ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს

ავტორი:

როგორც ზურაბ ჟვანია ამბობდა: „არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა თქვას მკაფიო არა. არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ შენ ვერ წამართმევ იმ უფლებას, რომელიც მე ღმერთმა მომცა, როდესაც ადამიანად გამაჩინა. თუ საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ ხდება მთავარი არას სათქმელად, ის საზოგადოება ვერ გაიმარჯვებს. ის იქნება დამონებული და იქცევა გამოსაყენებელ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში“. დღეს საქართველოს კალენდარზე მსგავსი დღეებია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ვალია, მშვიდობიანი გზით, ვუთხრათ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ქვეყანას დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა მისი უკეთესი, უსაფრთხო მომავლისათვის. ეს ჩვენი ისტორიული, სტრატეგიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის შექმნის შესაძლებლობებს განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, ჯანდაცვისა და ყველა საკვანძო მიმართულებით. მეტიც, ის საქართველოს აქცევს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელ აქტორად, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ როლს, ფუნქციას შესძენს საერთაშორისო არენაზე.
 

სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ცვლის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოა. ის გვართმევს წლების განმავლობაში ბრძოლის შედეგად მოპოვებულ შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ერთიანი ევროპული სივრცის სრულფასოვან წევრად ქცევას. ამავდროულად, აუცილებელია გეოპოლიტიკური მოცემულობის ზუსტი ანალიზი. კერძოდ, ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება და 4 წლით გადავადება, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის პოლიტიკური რუკის მიღმა დატოვებს. უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა 4 წლამდე პერიოდში ან მომავალ წელს შესაძლოა მოხდეს. სწორედ ამ დროს საქართველოს მართებს პროაქტიული საგარეო პოლიტიკის განხორციელება, რათა საბოლოოდ განისაზღვროს მისი ადგილი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შემდგომ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, აღმოვჩნდებით ევროკავშირის ორბიტის მიღმა, რაც არსებითად დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და რუსეთის გავლენის სფეროდ გვაქცევს.
 

ამდენად, დღეს ჩვენი სამშობლო, ქვეყანა, სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშეა. გულანთებული, მშვიდობიანი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საქართველოს თავისუფლებისათვის, მისი ევროპული მომავლისათვის იბრძვიან. დაუშვებელია როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების, ასევე ჟურნალისტების მიმართ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენება. უმძიმესია იმის ხილვა, თუ როგორ ძალადობენ ახალგაზრდებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებიც სამართლიან, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ. ეს პროცესი არსებითად ხელყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და განვითარებას. დეესკალაციისათვის აუცილებელია ხალხის ხმას მოვუსმინოთ და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ.
 

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბალტიის სამმა სახელმწიფომ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ეროვნული სანქციები დაუწესონ საქართველოში ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ჩამხშობთ. მეტიც, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფუნქციონირება შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, 2009 წლის 9 იანვარს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. ის წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის მტკიცე პოლიტიკურ საფუძველს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა საკვანძო მიმართულებით. იგი ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერის პრინციპებს, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
 

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორიენტირებულია შემდეგ საკვანძო სფეროებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული პროგრამები.
 

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თანახმად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს ორივე მხარის ინტერესს. ამ მიზნის მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ქარტია ითვალისწინებს ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობას. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის მხარეები სწავლობენ საქართველოს ენერგეტიკული პროდუქციის ზრდის შესაძლებლობებს და საქართველოდან ევროპული ბაზრებისკენ ენერგომატარებლების ტრანზიტის ფიზიკურ უსაფრთხოებას განამტკიცებენ.
 

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ შორის სამართლის უზენაესობას, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. დოკუმენტი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამების განვითარებას, რაც ქართველ სტუდენტებს, მკლევრებს აძლევს წვდომას განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე რესურსებზე. სამწუხაროდ, წლების შედეგად განმტკიცებული სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერებულია, რაც არსებითად აზიანებს იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებასთან, განვითარებასთან, საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაძლებლობების შექმნასთან და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან.
 

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად აუცილებელია ერთობა, თანმიმდევრულობა და მშვიდობიანი გზით, სწორი სტრატეგიული ხედვით, კრიზისის დაძლევა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ ღრმა კრიზის დაძლევის მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. თუ აღნიშნული სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს და დააკმაყოფილებს, ეს იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების დასანიშნად. ახალი არჩევნების ჩატარება უნდა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების სათანადო ჩართულობით. ეს განაპირობებს ხელისუფლების გაზიარებას და კოალიციური მმართველობის დანერგვას, რამაც უნდა შექმნას შესაბამისი საფუძველი პარტნიორებთან ურთიერთობების აღსადგენად და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
 

დაბოლოს, ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მოუსმინოს ხალხის ხმას, აარიდოს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებას, ვითარების ესკალაციას. კონსტრუქციულობით, მშვიდობიანი, სამართლებრივი მექანიზმებით უნდა შევძლოთ გამოწვევების დაძლევა. ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანისაა და მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა მოქალაქეებზე ორიენტირებული პოზიტიური, ევროპული დღის წესრიგის შექმნისკენ და არა მისი შეფერხებისკენ.
 

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს ვერავინ ჩაუხერგავს ევროკავშირისკენ, უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას. ეს ჩვენი ეროვნული პროექტია, დიდი იდეაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ნების შესაბამისია და შესაბამისად, უპირველესია.

გააზიარე: