კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შეფერხების ფონზე განვითარების დაჩქარება და სტრუქტურული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია. მოლოდინები, რომ პანდემიის გამო დაიწყებოდა მყისიერი რღვევის პროცესი გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და წარმოება სხვა რეგიონებში (მათ შორის საქართველოს მსგავს ქვეყნებში) გადავიდოდა, მეტწილად, არ გამართლდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოტანა ხანგრძლივი პროცესია, რომლის დაწყების შესახებ მოლაპარაკება, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია და პროცესი წლების შემდეგ შეიძლება დასრულდეს. ამ გადმოსახედიდან, კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად წარმოშობილი შესაძლებლობები, შეიძლება ჯერ კიდევ მატერიალიზდეს, თუმცა პოლიტიკა, მით უფრო, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხედვა, ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ამ ტიპის ერთჯერად (თუნდაც განგრძობად) მოვლენებზე.
ის ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს წარმოების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოტანას, აქტუალობას ინარჩუნებს და მეტ მნიშვნელობას იძენს პანდემიის პირობებშიც. ამ გადმოსახედიდან, საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურების მიუხედავად, საქართველოს კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა მნიშვნელოვან შიდა სამუშაოებს მოითხოვს.
ეკონომიკური განვითარების და სტრუქტურული ტრასფორმაციის დაჩქარების კონტექსტში ადგილობრივი, მაღალტექნოლოგიური, ძირითადად, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მნიშვნელობა ვრცლად იქნა განხილული წინა პუბლიკაციაში. მეთოდები, რომელიც წარსულში ზოგიერთი წარმატებული ქვეყნის[i] მიერ იქნა გამოყენებული ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის (პროცესების წარმართვა სახელმწიფოს მიერ ‘ზემოდან’ გეგმარებით, წინასწარ შერჩეული სექტორის პროტექცია სუბსიდირების, ტარიფების, კონკურენციის შეზღუდვითა და სხვა სტანდარტული გზებით) თანამედროვე სამყაროში ნაკლებად შესაძლებელი და, რიგ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულია. თუმცა ამ ქვეყნების მიერ ნაცადი სტრატეგია და განვითარების სახელმძღვანელო პრინციპები დღესაც აქტუალურია. ეს მიდგომა გულისხმობს ორიენტაციას მაღალტექნოლოგიურ და ადგილობრივ წარმოებაზე, შიდა კონკურენციული წნეხის შენარჩუნებას, საწყის ეტაპზევე საექსპორტო ორიენტაციას (გარე ბაზრების ათვისებას), გრძელვადიან სახელმწიფო პოლიტიკასა და პრიორიტეტის მინიჭებას საწარმოო შესაძლებლობის განვითარების სტრატეგიისათვის.
საბაზრო პროცესებში ინტენსიური ჩარევის ნაცვლად საწარმოო შესაძლებლობების განვითარების თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია კერძო და საჯარო ტიპის გრძელვადიანი თანმშრომლობის განვითარებაზე. ამგვარი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
სტატიაში განხილული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ საქართველოს ახალი სტრატეგია და შემოთავაზებული იქნება განსხვავებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს პრიორიტეტული (მაღალტექნოლოგიური) დარგის გამოყოფას, მკაფიო ორიენტაციის განათლების პოლიტიკას და გრძელვადიან სტრატეგიას ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით. სტატიის მეორე ნაწილი დაეთმობა შიდა შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკას და, ამ კონტექსტში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი შეფარდება მშპ-სთან წლიდან წლამდე, კვარტლიდან კვარტლამდე ხშირად გამოიყენება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და კონკურენტუნარიანობის საზომად. 1996 წლიდან საქართველომ ჯამურად დაახლოებით 21 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დეფინიცია მოიცავს ინვესტორის მიერ ადგილობრივ კომპანიაში 10% ან მეტი ხმის უფლების მქონე აქციის/წილის შესყიდვას. ამავე კომპანიის საქმიანობის შედეგად გაუნაწილებელი მოგება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ ერთი ნაირსახეობაა. თუ ინვესტორი ადგილობრივ კომპანიაზე, დამატებით, გასცემს სესხს ან სავაჭრო კრედიტს, ესეც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განეკუთვნება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამგვარი დეფინიცია, ერთგვარად, წინააღმდეგობაში მოდის მის პოპულარულ აღქმასთან, რომელიც გულისხმობს ინვესტორის მიერ ქვეყანაში ახალი საწარმოს მშენებლობას, პროდუქტის წარმოებას, თანამშრომელთა დაქირავებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ქართულ კომპანიაში 10% წილის შესყიდვა ან მოგების არგანაწილება ავტომატურად არ გულისხმობს, რომ გაიხსნა ახალი საწარმო, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები ან წარმოიშვა ახალი ეკონომიკური საქმიანობა. ამ გადმოსახედიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალური სარგებლის გასარკვევად აუცილებელია არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მისი შემადგენლობის დეტალური და ხარისხობრივი კვლევა.[ii]
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გააჩნია მოკლე და გრძელვადიანი შედეგები: მოკლე ვადაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შედეგად იზარდება უცხოური ვალუტის შემოდინება, საგადასახადო შემოსავლები, ვითარდება ინფრასტრუქტურა. გრძელვადიან პერსპექტივაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სარგებელი შეიძლება იყოს ახალი ტექნოლოგიის დამკვიდრება, ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაბმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტის მიღწევა არ არის ავტომატურად (მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვით) გარანტირებული. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ამ ნაწილში, შეიძლება, საჭირო გახდეს სახელმწიფოს მიერ დამატებითი მექანიზმების ამოქმედება.
გადადინების ეფექტი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრძელვადიანი სარგებელი დამოკიდებულია ამაზე, თუ რამდენად ახასიათებს მას გადადინების ეფექტი. ეს მოიცავს ადგილობრივი კომპანიების განვითარების შესაძლებლობას (მაგ. ინვესტორის წარმოების მეთოდებზე, მარკეტინგულ სტრატეგიასა და ბიზნეს პრაქტიკებზე დაკვირვებისა და იმიტაციის გზით)[iii], აგრეთვე, კავშირებს ადგილობრივ მიმწოდებლებსა და ინვესტორს შორის და ინვესტორის მიერ ადგილობრივი კადრების უნარების ამაღლებასა და პროდუქტიული ცოდნის[iv] მიცემას.
სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა დროს გადადინების ეფექტის მიღწევას და ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას ინტერვენციული ან ნაკლებად ინტერვენციული მეთოდებით ცდილობდნენ.
ინტერვენციული ტიპის პოლიტიკა მოიცავს ინვესტორის მიმართ ისეთი ვალდებულებების დაწესებას, როგორიცაა ადგილობრივ ბიზნესთან ერთობლივი საწარმოს შექმნა, ადგილობრივად წარმოებული ნედლეულისა და პროდუქციის სავალდებულო წესით შესყიდვა, ტექნოლოგიების გაზიარების დავალდებულება და სხვა ტიპის ზომები. ნაცვლად ამისა, ნაკლებად ინტერვენციული (წახალისების) მეთოდები მოიცავს ინდუსტრიული პარკების მოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კადრების გადამზადების დაფინანსებასა და სხვა მსგავს ხელშეწყობას.[v]
ზოგიერთ ქვეყანაში და წარმოების დარგში ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ინტენსიური ხასიათის ზომებმა გაამართლა. 1970-იან წლებში ნორვეგია ცდილობდა, განევითარებინა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ადგილობრივი პროვაიდერი კომპანიების კლასტერი. ნორვეგიის მთავრობა აცნობიერებდა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ‘სამთავრობო’ ჩავარდნის’ არარსებობა არ იქნებოდა საკმარისი. სახელმწიფომ გადადგა საკმაოდ ინტერვენციული ხასიათის ზომები, მაგალითად, მთავრობა პირდაპირ ერეოდა ნავთობისა და გაზის კომპანიების შესყიდვების პროცესში. ნორვეგიის ნავთობის კოდექსი ნავთობკომპანიებს ავალდებულებდა, მიმწოდებელთა სია პირველ რიგში სახელმწიფოსთვის მიეწოდებინა, რომელსაც უფლება ჰქონდა, დაევალდებულებინა ნავთობ/გაზ-მომპოვებელი კომპანია, რომ შესყიდვა ნორვეგიული მიმწოდებლისგან მოეხდინა ან საერთოდ შეეცვალა ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი. გარდა ამისა ლიცენზიის პირობებით უცხოური კომპანიები ვალდებულნი იყვნენ, მოემზადებინათ და განეხორციელებინათ ადგილობრივი კომპანიების კომპეტენციის განვითარების გეგმა. დამატებით, ნავთობისა და გაზის ოპერატორი კომპანიები ვალდებულნი იყვნენ, კვლევა-განვითარების არანაკლებ 50% ნორვეგიულ კომპანიებში განეხორციელებინათ. მართალია ეს შეზღუდვები მოიხსნა 1994 წელს, როდესაც ნორვეგიამ გააფორმა სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან, თუმცა მთავრობა აგრძელებდა ადგილობრივი კომპანიების აქტიურ დახმარებას. შედეგად, მიმწოდებელთა კლასტერი წარმატებით განვითარდა, მათ შორის გლობალურად, და მოიცვეს ისეთი მაღალტექნოლოგიური სექტორები, როგორიცაა წყალქვეშა, გეოლოგიური და სეისმური ინდუსტრიები და 2009 წლის მდგომარეობით ასაქმებდნენ 119,000 ადამიანს - ხუთჯერ მეტი ვიდრე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა.[vi]
ნორვეგიის მთავრობის მიერ გადადგმული ინტენსიური ხასიათის ზომები გამართლებული იყო ნორვეგიის საბაზრო პოზიციით - უცხოური კომპანიები მზად იყვნენ, მიეღოთ დაწესებული შეზღუდვები პოტენციურად დიდი სარგებლის (ნავთობის მოპოვების უფლება) სანაცვლოდ. მსგავსი საბაზრო პოზიციის გარეშე ინტენსიური ხასიათის ზომების მიმღებლობა უცხოური ინვესტორის მხრიდან ნაკლებ სავარაუდოა.
გარდა ამისა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში სახელმწიფოს მიერ პროაქტიული, ინტერვენციული ხასიათის ზომების მიღება ბევრად რთულია. დღეისობით იაფი მუშახელი ბევრი და მარტივად ხელმისაწვდომია, რის გამოც საერთაშორისო კორპორაციებს წარმოების გადატანისთვის მეტი არჩევანი აქვთ. გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტერვენციული ზომების მიღება მეტწილად აკრძალულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით.
ამ გადმოსახედიდან შედარებით მცირე საბაზრო პოზიციის მქონე ქვეყნებისათვის (როგორიცაა საქართველო) განვითარების უფრო მისაღები სტრატეგიაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების წახალისება საბაზრო პროცესებში ნაკლებად ინტერვენციული ზომებით.
შესაძლებელია თუ არა წამახალისებელი (დამხმარე) ხასიათის ზომებით ქვეყანამ, რომელსაც არ გააჩნია, გამოცდილება და სათანადოდ მომზადებული ადამიანური კაპიტალი, სწორება გააკეთოს მაღალტექნოლოგიური ხასიათის ინვესტიციების მოზიდვაზე და ამ გზით განივითაროს ადგილობრივი შესაძლებლობები? საქართველოს მსგავსი ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს სტრატეგია შესაძლებელი და განხორციელებადია.
მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები
1996 წელს ინტელმა, ნახევარგამტარების და მიკროჩიპების მწარმოებელმა საერთაშორისო გიგანტმა, კოსტა-რიკაში ააშენა 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საწარმო, რომელიც ასაქმებდა 2000-ზე მეტ ადამიანს.
ინტელის შემოსვლიდან სამი წლის შემდგომ ქვეყანამ გაასამმაგა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე. 61 საერთაშორისო კორპორაციიდან რომლებიც ოპერირებენ კოსტა-რიკაში, 72%-მა განაცხადა, რომ ინტელის კოსტა-რიკაში შესვლამ მათაც გადააწყვეტინა ბიზნესის ამ ქვეყანაში დაწყება (36 კომპანია ელექტრონიკის სექტორში, 13 - სამედიცინო მოწყობილობების სექტორში, 3 - ბიზნეს მომსახურებაში და 9 სხვა სექტორებში). ინტელის ინვესტიციიდან ათ წელიწადში კოსტა-რიკის საინვესტიციო სააგენტო CINDE-მ მოიზიდა დამატებით 56 კომპანია ელექტრონიკის სექტორში, რომელიც ჯამურად ასაქმებდა 11,000 ადამიანს. კოსტა-რიკამ აქცენტი გააკეთა სამედიცინო მოწყობილობებზეც და მოიზიდა 23 ფირმა, რომელიც ასაქმებდა 6,000 ადამიანს. ამის შემდგომ ქვეყანა, დამატებით, კონცენტრირდა სერვისის სექტორზე და მოიზიდა 48 კომპანია ამ სექტორში, რომელიც 5,000 ადამიანს ასაქმებდა. Western Union-მა კოსტა-რიკა ტექნიკური დახმარების ცენტრად აირჩია. Proctor and Gamble-მა იგივე გააკეთა ე.წ. ბექ ოფის მომსახურებებთან მიმართებით. 2014 წლისათვის კოსტა რიკაში 250 -მდე საერთაშორისო კორპორაცია ოპერირებდა და ქვეყანა კონკურენციას უწევს ჩილეს, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული მოწინავე ქვეყანა (მშპ-სთან შედარებით) ლათინურ ამერიკაში.[vii]
მოსახლეობის რაოდენობით, ტერიტორიის ზომითა და რესურსებით კოსტა-რიკა საქართველოს მსგავსი ქვეყანაა. 1996 წელს, როდესაც ინტელი კოსტა-რიკაში შევიდა, ქვეყნის მოსახლეობა 3.6 მილიონს შეადგენდა. ქვეყნის საერთო ფართობი - 51,100 კვადრატული კილომეტრია. კოსტა-რიკას არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, არც მრავალრიცხოვანი, მდიდარი დიასპორა საზღვარგარეთ. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით კოსტა-რიკას აქვს ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობის გამოცდილება (1948 წლიდან კოსტა-რიკა არ ჰყავს რეგულარული არმია). კოსტა-რიკა მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მცირე ზომის[viii] ქვეყანამ მოიზიდოს მსოფლიო დონის კომპანია და განავითაროს მაღალტექნოლოგიური კლასტერი.
კოსტა-რიკას მიერ განვლილი გზა, რომლის შედეგიც იყო ინტელის მსგავსი მაღალტექნოლოგიური კომპანიის მოზიდვა და ელექტრონიკის კლასტერის განვითარება, ბევრი კვლევისა და განხილვის საგანი გახდა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ასოცირებულმა დეკანმა, დებორა სპარმა, 1998 წელს მოამზადა კვლევა, თუ რა სტრატეგია გამოიყენა და რა ნაბიჯები გადადგა კოსტა-რიკამ ქვეყანაში ისეთი მაღალტექნოლოგიური გიგანტის მოზიდვის მიზნით, როგორიცაა ინტელი.[ix] კვლევიდან შევეხებით ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს, რომელმაც კოსტა-რიკის წარმატება განაპირობა - პრიორიტეტული სექტორის შერჩევას და განათლების პოლიტიკას.
პრიორიტეტული სექტორი და განათლების პოლიტიკა
მას შემდეგ რაც განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკის ლიბერალიზაციას მოახდენს და დაიწყებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ცალკეული ინვესტიციები განყენებულ მოვლენად აღიქმება ხოლმე. ასეთ დროს არასათანადოდ ფასდება ის დადებითი ეფექტი, რაც თან სდევს სწორად შერჩეულ ინვესტიციას და ინდუსტრიის კლასტერის განვითარებას.
კოსტა-რიკა ამ ტენდენციას უპირისპირებდა გრძელვადიან ეკონომიკურ ხედვას და აფასებდა თითოეული უცხოური ინვესტიციის გავლენას ქვეყნის განვითარების საერთო სტრატეგიაზე. 1980 წელს კოსტა-რიკის ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია ორიენტირებული იყო საფეიქრო ინდუსტრიაზე. თუმცა მზარდმა ხელფასებმა საფეიქრო წარმოება არაკონკურენტულ სექტორად აქცია. შედეგად, ქვეყანამ შეცვალა სტრატეგია და გადაწყვიტა, მაქსიმალურად გამოეყენებინა არსებული ბიომრავალფეროვნება და განათლებული სამუშაო ძალა. კოსტა-რიკამ პრიორიტეტი მიანიჭა კონკრეტულ სექტორს - ელექტრონიკა - და ამ სექტორში საშუალო და მაღალტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვას.
მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კოსტა-რიკას სტრატეგიაში, ერთი შეხედვით, სიახლე არაფერია. მრავალი განვითარებადი ქვეყანა ცდილობდა მსგავსი კომპანიების დაინტერესებას და დასაქმების, კაპიტალის შემოდინებისა და ტექნოლოგიური გადადინების მიღწევას. კოსტა-რიკას ის განასხვავებს, რომ ქვეყანას გააჩნდა არა მხოლოდ იაფი მუშახელი, არამედ კარგად განათლებული იაფი მუშა ხელი. ეს ფაქტორი გამოარჩევდა მას სხვა ქვეყნებისგან. კოსტა-რიკა ყოველთვის დიდ ინვესტიციას დებდა განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ქვეყანა მშპ-ს არანაკლებ 5%-ს ხარჯავს განათლებაზე და გააჩნია აქტიური ორენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა. 1988-წლიდან საკლასო ოთახებში დაინერგა კომპიუტერები, რომელსაც ფართო გამოყენება ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც კოსტა-რიკამ პრიორიტეტად გამოაცხადა ელექტრონიკის სექტორის განვითარება, მაღალ კლასებსა და უნივერისტეტებში შემოიღეს განახლებული მაღალტექნოლოგიური კურიკულუმი ელექტრონიკაზე აქცენტით. ამასთან, კოსტა-რიკა არ უთითებდა სასწავლებლებს, თუ კონკრეტულად რა უნდა ესწავლებინათ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ნაცვლად ამისა, მთავრობის სტრატეგია იყო, რომ მოეცადათ, სანამ კონკრეტული ქვე-დარგის (მაგალითად, ნახევარგამტარები ან დისკის წამკითხველი) მოთამაშეები ბაზარზე დამკვიდრდებოდნენ და ამის შემდგომ ამ სფეროში მიმართავდა დამატებით რესურსებსა და სასწავლო პროგრამებს. ამგვარად, ქვეყანა სრულად იყენებდა განათლებული მუშახელის რესურსს ნაცვლად იმისა, რომ სპეციალიზაცია მოეხდინა ერთ ვიწრო მიმართულებაზე.
დამატებითი ხელშემწყობი პროგრამები
მიუხედავად კოსტა-რიკას მაღალი განათლების დონისა[x], ინტელი შიშობდა, რომ ქვეყანას არ გააჩნდა ინტელის სამუშაო ძალის მოთხოვნებთან შესაბამისი სათანადო კადრები. კომპანიას ესაჭიროებოდა დაბალხარჯიანი, თუმცა კვალიფიციური და სწავლაუნარიანი სამუშაო ძალა, აგრეთვე მაღალკვალიფიციური ინჟინრები. უფრო კონკრეტულად, საჭირო იყო 800 ტექნიკოსის გადამზადება აწყობისა და ტესტირების ქარხნისათვის. ამასთან, სამუშაო ძალის ინგლისური ენის, აგრეთვე, ქვეყანაში ფიზიკისა და ქიმიის სწავლების დონე არასაკმარისი იყო.
კოსტა-რიკას ესმოდა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე რთული იქნებოდა ინტელის დარწმუნება, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა სწორედ კოსტა-რიკაში. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ინტელის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, კოსტა-რიკის საინვესტიციო სააგენტოს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს და ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბევრი დრო დაუთმო ინტელის სამუშაო ძალის მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას ქვეყენის ტექნიკური მიმართულების სკოლების კურიკულუმსა და ტრეინინგ პროგრამებში.
გარდა ამისა, ტექნიკური მიმართულების ოთხი პროფესორისგან და ორი მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრა ექვს-კვირიან მივლინებაში ინტელის არიზონის, ნიუ მექსიკოს და სანტა კლარას ქარხნებში. ოპერატორებსა და ტექნიკოსებთან ხანგრძლივი ინტერვიუების შედეგად ჯგუფმა შეისწავლა, თუ კონკრეტულად რა განათლებისა და უნარების სამუშაო ძალა სჭირდებოდა ინტელს. ამის შემდგომ, მთავრობამ ტექნიკური მიმართულების სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დანერგა ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამები ტექნიკური უნარების, ფიზიკა/ქიმიის და ინგლისური ენის დონის ამაღლების მიზნით, აგრეთვე ცალკე კურსი ნახევარგამტარების შესახებ.
გრძელვადიანი სტრატეგია
კოსტა-რიკის ელექტრონიკის სექტორი დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ეს სექტორი პრიორიტეტად გამოაცხადა და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მცირე ზომის კომპანიებმა კოსტა-რიკაში გადმოსვლა დაიწყეს. ამგვარად, ქვეყანაში ინტელის შემოსვლას წინ უძღოდა მრავალი სხვა საშუალო და მსხვილი ზომის მოთამაშის გაჩენა ამ სექტორში, როგორიცაა DC Communications, Motorola, Connair და Baxter Healthcare. სწორედ ამ კომპანიების რეკომენდაციებმა და მათგან მიღებულმა ინფორმაციამ კოსტა-რიკას საინვესტიციო გარემოს შესახებ დიდი როლი ითამაშა ინტელის საბოლოო გადაწყვეტილებაში.
მაღალტექნოლოგიური კლასტერის შექმნის წარმატებასთან ერთად კოსტა-რიკას არსებული გამოწვევები, რომელიც შეეხება ადგილობრივი კომპანიების განვითარების დონეს და ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადადინებას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორებია. მიუხედავად ამისა კოსტა-რიკას გრძელვადიანი სტრატეგია მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების შესახებ კარგი მაგალითი შეიძლება იყოს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის.
ცხადია, საქართველო ზუსტად ვერ გაიმეორებს კოსტა-რიკის გამოცდილებას, თუმცა სავსებით შესაძლებელია გრძელვადიანი განათლების პოლიტიკა ზუსტ მეცნიერებებზე აქცენტით. ასევე, აუცილებელი არ არის სწორება კონკრეტულად ელექტრონიკის სექტორზე ან კორპორაცია ინტელის მოზიდვაზე, მაგრამ პრიორიტეტული სექტორის შერჩევა უფრო მეტად უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რესურსების მობილიზებას, კოორდინაციას და გაზრდის კლასტერის ჩამოყალიბების ალბათობას. თუ რომელი მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარება შეიძლება იყოს საქართველოს პრიორიტეტი ცალკე მსჯელობის საგანია.
განახლებული საინვესტიციო პოლიტიკა
2019 წლის დეკემბერში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგინა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია.
სტრატეგიის მიხედვით პრიორიტეტული სექტორებია სასტუმრო და უძრავი ქონება, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობების კომპონენტები და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება.
სააგენტო მიზნად ისახავს 7000 წინასწარ შერჩეული კომპანიის შესწავლას, მათგან 700-ის გამოყოფას და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, მათ შორის, კომპანიებში ვიზიტების გზით. ამგვარად, სახელმწიფო მომდევნო რამდენიმე წელში იმედოვნებს, რომ მოიზიდავს 10-მდე მსხვილ და 20 საშუალო ზომის კომპანიას.
გარდა ამისა, სააგენტო აპირებს, საგრანტო პროგრამის ამოქმედებას, რომლის შედეგადაც კომპანიებს აუნაზღაურდებათ მუშა-ხელის გადამზადებაზე გაწეული ხარჯები.
პრიორიტეტების გამოყოფა და რესურსების მიმართვა წინასწარ შერჩეულ კომპანიებზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომლის შედეგიც შეიძლება იყოს ზოგიერთი წარმოების დაინტერესება საქართველოთი. ამასთან, ტრეინინგების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება დაეხმარება ბიზნესს კადრების უნარების ამაღლებაზე მიმართოს ძალისხმევა. თუმცა სააგენტოს მიდგომა მოკლე-ვადიან შედეგებზეა გათვლილი და არასაკმარისია მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებისთვის.
ამასთან, ტრეინინგების და გადამზადების დაფინანსების პროგრამა ინვესტიციების მოზიდვის ნაცადი მეთოდია, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება უჩვენებს, რომ ინვესტორი, უპირატესად, იმით არის დაინტერესებული, თუ რამდენად სწავლაუნარიანია მუშა-ხელი, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია განათლების საერთო დონეზე ქვეყანაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოკლევადიან სტრატეგიასთან ერთად აუცილებელია გრძელვადიანი ხედვა, რომლის საკვანძო ელემენტებია პრიორიტეტული სექტორის შერჩევა, განათლების პოლიტიკის მკაფიო ორიენტაცია ამ სექტორზე და საერთო სტრატეგიასთან თავსებადი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ გაგებით, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად აქტიური და სინერგიული.
გამოწვევები
მაღალტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის შემთხვევაში ძირითადი გამოწვევაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პროდუქტიული ცოდნის გადადინება. ტექნოლოგია არ არის მხოლოდ ტექნიკა (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები) ან კოდები (რეცეპტი, ფორმულა, ალგორითმი, გზამკვლევი) არამედ, უპირველესად, ეს არის პროდუქტიული ცოდნა, რომლის შეძენა რთულია და დიდ დროს მოითხოვს.
მაღალტექნოლოგიური კლასტერის განვითარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პრიორიტეტული სექტორისა და განათლების პოლიტიკის მეშვეობით საქართველოს კონტექსტში, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, უფრო რეალისტური სტრატეგიაა. ამასთან ამ და სხვა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა განგრძობადობა. როგორც წესი სამთავრობო ცვლილებების შედეგად იცვლება მიდგომები და იქმნება ახალი სამოქმედო გეგმა, ხოლო არსებული ან წარსული სტრატეგიები მივიწყებას მიეცემა.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ისევე როგორც განათლების დონის ამაღლების, გამოკვეთილი უპირატესობაა საერთო კონსენსუსი მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ამ გადმოსახედიდან, შემოთავაზებული სტრატეგია, შედარებით, მეტად უზრუნველყოფს განგრძობადობას და ცვლილებებისადმი მედეგობას.
[i] ‘აზიური სასწაულის’ ქვეყნები - ტაივანი (ჩინეთი), ჰონგ-კონგი (ჩინეთი), სინგაპური და სამხრეთ კორეა.
[ii] Manuel F. Montes & Jerik Cruz, “The political economy of foreign investment and industrial development: the Philippines, Malaysia and Thailand in comparative perspective”, Journal of the Asia Pacific Economy (2019)
[iii] Jostein Hauge, “Should the African lion learn from the Asian tigers? A comparative-historical study of FDI-oriented industrial policy in Ethiopia, South Korea and Taiwan,” Third World Quarterly (2019)
[iv]Ricardo Hausmann on Economic Complexity and Productive Knowledge, ხელმისაწვდომია https://www.youtube.com/watch?v=0JC24CBVsdo
[v] Jostein Hauge, supra note iii
[vi] Reda Cherif and Fuad Hasanov, “The Return of the Policy That Shall Not Be Named: Principles of Industrial Policy”, IMF Working Paper, Institute for Capacity Development (2019)
[vii] Theodore H. Moran, Industrial Policy as a Tool of Development Strategy: Using FDI to Upgrade and Diversify the Production and Export Base of Host Economies in the Developing World, International Centre for Trade and Sustainable Development (2015)
[viii] 2019 წელს კოსტა-რიკას მშპ (ნომინალური) 61 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, სამ-ნახევარჯერ მეტი ვიდრე საქართველოს ეკონომიკა (17.7 მლრდ აშშ დოლარი)
[ix] Debora Spar, Attracting High Technology Investment (1998)
[x] დღეის მდგომარეობით კოსტა-რიკას განათლების დონე არ არის გამოკვეთილად მაღალი. PISA-ს მონაცემებით კოსტა-რიკას საშუალო ქულები მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში ბევრად ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (იხ. http://www.oecd.org/education/school/Education-in-Costa-Rica-Highlights.pdf)