25 მილიონზე მეტი ინფიცირებულის ფონზე მსოფლიო აგრძელებს კორონავირუსთან ბრძოლას. არის ფრონტის ხაზები, სადაც წარმატება მეტია და არის ისეთიც, სადაც სერიოზული გამოწვევები რჩება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი, სადაც წარმატებებიც გვაქვს და გამოწვევებიც - განათლებაა.
ერთი მხრივ, კოვიდ-19-მა შექმნა სრულიად ახალი რეალობა და დისტანციური სწავლება და ონლაინ განათლება აღმოჩნდა პანდემიის მოულოდნელ გამოწვევაზე სწრაფი და ეფექტური პასუხი. სულ უფრო მეტია მაგალითები, სადაც პოზიტიური გამოცდილება, ინოვაციები, ახალი პლატფორმები - პრობლემებთან გამკლავების და ზოგჯერ - მდგომარეობის გაუმჯობესების წყაროც აღმოჩნდა. გასაგები მიზეზების გამო არსებული თავდაპირველი დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიში თანდათან დაიძლია - აღმოჩნდა, რომ მოზარდები და სტუდენტები უფრო ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს და ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმებს. პედაგოგების უმრავლესობამაც გადალახა თავიდან არსებული ყოყმანი და შფოთვა; ხოლო გარკვეულმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ონლაინ განათლებას ბევრი უპირატესობაც აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ იდეალურ დისტანცირებაზე, რასაც ინფიცირების შანსი ნულამდე დაჰყავს, ხოლო ეს ასაკოვანი მასწავლებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვიდრე მოზარდებისათვის. პირველ ხანებში გამოუცნობი საფრთხის პირობებში ოჯახებში ყოფნა მოსწავლეებისთვის ხშირად სტრესის გადალახვისთვისაც უკეთეს გარემოს ქმნიდა - თუ, რასაკვირველია, ეს გარემო არ იყო გადატვირთული საოცრად მძიმე ინფოდემიური ფონით ტელევიზორებიდან და ინტერნეტიდან. როგორც კვლევებმა აჩვენებს, პირველ თვეებში დაძაბული ინფორმაციული დატვირთვის გამო ბავშვების მთავარი შიში იყო ავად გახდომა, სიკვდილის საფრთხე, ან ის, რომ მშობლებთან განშორება მოუწევდათ.
არსანიშნავია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ არც თუ ურიგოდ გაართვა თავი გამოწვევას და განსაკუთრებით - საშუალო სკოლებში ამოქმედებული ორივე პროექტი - „ტელესკოლა“ და Microsoft Teams საერთო საჯარო პლატფორმა, OECD დადებითი შეფასებების გათვალისწინებით, წარმატებული გამოდგა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ იყო - წარმოუდგენელია ასეთი მკვეთრი და დაუგეგმავი ცვლილებები უპრობლემოდ განხორციელდეს, მით უფრო, რომ რეგიონებში და ხელმოკლე ფენებში ინტერნეტის და კომპიუტერების ხელმისაწვდომობა პრობლემურია. მაგრამ ონლაინ განათლების პირველი ტესტი იმაზე ნამდვილად უკეთესი გამოდგა, ვიდრე შეიძლებოდა თავიდან გვეფიქრა. შედარებით მეტი პრობლემა იყო უმაღლეს განათლებაში, სადაც არც გამოვიდოდა მსგავსი ერთიანი მიდგომის დანერგვა დარგის გაცილებით მაღალი კომპლექსურობის გამო და თან ზოგიერთი სფერო პირდაპირი ინტერაქციის აუცილებლობას მოითხოვს.
თუმცა, ისევე როგორც ჯანდაცვაში, სადაც მიღებულმა შემზღუდველმა ზომებმა - დისტანცირებამ, იზოლაციამ და ლოკალურმა თუ სრულმა კარანტინმა, ვირუსის გავრცელება და ჯანდაცვის სამსახურების კოლაფსი კი აგვაცილა, მაგრამ სერიოზული პრობლემები შექმნა სხვა კუთხით - ეკონომიკური რეცესიის გამო, განათლებაშიც გამოიკვეთა ხარვეზი, რომელიც ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებმა და ფსიქოლოგებმა მნიშვნელოვან გამოწვევად მიიღეს. ეს არის ხანგრძლივი სოციალური იზოლირება სასწავლო პროცესის იმ მოდელისგან, რომელიც ბავშვებისათვის მისაღები და საუკეთესოა - სკოლა, როგორც ფიზიკური შეხვედრების - სოციალური ინტერაქციის ადგილი. ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი და ფსიქოლოგებიც თვლიან, რომ ხანგრძლივი ონლაინ სწავლება ბავშვებისთვის არაა გამართლებული, რადგან ისინი თავდაჯერებულობას კარგავენ და ხშირად აუხსნელ შფოთვას განიცდიან - ჩვეული გარემოსაგან იზოლირების გამო. სკოლა ხომ მარტო საგნების სწავლის ადგილი არაა, ბავშვები იქ სწავლობდნენ ურთიერთობებს, თამაშს, ხუმრობას, საკუთარი ინტერესების დაცვას, ემოციების გამოხატვას თუ შეკავებას, ფიქრს იმაზე, რა ხდება ირგვლივ... - ბავშვისთვის და მოზარდისთვის სკოლა არის აღზრდის გარემო, რომელშიც თეორიული სწავლა (განსაკუთრებით, თუ ფინური განათლების მოდელს გავიხსენებთ) შეიძლება არც იყოს მთავარი - მთავარი ურთიერთობების სწავლა და ცხოვრების ურთიერთობებში შეცნობაა. ასევე უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის, როგორც მრჩეველის, თანამგრძნობის, ფიქრის გამღვივებლის, მზრუნველის როლი, და არა მხოლოდ - გაკვეთილის ამხსნელის, დავალების შემმოწმებლის და მზა პასუხების მომცემისა... ეს ყველაფერი ონლაინ სწავლების არსებულ მოდელებში, ჯერჯერობით მაინც, არ არის კარგად გააზრებული და ინტეგრირებული - აქ არ არის შესვენებები, არ არის მეგობრებთან ურთიერთობის, ხუმრობების, განტვირთვის და თამაშის ველი. ფიზიკური თამაში და გაკვეთილზე მოზღვავებული ენერგიის დახარჯვა ვერ ხდება და კიდეც რომ იყოს ამაზე დრო გამოყოფილი, ამის გაკეთება ხომ ბავშვს სახლში მარტო მოუწევს. აი, ეს აღმოჩნდა დისტანციური სწავლების მთავარი გამოწვევა - განსაკუთრებით, უმცროსკლასელებისათვის.
1.6 მილიარდი ბავშვი... 145 ქვეყანაში... ონლაინ სწავლის ხანგრძლივობა კი - რამდენიმე თვე...
ეს მძიმე გამოცდა იყო. ჯერ ერთი, მსოფლიოში ბავშვთა დაახლოებით 1/3-ს არ მიეცა ონლაინ სწავლებაში ჩაბმის შესაძლებლობა ტექნიკური პრობლემების გამო. იუნისეფის მონაცემებით აფრიკის და წყნარი ოკეანის რეგიონის ზოგიერთ ადგილებში ეს რიცხვი 40-49%-იც კი იყო. მაგრამ დანარჩენი ბავშვებისთვის ონლაინ-სწავლაში ჩაბმის ან სწავლის ხარისხის პრობლემა არ იყო ისე საყურადღებო, როგორც ჩამორჩენა ურთიერთობების განვითარებაში. ჩამორჩენა იმაში, რომ სკოლა, სოციალური ინტერაქციებით დატვირთული ბავშვის ინტელექტუალური და ემოციური განვითარების ადგილიდან გადაიქცა მოსაწყენ ვირტუალურ სკოლად, სადაც მხოლოდ სწავლა ხდება. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. მოზრდილებიც კი მძიმედ განიცდიან სამსახურის სოციალური ურთიერთობებიდან იზოლაციას, ხოლო ბავშვებს, მათგან განსხვავებით, დროის დაზოგვის, ხელფასის მიღების და კარიერული ზრდის სტიმულები არ აძლევთ გარკვეულ კომპენსაციას...
მეორე პრობლემა არის თავად ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები - ისედაც ზედმეტად „ჩაინტერნეტებულ’ თაობას, დამატებით დიდხანს ონლაინ განათლება არ მოუხდება არც მხედველობაზე, არც ცხოვრების მჯდომარე წესის კიდევ მეტად პოტენციური გაბატონების გამო, თუ თანატოლებთან ისედაც “გაციფრებულ” ურთიერთობებს ახლა მუდმივად სკოლის საათებიც დაემატება.
იუნისეფი აღნიოშნავს, რომ სწავლის შეჩერება განხორციელდა 139-დან 105 ქვეყანაში (78%). 20 აგვისტოსთვის ამ 105 ქვეყნიდან სკოლაში სწავლება აღდგა უკვე 59-ში (56%). და ჯერჯერობით, პოზიტიური გამოცდილება გაცილებით ჭარბობს გამოწვევებს.
მაგრამ რამდენადაც კორონავირუსი არსად გამქრალა და ბოლო თვის განმავლობაში სულ უფრო მეტად ხდება სასწავლო დაწესებულებების თანდათანობითი ან - ახლო მომავალში დაბრუნება ჩვეულებრივი სწავლების რეჟიმში, არის იმის პერსპექტივაც და უკვე დადასტურებული ნიშნებიც, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების შემთხვევების გახშირება.
გამოსავალი? - გამოსავალი მაინც სკოლების ძველ რეჟიმში დაბრუნებაა, ოღონდ სიფრთხილის ზომების ადექვატური დაცვით და სკურპულოზური მონიტორინგით. იუნისეფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლების გახსნა, დრო და კონკრეტული დამცველობითი ღონისძიებები ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. და არაა გამორიცხული, რომ რიგი ღონისძიებები ამ მიმართულებით მომავალში გამკაცრდეს, ან კვლავაც მოხდეს დაბრუნება ონლაინ ან შერეულ (ჰიბრიდულ) სწავლებაზე.
ყველაზე უფრო რეკომენდებული დაცვის მეთოდები სკოლების გახსნის პროცესში, რასაც იუნისეფი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები გვთავაზობენ:
- სწავლების დაწყების და დასრულების, ასევე კვების განსხვავებული დრო სხვადასხვა კლასებისთვის (სკოლაში მოსვლისას და წასვლისას მოწაფეთა დიდი ნაკადების შეჯგუფების შემცირება დერეფნებში და კიბეებზე);
- სხვადასხვა ცვლის დაწესება და/ან ჯგუფების დაყოფა - კლასში დისტანცირების უკეთ დასაცავად;
- სასწავლო პროცესის შეძლებისდაგვარად გატანა შენობის გარეთ;
- კლასებს შორის კონტაქტების შემცირება;
- ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა - ხელების ხშირი დაბანა, დახველების ან დაცემინების დროს ერთჯერადი ცხვირსახოცების გამოყენების აუცილებლობის სწავლება, სანიტაიზერების საკმარისი რაოდენობა კლასებში და დერეფნებში, ოთახების ხშირად განიავება.
- ბავშვის სახლში დატოვება მისი ან ოჯახის წევრის რესპირატორული ინფექციის ნიშნების შემთხვევაში.
- ონლაინ სწავლების მეთოდის მუდმივი მზადყოფნა - ა)იმ ბავშვებისათვის, ვისაც შეიძლება გაკვეთილები გაუცდეს, ბ) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლაში სწავლების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. (სახლის სავარჯიშოების მოცულობა და გრაფიკი სკოლის გვერდებზე და სოციალურ ქსელებში, ტელესკოლა, შეძლებისდაგვარად, წინასწარ ჩაწერილი მოკლე გაკვეთილები).
რამდენიმე მაგალითი, რა წესების დაცვით იხსნება სკოლები სხვადასხვა ქვეყანაში:
საფრანგეთი: მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში კოვიდ-19 შემთხვევებმა მკვეთრად იმატა - 100,000-ით, ხოლო 28 აგვისტოს 7300-ს გადააჭარბა, რაც 31 მარტის შემდეგ პირველად მოხდა, - 12.4 მილიონი ბავშვი ბრუნდება სკოლაში 2-თვიანი არდადეგების შემდეგ. „ნუ გეშინიათ!“ - მიმართა მოსახლეობას განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ. 11 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ნიღბები აუცილებელია კლასშიც და კლასგარეთაც. ხელის დაბანა ხშირად უნდა მოხდეს (5-10-ჯერ). ამავდროულად ნიღბები აუცილებელი გახდა არა მარტო ტრანსპორტში, არამედ სამსახურებში, მაღაზიებში და დიდი ქალაქების ქუჩებშიც.
ესპანეთი - მარტის უმძიმესი ეტაპის შემდეგ მეორე პიკი ივლისში დაიწყო და 21 აგვისტოს 7500 ახალ შემთხვევას მიაღწია, თუმცა შემდეგ ქვეითდება 2500-მდე. სკოლებში ზომები უფრო მკაცრია, ვიდრე საფრანგეთში. ნიღბები სავალდებულოა 6 წელს ზემოთ, ხელის დაბანა ხუთჯერ მაინც. კლასებში მაქსიმუმ 25 ბავშვი. სასურველი დისტანცია - 1.5 მეტრი. ამავდროულად, ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან მიუხედავად სერიოზული პიკისა, ახლა გაცილებით მეტი შემთხვევაა უფრო მსუბუქი და სიკვდილობა 0.4%-მდე შემცირდა.
ბელგია - ახალი შემთხვევების პიკი არაა მაღალი - 900-მდე. სკოლებში ბრუნდება 1.2 მილიონი მოსწავლე. სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ინტერაქცია უნდა შეიზღუდოს. ოთახები რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს. ბავშვებმა და მასწავლებლებმა ნიღბები უნდა ატარონ. მკაცრი ზომები იმას უკავშირდება, რომ ბელგია დღემდე პირველ ადგილზეა ევროპაში 1 მილიონ მოსახლეზე კოვიდ-19 სიკვდილობით - 830.
იტალია დასახელებული ქვეყნებიდან შედარებით უკეთ გამოიყურება - მეორე პიკის მაქსიმუმი მხოლოდ 1400 დღიური შემთხვევაა (როცა გაზაფხულზე 6500-ზე მეტს აღწევდა). სკოლაში აუცილებელია 1 მ დისტანციის დაცვა, ხოლო სადაც ეს არ ხერხდება - ნიღბების გამოყენება. იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ფართო ტესტირება იქნება გამოყენებული.
ინგლისში მოწაფეები 6 თვის შემდეგ ამ კვირის სხვადასხვა დღეებში ბრუნდებიან სკოლებში. კლასებში ნიღბები არაა აუცილებელი, დერეფნებისგან განსხვავებით, თუმცა აქაც ნიღბები ძირითადად უფროსკლასელებს ეხებათ, და ისიც მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ბოლო დროს შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. ზოგადად, ქვეყანაში მეორე პიკი არც ისე მცირეა - დღიურად 1700-მდე ახალი შემთხვევა, როცა მარტში 5,000-6,000 იყო. მაგრამ სიკვდილობა, კატასტროფული გაზაფხულისგან განსხვავებით (1100-1200 გარდაცვლილი დღიურად), ახლა გაცილებით დაბალია (10-12). ბორის ჯონსონი თავად ეწვია სკოლას ლესტერში, სადაც ახლახანს შემთხვევების გახშირების გამო ლოქდაუნი ნაწილობრივ აღადგინეს, და ხაზი გაუსვა, რომ სკოლებში ბავშვების დაბრუნება აუცილებელია - თავად ბავშვებისვე სასარგებლოდ. ბრიტანეთის უფროსმა სამედიცინო ოფიცერის კრის ვიტის თანახმად სკოლების გახსნა გაცილებით უფრო ნაკლებრისკიანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე პირიქით იქნებოდა, რადგან სახლებში ბავშვების შემდგომი დარჩენისას მათ ფიზიკურ და ფსიქიურ ჯანმრთელობას ხანგრძლივ პერსპექტივაში ბევრად მეტი საფრთხე შეექმნება, ვიდრე სკოლებში წასვლის გამო.
ლატვიაში, სადაც ინფექციის პიკი არასოდეს ყოფილა მაღალი, რეჟიმი შედარებით რბილია, ნიღბები აუცილებელი არაა. გამოიყენება ყველა სხვა ნორმები - ნაკადების გაყოფა, ხელების დაბანა, სანიტაიზერები. კვირაში ერთი დღე (განსხვავებული დღეები სხვადასხვა კლასისთვის) - სწავლება ონლაინ ხდება. ზოგადად, ბალტიის ქვეყნებში მზად აქვთ რამდენიმე გეგმა - დასწრებული სწავლებიდან - შერეულ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სრულ ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად.
საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაში და დანიაში, სადაც სწავლა უკვე აგვისტოში დაიწყო. კლასებში 10-15 ბავშვი ზის, ნიღბები სავალდებულო არაა. ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლაში დადიან, ხოლო ხანშიშესულებს უფლება აქვთ, სახლიდან ატარონ ონლაინ გაკვეთილები. გერმანიის რიგ სკოლებში დაფიქსირდა ბავშვების ინფიცირების შემთხვევები და ისინი იზოლაციის პერიოდში გაკვეთილებს ონლაინ ესწრებიან. ზოგადად, გერმანიის თითოეულ რეგიონში წესები შეიძლება განსხვავებული იყოს და ისინი თავად გადაწყვეტენ, როდის ან რა მასშტაბით დაუბრუნდნენ ონლაინ სწავლებას.
რა უნდა იყოს წელს სასკოლო განათლების მთავარი ამოცანა?
სკოლაში დაბრუნებაც შეიძლება სტრესი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, ისევე როგორც სკოლის შეწყვეტა იყო. მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ როგორც კლასში, ასევე - სახლში ბავშვისთვის ფსიქოლოგიური კომფორტის გარემოს შესაქმნელად - ეს იქნება მოხერხებული განრიგი, კითხვებზე პასუხი, მაქსიმალური ყურადღება, სახლში თამაშები, კითხვა, თუ ოჯახური გართობის ნებისმიერი ფორმა.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სკოლებში დაბრუნებისას ბავშვების ძალიან მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, განსაკუთრებით უმცროსკლასელების, წარმოუდგენელია და ხანდახან ამით შეიძლება უფრო მეტი სტრესი განიცადონ, ვიდრე სახლში ყოფნის დროს.
გერმანიაში მასწავლებელებს ამოცანად აქვთ, რომ ბავშვებს უნდა მოუხსნან შიშის განცდა. ამისათვის კარგია გაკვეთილები ბუნებაში, ჯგუფური თამაშები ან შრომის გაკვეთილები. მაგალითად, ნიღბების შეკერვა, რაც მათ სოციალურად აქტიურად აგრძნობინებს თავს - თუ სახლში თავის შეკერილ ნიღაბს მიიტანენ. შეიძლება, ეს საშინაო დავალებადაც ვაქციოთ და მშობლებიც ჩავრთოთ. ნიღბის შეკერვას ის დადებითი მონეტიც აქვს, რომ ნიღაბი უფრო „შინაური“ ფენომენი ხდება, და ნაკლებად ასოცირდება შიშთან. ასევე პოპულარულია საკუთარი ნახატების, ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტების და სიმღერების გაზიარება ინტერნეტში.
ინგლისელი პროფესორი დოდი ამბობს, რომ წელს ბავშვების მოსწრება კი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, სტრესთან გამკლავების სწავლება, თანატოლებთან ურთიერთობის სიხარულის დაბრუნება და სწავლის ჩვევების თანდათანობითი აღდგენა. თუმცა, აზიურ კულტურაში მშობლები უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან მოსწრების მაჩვენებლებზე. ამიტომ, ვიეტნამში იუნისეფმა ურჩია ადგილობრივ განათლების სამინისტროს, 4 თვის გაცდენილი პროგრამა შემდეგ წელზე გადაანაწილოს, მშობლებისთვის კი დაიწყოს სპეციალური კამპანია, რომ ბავშვებს მეტად მოუსმინონ, ნაკლებად მოთხოვონ და მეტი სიკეთე აჩვენონ - მთავარია შევაქოთ ბავშვები იმ სიმამაცისთვის, როგორ იტანენ ისინი გაჭირვებას, როგორ გვეხმარებიან ჩვენ, რათა მათ სტიმული გაუჩნდეთ, რომ თავიანთი ემოციები გაგვიზიარონ! სწორედ ესაა დღეს მთავარი, - ამბობს სიმონა ვისი, ვიეტნამში იუნისეფის თანამშრომელი. დაბოლოს, სკოლების გახსნის აუცილებლობის პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის პერიოდში ნებისმიერ დასაბუთებულ ტაქტიკას გეგმა B უნდა ახლდეს თან. სასკოლო განათლების შემთხვევაში ეს შერეული სწავლებაა. ამდენად, ინტერნეტით ქვეყნის რეგიონების სწრაფად უზრუნველყოფა (რისი კარგი შანსიც მსოფლიო ბანკის Log-in Georgia პროექტის დახმარებით გაჩნდა) და ონლაინ- თუ ტელესწავლების პლატფორმების შენარჩუნება და დახვეწა მაინც დღის წესრიგში რჩება, ისევე როგორც პროცესის მუდმივი მონიტორინგი. პანდემიის მთავარი წესი ხომ ესაა - ტაქტიკა მორგებული უნდა იყოს რეალობაზე და დინამიურად უნდა იცვლებოდეს, თუ მდგომარეობა იცვლება.
რაც შეეხება პოსტპანდემიურ პერიოდს, აქ უკვე სისტემური და სტრატეგიული მიდგომები იქნება საჭირო, რათა ონლაინ განათლების იდეოლოგია და პლატფორმები სრულად მოერგოს სასკოლო განათლების არა მარტო კონკრეტულ სასწავლო ამოცანებს, არამედ მოზარდებს შორის სოციალური ინტერაქციის მიზნებსაც და მათი ემოციური ინტელექტის და ჰარმონიული ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებაში შეგვიწყოს ხელი.
https://www.unicef.org/coronavirus/what-will-return-school-during-covid-19-pandemic-look
https://www.bbc.com/russian/features-53949821