ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გარდამტეხი ეტაპი უნდა გახდეს

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა ონლაინ დიალოგის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის და კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.


- ქალბატონო ხათუნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა დიალოგი გაიმართა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.


რას ისახავდა მიზნად აღნიშნული შეხვედრა და რა ტიპის პრიორიტეტები გამოიკვეთა ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის?


- პანდემიის ფონზე ერთ-ერთი უპირველესი მიზანი გახლდათ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა დიალოგის ფარგლებში მხარეების მიერ კოვიდ 19-ის პანდემიის თანმდევი გამოწვევების დასაძლევად მიღებული ზომების განხილვა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მსჯელობა.


ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ შეცვალა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგი, რადგან 18 ივნისს ბრიუსელში სამიტი უნდა გამართულიყო. თუმცა გლობალური კრიზისის გამო სამიტის ჩატარება 2021 წელს იგეგმება.


მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ პერიოდში ორიენტირებული იქნება მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაზე, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებაზე.


ხსენებული პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის დაახლოებას და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების სისტემების მოდერნიზებას.


ხსენებული ონლაინ განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ მტკიცეა და ასევე, აჩვენებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირი უმსხვილესი დონორია როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე კრიზისის დროს.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის დასრულებისთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ხელსაყრელი პირობებით გაცემული სესხი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის. აღნიშნული შეთავაზების მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.


ასევე, დღევანდელი მოცემულობის კონტექსტში ყურადსაღებოა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა.


კანცლერ მერკელის თვალთახედვით, კოვიდ 19-თან ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ერთობა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, პანდემიის თანმდევი გლობალური გამოწვევები მოითხოვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების შიგნით წევრი ქვეყნების, ისე პარტნიორების მხარდაჭერას. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია მცირე სახელმწიფოებისთვის.


- მოგეხსენებათ, რომ საქართველომ დახმარება მიიღო არა მხოლოდ ევროკავშირისგან, არამედ აშშ-სგან და სხვა პარტნიორებისგან. ამა წლის 15 ივნისს ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას, საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს რთულ პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის.


როგორ შეაფასებდით, საბოლოო ჯამში, სტრატეგიული პარტნიორების როგორც პოლიტიკურ, ისე ფინანსურ მხარდაჭერას კრიზისის პერიოდში? მით უფრო იმ ფონზე, რომ გლობალური კრიზისის პირობებშიც საქართველო კვლავ „მცოცავი ოკუპაციის“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა...


- პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უალტერნატივობა. ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების პოვნა.


სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში თამაშის ფუნდამენტური წესების დარღვევა დღემდე გრძელდება. ამ წესების ხელყოფის მაგალითია „მავთულხლართები“, რომლებიც ზღუდავენ ინდივიდების თავისუფალი გადაადგილების უფლებას გლობალური კრიზისის, პანდემიის პირობებშიც.


თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს ყოველდღიურად უწევს გამკლავება იმ გამოწვევებთან, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასა და ხელოვნური ბარიერების შექმნას უკავშირდება.


პანდემიის დროსაც „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში საქართველოს პარტნიორები გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ეხმარებიან ქვეყანას გაუმკლავდეს პანდემიის თანმდევ სირთულეებს.


2020 წლის 26 მაისს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ულოცავდა დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავდა საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბროლაში, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამდა მიმდინარე „ბორდერიზაციასთან“ მიმართებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.


ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში კვლავ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.


ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად საქართველოს ფინანსური დახმარება გაუწია არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის USAID-მა დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი გამოყო. ხოლო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებამ 3 მილიონი დოლარი შეადგინა.


გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. ხოლო ამერიკის სავაჭრო პალატამ მილიონობით ლარი გადარიცხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.


მეტიც, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობასთან USAID–ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება მოხდა. ცვლილებების მიხედვით, USAID/საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.


ასევე, USAID-ი მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხელს უწყობს საქართველოს გარე საფრთხეებისგან თავის დაცვას. ცნობისთვის უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის მეშვეობით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


რაც შეეხება პანდემიის ფონზე საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკას, ნატო-ს ონლაინ საგარეო მინისტერიალზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ.


კერძოდ, ხსენებული ზომები გულისხმობენ შემდეგ ინიციატივებს: 1) საქართველოს უფრო მეტად ჩართვას შავ ზღვაზე დაგეგმილ ალიანსისა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; 2) ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებას; 3) საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; 4) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) გაძლიერებას.


აღნიშნული მასშტაბური და ყოვლისმომცველი დახმარება ცხადყოფს, რომ სტრატეგიული პარტნიორები კრიზისის პერიოდშიც საქართველოს გვერდით დგანან და შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი პანდემიის თანმდევი პოლიტიკური, ჯანდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და სხვა გამოწვევების დასაძლევად.


თავისთავად, მომავალშიც, აღნიშნული ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობისათვის.


- თუ დავუბრუნდებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2014 წლის 27 ივნისიდან დღემდე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან თითქმის 6 წელი გავიდა.


6 წლის თავზე, როგორ შეაფასებდით ასოცირების შეთანხმების შესრულების შედეგებსა და დინამიკას?


- 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ინოვაციურ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმება განსაზღვრავს სფეროებს რეფორმების განსახორციელებლად.


კერძოდ, იგი მოიცავს შემდეგ მთავარ მიმართულებებს - საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.


ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის შემუშავდა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც 6-წლიანი პერიოდის განმავლობაში ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა აერთიანებს 2014-2016 წლებს, ხოლო მეორე ფაზა - 2017-2020 წლებს. ორივე ფაზის მიზანი გახლდათ საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან.


ხსენებული ინსტრუმენტების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი ინიციატივების, მათ შორის გადაიდგა ნაბიჯები მედიაციის მექანიზმის განსავითარებლად.


გარდა ამისა, მიიღეს ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, საჯარო სამსახურის ფუნქციონირების ერთგვაროვანი ხასიათის უზრუნველყოფის მიზნით ადამიანური რესურსების მართვის შესახებ რეკომენდაციები მომზადდა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, შემუშავდა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის განსახორციელებლად, მიიღეს 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია, განხორციელდა შესაბამისი აქტივობები საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის დასახვეწად.


თუმცა რეფორმების პროცესი გასაგრძელებელია, რადგან სწორედ თანმიმდევრული მიდგომა მოგვცემს უფრო მეტ ხელშესახებ შედეგს კანონის, სამართლის უზენაესობის განსამტკიცებლად, ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის განსავითარებლად, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და ევროპის პრაქტიკაზე დაფუძნებულ ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით დაასრულებს.


ასოცირების შეთანხმების სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას ყველა საკვანძო სფეროში, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მხარეებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.


თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული შეთანხმება მიღებულ იქნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში. აღნიშნული ფორმატი არ გახლავთ წევრობის ინსტრუმენტი და, მათ შორის, აერთიანებს ისეთ ქვეყნებსაც, რომელთა საგარეო პოლიტიკურ მიზანს, საქართველოსგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის თავზე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მეტს იმსახურებს.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის თავზე მეტს იმსახურებს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და რა უნდა იყოს შემდეგი ეტაპი?


- ამის თქმის საფუძველს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიის გაანალიზება მაძლევს. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტი ამ ურთიერთობების განვითარებისა გახლდათ მე-20 საუკუნის მიწურულისკენ ძალაში შესული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება.


აღნიშნულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის გარკვეულწილად ინსტიტუციონალიზაციას და მთელი რიგი პრიორიტეტების გამოკვეთას.


ეს მექანიზმი 21-ე საუკუნეში ამბიციურმა და ინოვაციურმა ასოცირების შეთანხმებამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სივრცესთან ერთად ჩაანაცვლა. პრაქტიკულად, 1999 წლიდან საქართველო ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო ეს პროცესი 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით კიდევ უფრო ინტენსიური და მრავლისმომცველი გახდა.


მეტიც, დღეს, საქართველოს შეაქვს თავისი წვლილი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფაში. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დროა ევროკავშირმა მიიღოს არაორდინალური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებით ანუ მისცეს პოლიტიკური დაპირება წევრობასთან დაკავშირებით და მხარეებს შორის დაიწყოს მსჯელობა წევრობისთვის საჭირო პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით.


მით უფრო, რომ ამ ეტაპზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მკაფიოდ არ ასახავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რასაც ასოცირების შეთანხმების ფრაზეოლოგიაც ადასტურებს. ხსენებული დოკუმენტი საქართველოს მოიხსენიებს მხოლოდ, როგორც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას.


მესამე მხრივ, ნიშანდობლივია დღევანდელი მოცემულობა, რომელიც განსხვავდება შარშანდელი და შარშანწინდელი მოცემულობებისგან. პანდემიის შედეგად შექმნილმა გლობალურმა გამოწვევამ აჩვენა, რომ აუცილებელია დიდმა სახელმწიფოებმა მცირე სახელმწიფოებს მეტი შესაძლებლობები მისცენ, რათა მსოფლიო, რეგიონი უფრო ქმედითი და ეფექტური იყოს საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში მომავალში.


პოსტ-პანდემიური საერთაშორისო რეალობა კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის, რომ საჭიროა ახალი მიდგომების დანერგვა როგორც უნივერსალურ, ისე რეგიონალურ დონეებზე.


შესაბამისად, შეცვლილი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ევროკავშირის ლიდერებს მისცემს ახალ იმპულსს ტრანსფორმაციისთვის, უფრო მოქნილი სისტემის განვითარებისთვის, მათ შორის გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის. იმედია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გაფართოების პარადიგმას ისე შეცვლის, რომ მის შედეგად კეთილდღეობის მეტი სივრცე შეიქმნება.


საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ მიეცა ისტორიული შანსი დაეწყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის მცდელობა ქონდა ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შედეგად, რომელმაც ფასეულობათა განვითარების თვალსაზრისით იმ პერიოდში დროსაც კი გაუსწრო. თუმცა ისტორიულმა უკუღმართობამ წაგვართვა ეს შესაძლებლობა.


ევროპული ინტეგრაციის გზაზე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი სახელმწიფოების მიერ მიდგომების შეცვლა მცირე სახელმწიფოსგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, სტრატეგიული გზავნილების გამოყენებით კომუნიკაციის არხების მეტად განვითარებას უშუალოდ წევრი ქვეყნების დედაქალაქების დონეზე და მათთვის ნათლად ჩვენებას იმისა, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას.


მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა უფრო მკაფიოდ უნდა ჩანდეს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე, რისთვისაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში შესაძლოა ახალი ფუნქციის შეძენაც დაგვჭირდეს.


ციფრულ ეპოქაში კი ეს შესაძლოა იყოს ქვეყნის ციფრულ ჰაბად ქცევა რეგიონში და თანამედროვე ეპოქის სიახლეებთან მაქსიმალური ადაპტირება. მით უფრო, რომ ციფრული შესაძლებლობების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია დარგობრივი თანამშრომლობისა და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განვითარება.


დაბოლოს, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით წარმატებით უნდა შევძლოთ თანამედროვე, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროცესის დასრულება.


ეს პროცესი კი კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის ჩვენს ევროპაში სრულფასოვნად დაბრუნებას და ქვეყანას მისცემს რეალურ შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოს სახელით, საკუთარი ხმის უფლების გამოყენებით, მიიღოს საერთო სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები ევროპული თუ ევროატლანტიკური სივრცის წევრ ქვეყნებთან ერთად.

 

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: