სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი (1885-1993), რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და თავმჯდომარის - სპირიდონ კედიას მეუღლე და ცხოვრების უერთგულესი თანამგზავრი გახლდათ, მასთან ერთად ემიგრაციაში, საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობდა.
1985 წელს, 100 წლის ქალბატონ სოფიოს, როგორც “პარიზის უხუცეს მოქალაქეს”, მედალი და დიპლომი გადასცა ამ ქალაქის მერმა ჟაკ რენე შირაკმა (1932-2019), რომელიც მომდევნო წელს გახდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1995 წელს იგი პრეზიდენტადაც აირჩიეს.
1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში გაფორმებული ზემოხსენებული ხელშეკრულების შედეგად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია, რასაც ჩვენი სამშობლოსათვის ფრიად სავალალო შედეგები მოჰყვა.
სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი იგონებდა: “ბოლშევიკები ცხარე მუშაობას აწარმოებდნენ და სამწუხაროდ ადგილობრივ ბევრი ერთგული იშოვეს, იმდენად, რომ ორი ცნობილი ბოლშევიკი, რომელნიც ჩვენი მთავრობის მიერ ციხეში იყვნენ დაჭერილნი, შეუმჩნევლად ციხიდან გაცურდნენ. ესენი იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერიოჟა ქავთარაძე.
სპირიდონი კარგად ხედავდა, რომ რუსული ბოლშევიზმი ჩვენ გვერდს არ აგვიქცევს და ერთ დღეს კარებს შემოგვინგრევს, მით უფრო, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა – ადერბეიჯანი დაიჭირა... ჟორდანიას მთავრობა სოციალ-დემოკრატების პარტიის სახელით ლაპარაკობდა... “ჩვენს დამოუკიდებლობას ვერავინ შეეხება, რადგან ლენინმა ის იცნო და ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელი მოაწერა”-ო... უფრო იმით იყვნენ კმაყოფილნი და ამას ზეიმობდნენ, რომ ინგლისელები გაისტუმრეს... ამ დროს წითელი ჯარი საქართველოს საზღვრებზედ ჩასაფრებული თავის დროს უცდიდა, რომ იოლად შემოჭრილიყო და ჩვენი მიწა-წყალი საბოლოოდ ხელში ჩაეგდო. ეს მომენტიც დაუდგა: თებერვლის 11-ს ქურდულად შემოესია ბორჩალოს, რომლის კარები ღია დაუხვდა...
რუსეთის ეს თავხედობა ჩვენს ქვეყანას მეხად დაეცა, მისი შხამიანი ისარი ერს გულში ღრმად ჩაესო. საქართველო ფეხზე წამოიჭრა, შურისძიების გრძნობამ იფეთქა. ყველა მხრიდან თბილისის ქუჩებს მოხალისენი მოედვნენ. კაცი თუ ქალი, დიდი თუ პატარა, ყველანი შეიარაღებას თხოულობდნენ. ქართული გიმნაზიის მოწაფენიც კი გაზეთ “საქართველოს” რედაქციის წინ რიგში იდგნენ იარაღის მისაღებად. მთელი ერი - ერთსულოვანი, მომავალ დღეებში უკვე მტრის წინააღმდეგ ბრძოლებს აწარმოებდა. მას მართლაც არაერთი გამარჯვება ჰხვდა წილად...
სპირიდონი იმ ხანებში ფრონტიდან დაბრუნებული, იმედიანად მიამბობდა ჩვენი ახალგაზრდობის სიმხნევეს, ვაჟკაცობას და კარგ მორალურ განწყობას. ამას მაშინდელი დეპეშებიც მოწმობდნენ. კარგი ამბები მოდიოდა. ერთი დეპეშა მაქვს შენახული: _ “მტერი უკან იხევს და ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ”-ო...
ფრონტიდან კი კარგი ამბები ისმოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, 15 თებერვალს.., ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებას აუწყა, რომ “მთავარსარდლის განკარგულებით, ჩვენი ჯარი უკან იხევს, ამიტომ ყველამ თბილისი უნდა დავტოვოთო”...
ამ ცნობამ თავზარი დასცა ყველას. თბილისის დატოვება შეუძლებლად მიიჩნიეს. ამან განსაკუთრებით ამან ოპოზიციაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მათ მოითხოვეს, ნამდვილი მდგომარეობის გასაგებად დელეგაციის გაგზავნა სამხედრო შტაბში. იქ დახვდათ ახლად დანიშნული აწ განსვენებული გიორგი კვინიტაძე, რომელიც წინ გაშლილ რუკას დასცქეროდა. მან განაცხადა, რომ... გათენებისას ელის სხვადასხვა მხრიდან ჯარის ნაწილებს.., სამხედრო სკოლის იუნკრებსაც ნაბრძანები ექნებათ ყველანი გამოვიდნენ საბრძოლველად. ამ სასიამოვნო ამბით დაბრუნდა დელეგაცია ღამის სხდომაზე, სადაც დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოიწვია ამ ცნობამ, ფეხზე ადგომით, ოვაციებით: “გაუმარჯოს ჩვენს ჯარს!” და “საქართველოს და მის დღეგრძელობას!”-ო...
იმ დღეებში იყო, რომ ჩემთან მოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატები დავით ვაჩნაძე და გრიგოლ ვეშაპელი. მირჩიეს თბილისიდან გასვლა, რადგან მაშინ სპირიდონი უფრო თავისუფალი იქნებაო. მე გადაჭრით უარი ვუთხარი. მომიწონეს “კარგი ქართველი ქალობა” და წავიდნენ. სპირიდონს რომ ვუამბე მათი დარბაზობა, კარგად გაიგო ჩემი უარი და მითხრა: “მეტწილს ცოლ-შვილი ბოხჩებით უკვე გაგზავნილი და დაბინავებული ჰყავს ბათუმში”-ო.
ერთ დღეს, ვნახე რუსი ტყვეების ჩამოტარება. რა სანახავები იყვნენ... შიმშილისაგან ღონემიხდილნი შიშველ ფეხებს ძლივს მოათრევდნენ, ჩაუცმელნი, აბრანძულები, ჭუჭყიანები. ჩვენის მხრივ შებრალებას უფრო იწვევდნენ, ვიდრე შურისძიების გრძნობას. ამ საცოდავებს ხალხი დიდი სიჩუმით შეჰხვდა, კრინტი არავინ დასძრა, მხოლოდ ჩუმად გაისმა ერთის ხმა: “ამათ როგორ შეაშინეს ჩვენი მთავრობა”-ო.
ამ სურათს დაესწრო ერთი უცხოელი, რომლისთვისაც ჩვენი ერის მაღალსულოვნება მოსაწონიც იყო, მაგრამ ამავე დროს, გაუგებარიც. ამბობდა: “არცერთ ევროპულ ქვეყანაში მტერს ასეთი მოთმინებით და შებრალებით ხალხი არ დაუხვდება”-ო.
ჩვენი ჯარი ამ დროს თბილისის დასაცავად კოჯორსა და ტაბახმელაში მოქმედებდა. ამიტომ, ფრონტი ჩვენს მახლობლად მდებარეობდა და ზარბაზნის საშინელება მწარედ ჰხვდებოდა ჩვენს არსებობას... სპირიდონი ფხიზლობდა, ან ტელეფონთან იჯდა, ან უფრო კი აივნიდან ყური ეჭირა კოჯრის მიმართულებით. ზოგჯერ იქიდან მინავლებულ სროლას სევდიანად აღნიშნავდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მტერი იერიშზედ იყო გადმოსული და აქედან პასუხი არა სჩანდა.
19 თებერვალს სპირიდონი სახლიდან ადრე იყო გასული. ტელეფონი ირეკება, ვეღარ ვიცანი მისი ხმა. წინა დღეებში მიხრწნილი, ჩალექილი, ახლა ვაჟკაცური, მხნე და იმედიანი, კარგ ამბავს მაგებინებს: “გავიმარჯვეთ სონა, გავიმარჯვეთ! აი, დავცქერი ფრონტზედ მიმავალ ჯარს, რა მშენიერი ახალგაზრდობაა, გამოდი, ნახე”-ო.
თურმე იმჟამად სპირიდონი მიმართავს ჯარს სასახლის აივნიდან. ვინც მისი სიტყვა მოისმინა, ამბობდა: “სპირიდონი ღვთაებრივი იყო, გაიყოლიებდა დიდსა და პატარას”-ო. მეც მაშინათვე გავედი. წყნეთის ქუჩა სავსე იყო ხალხით, ისმოდა მათი ჟრიამული. კუთხეში შევნიშნე ჩვენი ისტორიკოსი დავით კარიჭაშვილი, რომლის გაფითრებულ და განცდებით სავსე სახეს სიხარულის ცრემლი ამშვენებდა. რომ დამინახა, ჩემსკენ წამობარბაცდა, მკითხა: “ნუთუ მართალია, სონა, ეს ცნობა”-ო...
ეს სასიამოვნო ამბავი დაგვიდასტურა ახალგაზრდა შავგვრემანმა შიკრიკმა, რომელიც დააქროლებდა ლამაზ, წითელ ცხენს და დედაქალაქის ყოველ უბანს ამ სიტყვებით ამხნევებდა: “გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ”-ო. ამას თან სდევდა ხალხის აღტაცება, ტაშის გრიალი და “გაუმარჯოს ჩვენს ჯარს და მის მარჯვენას”-ო.
ამნაირად, ოპოზიციის ჩარევამ 19 თებერვლის ღამის კრებაზედ, თბილისს დატოვება ააშორა და ქვეყანას მწარე ცრემლები მოუშრო. მაგრამ მტერი ნელ-ნელა ერტყმოდა ჩვენ მიწა-წყალს სხვადასხვა მხრიდან თავის ცხენოსანი ჯარით, რამდენიმე დივიზიით იყო მომდგარი ჩვენს კარებთან...
საუბედუროდ, რამდენიმე დღეში მდგომარეობა შეიცვალა იმისდა მიუხედავად, რომ თბილისის დასაცავად კოჯორსა და ტაბახმელას მიდამოებში სამხედრო სკოლის იუნკრების თავგანწირული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამათ მტერს არ აკმარეს ტყვიისმფრქვეველი იარაღი და ხმალდახმალ ხელჩართული ბრძოლა გამართეს. თაოსნობა დაიწყო გოგა მესხიშვილმა, რომელმაც იშიშვლა ხმალი, დაიძახა: “გაუმარჯოს საქართველოს!”-ო და გადაეშვა მტრის ბანაკში”.
სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მემუარებში განსაკუთრებით მძაფრად არის აღწერილი მის მიერ თავის ოჯახის წევრებთან, კერძოდ, მეუღლესთან და იმ დღეებში დაბადებულ ასულთან - თეოსთან ერთად, თბილისის დატოვების მომენტი: “თებერვლის 24-ს, სასახლიდან ღამის 10 საათზედ, სპირიდონი საშინელებას მაგებინებს:
- თბილისი დატოვებულია, მთავრობა და დამფუძნებელი კრების მთელი შემადგენლობა უკვე სადგურზეა გასული. ჩვენც უნდა წავიდეთ, მხოლოდ არაფრის წაღება არ იქნება შესაძლებელი... მოამზადე ბავშვის თეთრეული. მზად იყავი, მოვდივარ.
მართლაც, პატარა ხანს უკან შემოვიდა... არ ინახვოდა. რამდენიმე საათში, რაც სახლიდან იყო გასული, ეს ადამიანი დაბერებულიყო, თვალებჩაცვივნილი, გაფითრებული იდგა ჩემს წინ... ქვევით გველოდებოდა ლელი ჯაფარიძე, რომელსაც ძლივს ეშოვნა იმ ღამეს ერთი ეტლი, რომლითაც უნდა სადგურზე მივსულიყავით. საწყალი დედაჩემი გაფითრებული იდგა... პირჯვარი გადაგვწერა და ცრემლები მოიწმინდა...
ეტლში ძლივს ჩავეტიეთ... ლელი ჯაფარიძე იძულებული გახდა, ეტლის ფეხის დასადგომზედ გაჩერებულიყო. დაიძრა ეტლი მძიმედ. მეეტლე რუსი ჯანჯლობდა. ლელიმ ხმა აუმაღლა, კინაღამ ხელითაც არ შეეხო.
თოვდა. ქუჩები - მთლად ცარიელი. ადამიანის შვილი არსადა სჩანდა. დედაქალაქი თეთრ საბანში გახვეული, დამშვიდებულ ძილს მისცემოდა. საშინელი სიჩუმე და სიწყნარე მეფობდა. საიდუმლოება ჯერ არავინ იცოდა. ჭირისუფალნიც არ სჩანდნენ. მთავრობის სასახლეს ჩვეულებრივი ყარაული აღარ ახლდა. ერთი სიტყვით, გაუკაცურებული იყო იმ ღამეს ჩვენი ქვეყანა. სადგურზედაც ახალი იერის მატარებელნი, მოხელეები ისიც კანტიკუნტად თუ სადმე სჩანდნენ.
მატარებელი სავსე იყო, წინა ვაგონში - მთავრობა და დამფუძნებელი კრების მთელი შემადგენლობა და ყველა, ვისაც თბილისში აღარ ედგომლებოდა. ჩვენთვის ალაგი არ იყო და სპირიდონს უნდოდა უკან გაბრუნება, მაგრამ შალვა მესხიშვილმა, მაშინდელმა სამართლის მინისტრმა, დაიძახა მატარებლიდან: “სპირიდონია მოსული თავისი ცოლშვილით და ახლავე უნდა ადგილი ვიშოვნოთ”-ო.
ვანო ჯაფარიძემ მოგვათავსა თავის ვაგონში, რომელიც უცხოეთის წარმომადგენლებისათვის იყო დანიშნული. სპირიდონი ჩამომრჩა. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ პატარა ჩემოდანი... მატარებელში ასვლისას სპირიდონს ისე გამოაცალეს ხელიდან, რომ ვერ გაიგო და იმის ძებნაში იყო...
კუპეში დამიხვდნენ: აკაკი ხოშტარია, გრიშა ალშიბაია, ლენკო მაღალაშვილი _ ცოლით და გიორგი ორბელიანი. ჩემი ნახვა გაიოცეს. იკითხეს სპირიდონი...
გავაგებინე:
- თბილისი დატოვებულია, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარი იხევს დასავლეთისაკენ, მთავრობა ფიქრობს სურამთან მისცეს ბრძოლა.
არ დაიჯერეს.
- ეს შეუძლებელია, - მარწმუნებდა მხედარი მაღალაშვილი, - ეს არის ახლა, ე. ი. რვა საათზედ დავტოვე ფრონტი ძალიან კარგ მდგომარეობაში და ასეთ პირობებში თბილისი როგორ ჩაბარდებოდა მტერს?-ო.
მაგრამ როდესაც სპირიდონი შემოვიდა და ჩემი ნათქვამი დაადასტურა, საშინელი წუთები განიცადა ყველამ, ტიროდნენ. მაღალაშვილი მოსთქვამდა:
- ყველასათვის თბილისი ძვირფასია, მაგრამ ჩემთვის მით უფრო, რომ იქ ჩემი მამა-პაპის საფლავებია!-ო.
ეტყობა, მთავრობა ადრე იყო დაბინავებული პირველ ვაგონში, რადგან ამათ ეს არ იცოდნენ. 11 საათის მაგივრად, ღამის ორ საათზედ დაიძრა ჩვენი მატარებელი. შეთქმულება სჩანდა. ერთ ადგილას კინაღამ არ გადაიჩეხა, რადგან ზოგიერთი ნაწილი მატარებელს დაზიანებული ჰქონდა...
ოფიციალური პირები თბილისის დატოვებას არ ამჟღავნებდნენ, რადგან ომი გრძელდებოდა და ფიქრობდნენ სურამთან მისცემდნენ ბრძოლას და იქ გადასწყდებოდა ომის ბედიც. ხალხს სიმართლე არ უთხრეს და დასტოვეს გამშრალი და ნაღვლიანი” [ჩიჯავაძე-კედია 2002: 310-312].
ზემოხსენებული ლელი ჯაფარიძე, რომელმაც იმ უმძიმეს პერიოდში სპირიდონ კედიას ოჯახს ეტლი უშოვა, იყო ლევან ჯაფარიძე (1895-1934) - ცისფერყანწელი პოეტი და მთარგმნელი.
ბათუმში ჩასული სპირიდონ კედია და მისი ოჯახი ემიგრაციაში შავი ზღვით გამგზავრებულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს თან არ წაჰყოლია.
სპირიდონ კედია ემიგრაციაში გაემგზავრა 1923 წელს, როდესაც ის ციხიდან გაათავისუფლეს. სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი კი, თავის ასულთან ერთად, პარიზში მყოფ მეუღლესთან უფრო გვიან, კერძოდ, 1928 წელს ჩავიდა.
* * *
საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფამ შემზარავი კვალი დატოვა როგორც მის უშუალო შემსწრე და თვითმხილველ ქართველებზე, ასევე მომდევნო თაობებზეც. ეს გაუნელებელი ტკივილი ქართულ პოეზიაშიც აისახა. ვინაიდან ეს საკითხი ცალკე კვლევას მოითხოვს, მაგრამ მას აქ მხოლოდ მოკლედ შევეხებით.
აღნიშნულ თემაზე დაწერილი ლექსებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავად მიგვაჩნია გიორგი ლეონიძისა (1897-1966) და კოლაუ ნადირაძის (1895-1990) პოეტური ქმნილებანი. თავის დროზე, ეს პოეტები “ცისფერყანწელთა ორდენის” წევრებად ითვლებოდნენ.
1921 წლის თებერვალში, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის მიმდინარე ბრძოლების წლისთავს და იმხანად დაცემულ ქართველ გმირთა ხსოვნას ასე გამოეხმაურა გიორგი ლეონიძე 1922 წელს დაწერილ ლექსში:
გახსოვს, ტაბახმელავ,
ბრძოლები გმირული
და მკერდი მრავალის
შენთვის განგმირული?
ქალებო, შეამკეთ
მათი საფლავები,
საქართველოსათვის
ვინც დადეს თავები.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი ქავთარაძის ცნობით, ამ სევდიან ლექსს, რომელიც ფაქტობრივად, სამშობლოსათვის დაღუპულთა შესანდობარს წარმოადგენს, გიტარაზე ამღერებდა მისი ბებია - ეფემია ალექსანდრეს ასული გედევანიშვილი (1897-1973), რომელიც გიორგი ლეონიძის მეუღლე გახლდათ.
კოლაუ ნადირაძის მიერ 1969 წელს დაწერილ ლექსში “25 თებერვალი, 1921 წ.” ვკითხულობთ:
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი _
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედა ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, _
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
* * *
ამრიგად, ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა _ რუსეთის სფსრ-ის საოკუპაციო არმიის შემოჭრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში და მის მიერ დედაქალაქის აღება საყურადღებოდ არის ასახული იმხანად თბილისში მყოფი რვა მოქალაქის მოგონებებში, რომელთა შორისაც იყვნენ: გერონტი ქიქოძე (1885-1960), ვლადიმერ (ლადო) ჯაფარიძე (1887-1981), გიორგი ნადირაძე (1902-1960), ლიზიკო ქავთარაძე (1905-1988), მიხეილ ქავთარაძე (1906-2008), მიხეილ კეკელიძე (1911-1996), გივი ჟორდანია (1911-2001) და სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი (1885-1993).
მტრის ურდოების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფა, რომელიც მოუშუშებელ იარად აღიბეჭდა ქართველი ერის ღირსეული ნაწილის ცნობიერებაზე, აისახა ქართულ პოეზიაშიც, მათ შორის, გიორგი ლეონიძისა (1897-1966) და კოლაუ ნადირაძის (1895-1990) შესანიშნავ პოეტურ ქმნილებებში.