ლონდონის იუბილე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2019  წლის 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. 1949 წლიდან დღემდე 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ალიანსმა, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაამტკიცა, რომ ის ქმედითი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციაა თავისი პრაქტიკულად ორმაგი: კოლექტიური თავდაცვისა და კოლექტიური უსაფრთხოების ბუნებით.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობისა, ლონდონის შეხვედრამდე ალიანსის ეფექტიანობასთან დაკავშირებით საპირისპირო განცხადებები გაკეთდა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ განცხადებებს ლონდონის საიუბილეო შეხვედრის პრიორიტეტებზე. ლონდონის იუბილემდე 27 დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ნატო განიცდის „ტვინის კვდომას“ და  მე-5 მუხლის მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების წინაპირობა გახლდათ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციის პრობლემა. ასევე, მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა ევროპის თავდაცვის განვითარების დაჩქარების აუცილებლობა, რათა ევროპა „გეოპოლიტიკურად“ ჩამოყალიბდეს. თუმცა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მას საუბრისას უნდა გაეთვალისწინებინა ისტორიული კანონზომიერება იმისა, რომ სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტაში ევროპას ჩრდილოეთ ამერიკასთან ალიანსი სჭირდება. სწორედ 70 წელია ნატო ამ ფორმატს ემსახურება. ამიტომაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ნებისმიერი მცდელობა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გათიშვისა გამოიწვევს არა მხოლოდ ალიანსის, არამედ თავად ევროპის გაყოფას. მეტიც, გერმანიის კანცლერმა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო ევროპისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის იყო ცივი ომის პერიოდში. ამავე თემაზე, “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, მერკელსა და მაკრონს შორის ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე გამართული საზეიმო მიღებისას მცირე შელაპარაკებაც კი მოხდა. ასევე, საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასება მაკრონის განცხადებაზე. მიუხედავად ტრამპის სკეპტიციზმისა განსაკუთრებით ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტის სამართლიანი განაწილების წესთან დაკავშირებით, მან ლონდონში საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას უპატივცემულობა უწოდა და აღნიშნა, რომ საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება. ასევე, ხაზი  გაუსვა იმ ფაქტს, რომ აშშ ევროპას იცავს.


დამაფიქრებელი გახლდათ მაკრონის მორიგი განცხადება, რომელიც მან ლონდონის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა და მოუწოდა ალიანსის ლიდერებს გადაეხედათ სტრატეგიისთვის, რადგან რუსეთი, მისი თვალთახედვით, მტერი არ იყო. აღნიშნული განცხადება კი წარმოადგენს გამოწვევას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც ყოველდღიურად რუსული საფრთხეების წინაშე დგანან და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებენ.


ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თურქეთის უთანხმოება ალიანსის დანარჩენ წევრებთან. თურქეთი საქართველოს ერთადერთი ნატო-ს წევრი მეზობელია და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თურქეთმა და ალიანსის სხვა წევრებმა საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. მაგალითად, 2019 წლის 27 ნოემბერს, ლონდონის შეხვედრამდე, „დოიჩე ველე“, ნატო-ს ოთხ უმაღლეს წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერდა პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების თავდაცვით ინიციატივას რუსეთისგან მომავალი საფრთხეების გამკლავების შესახებ.


ზემოაღნიშნული საინფორმაციო გარემოს ანალიზიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ლონდონის შეხვედრამდე ლიდერების მხრიდან გაკეთებულმა წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა მთელი რიგი პრობლემები წარმოაჩინა, მათ შორის როგორც კოორდინაციის, ისე სტრატეგიული ხედვის ნაწილში. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა: რამდენად გადააფასებდა ლონდონის იუბილე ნატო-ს პრიორიტეტებს და როგორ აისახებოდა ეს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე?


ლონდონის შეხვედრის მოლოდინში სკეპტიკოს სცენარისტებს თვალთახედვიდან გამორჩათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ამჟამინდელი მოცემულობით, პრაქტიკულად, ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების წინაპირობა ალიანსის ერთიანობაშია. ამდენად, ლონდონის დეკლარაციამ არ შეცვალა გლობალური უსაფრთხოების აქცენტები. მან ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ასევე, დოკუმენტში აისახა რუსეთთან კონსტრიქციული დიალოგის შესაძლებლობა, თუკი რუსეთის ქმედებები ამას შესაძლებელს გახდის. ამასთანავე, ლონდონის დეკლარაცია საუბრობს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომელიც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დოკუმენტის პირველი და ბოლო პუნქტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ორგანიზციის წევრები რჩებიან ერთგულნი ტრანსატლანტიკური კავშირისა, რომელმაც 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში მათი ფასეულობები და უსაფრთხოება დაიცვა. ასევე, იგი განსაკუთრებით ფოკუსირებულია თავდაცვითი ინვესტიციის გაზრდაზე.


მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში დაგეგმილი შეკრება არ წარმოადგენდა სრულფასოვან სამიტს და ითვალისწინებდა შეზღუდულ ფორმატს, ნატო-ს ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომლის დასახელება გახლდათ ნატო-ს ჩართულობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიან განხორციელებაზე. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატო-ა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაწევისთვის აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია.


ამასთანავე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა თურქეთმა გარკვეულწილად მიაღწია კონსენსუს ალიანსის დანარჩენ წევრებთან. ასევე, ნატო-სთვის სამეზობლო რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვლავ პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ნატო „ღია კარის პოლიტიკას“ ინარჩუნებს, რასაც ადასტურებს ლონდონის დეკლარაციის ჩანაწერი, რომ ჩრდილოეთ მაკედონია მალე გახდება ალიანსის სრულფასოვანი წევრი.


რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ლონდონის შეხვედრის შედეგების ანალიზი კიდევ უფრო ცხადყოფს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გამოკვეთას.


შავი ზღვის რეგიონში მზარდი დასავლური ინტერესების ფონზე მეტად შეიძლება საქართველოს სტრატეგიული საჭიროების გამოკვეთა და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით პარტნიორებისგან შესაბამისი გარანტიების მიღება. სასურველია, ქართული დიპლომატიის ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით, 2021 წლის ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში მეტი ფოკუსირება მოხდეს საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში, რაც შესაძლოა პრაქტიკული ნაბიჯებითაც გამოიკვეთოს, მაგალითად შემუშავდეს ნატო-საქართველოს პაკეტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე (NATO-Georgia Package on the Black Sea Security). ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პარალელურად ზემოაღნიშნული ინსტრუმენტის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გამოკვეთას ევროატლანტიკური სივრცის რუკაზე. ეს კი მომავალში გაზრდის საქართველოს წევრობის შანსს იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება საჭადრაკო დაფაზე ნატო-ს გაფართოების პროცესის მომხრეთა, მოწინააღმდეგეთა და სკეპტიკოსთა კონფიგურაცია.

გააზიარე: