მსოფლიო СOVID-19-ის გლობალურ პანდემიას ებრძვის. 6 თვის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი დაინფიცირებულისა და ნახევარი მილიონი გარდაცვლილის ფონზე, აშშ-ის 16 შტატში შემთხვევების ახალი მკვეთრი მატება აღინიშნება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა 29 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.
და ამ დროს 30 ივნისის დილიდან მსოფლიო მედიაში ვრცელდება საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებები, რომ ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომლის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც და ახალი პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC, New York Times, Guardian, CNN, და სხვა წამყვანი მედიასაშულებები ავრცელებენ.
მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა, რომელსაც G4EAH1N1 უწოდებენ, შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით ახალ ვირუსს "ყველა ნიშანი" აქვს, რომ ადაპტირდეს და ახალი პანდემიის მიზეზად იქცეს. რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი ძნელია, რა კატასტროფა შეიძლება იყოს ორ პანდემიასთან ერთდროული ბრძოლა! მით უფრო, რომ ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში. ეწერა BBC მასალის პირველ ქართულ თარგმანებში.
ინფორმაციის წყარო გახდა პოპულარულ ამერიკულ ჟურნალში - Proceedings of National Academy of Sciences of the United States of America (PNAS, დაარსებულია 1915 წელს, იმპაქტ ფაქტორი - 9.58, ამჟამად ვრცელდება ონლაინ, ციტირების მიხედვით - მსოფლიოში მეორე ყველაზე უფრო ციტირებული ჟურნალი) ჩინელი ავტორების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „გავრცელებული ევრაზიული ქათმის გრიპის მსგავსი H1N1 ღორის გრიპის ვირუსი - ადამიანის ინფიცირების ხელშემწყობი, 2009 წლის პანდემიის ვირუსული გენებით“.
შევეცადოთ, გავერკვეთ, რამდენად რეალურია საფრთხე, თუ საქმე მორიგ ჰიპერბოლიზებულ ინტერპრეტაციას ეხება.
- უპირველეს ყოვლისა - სტატია ნამდვილად განთავსებულია 29 ივნისს, მაგრამ ჟურნალში (მისი საბოლოო ვერსია) წარდგენილია 28 აპრილს, ხოლო პირველად რეცენზიაზე გაგზავნილია გაცილებით ადრე - 2019 წლის 19 დეკემბერს! - ანუ მანამ, სანამ კორონავირუსის შესახებ გავიგებდით. ასე რომ პირველი შოკი შეგვიძლია დავძლიოთ - ეს ვირუსი, ამჟამინდელი მდგომარეობით, სულ მცირე, კორონავირუსზე საშიში არ არის, თორემ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ახლა და მხოლოდ სტატიით არ გავიგებდით.
- უკვე სტატიის თეზისებში ნათლად და გარკვევით წერია, რომ ეს ვირუსი - ევრაზიული ფრინველის გრიპის EAH1N1 ახლახან აღმოცენებული G4 გენოტიპი, შეიცავს 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიის ვირუსის გენომის ნაწილებს. მეცნიერებმა 2011-დან 2018 წლამდე ჩინეთის 10 პროვინციის ღორების ფერმებში, სადაც ცხოველების დაკვლა ხდებოდა, აიღეს ჯანმრთელი ღორების 30,000-მდე ხახის ნაცხი და მათ 0.45%-ში გამოყვეს 136 სხვადასხვა ვირუსის შტამი. ამავე პერიოდში ვეტერინარული სასწავლო ჰოსპიტლის იმ ღორებში, რომელთაც სასუნთქი სისტემის დაზიანების ნიშნები ჰქონდათ, ასევე შეისწავლეს ხახის ნაცხი და ფილტვების მასალა და 4.3%-ში გამოჰყვეს ღორის გრიპის ვირუსი, რომელიც სწორედ EAH1N1 ტიპის აღმოჩნდა. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ჩინურ ღორებში 2016 წლიდან სწორედ G4 EAH1N1 არის დომინანტური შტამი. ასე რომ, თუ ეს ვირუსი 2016 წელს უკვე დომინანტური იყო, გამოდის, მთელი 4 წელი მაინც არსებობდა ისე, რომ პანდემია არ გამოუწვევია.
- ის, რომ დასახელებული ვირუსი, თურმე, შეიძლება ადამიანს გადაეცეს, ესეც არაა ახალი აღმოჩენა. 2018 წელსვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 338 პირიდან, ვინც ვირუსით დაინფიცირებულ ღორებს უვლიდნენ, 35 (10.4%) ამ ვირუსის მიმართ ანტისხეულებს ატარებდა - ანუ, ჰქონდათ გადატანილი ღორის გრიპის ამ ვირუსით ინფექცია. მკვლევარებმა ისიც კი დაადგინეს, რომ 18-დან 35 წლამდე ასაკის პირებში ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობა ორჯერ უფრო ხშირი იყო (44 პირიდან - 9, 20.5%). გამოდის, რომ უკვე 2 წელზე მეტია, ღორებიდან ვირუსის ამ შტამის ადამიანზე გადაცემის ფაქტი ცნობილია.
- მაგრამ იმისთვის, რომ ღორის გრიპის ვირუსმა არამცთუ პანდემია, არამედ ლოკალური ეპიდემია გამოიწვიოს - მას არა მარტო ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის უნარი, არამედ, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც უნდა შეეძლოს (თან - რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტით გადაცემა). შეუძლია მას ეს თუ არა, ჯერ არ ვიცით. პოტენციურად - გამორიცხული არ არის, მაგრამ თუ ეს ასეც მოხდა, ალბათ, პანდემიის დონეს მაინც, ეს ვირუსი 2020 წელს ვერ მიაღწევს.
- სიფრთხილეს თავი არ ტკივა, ღორის გრიპის ვირუსებს ნამდვილად გააჩნიათ მუტირების და ადამიანზე გადაცემის სერიოზული პოტენციალი. ამიტომ სტატიის ავტორების სერიოზული შრომა ამ საფრთხის დროულად გამოსავლენად მხოლოდ შექებას იმსახურებს. მათ დასკვნებში პოტენციური საფრთხე არც შემცირებულია, და არც სენსაციურად გადაჭარბებული. სტატიის თეზისების ბოლო ფრაზა ხაზს უსვამს, რომ ღორიდან ადამიანზე G4 ვირუსის გადაცემა „აფართოებს იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ვირუსის ადაპტაცია ადამიანში და იძლევა შეშფოთების საბაბს პანდემიური ვირუსების შესაძლო წარმოშობის მხრივ“. თავად სტატიის ბოლოს მეცნიერები ამბობენ, რომ ღორებში და მათ მომვლელ პირებში ინფექციის მონიტორინგი აუცილებელია მომავალი საფრთხეების დროული პრევენციის მიზნით.
მაგრამ სწორედ თეზისების ბოლო წინადადებაში, და სტატიის სათაურში ნახსენები სიტყვა „პანდემია“, ისევე, როგორც ის, რომ კვლევა ჩინეთშია (!) ჩატარებული, სავარაუდოდ იქცა ამ ერთი სტატიის უჩვეულო პოპულარობის მიზეზად. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა „ვირუსი“, „გენომი“, „PCR“ და „ანტისხეული“ პოპულარული (არასამედიცინო) ჟურნალების და ვებ-გვერდების მასალებში, უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე როკ-ვარსკვლავების, ჰოლივუდის მსახიობების თუ პოლიტიკოსების გვარები, და როცა ჩინეთი მასობრივ ცნობიერებაში ასოცირდა უფრო ვირუსთან და არა - წარმოების მაღალ ტემპებთან, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ორი სიტყვის კომბინაციამ მოახდინა მასალის გაზიარების იმ ზვავის პროვოცირება, რაც მსოფლიო მედიაში ინფოდემიის პერიოდში, ჩვეულებრივ, გვაქვს. ამ დროს სტატიის სათაურში ნახსენები „პანდემია“ 2009 წელს ეხებოდა.
CNN-მა, რომელმაც სტატიის შესახებ შედარებით გვიან გაავრცელა ინფორმაცია, მას თან დაურთო კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ვირუსოლოგის ანჯელა რასმუსენის რჩევა - „ნუ დაიზაფრებით!.. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შტამის პანდემიური პოტენციალი შემოსაზღვრულია. რა თქმა უნდა, ის აკმაყოფილებს მრავალ ბაზისურ კრიტერიუმს, მაგრამ ის არ გამოიწვევს ჰიპოთეტურ პანდემიას ადამიანებში 2020 წელს, და საერთოდაც არ გახდება ადამიანებში დომინანტური შტამი.“
მსგავსი განცხადება გააკეთა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა კარლ ბერგსტრომმაც: „სინამდვილეში ეს „ახალი“ ვირუსი სულაც არაა ახალი. 2016 წლიდან დომინანტურია [ღორებში] და მიუხედავად მაღალი კონტაქტირებისა [ღორებსა და მათ მომვლელებს შორის] არ არის მტკიცებულება, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ადამიანებში ცირკულირება მოხდა. ეს უნდა გვახსოვდეს.“
ასე რომ, შეგვიძლია დავბრუნდეთ იმ რეალურ - კორონავირუსის - პრობლემასთან, რომელიც ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია, და შევასრულოთ აუცილებელი სიფრთხილის რეკომენდებული რჩევები - ნიღბის ტარების, მასობრივი შეხვედრების დაუშვებლობის და სოციალური დისტანცირების მხრივ.
ღორის გრიპზე და სხვა მოსალოდნელ საფრთხეებზე ზრუნვა კი მივანდოთ ვეტერინარებს, ბიოლოგებს, ეპიდემიოლოგებს და ინფექციონისტებს.
https://www.bbc.com/news/health-53218704
https://www.theguardian.com/world/2020/jun/30/new-swine-flu-with-pandemic-potential-identified-by-china-researchers
https://edition.cnn.com/2020/06/30/asia/china-swine-flu-pandemic-intl-hnk-scli-scn/index.html
https://www.pnas.org/
1 ივლისი, 2020 წ.