვითომ „ურჩობა“, რუსების სამშვიდობო კონტინგენტის სარდლის, გენერალ კულახმეტოვის მხრიდან ქართველებთან ურთიერთობის „დათბობა“ და გავრცელებული ხმები, რომ სამშვიდობოები კონფლიქტში არ ჩაერეოდნენ... ეს ყველაფერი სწორედ პეკინის ოლიმპიადის წინ დაიგეგმა, ამერიკის არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხორციელდა და ამერიკელთა სტრატეგიული მოკავშირის სამაგალითო დასჯით, ქვეყანაში რუსეთის მასირებული შემოჭრით, სატანკო კოლონების მარშით, პორტების და სამხედრო ბაზების დაბომბვებით, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (თავად სააკაშვილის მიერვე დაკანონებული ტერმინი იყო) სრულმასშტაბიანი ოკუპაციით გაგრძელდა. და მალევე ამ ორი ქართული რეგიონის რუსეთის მხრიდან აღიარებით დასრულდა.
2016 წლიდან რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ყირიმის ანექსიით და დონბასის ოკუპაციით უკრაინას უკვე სერიოზული ტერიტორიები ჩამოაჭრა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული ანკლავების გეოგრაფია ყველაზე ფართო გახადა, უფრო ამბიციური ამოცანების გადაჭრაზე გადაერთო - კერძოდ, უშუალოდ ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და კიბერომის სრულმასშტაბიანი ფორმატი გამოსცადა ამერიკელ ამომრჩევლებზე სხვადასხვა სახის დამაბნეველი დეზინფორმაციის გავრცელებით. მიზანი იყო საპრეზიდენტო ბრძოლაში რუსეთისთვის არასასურველი ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მესიჯების გენერირება და რეზონირება. საბოლოოდ ძნელია თქმა, ამან რამდენად განსაზღვრა ამერიკის არჩევნების შედეგი, თუმცა, ის, რომ რუსებმა ჰიბრიდული ომის მსხვილკალიბრიანი მანიპულაციის ფეიკ-ტექნოლოგიები სინქრონულად და სისტემურად უკვე მსოფლიო არენაზე და მსოფლიოს გლობალური ლიდერი ქვეყნის წინააღმდეგ აამოქმედეს, ამაზე კონსენსუსი არსებობს. საინტერესოა, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება რუსებმა უკვე 2017 წელს ევროპის კიდევ მინიმუმ 5 უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში - ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და შვედეთში (2018 წ.) სცადეს, რაც გაანალიზებულია კარნეგის ფონდის სპეციალურ ანგარიშში - Five European Experiences With Russian Election Interference https://www.jstor.org/stable/pdf/resrep21009.6.pdf
2020 წელსაც, რუსეთის ხელისუფლების მთავარი ამოცანა, აშშ არჩევნებში ჩარევა იყო. ამოცანა ამჯერად, არა იმდენად ტრამპის დახმარება, არამედ - აშშ-სთვის უჩვეულოდ პოლარიზებულ გარემოში ამერიკელი ამომრჩევლების სრული დეზორიენტაცია, საარჩევნო დემოკრატიის მიმართ უნდობლობის დათესვა და ნიჰილიზმის და ქაოსის წახალისება იყო. ამაში რუსეთს უკვე ირანი და ჩრდილო კორეაც ეხმარებოდა. შიდა და გარე ფაქტორების და აქტორების მისწრაფებების სინერგისტული დამთხვევის გამო, ასევე კოვიდ-პანდემიის შედეგად საზოგადოების საოცარი მასობრივი სტრესის ფონზე, 2020 წლის მიწურული და 2021 წლის იანვარი ამერიკის ისტორიაში პოტენციური სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით ყველაზე უფრო საშიშ პერიოდად შეიძლება იქნეს განხილული 1968 წლის ვიეტნამის კრიზისის შემდეგ. მიზეზები? - შიდა დაპირისპირება და პოლარიზაცია, უაღრესად ავანტურისტული და ქარიზმატული მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელიც თამაშის წესებს არად დაგიდევს, უნიპოლარული სამყაროს დასასრული, მსოფლიო არენაზე ჩინეთის სულ უფრო მძლავრ ლიდერად გამოსვლა და მთავარი - მნიშვნელობა აქვს არა იმას, რამდენად ძლიერი და შეიარაღებული ხარ, არამედ იმას, რამდენად კარგად აფასებ კონკურენტებს და რამდენად მზად ხარ რისკზე წასასვლელად. კონკურენტებს პუტინიც ვერ აფასებს მაინცდამაინც კარგად, მაგრამ რისკიანი კაცია, მით უფრო, რომ რისკი აქამდე მაინც მისი არც იყო, არამედ საზარბაზნე ხორცად განწირული ათეულ ათასობით რუსისა...
ახლა კი წლევანდელ არჩევნებზე.
2024 წლის შემოდგომა იქნება უაღრესად საშიში რამდენიმე პარალელური საფრთხის მაქსიმალურად გაძლიერების გამო. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბევრი ფაქტორით ახლოსაა იმ სიტუაციასთან, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების წინ ჩამოყალიბდა.
- პუტინი ომშია. მან ამ ომში სასწორზე არა მარტო საკუთარი პოლიტიკური მომავალი, არამედ შეიძლება სიცოცხლეც და ერთიანი რუსეთის არსებობის შანსიც დადო. კარგად ესმის, რომ მოგება (თუნდაც სტატუს ქვოს ხანგრძლივად შენარჩუნება) სერიოზულ დივიდენდებს მოუტანს, ხოლო წაგება ყველაფერს დააკარგვინებს.
- რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხა, რომელიც თითქოს ასე ახლოს იყო 2023 წლის ზაფხულში, ახლა ძალიან სათუო გახდა. უკეთეს შემთხვევაში უკრაინა მოახერხებს რუსების შეტევის შეჩერებას, მაგრამ ამერიკაში წინასაპრეზიდენტო ბატალიების წინ და რესპუბლიკელების მხრიდან საკუთარი შიდაპოლიტიკური ამოცანების პრიორიტეტად შენარჩუნების სურვილის ფონზე უკრაინისთვის მსხვილმასშტაბიანი სამხედრო დახმარების სწრაფად გამოყოფა სულ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.
- ჯერჯერობით არ ჩანს სწრაფი დასასრული ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებაში, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სახეს, ებრაულ-არაბული დაპირისპირების პოტენციალით. აშკარაა, რომ ამით, პირველ რიგში, რუსეთი და ირანი სარგებლობენ, ხოლო დაზარალებული მხარეები - უკრაინა და პრეზიდენტ ბაიდენია, ისევე როგორც ისრაელის ხელისუფლება, რომელიც უახლოეს მომავალში იმის რისკის წინაშეა, რომ სრულად დაკარგოს ბოლო წლებში არაბ პარტნიორებთან მრავალწლიანი მცდელობის შედეგად აღდგენილი პარტნიორული, სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები.
- ამ ფონზე, მსოფლიოსთვის შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი - აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის განახლების მაღალი რისკი. რასაც, პუტინი თუ აქტიურად ხელი არ შეუწყობს, ალბათ, არც/ვერც შეუშლის. ისიც არაა გამორიცხული, რომ რუსეთის ნაცვლად სომხეთის დაცვის ფუნქცია იკისროს არა იმდენად საფრანგეთმა/ევროკავშირმა (იარაღის მიწოდება - ალბათ, ჰო, მაგრამ ფრანგი ან გერმანელი ჯარისკაცების სიუნიქ-ზანგეზურში ნახვა არაა მოსალოდნელი), რამდენადაც - ირანმა, რაც საერთოდ ფეთქებად კასრად აქცევს სამხრეთ კავკასიას, აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების თურქულ-ირანული გავრცობის წყალობით.
- თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ამერიკის პოლიტიკურ ოქტაგონზე დაპირისპირება სულ უფრო მეტად შეიძლება დაემსგავსოს წესების გარეშე ბრძოლას, როცა ორივე მოწინააღმდეგემ იცის, რომ მეორე მხარის გამარჯვება მისი უმძიმესი დამარცხება იქნება, და თავად პოლარიზებული საზოგადოების მხრიდან ოპონენტები ლამის ისევე მიუღებლად აღიქმებიან, როგორც ეს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვჩვევია, დიდი ალბათობით, უშუალოდ არჩევნების დამთავრებამდე, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის განსახორციელებლად (თუნდაც იმ მასშტაბით, როგორც 2008 წელს) ვერავინ მოიცლის, და რომც მოიცალოს, ახლა პუტინი ასე ადვილად, - თუ რეალური მუშტი არ დაინახა, ალბათ, არ გაჩერდება.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, რაც უფრო მეტად ემატებათ ისტორიული გამოცდილება, მით უფრო აკლდებათ პოლიტიკური სიბრძნე და უაღრესად სახიფათო გარემოში მაინც, რამე კონსენსუსის მიღწევის სურვილის ნაცვლად, „ჰკა მაგას!“, „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“ და „ბრძოლა სრულ გამარჯვებამდე!“ სტრატეგიები ისეთივე პოპულარულია, როგორც თინეიჯერთა კომპიუტერულ თამაშებში. და ამ დროს ისეთი, მართლაც საჭირო ინოვაცია, როგორც ელექტრონული არჩევნებია, უფრო მეტად „არჩევნების ტოტალური გაყალბების“ ლოზუნგად და ცეცხლზე ნავთის დასხმის ბრწყინვალე საშუალებად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ხოლო პუტინს ბნელი ღამეც კი არ უნდა. უკრაინაში ორწლიანი დაუმთავრებელი ომის შემდეგ, პატარა, ეფექტური სამხედრო ოპერაცია, და იმ საქართველოს დაუფლება, რომელიც „ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში“, რასაც უკვე ჩამოსახლებული ათეულ ათასი რუსის ვითომდა შელახული უფლებების დაცვა ექნება სარჩულად (საბაბის მოძებნა გაუჭირდება ექს-დრეზდენელს, თუ?!), რუსეთის მოსახლეობაში „დაუმარცხებელი ლიდერის“ უკვე შელახულ ავტორიტეტს რამდენიმე საათში გააორმაგებს.
ამაზე უნდა ვიფიქროთ. მგლის შიშით ცხვრის დახოცვა კი არაა საჭირო, არამედ, მომენტის სერიოზულად გააზრება და სტრატეგიის და ტაქტიკის მოფიქრება.
1) გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელი მგონი, კონსტიტუციაში შესწორების შეტანა, რომ საქართველოს არჩევნები არ იმართებოდეს ნაკიან (ოლიმპიურ, და აშშ არჩევნების) წელს. ეს შეამცირებდა, თუმცა, რა თქმა უნდა არ გააქრობდა, რუსეთის (ან რომელიმე სხვა ავანტიურისტული ძლიერი ქვეყნის მხრიდან), საქართველოში ოკუპაციური სცენარის განხორციელების შესაძლებლობას.
2) სამხედრო წარმოების სერიოზულად გაძლიერება და სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის და უნარ-ჩვევების/ტრენინგების მწყობრი სისტემის განვითარება - ამაზე ჩემზე გაცილებით უკეთ ჩემი კოლეგები - სამხედრო ექსპერტები ისაუბრებენ.
3) ტაქტიკურ ჭრილში, არა მგონია, ახლა არჩევნების გადადების რეალური შესაძლებლობა არსებობდეს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან მსგავსი წინადადების ახლა გაჟღერება რევოლუციური დენთთან პატრუქის აალების ტოლფასი იქნება. ამჟამად მხოლოდ ერთი აუცილებლობა არის გასათვალისწინებელი - პოლიტიკურ ძალებს შორის სრულფასოვანი კონსენსუსის და უცხოელი პარტნიორების გარანტირებით დადასტურებული შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდება წესების სრული დაცვით, მაქსიმალური გამჭვირვალობით და, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარის თქმით, ასევე - რევოლუციური სცენარებისაგან გამიჯვნის პირობით. ხოლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კარგი იქნებოდა სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია და არა ბრალდებები - სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. თუ არჩევნებში დამკვირვებლად ვინმეს იწვევ, იმავე ქვეყნების მიმართ გადატრიალების მცდელობების და ომის გაჩაღების ბრალდებები, სხვა რომ არ ვთქვათ, არალოგიკური და კონტრპროდუქტიულია.
P.S. ცნობილ თანამედროვე ესპანელ მწერალს, არტურო პერეს რევერტეს მრავალ საინტერესო წიგნთა შორის არის ერთი, თითქოსდა არაფრით, გამორჩეული მოკლე რომანი „ტრაფალგარის კონცხი“. ვფიქრობ, ეს წიგნი ქართულ პოლიტიკაში მოხვედრილთა და დარჩენილთათვის სავალდებულოდ წასაკითხი წიგნი უნდა იყოს. თორემ საქართველოს გერბზე ამოტვიფრული შოთასეული აფორიზმი, სამწუხაროდ, მხოლოდ გერბზეა დარჩენილი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“