ხათუნა ბურკაძე - პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით გააგრძელებს გამოწვევებთან გამკლავებასა და რეფორმების განხორციელებას

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

„ინტერპრესნიუსი“-ის ინტერვიუ  „ჯეოქეისის“ მკვლევართან, პროფესორ ხათუნა ბურკაძესთან საქართველოს ევროპული პერსპექტივის, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგისა და კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საკითხებზე. 

 

- ქალბატონო ხათუნა, გასულ კვირას, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნა, რომელიც 1950 წლის შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. ევროპული ინტეგრაციის ათვლის წერტილი ამ პერიოდიდან იწყება.

 

წლების განმავლობაში არაერთ ევროპულ სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა ევროგაერთიანების წევრი გამხდარიყო. საქართველოც მიისწრაფვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

 

როგორ ფიქრობთ, საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტები რამდენად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროკაშირში სრულფასოვან ინტეგრაციას?

 

- ევროპულ ინტეგრაციას 70-წლიანი ისტორია აქვს. ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპის კავშირის ფარგლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

 

ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას.

 

ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულმა ევროპულმა ერთობამ მკაფიოდ წარმოაჩინა ევროკავშირის არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური მნიშვნელობაც.

 

ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.

 

ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მოქმედ ინსტრუმენტებს, ჩვენ გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს - შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

 

აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

 

მიუხედავად ამისა, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ გახლავთ ევროპულ ოჯახში წევრობის ფორმატი. თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეგიდით საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

 

ამ ეტაპზე საქართველოსთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებია იმისათვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად, ეკონომიკის გასავითარებლად და ევროკავშირის ბაზრის მასშტაბურად ასათვისებლად.

 

ყოველივე ეს კი წინაპირობაა ევროინტეგრაციის პროცესის უფრო გასაღრმავებლად და იმ ინსტრუმენტების მისაღებად, რომლებიც მოგვცემენ ისტორიულ შესაძლებლობას გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

 

ევროგაერთიანების წევრობა კი ნიშნავს მდგრადი ევროპული სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი სისტემის ქონას, რომელსაც გაერთიანების სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად - გერმანელებთან, ფრანგებთან და სხვა წევრებთან ერთად შეაქვს თავისი წვლილი ერთიანი,

 

თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობაში. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მიუხედავად საბჭოური წარსულისა, ეს შეძლეს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოდელია ევროინტეგრაციის გზაზე.

 

ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ ახლახან ფრანგულ ფინანსურ გამოცემა „ლეზ ექო“-ში (Les Echos) ეკონომისტ სებასტიან კოშარმა სტატია სახელწოდებით - „საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?“ - გამოაქვეყნა.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე, როდესაც ევროკავშირი დგას კრიზისის წინაშე, ცხადი ხდება, რომ ევროპული ქვეყნების ცხოვრების ნაწილს მის საზღვრებზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავს. შესაბამისად, მისი თვალთახედვით, ის, რაც საქართველოში ხდება, ევროკავშირსაც ეხება.

 

ასევე, პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

პანდემიის ფონზე გამოიკვეთა, რომ კრიზისის პერიოდშიც ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც სხვადასხვა ტიპის მასშტაბური დახმარება გაუწია ქვეყანას Covid-19-ის თანმხლები გამოწვევების დასაძლევად. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

უმნიშვნელოვანესია საქართველომ შეძლოს ევროკავშირისგან პოლიტიკური დაპირების მიღება გაერთიანების წევრობაზე.

 

ეს იქნება გარდამტეხი იმპულსი იმ პროცესის დასაწყებად, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს კი თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც საერთაშორისო აქტორის როლს რეგიონის მშვიდობისა და განვითარების პროცესში.

 

- აღსანიშნია, რომ ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანების შესახებ წინადადებით გამოვიდნენ.

 

ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ახალი ჩარჩო მიიღო. რა ტიპის პრიორიტეტებსა და ამოცანებს მოიცავს აღნიშნული ჩარჩო?

 

- „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერებას თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით, ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და მოქალაქეების კეთილდღეობას. ასევე, ის წვლილს შეიტანს უფრო მეტად ძლიერი ევროპის მშენებლობაში.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ახალი ჩარჩო გამოკვეთს 5 ამოცანას: 1) ერთად მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის მშენებლობა; 2) ერთად ანგარიშვალდებული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუციების განმტკიცება; 3) ერთად გარემოსა და კლიმატზე ზრუნვა; 4) ერთად ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა; 5) ერთად მედეგი, სამართლიანი და ღია საზოგადოებების შექმნა.

 

ამასთანავე, ევროკავშირი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

 

ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მექანიზმებზე. ასევე, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მედეგობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით იგი კლავ გააგრძელებს პარტნიორების მხარდაჭერას.

 

ამასთანავე, პანდემიის ფონზე, ევროკავშირი ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოყოფს. ის დაეხმარება პარტნიორებს, მათ შორის სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა - „ჩვენი მეზობლების სიძლიერე არის ევროკავშირის სიძლიერეც; ჩვენი წინადადებები კიდევ უფრო გააძლიერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს“.

 

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით კი ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს დაეხმარება ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაში და გააძლიერებს სექტორალურ თანამშრომლობას, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

 

ასევე, ორგანიზაცია გააგრძელებს პარტნიორების დახმარებას COVID-19-თან ბრძოლის პროცესში.

 

-„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ახალი ჩარჩო მიანიშნებს, რომ აღნიშნული ფორმატი კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.

 

ასევე, აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებები და ამოცანები თვალსაჩინოს ხდის, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

ევროკავშირის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლი კიდევ უფრო მკაფიო გახდა კრიზისის პერიოდში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თავად ებრძვის პანდემიის შედეგებს, ის პარტნიორების გვერდითაა. როგორ შეაფასებდით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას?

 

- საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ევროპის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს - „დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში.“

 

ასევე, ის დასძენს, რომ „სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით“.

 

ევროკავშირის დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს ბიზნესის სტიმულირებას და აღდგენის ხელშეწყობას. თანხების მოწოდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობით განხორციელდება, გამოიყოფა მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს ბიზნესმენების, ფერმერებისა და კერძო პირების დახმარებას, რათა მათ შეიძინონ ახალი უნარები, დაძლიონ გამოწვევები და განავითარონ ბიზნესი.

 

ევროკავშირმა მიმდინარე პროცესში მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD) ჩართო. ის სწრაფად უზრუნველყოფს დახმარებას საბრუნი კაპიტალის, სავაჭრო დაფინანსებისა და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული მიმართულებებით.

 

ამასთანავე, ევროკომისია გეგმავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამის“ დაწყებას, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და განსაკუთრებით, მცირე ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის ქვეგრანტების გაცემის საშუალებით ითვალისწინებს.

 

თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკვე შეუძლიათ განაცხადების შეტანა ევროკავშირის 4 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამიდან გრანტების მისაღებად სოციალური მეწარმეობის, სოციალური სერვისებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში.

 

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 40,000 სახის დამცავი ფარის წარმოებაში, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე მყოფი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნია, რომ ეს დამცავი ფარები დამზადებულია საქართველოში ადგილობრივი კომპანიის მიერ, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს.

 

აღნიშნული მასშტაბური და ყოვლისმომცველი დახმარება ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კრიზისის პერიოდშიც ერთ-ერთი უმთავრესი დონორი ორგანიზაციაა. ევროკავშირი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს გვერდით დგას და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი პანდემიის თანმხლები ჯანდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და სხვა გამოწვევების დასაძლევად. ევროკავშირის დახმარების პაკეტი მოიცავს ყველა მოწყვლად ჯგუფს, რაც კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას უშუალოდ საქართველოში მცხოვრები თითოეული ინდივიდისათვის.

 

- თქვენ ყურადღება გაამახვილეთ ევროკავშირის მიერ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე. პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ასევე, აღნიშნეთ, რომ საგრანტო დაფინანსება ფერმერებისთვისაცაა გათვალისწინებული.

 

რა ტიპის დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში?

 

- ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

 

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.

 

პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს.

 

ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებს, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების სფეროებს.

 

გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ (მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის ტრაქტორის შეძენა, სათბურის მოწყობა).

 

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის 1,16 მილიონი ევროს ოდენობის ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა.

 

მეტიც, შემუშავდა „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციაც, რაც გულისხმობს Covid-19-ის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას ახალი შესაძლებლობების შექმნით. „ჭკვიანი სოფლების“ საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს არანაკლებ ერთი სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

 

მიუხედავად გამოწვევებისა, ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს ქართველი ფერმერებისა და მწარმოებლების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას.

 

ამასთანავე, საყურადღებოა „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფცია, რომლის წარმატებით განხორციელება შესაძლოა გახდეს წინაპირობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში „ევროპული სოფლების“ იდეის განხორციელებისა, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ევროკავშირის ბაზრის მეტად ათვისებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიან იმპლემენტაციას.

 

- განსაკუთრებული ყურადღება გავამხვილეთ კრიზისის პერიოდში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. თუმცა, ასევე, საინტერესოა პოსტ-პანდემიური პერიოდიც.

 

როგორ ფიქრობთ, პოსტ-პანდემიურ პერიოდში როგორ განვითარდება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი?

 

- კრიზისის პერიოდშიც ევროკავშირის მასშტაბურმა დახმარებამ წარმოაჩინა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კვლავ ღრმავდება. რთულ ვითარებაში ევროკავშირი არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართაა სოლიდარული, არამედ პარტიორების გვერდითაცაა. მეტიც, გამოწვევები გარკვეულწილად შესაძლებლობადაც იქცა საქართველოსთვის, რომ ქვეყანამ სტრატეგიული მიმართულებები ახლებურად გაიაზროს.

 

შესაბამისად, პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით გააგრძელებს გამოწვევებთან გამკლავებასა და რეფორმების განხორციელებას.

 

მომავალში საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან უფრო მეტად დაახლოებასა და ინტეგრაციაზე მიანიშნებს 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად ევროპის ქვეყნების ელჩების მიერ გაკეთებული განცხადება.

 

მიმართვა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“.

 

ევროკავშირის გზავნილი ,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“ აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის 70-წლიანმა ისტორიამ სოლიდარობით, თანამშრომლობით მშვიდობასა და განვითარებას მიაღწია.

 

ასევე, შესაძლოა, პოსტ-პანდემიურმა პერიოდმა ბიძგი მისცეს არაორდინალურ მიდგომებს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც, რაც გაზრდის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას გახდეს იმ ერთობის სრულფასოვანი წევრი, რომელიც დღეს 27 ევროპულ სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს.

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: