1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეექვსე ნაწილი - მიხეილ კეკელიძე)

ავტორი:

მწერალმა და მეცნიერმა მიხეილ სევერიანეს ძე კეკელიძემ (1911-1996), რომელიც აკა­­დე­მიკოს კორნელი კეკელიძის (1879-1968) ძმისწული გახლდათ, თავის მემუარებში გა­რ­კ­ვეული ად­გი­ლი დაუთმო საქართველოს ოკუპა­ცი­აზე მსჯე­­ლობას, რომელიც ათიოდე წლის ასაკში საკუთარი თვალით იხილა და განიცადა.

 

მიხეილ კეკელიძე იგონებდა: “იმ წელს ზამთარი მთელ საქართველოში ძალიან ცუ­დი იყო. ცუდი იყო თბილისშიც: თოვლ-ჭყაპი, ხანდახან სუსხიანი ქარი, მოსალო­დ­ნე­ლზე მეტი ყინვა-სიცივე. ხალხი უმთავრესად სახლებში იყო შეყუჩული და თავიანთი სა­ყოფაცხოვრებო საჭირბოროტო საკითხებით გახლდათ დაკავებული.

 

თებერვლის პირველ რიცხვებში ჩვენთან მოვიდა ბიძაჩემი ანდრო კეკელიძე, რო­მე­­ლიც დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო პროკურატურაში მსახურობდა და შე­მა­შფოთებელი ამბავი მოიტანა:

 

- არის ნიშნები, რომ რუსი ბოლშევიკები სომხეთ-აზერბაიჯანის მხრიდან ჩვენს საზღვრებთან ჯარებს თავს უყრიან.

 

მამაჩემის კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა ომი, გვიპასუხა:

 

- დანამდვილებით არ ვიცი. რუსეთთან ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულება გვაქვს და­დებული და რა განზრახვით აქტიურობენ, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ჩვენი დაზვერვის ცნობით, ჯარებს რომ საზღვრებთან თავს უყრიან, ეს კი ფაქტია.

 

სამიოდე დღის შემდეგ ისევ მოვიდა, სამხედრო ტანსაცმელი ეცვა (ის ოფიცერი იყო) და თქვა: - ალბათ ომი მოგვიწევს.

 

მაშინ მე ცხრა-ნახევარი წლისა ვიყავი და რაც დამამახსოვრდა და რაც განვი­ცა­დე, იმას მოგახსენებთ.

 

10 თუ 11 თებერვალს რუ­­სეთმა პროვოკაციული სა­ბაბით ჩვენს წინააღმდეგ ომი დაიწყო (თითქოს “აჯანყე­ბუ­ლი” ქართ­ვე­ლების და­სახმა­რებლად). აქამდე სახლებში შე­მ­ყუდროებული ხალხი გარეთ გამოვიდა, აღელვებული, შე­შფოთებული იყო და ცდი­ლო­ბდა, ახალი ამბები გაეგო. უკვე ყველამ იცოდა, რომ რუ­სის ჯარს წინ მოუძღვოდნენ: ს. ორჯონიკიძე, ფ. მახარაძე, შ. ელიავა, ბ. მდივანი, მ. ორა­ხელაშვილი, კ. ცინცაძე და ქართველი ხალხის სხვა მოღალატენი, ჩვენი სამ­შობ­ლოს გამყიდველნი.

 

მაშინვე გავრცელდა ოთხსტრიქონიანი ლექსი:

 

საქართველომ გამოზარდა

ოთხი მოღალატე შვილი:

მახარაძე, ელიავა,

ბუდუ, ორახელაშვილი.

 

ყველგან ისმოდა ჟორდანიას, გენერლების: ოდიშელიძის, კვინიტაძის, მაზნიაშვი­ლის, აგრეთვე გვარდიის სარდლის ვალიკო ჯუღელისა და სხვათა სახელები. ხალხში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია მთავარსარდლად გენერალ კვინიტაძის დანიშვ­ნამ. რატომღაც ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახალი მთავარსარდალი ბოლშე­ვი­კების არმიას დაამარცხებდა...

 

ერთ დღეს, მამამ თან წამიყვანა. რუსთაველის პროსპექტზე, დაახლოებით იმ ად­გი­ლას, სადაც ახლა კავშირგაბმულობის სახლია, სააფიშო მრგვალი ბოძი (ქვითკირით ნა­შენი) იდგა. ხალხი შეჯგუფულიყო და ახალგამოკრულ კარიკატურას უყურებდა. მას­ზე გამოსახულნი იყვნენ ლენინი და ტროცკი, რომლებიც ერთმანეთს თავში სტაფილოს ურტყამდნენ... მივედით ჩვენც. უცებ ვიღაცამ მამას ხელი ხელში მოჰკიდა და ჰკითხა:

 

- მოგწონს სევერიანე?

 

- ოჰ, კოლია, გამარჯობა! უცებ ვერ დაგინახე. ნახატი კარგია. ვინ გააკეთა?

 

- ჩემი ნახელავია. სხვა კარიკატურებიც უკვე გამოაკრეს.

 

ამ დროს პროსპექტზე ჩამოატარეს ორმოცამდე ტყვე რუსი ბოლშევიკი ჯარის­კა­ცი. მათში ბევრს სამხედრო ტანსაცმელი არ სცმია. ტყავის “ტუჟურკები”, ტყავის ქუდი, გა­ლიფე და ჩექმები. აი, ეს იყო ზოგიერთი მათგანის სამოსი. ახლა რომ ვფიქრობ, ესენი “კო­მისრები” და “აგიტატორები” გახლდნენ. მათ ბადრაგად გვარდიელები მიჰყვებოდნენ.

 

ბოლშევიკების დანახვაზე ჩემთვის უცნობმა კარიკატურისტმა ჩაილაპარაკა:

 

- დედა გეტირებათ, თქვე ძაღლიშვილებო!

 

ლაპარაკით გაჰყვნენ სამხედროებს ტაძრისაკენ (“სობორო”). დავინახეთ, მთაწმინ­დის ფერდობს ქართველ ჯარისკაცთა მწკრივები მიჰყვებოდა. ეტყობოდა, გზას იმოკლე­ბ­დნენ კოჯორ-ტაბახმელისაკენ...

 

25 თებერვლამდე სამი დღით ადრე მამა ფრონტზე წავიდა. წავიდა მოხალისედ რა­მ­დენიმე მეგობართან ერთად. ნაბდისაგან შეკერილი სახელოებიანი პალტო ჩაიცვა, ჯი­ბეში თავისი “ბრაუნინგი” ჩაიდო და დამშვიდობებისას გვითხრა - მალე გნახავთო. მა­რთლაც ასე მოხდა. ორი დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა. დედაჩემის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, თქვა:

 

- სადახლოში ჩავედით, მაგრამ უფროსმა ოფიცერმა არ მიგვიღო, - ფრონტი გა­რ­ღვეულია, ჯარი უკან იხევს და აბა, თქვენ სად უნდა გაგანაწილოთო. ისე კი, დიდი მა­დლობა მამულიშვილური გრძნობის გამოჩენისათვის, მაგრამ განა მადლობისათვის მი­ვ­დიოდით?...

 

მამაჩემს ჩემი “შემოქმედების” პირველი ნაცოდვილარი წავაკითხე:

 

გაუმარჯოს ჟორდანიას,

გაუმარჯოს მინისტრებსა,

გაუმარჯოს საქართველოს

მებრძოლ გმირებს, ვაჟკაცებსა...

 

ეს ისე, სხვათა შორის, ჩემი მაშინდელი განწყობილების გადმოსაცემად.

 

ფრონტი კი დედაქალაქს უახლოვდებოდა. ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით გა­აფთრებული ბრძოლებისას ქვემეხების გრიალი უკვე ისმოდა ქალაქში... ჩვენი ქუჩის ქართველი მოსახლეები შეშფოთებით იყრიდნენ თავს გარეთ, ლაპარაკობდნენ, ვარაუ­დო­­ბ­დნენ და ბჭობდნენ, თუ რითი დამთავრდებოდა ეს ბრძოლები.

 

ერთ დღეს დედაჩემი ნამტირალევი მოვიდა. ახლანდელი უზნაძის ქუჩაზე რომ მეორე საავადმყოფოა, იქ ყოფილიყო ერთი ნათესავის სანახავად... ასეთი რამ გვიამბო:

 

- საავადმყოფოს ეზოდან ბრძოლებში დაღუპული ჩვიდმეტი ჯარისკაცის კუბო გამოასვენეს. შავით მოსილი ქალების, კაცებისა და ბავშვების მრავალრიცხოვანი პროცესია მიაცილებდა. საშინელება იყო, ჰკიოდნენ: “მამა”, “ძმაო”. ვერ გავუძელი ქა­ლე­ბის მოთქმას. ბევრი ვიტირე.

 

მძიმე დუმილი ჩამოვარდა. მეტი არავის არაფერი უთქვამს. საქმე რომ ცუდად იყო, ეს უკვე აშკარად იგრძნობოდა.

 

24 თებერვალს ხმა გვარცელდა: მთავრობა თბილისიდან წავიდაო. ზოგს სჯე­რო­და, ზოგს არა, მაგრამ სინამდვილე აღმოჩნდა”.

 

ზემოთ მოყვანილ ამონარიდში მოღალატეებად მოხსენიებულნი არიან საქარ­თ­ვე­ლოს დასაპყ­რო­ბად მოვლენილი რუსთა ჯარის თანმხლები ქართველი მეგზურნი, ბო­ლ­­­შე­­ვი­კური პარ­ტიის აქტივისტები: სერგო (გრიგოლ) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (1886-1937), ფილიპე იესეს ძე მა­ხარაძე (1868-1941), შალვა ზურაბის ძე ელიავა (1883-1937), ბუ­­დუ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდი­ვანი (1877-1937), მამია (ივანე) დიმიტრის ძე ორა­ხე­ლა­შ­ვილი (1881-1937) და კოტე (ალიპი)  მაქსიმის ძე ცინცაძე (1887-1930), რომლებმაც ჩვე­ნი ქვეყნის იძუ­ლე­ბითი გასაბჭოების შემდეგ, ახალ ხელისუფლებაში მაღალი თანამდე­ბო­ბა­ნი დაიკა­ვეს.

 

მემუარებში ასახულია, თუ თბილისის სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთაგან ვინ როგორი განწყობით ეგებებოდა საბჭოთა რუსე­თის საოკუპაციო არმიას, რომელიც დე­და­ქალაქში სა­ქა­რ­­თველოს კანონიერი მთავრობის გა­ხიზნვის მე­ო­რე დღეს­ვე შემოვიდა.

 

მიხეილ კეკელიძე იხსენებდა: “25 თებერვალს წითელი ურდოები თბილისში შე­მო­ვიდნენ. დაახლოებით თორმეტ თუ პირველ საათზე, ყოფილ ანდრეევის (ახლა თევ­დო­რე მღვდლის სახელობის) ქუჩაზე, იქ, სადაც შერემეტევის ქუჩა (ახლა ვახუშტი ბაგრა­ტი­­ონის სახელობის) ანდრეევის ქუჩას ჭრის, გამოჩნდა რუსის ჯარი. ქუჩის ბოლოს მა­შინ მინდვრები იყო და იქ დასაბანაკებლად მიდიოდა. ხალხი გარეთ გამოვიდა და უყუ­რებდა მათ, ქართველები - ბოღმით სავსენი, რუსები - სიხარულით და ტაშის ცემით.

 

რუსმა ქალებმა ვედროებით წყალი და საჭმელები გამოიტანეს და მოღიმარნი სთა­ვა­ზო­ბ­დნენ რუს ჯარისკაცებს, რომლებსაც ძაბრის მსგავსი ქუდები ეხურათ. ისინიც გაბღენ­ძილნი, ამაყად გამოიყურებოდნენ.

 

მაყურებელთა შორის მეც ვიყავი. ჩემ გვერდით მეზობელი სახლის ერთი მცხოვ­რები – ვასია დაროვსკი, ასე 20-22 წლისა, წინ ამეყუდა. ტაშს უკრავდა და ყვიროდა:

 

- და ზდრავსტვუეტ როდნაია როსსია!

 

მერე მე მომიბრუნდა:

 

- უბირაიტეს ოტსიუდა, კატიტეს ვ კუტაისი! ტიფლის ნაშ!

 

შინ შემოვედი და მამას ვუამბე ეს ეპიზოდი. მან მკითხა:

 

- შენ რა ჰქენი?

 

- რა უნდა მექნა?

 

- უნდა გაგერტყა.

 

- ის დიდი იყო.

 

- მაინც უნდა გაგერტყა. ქვა აგეღო და თავში გეთხლიშა, შე მამაძაღლო!

 

გულმოსული მეორე ოთახში გავიდა.

 

ქართველობა გლოვობდა. გლოვა იყო ჩვენს ოჯახშიც. მტერმა თბილისი აიღო და დასავლეთისაკენ მიიწევდა. კარგად ვერ გამეაზრებინა, მაგრამ ალღოთი ვგრძნობდი, რომ რაღაც ძვირფასი, ყველაფერზე უფრო ძვირფასი რამ დავკარგეთ”.

 

ცდილობდა რა, ახ­სნა მო­ეძებ­ნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამარც­ხე­ბის მიზეზებისათვის, მიხეილ კეკელიძე თავის საინტერესო მემუარებში შენიშნავდა: “1921 წლის თებერვალი ჩემს უფროს თაობას, ჩემს თაობას და შემდგომ თაობასაც მძიმე ტკივილად დააჩნდა. თბილისის დატოვებამ ხალხი სასოწარკვეთილე­ბა­ში ჩააგდო. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიმართ. ზოგჯერ გაიგონე­ბ­დით:

 

- ქალაქი უბრძოლველად ჩააბარეს მტერს, გაიქცნენ და თავს უშველეს.

 

- ჩვენ ჯალათების ხელში დაგვტოვეს, თვითონ კი წავიდნენ.

 

- რას აკეთებდა ჯარი, რას აკეთებდა გვარდია? რატომ ვერ შეაჩერეს მტერი?

 

რამდენად სწორია ეს საყვედურები, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჯარიც და გვა­რ­დიაც, იუნკრებიც თავდადებულად, თავდაუზოგავად იბრძოდნენ, ხოლო, თუ რატომ ვერ შეაჩერეს მტერი, ჩვენს მაშინდელ სამხედრო ხელმძღვანელობასა და მთავრობას უნდა ვკითხოთ...

 

პირადად ჩემი შეხედულებით, მტერმა რიცხვით დაგვჯაბნა. ისინი გვიტევდნენ არა მარტო სამხრეთიდან და აზერბაიჯანიდან, არამედ მამისონის უღელტეხილიდან და სოხუმის მხრიდანაც. ძნელი იყო ყოველი მხრივ გამკლავება”.

 

საყურადღებოდ მიგვაჩნია მიხეილ კეკელიძის მემუარებში მოყვანილი ცნობები ნოე ჟორდანიას შესახებ, რაც ამ პიროვნების მიმართ იმდროინდელი ქართული სა­ზო­გა­დოების ძირითადი ნაწილის განწყობას ამჟღავნებს: “მისი ხსენება ჩვენს ოჯახში, მთელ სა­­ქართველოშიც ხში­რი იყო. მასში ქართველი ხალხი თავისუფალი საქართვე­ლ­ოს სი­მ­ბო­ლოს ხედავდა და არა პარტიულ მოღვაწეს. მეც, მთელი ჩვენი ოჯახიც, ალ­ბათ ქა­რ­თ­ველთა დიდზე-დიდი უმრავლესობაც, კიდევ ვიმეორებ, მასში საქართველოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმბოლოს ხედავდა და ამიტომაც უდიდეს პატივს სცემდა...

 

მახსოვს, როცა ჩვენს ოჯახში მამა თავის მეგობრებს ვახშამზე იწვევდა (ეს უკვე თავისუფლების დაკარგვის შემდეგ), სტუმრები ერთხანს პოლიტიკაზე ლაპარაკს გაურ­ბოდნენ, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ნელ-ნელა იწყებდნენ ღიღინს:

 

მიყვარს ვარდი, მიყვარს ია,

მიყვარს ნოე ჟორდანია.

გაზაფხულზე მოვა ია,

მას მოჰყვება ჟორდანია.

 

შემდეგ საქართველოში გაზაფხულზე ბერჯერ მოვიდა ია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟორდანიას ჩამოსვლა არ ღირსებია, ისე დალია სული უცხოეთში”.

გააზიარე: