1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მერვე ნაწილი - სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი)

ავტორი:

 

სოფიო ჩიჯა­ვა­ძე-კედიასი (1885-1993), რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერ­ო­ვ­ნულ-დემოკ­რა­ტიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და თავმჯდომარის - სპი­რი­დონ კე­დიას მე­უღლე და ცხოვრების უერთგულესი თანამგზავრი გახლდათ, მას­თან ერ­თად ემიგ­­რა­ციაში, საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობდა.

 

1985 წელს, 100 წ­ლი­ს ქა­ლ­ბატონ სოფიოს, რო­გორც “პარიზის უხუცეს მოქალა­ქეს”, მედალი და დიპლომი გა­­დას­ცა ამ ქა­ლა­ქის მერმა ჟაკ რენე შირაკმა (1932-2019), რო­მელიც მომდევნო წელს გახდა სა­ფრან­გე­თის რეს­პუ­ბლიკის პრე­მი­ერ-მინისტრი, ხო­ლო 1995 წელს იგი პრეზიდენტადაც აირჩიეს.

 

1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში გაფორმებული ზემოხსენებული ხელშეკრულების შე­­დეგად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა კო­მუ­ნისტური პარტიის ლე­­გალიზაცია, რასაც ჩვენი სამშობლოსათვის ფრიად სავალალო შედე­გები მოჰყვა. 

 

სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი იგონებდა: “ბოლშევიკები ცხარე მუშაობას აწარ­მო­ებდ­ნენ და სა­მ­წუხაროდ ადგილობრივ ბევრი ერთგული იშოვეს, იმდენად, რომ ორი ცნო­ბი­ლი ბო­ლ­შე­ვიკი, რომელნიც ჩვენი მთავრობის მიერ ციხეში იყვნენ დაჭერილნი, შე­­უმჩ­ნე­ვ­ლად ცი­ხი­დან გაცურდნენ. ესენი იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერიოჟა ქავ­თა­რა­ძე.

 

სპირიდონი კარგად ხედავდა, რომ რუსული ბოლშევიზმი ჩვენ გვე­რდს არ აგვიქ­ცევს და ერთ დღეს კარებს შემოგვინგრევს, მით უფ­რო, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა – ადე­რ­ბეიჯანი დაიჭირა... ჟორდანიას მთავრობა სო­ციალ-დემოკრატების პარტიის სახე­ლით ლაპა­რა­კობდა... “ჩვენს დამოუკიდებ­ლო­ბას ვერავინ შეეხება, რადგან ლენინმა ის იცნო და ამ ის­ტორიულ დოკუმენტს ხელი მო­­აწერა”-ო... უფრო იმით იყვნენ კმა­ყო­ფილნი და ამას ზე­­მობდნენ, რომ ინგლისელები გაისტუმრეს... ამ დროს წითელი ჯარი საქართველოს საზ­­ვრებზედ ჩასაფრებული თა­ვის დროს უცდიდა, რომ იოლად შე­მო­ჭ­რილიყო და ჩვენი მიწა-წყალი საბოლოოდ ხე­ლში ჩაეგდო. ეს მომენტიც დაუდგა: თე­ბე­რვლის 11-ს ქურდულად შემოესია ბორჩალოს, რომლის კა­რები ღია დაუხვდა...

 

რუსეთის ეს თავხედობა ჩვენს ქვეყანას მეხად დაეცა, მისი შხა­მი­ა­ნი ისარი ერს გუ­ლში ღრმად ჩაესო. საქართველო ფეხზე წამოიჭრა, შურისძიების გრძნო­ბამ იფეთქა. ყველა მხრი­დან თბილისის ქუჩებს მოხალისენი მოედვნენ. კაცი თუ ქა­ლი, დიდი თუ პატარა, ყველანი შეიარაღებას თხოულობდნენ. ქართული გიმნაზიის მო­წაფენიც კი გა­ზეთ “საქართველოს” რედაქციის წინ რიგში იდგნენ იარაღის მი­სა­ღე­ბად. მთელი ერი - ერთსულოვანი, მომავალ დღეებში უკვე მტრის წინააღმდეგ ბრძო­ლებს აწარმოებდა. მას მართლაც არაერთი გამარჯ­ვება ჰხვდა წილად...

 

სპირიდონი იმ ხანებში ფრონტიდან დაბრუნებული, იმედიანად მიამბობდა ჩვენი ახალგაზრდობის სიმხნევეს, ვაჟკაცობას და კარგ მორალურ განწყობას. ამას მაშინ­დე­ლი დეპეშებიც მოწმობდნენ. კარგი ამბები მოდიოდა. ერთი დეპეშა მაქვს შენახული: _ “მტერი უკან იხევს და ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ”-ო...

 

ფრონტიდან კი კარგი ამბები ისმოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, 15 თე­ბე­რვალს.., ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებას აუ­წ­ყა, რომ “მთავარსარდლის განკარ­გუ­ლებით, ჩვენი ჯარი უკან იხევს, ამიტომ ყველამ თბი­ლისი უნდა დავტოვოთო”...

 

ამ ცნობამ თავზარი დასცა ყველას. თბილისის დატოვება შეუძლებლად მიიჩნიეს. ამან გან­საკუთ­რე­ბით ამან ოპოზიციაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მათ მოითხოვეს, ნამდ­ვი­ლი მდგომარეობის გასაგებად დელეგაციის გაგზავნა სამხედრო შტაბში. იქ დახ­ვ­დათ ახლად დანიშნული აწ განსვენებული გიორგი კვინიტაძე, რომელიც წინ გაშლილ რუკას დასცქ­­როდა. მან განაცხადა, რომ... გათენებისას ელის სხვადასხვა მხრიდან ჯა­რის ნაწილებს.., სა­­ხედრო სკოლის იუნკრებსაც ნაბრძანები ექნებათ ყველანი გამო­ვიდ­ნენ საბრძოლველად. ამ სასიამოვნო ამბით დაბრუნდა დელეგაცია ღამის სხდომაზე, სა­დაც დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოიწვია ამ ცნობამ, ფეხზე ადგომით, ოვა­ცი­ე­ბით: “გაუმარჯოს ჩვენს ჯარს!” და “საქართველოს და მის დღეგრძელობას!”-ო...

 

იმ დღეებში იყო, რომ ჩემთან მოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატები დავით ვაჩნაძე და გრიგოლ ვეშაპელი. მირჩიეს თბილისიდან გასვლა, რადგან მაშინ სპირიდონი უფრო თა­ვისუფალი იქნებაო. მე გადაჭრით უარი ვუთხარი. მომიწონეს “კარგი ქართველი ქა­ლო­ბა” და წავიდნენ. სპი­რი­დონს რომ ვუამბე მათი დარბაზობა, კარგად გაიგო ჩემი უა­რი და მითხრა: “მე­ტწილს ცოლ-შვილი ბოხჩებით უკვე გაგზავნილი და დაბინავე­ბუ­ლი ჰყავს ბათუმ­ში”-ო.

 

ერთ დღეს, ვნახე რუსი ტყვეების ჩამოტარება. რა სანახავები იყვნენ... შიმ­ში­ლი­სა­გან ღონემიხდილნი შიშველ ფეხებს ძლივს მოათრევდნენ, ჩაუც­მე­ლ­­ნი, აბრანძულები, ჭუჭყიანები. ჩვენის მხრივ შებრალებას უფრო იწვევდნენ, ვიდრე შურისძიების გრძნობას. ამ საცოდავებს ხალხი დიდი სიჩუმით შეჰხვდა, კრინტი არავინ დასძრა, მხოლოდ ჩუმად გაისმა ერთის ხმა: “ამათ როგორ შეაშინეს ჩვენი მთავრობა”-ო.

 

ამ სურათს დაესწრო ერთი უცხოელი, რომლისთვისაც ჩვენი ერის მაღალ­სულოვ­ნე­ბა მოსაწონიც იყო, მაგრამ ამავე დროს, გაუგებარიც. ამბობდა: “არცერთ ევროპულ ქვეყანაში მტერს ასეთი მოთმინებით და შებრალებით ხა­ლ­ხი არ დაუხვდება”-ო.

 

ჩვენი ჯარი ამ დროს თბილისის დასაცავად კოჯორსა და ტაბახმელაში მოქმე­დე­ბ­და. ამიტომ, ფრონტი ჩვენს მახლობლად მდებარეობდა და ზარბაზნის საშინელება მწარედ ჰხვდებოდა ჩვენს არსებობას... სპირიდონი ფხიზლობდა, ან ტელეფონთან იჯდა, ან უფრო კი აივნიდან ყური ეჭირა კოჯრის მიმართულებით. ზოგჯერ იქიდან მინავლე­ბულ სროლას სევდიანად აღნიშნავდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მტერი იერიშზედ იყო გადმოსული და აქედან პასუხი არა სჩანდა.

 

19 თებერვალს სპირიდონი სახლიდან ადრე იყო გასული. ტელეფონი ირეკება, ვე­ღარ ვიცანი მისი ხმა. წინა დღეებში მიხრწნილი, ჩალექილი, ახლა ვაჟკაცური, მხნე და იმედიანი, კარგ ამბავს მაგებინებს: “გავიმარჯვეთ სონა, გავიმარჯვეთ! აი, დავცქერი ფრო­ნ­ტზედ მი­მავალ ჯარს, რა მშენიერი ახალგაზრდობაა, გამოდი, ნახე”-ო.

 

თურმე იმჟამად სპირიდონი მიმართავს ჯარს სასახლის აივნიდან. ვინც მისი სი­ტ­ყ­ვა მოისმინა, ამბობდა: “სპირიდონი ღვთაებრივი იყო, გაიყოლიებდა დიდსა და პა­ტა­რას”-ო. მეც მაშინათვე გავედი. წყნეთის ქუჩა სავსე იყო ხალხით, ისმოდა მათი ჟრია­მუ­ლი. კუთხეში შევნიშნე ჩვენი ისტორიკოსი დავით კარიჭაშვილი, რომლის გაფითრებულ და განცდებით სავსე სახეს სიხარულის ცრემლი ამშვენებდა. რომ დამინახა, ჩემსკენ წა­მობარბაცდა, მკითხა: “ნუთუ მართალია, სონა, ეს ცნობა”-ო...

 

ეს სასიამოვნო ამბავი დაგვიდასტურა ახალგაზრდა შავგვრემანმა შიკრიკმა, რო­მე­ლიც დააქროლებდა ლამაზ, წითელ ცხენს და დედაქალაქის ყოველ უბანს ამ სიტყ­ვე­ბით ამხ­ნევებდა: “გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ”-ო. ამას თან სდევდა ხალხის აღტაცება, ტაშის გრიალი და “გაუმარჯოს ჩვენს ჯარს და მის მარჯვენას”-ო.

 

ამნაირად, ოპოზიციის ჩარევამ 19 თებერვლის ღამის კრებაზედ, თბილისს და­ტო­ვება ააშორა და ქვეყანას მწარე ცრემლები მოუშრო. მაგრამ მტერი ნელ-ნელა ერ­ტ­ყმო­და ჩვენ მიწა-წყალს სხვადასხვა მხრიდან თავის ცხენოსანი ჯარით, რამდენიმე დი­ვი­ზიით იყო მომდგარი ჩვენს კარებთან...

 

საუბედუროდ, რამდენიმე დღეში მდგომარეობა შეიცვალა იმისდა მიუხედავად, რომ თბილისის დასაცავად კოჯორსა და ტაბახმელას მიდამოებში სამხედრო სკოლის იუნკრების თავგანწირული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამათ მტერს არ აკმარეს ტყვიის­მ­ფ­რქვეველი იარაღი და ხმალდახმალ ხელჩართული ბრძოლა გამართეს. თაოსნობა და­იწ­ყო გოგა მეს­ხიშვილმა, რომელმაც იშიშვლა ხმალი, დაიძახა: “გაუმარჯოს საქართ­ვე­ლოს!”-ო და გადაეშვა მტრის ბანაკში”.

 

სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მემუარებში განსაკუთრებით მძაფრად არის აღწერილი მის მიერ თავის ოჯახის წე­ვ­­რე­ბთან, კერძოდ, მე­უღლესთან და იმ დღეებში დაბადებულ ასუ­ლ­თან - თეოსთან ერ­თად, თბილისის და­ტო­­­ვების მომენტი: “თებერვლის 24-ს, სასახ­ლი­დან ღამის 10 საათზედ, სპი­რი­დონი სა­შინელებას მაგე­ბი­ნებს:

 

- თბილისი დატოვებულია, მთა­ვრობა და დამფუძ­ნე­ბე­ლი კრების მთელი შემად­გენლობა უკვე სადგურზეა გასული. ჩვენც უნდა წავიდეთ, მხო­­­ლოდ არა­ფ­რის წაღება არ იქნება შესაძლებელი... მო­ამ­ზადე ბავ­შვის თეთ­რეული. მზად იყა­ვი, მოვდი­ვარ.

 

მართლაც, პატარა ხანს უკან შე­მო­ვიდა... არ ინახვოდა. რამდენიმე სა­ათ­ში, რაც სა­ხლიდან იყო გასული, ეს ადამიანი და­ბერებუ­ლი­ყო, თვალებჩაცვივნილი, გა­ფი­თრე­ბუ­ლი იდგა ჩემს წინ... ქვევით გვე­ლო­დე­ბოდა ლელი ჯაფარიძე, რომელსაც ძლივს ეშოვნა იმ ღამეს ერ­თი ეტლი, რომლითაც უნ­და სად­გურ­ზე მივსულიყავით. საწყალი დედაჩემი გაფით­რე­ბუ­ლი იდგა... პირჯვარი გა­და­გვწერა და ცრემლები მოიწმინდა...

 

ეტლში ძლივს ჩავეტიეთ... ლელი ჯა­ფარიძე იძულებული გახდა, ეტლის ფეხის და­­სადგომზედ გაჩერებულიყო. დაიძრა ეტ­ლი მძიმედ. მეეტლე რუსი ჯანჯლობდა. ლე­ლიმ ხმა აუმაღლა, კინაღამ ხელითაც არ შეეხო.

 

თოვდა. ქუჩები - მთლად ცარიელი. ადამიანის შვილი არსადა სჩანდა. დე­და­ქა­ლაქი თეთრ საბანში გახვეული, დამშვიდებულ ძილს მისცემოდა. საშინელი სიჩუმე და სი­წყნარე მეფობდა. საიდუმლოება ჯერ არავინ იცოდა. ჭირისუფალნიც არ სჩანდნენ. მთა­­ვრობის სასახლეს ჩვეულებრივი ყარაული აღარ ახლდა. ერთი სიტყვით, გაუკა­ცუ­რე­ბუ­ლი იყო იმ ღამეს ჩვენი ქვეყანა. სადგურზედაც ახალი იერის მატარებელნი, მოხე­ლე­ები ისიც კანტიკუნტად თუ სადმე სჩანდნენ.

 

მატარებელი სავსე იყო, წინა ვაგონში - მთავრობა და დამფუძნებელი კრების მთელი შემადგენლობა და ყველა, ვისაც თბილისში აღარ ედგომლებოდა. ჩვენთვის ალა­გი არ იყო და სპირიდონს უნდოდა უკან გაბრუნება, მაგრამ შალვა მესხიშვილმა, მაშინდელმა სამართლის მინისტრმა, დაიძახა მატარებლიდან: “სპირიდონია მოსული თა­ვისი ცოლშვილით და ახლავე უნდა ადგილი ვიშოვნოთ”-ო.

 

ვანო ჯაფარიძემ მოგვათავსა თავის ვაგონში, რომელიც უცხოეთის წარმო­მადგენ­ლე­ბისათვის იყო დანიშნული. სპირიდონი ჩამომრჩა. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ პა­ტა­რა ჩემოდანი... მატარებელში ასვლისას სპირიდონს ისე გამოაცალეს ხელიდან, რომ ვერ გაიგო და იმის ძებნაში იყო...

 

კუპეში დამიხვდნენ: აკაკი ხოშტარია, გრიშა ალშიბაია, ლენკო მაღალაშვილი _ ცო­­ლით და გიორგი ორბელიანი. ჩემი ნახვა გაიოცეს. იკითხეს სპირიდონი...

 

გავაგებინე:

 

- თბილისი დატოვებულია, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარი იხევს დასავ­ლე­თი­საკენ, მთავრობა ფიქრობს სურამთან მისცეს ბრძოლა.

 

არ დაიჯერეს.

 

- ეს შეუძლებელია, - მარწმუნებდა მხედარი მაღალაშვილი, - ეს არის ახლა, ე. ი. რვა საათზედ დავტოვე ფრონტი ძალიან კარგ მდგომარეობაში და ასეთ პირობებში თბი­ლისი როგორ ჩაბარდებოდა მტერს?-ო.

 

მაგრამ როდესაც სპირიდონი შემოვიდა და ჩემი ნათქვამი დაადასტურა, საში­ნე­ლი წუთები განიცადა ყველამ, ტიროდნენ. მაღალაშ­ვი­ლი მოსთქვამდა:

 

- ყველასათვის თბილისი ძვირფასია, მაგრამ ჩემთვის მით უფრო, რომ იქ ჩემი მამა-პაპის საფლავებია!-ო.

 

ეტყობა, მთავრობა ადრე იყო დაბინავებული პირველ ვაგონში, რადგან ამათ ეს არ იცოდნენ. 11 საათის მაგივრად, ღამის ორ საათზედ დაიძრა ჩვენი მატარებელი. შეთ­ქ­მულება სჩანდა. ერთ ადგილას კინაღამ არ გადაიჩეხა, რადგან ზოგიერთი ნაწილი მა­ტა­რებელს დაზიანებული ჰქონდა...

 

ოფიციალური პირები თბილისის დატოვებას არ ამ­ჟ­ღა­ვნებდნენ, რადგან ომი გრძე­ლდებოდა და ფიქრობდნენ სურამთან მისცემდნენ ბრძო­ლას და იქ გადასწყდებოდა ომის ბედიც. ხალხს სიმართლე არ უთხრეს და დას­ტოვეს გა­მშრალი და ნაღვლიანი” [ჩიჯავაძე-კედია 2002: 310-312].

 

ზემოხსენებული ლელი ჯაფარიძე, რომელმაც იმ უმძიმეს პერიოდში სპირიდონ კე­დიას ოჯახს ეტლი უშოვა, იყო ლევან ჯაფარიძე (1895-1934) - ცისფერ­ყა­ნ­წე­ლი პოეტი და მთარგმნელი.

 

ბათუმში ჩასული სპირიდონ კედია და მისი ოჯახი ემიგრაციაში შავი ზღვით გა­მ­გზავრებულ სა­ქართველოს ხელისუფლების წარმო­მა­დ­­გენ­ლებს თან არ წაჰყოლია.

 

სპირიდონ კედია ემიგ­რა­ციაში გაემგზავრა 1923 წელს, რო­დესაც ის ციხიდან გა­ა­თა­­ვი­სუფ­ლეს. სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი კი, თავის ასულთან ერთად, პარიზში მყოფ მე­უღ­­ლე­ს­თან უფრო გვიან, კერძოდ, 1928 წელს ჩავიდა.

 

* * *

 

საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სა­ხე­­­ლმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფამ შემზარავი კვალი დატოვა როგორც მის უშუალო შემსწრე და თვი­თმხილველ ქართველებზე, ასევე მომდევნო თაობებზეც. ეს გაუნელებელი ტკივილი ქართულ პოეზიაშიც აისახა. ვინაიდან ეს საკითხი ცალკე კვლევას მოითხოვს, მაგრამ მას აქ მხოლოდ მოკლედ შევეხებით.

 

აღნიშნულ თემაზე დაწერილი ლექსე­ბი­დან განსაკუთრებით შთამბეჭდავად მიგ­ვა­ჩ­ნია გიორგი ლეონიძისა (1897-1966) და კოლაუ ნადირაძის (1895-1990) პოეტური ქმნი­ლე­ბანი. თავის დროზე, ეს პოეტები “ცის­ფე­რ­ყა­ნ­წე­ლთა ორ­დე­ნის” წევრებად ითვლებოდნენ.

 

1921 წლის თებერვალში, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის მიმდი­ნა­რე ბრძოლების წლი­ს­თავს და იმხანად დაცემულ ქართველ გმირთა ხსოვნას ასე გა­მო­ეხმაურა გიორგი ლეონიძე 1922 წელს დაწერილ ლექსში:

 

გახსოვს, ტაბახმელავ,

ბრძოლები გმირული

და მკერდი მრავალის

შენთვის განგმირული?

ქალებო, შეამკეთ

მათი საფლავები,

საქართველოსათვის

ვინც დადეს თავები.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი ქავთარაძის ცნობით, ამ სევდიან ლე­ქსს, რომელიც ფაქტობრივად, სამშობლოსათვის დაღუპულთა შესანდობარს წარმოად­გენს, გი­ტა­რაზე ამღერებდა მისი ბებია - ეფემია ალექსანდრეს ასული გედევანიშვილი (1897-1973), რომელიც გი­ორგი ლეონიძის მეუღლე გახლდათ.

 

კოლაუ ნადირაძის მიერ 1969 წელს დაწერილ ლექსში “25 თებერვალი, 1921 წ.” ვკითხულობთ:

 

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი _

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედა ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, _

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

 

* * *

ამრიგად, ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრა­გიკული მო­ვ­ლენა _ რუსეთის სფსრ-ის საოკუპაციო არმიის შემოჭრა სა­ქართველოს დემოკრა­ტიული რეს­პუ­ბ­­ლი­კაში და მის მიერ დედაქალაქის აღება საყურადღებოდ არის ასა­ხუ­ლი იმხანად თბილისში მყო­ფი რვა მოქალაქის მოგონებებში, რომელთა შორისაც იყ­ვნენ: გე­რონტი ქი­ქო­ძე (1885-1960), ვლა­დი­­მერ (ლადო) ჯა­ფა­რიძე (1887-1981), გიორგი ნა­დირაძე (1902-1960), ლიზიკო ქავთარაძე (1905-1988), მი­ხე­ილ ქა­ვ­თარაძე (1906-2008), მიხეილ კეკელიძე (1911-1996), გივი ჟორდანია (1911-2001) და სოფიო ჩი­ჯა­­ვა­ძე-კე­დი­ასი (1885-1993).

 

მტრის ურდოების მიერ საქართველოს სა­ხე­­­ლმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხე­­ლ­ყოფა, რომელიც მოუშუშებელ იარად აღიბეჭდა ქართველი ერის ღირსეული ნაწი­ლ­ის ცნო­ბიერებაზე, აისახა ქართულ პოეზიაშიც, მათ შორის, გიორგი ლეონიძისა (1897-1966) და კოლაუ ნადირაძის (1895-1990) შესანიშნავ პოეტურ ქმნილებებში.

გააზიარე: