რუსეთის ახალი მოდელი აფხაზეთის ანექსიისთვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

რაზე შეთანხმდნენ რუსეთის ფედერაცია და დე-ფაქტო სოხუმი?
 

წინა სტატიაში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ორიათას ოცმა წელმა საკმაოდ „ენერგიული“, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული დასასრული შემოგვთავაზა. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენეთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და ყარაბაღის მეორე ომიც. ყველამ, ვინც საქართველოდან ვადევნებდით თვალს ამ ყოველივეს, ვიცოდით, რომ თითოეულ მოვლენას ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა საქართველოზე. მართლაც, პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარე რეჟიმშია, თუმცა უკვე გვესმის მათი ექო საქართველოში. ამჯერად, ვისაუბრებთ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ნაბიჯზე და შევეცდებით, გავაანალიზოთ მისი მნიშვნელობა და პოტენციური გაგრძელება. 


2020 წლის მარტში არჩეული აფხაზეთის „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია, ამავე წლის ნოემბერში სოჭში კიდევ ერთხელ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. საუბრის დეტალები დიდწილად უცნობია, თუმცა, ცნობილია მისი შედეგი: „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“, რომელიც გაწერილია 2021-2023 წლებზე. 


მოდით, პირველ რიგში, ვნახოთ, თუ რა საკითხებს ითვალისწინებს რუსეთსა და სოხუმს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რათა სათანადო წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რა ტიპის და მასშტაბის სამუშაოების განხორციელებაა განზრახული და რა შედეგს მოიტანს გეგმის შესრულება. ამასთან, ზოგ საკითხზე საგენგებოდ შევჩერდებით.

 

1. ნომერ პირველ საკითხს წარმოადგენს აფხაზეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის პრობლემის დარეგულირება. აფხაზეთის მოსახლეობის 90% (გალის რაიონის მოსახლეობას თუ არ ჩავთვლით) ისედაც არის რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ორმაგი მოქალაქე. საკითხის „დარეგულირების“ არსი, ვვარაუდობთ, იქნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მოპოვების გამარტივება. ის, თუ რაში შეიძლება სჭირდებოდეს რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობა, მარტივად პასუხ-გასაცემი კითხვაა: ამ მომენტისთვის, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა შეზღუდულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამდენად, როგორც ჩანს, იგეგმება, რომ გვერდი აუარონ აფხაზებისთვის მტკივნეულ საკითხს - უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების შესაძლებლობა, ალბათ, ისევ შეზღუდული იქნება. სამაგიეროდ, გამარტივებული იქნება აფხაზეთის მოქალაქეობის მოპოვება რუსეთის მოქალაქისთვის. ამგვარად, ერთი მხრივ, ვითომ-და გათვალისწინებული იქნება აფხაზების ინტერესი უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, თუმცა კი აფხაზეთი მიიღებს არაერთ ახალ ორმაგ მოქალაქეს, რომელიც დაუბრკოლებლად შეიძლენს უძრავ ქონებას აფხაზეთში. მეორე მხრივ, საგულისხმოა ისიც, რომ საკითხის მხოლოდ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების დარეგულირებით, ამგვარი ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ, რაც აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარს ჩაკეტავს რუსეთისა და აფხაზეთის ორმაგ მოქალაქეებზე. მაგალითისთვის, საქართველოს მოქალაქე კვლავაც ვერ შეიძენს უძრავ ქონებას აფხაზეთში.
 

2. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება, ინვესტიციების ორმხრივი დაცვა და სხვა საკითხები, რომლებიც რეალურად მთლიანად მხოლოდ რუსული ბიზნესის აფხაზეთში შესვლასა და დაცვას ემსახურება. მათ შორის, ცალკე პუნქტად არის გამოტანილი ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციის მოსაზიდად საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნა აფხაზეთში. აქვე, კიდევ ერთ პუნქტად ვიხილავთ აფხაზეთის ვალდებულებას, მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც გამარტივდება რუსი ინვესტორებისთვის აფხაზეთში ცხოვრების, სამეწარმეო საქმიანობისა და შრომითი საქმიანობისთვის დადგენილი წესები. ამდენად, აფხაზური უძრავი ქონება და ენერგეტიკის ბაზარი ექსკლუზიურად რუსული გახდება. 
 

3. პროგრამა სპეციალურ ყურადღებას უთმობს იმგვარი წესების შექმნის საჭიროებას, რომლებიც რუსულ ბანკებს მისცემს საშუალებას, აფხაზეთში არსებულ ქონებაზე გამარტივებული წესებით მიაქციონ აღსრულება. ამგვარად, ჯერ ერთი, რომ გააქტიურდება აფხაზეთის ბაზარზე ბანკების ოპერირება; მეორე, რომ რუსული ბანკები დააფინანსებენ რუსების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას; მესამე, რუსული ბანკები ადვილად დაესაკუთრებიან აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებას. ამგვარად, გაქრება აფხაზური კომერციული ბანკის არსებობის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობაც. 
 

4. ცალკე და საგანგებო როლი აქვს აფხაზეთის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციას არამხოლოდ რუსეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობასთან. უფრო მეტიც, პროგრამა პირდაპირ ითვალისწინებს აფხაზეთის მიერ იმ სტანდარტებისა და შესაბამისობის სერტიფიკაციის წესების დანერგვას, რომელიც ასევე შეესაბამება რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს. 
 

5. პროგრამით, რუსეთი პირდაპირ იჭრება აფხაზეთის ჯანდაცვის, განათლების და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ამგვარად, აფხაზეთის მოქალაქეები, სავრაუდოდ, პირდაპირ მიიღებენ რუსული სოციალური დაცვისა და დაზღვევის პაკეტებს, განათლება გახდება მთლიანად რუსული, მათ შორის, დამკვიდრდება რუსული საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფილიალები. 
 

6. პროგრამაში ცალკე პაკეტად გამოვყოფდით იმგვარ საკითხებს, რომელთაც, წესით, „სახელმწიფოთაშორისი“ მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მაგრამ, ვვარაუდობთ, რომ ემსახურებიან კონკრეტულ პირთა და ბიზნესთა ინტერესებს. ამგვარი საკითხებია: აფხაზეთის დავალდებულება, შექმნას ლიზინგის კანონმდებლობა; შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობა; დარეგულირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და „უცხოური აგენტები“ ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთის ფედერაციაშია და მოხდეს კრიპტოვალუტის მაინინგის შესახებ კანონმდებლობის მიღება. დიახ, ელექტროენერგიის ფასიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, აფხაზეთში ეს თემაც აქტუალური ყოფილა. 


სანამ მსჯელობას განვავითარებთ, აქვე გთავაზობთ, გავიხსენოთ, რა ტიპის შეთანხმებები და ხელშეკრულებები აკავშირებთ რუსეთსა და აფხაზეთს 2008 წლიდან დღემდე. აი, ზოგიერთი მათგანი: ხელშეკრულება აფხაზეთის საზღვრის დაცვის შესახებ, საერთო სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ, უვიზო მიმოსვლის, ტვირთბრუნვის, პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ და ა.შ. 
 


სურ 1: ბანერი წარწერით „აფხაზეთი და რუსეთი - მუდამ ერთად!“


შეთანხმების კონტექსტი და საჭიროება - ბჟანიას ახსნა
 

აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის მხრიდან ნოემბერ-დეკემბერში გაკეთებული განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს იმ პოზიტიური გზავნილების ფონზე, რომელიც მისგან მოდიოდა ამავე წლის დასაწყისში თბილისთან დიალოგთან მიმართებით. აქვე სათქმელია ისიც, რომ მის გზავნილებს არანაირი გამოხმაურება ცენტრალური ხელისუფლებისგან არ მოჰყოლია. ასე რომ, შესაძლოა, იმედგაცრუება ორმხრივია.


ასლან ბჟანიამ რუსეთთან დაახლოვების მორიგი ნაბიჯი რამდენიმე ფაქტორით ახსნა: 


პირველი, ეს იყო ყარაბაღის ომი და მისი შედეგები. მან აღნიშნა, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავაც მიიჩნევს თავის ტერიტორიად, რაშიც მას არაერთი სახელმწიფო ეთანხმება, ხოლო იმ ფონზე, რომ საქართველოს არ აქვს აღებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აფხაზეთის მიმართ, კვლავაც არსებობს აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკები. აქ ჩანს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ნათლად მიანიშნა აფხაზეთს, რომ მისი დახმარებისა და სრული დაქვემდებარების გარეშე, აფხაზეთმა შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს, რაც ე.წ. არცახმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა სომხეთის მიმართ დახმარების აღმოჩენაზე უარით აფხაზეთსაც ანიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა გარანტირებული არ არის და იგი მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვინც რუსეთის ინტერესებს სრულად ატარებს. 


მეორე, რაზეც დე-ფაქტო პრეზიდენტმა მიუთითა ის არის, რომ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობის ჩამოყალიბებას ალტერნატივა, როგორც ჩანს არ გააჩნია (მან ეს ინფორმაცია ისე გააცნო აფხაზეთის საზოგადოებას, თითქოს, სულ ახლახან, რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მას უთხრა ისეთი რამ, რაც მანამდე ბჟანიასთვის უცნობი იყო). ამ კონტექტში, ბჟანიამ ახსენა ევროკავშირი და თქვა, რომ სახელმწიფოთა ამგვარი ერთობა (მოკავშირეობა) რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს თითეული მათგანის სუვერენიტეტისთვის და ამიტომ ის ვერც აფხაზეთისთვის ხედავს რისკს, თუკი სამოკავშირეო ურთიერთობას დაამყარებს რუსეთთან (და სხვებთან). მეორე მხრივ, მან ახსენა ბელარუსთან დაახლოების საჭიროება. 


ახლა გავაანალიზოთ, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ერთობლიობაში: 


ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთს დათმობილი აქვს და სწრაფი ნაბიჯებით თმობს ისედაც არარსებულ „სუვერენიტეტს“: აფხაზეთს ისედაც არ აქვს საგარეო პოლიტიკა, რადგან ის არ არის აღიარებული. მის შეზღუდულ აღიარებას ისევ რუსეთი უზრუნველყოფს. ანუ, საგარეო კუთხით აფხაზეთს სუვერენიტეტის არანაირი ნიშანი არ გააჩნია. სამხედრო კუთხით აფხაზეთის სამხედრო ძალები ინტეგრირებულია რუსეთის სამხედრო ძალებში. დე-ფაქტო სოხუმი თავის საზღვრებსაც ვერ იცავს - ამ ნაწილშიც სუვერენიტეტი დათმობილია რუსეთისთვის. აფხაზეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი ეკონომიკა. მისი ბიუჯეტი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, რუსულ სუბსიდიებზე, ხოლო, მეორე მხრივ, რუსი ტურისტებისგან და რუსეთში ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. აფხაზეთს არ გააჩნია საკუთარი სოციალური დაცვა - ამას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთის (იმავე, რუსეთის) მოქალაქეებისთვის. აფხაზეთს არც ჯანდაცვა და საგანმანათლებლო სფერო გააჩნია - ის ან არ არსებობს ან რუსიფიცირებულია. აფხაზეთს ფულის ერთეული (აფსარი) ნომინალურად აქვს. სინამდვილეში, იქ რუსული რუბლი გამოიყენება. თუკი რამე არსებობდა „აფხაზური“, ეს იყო სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი ფსოუზე და „აფხაზური“ პასპორტის ძალა, რომელიც რეალური ბერკეტი იყო აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების აფხაზეთის „მოქალაქეების“ ხელში შენარჩუნებისთვის. ახლა, ხდება ამ ნაწილის ხელიდან გაშვებაც. ძალიან რთული ხდება იმის გახსენება, თუ „სახელმწიფო ატრიბუტის“ ან „სუვერენიტეტის“ რა ელემენტს იტოვებს სოხუმი. ვფიქრობთ, ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და არ აღემატება რუსეთის ფედერაციის სუბიექტების უფლებამოსილებებს. 


მეორე მხრივ, აქტიურად ხდება მითითება სამოკავშირეო ურთიერთობაზე რუსეთთან. ამ კონტექსტში ხდება ბელარუსის ხსენებაც. შეგახსენებთ, რომ ბელარუსსა და რუსეთს შექმნილი აქვთ სამოკავშირეო სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ფედერაციული სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ელემენტების ერთგვარ ნაზავს. მის ფარგლებში, ეტაპობრივად ხდება საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, სამართლებრივი, ჰუმანიტარული და კულტურული სივრცის ფორმირება. როდესაც ერთდროულად საუბარია აფხაზეთზე, რუსეთის ფედერაციაზე, ბელარუსთან აფხაზეთის დაახლოვებაზე, სამოკავშირეო სახელმწიფოზე და ევროკავშირის მოდელზე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ საუბარი მიდის, სულ მცირე, რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ერთ სივრცეში ინტეგრაციაზე. ამისთვის, ბუნებრივია, საჭიროა, ბელარუსმა სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ამა წლის აგვისტო-სექტემბერში გამართული მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოსთხოვდა რუსეთი ლუკაშენკოს მხარდაჭერის სანაცვლოდ (შეგახსენებთ, რომ ბელარუსში რამდენიმე თვეა არის პოლიტიკური კრიზისი, ხოლო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ არ სცნო). ასეთ სავარაუდო საკითხთა შორის იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლების აღიარება. ეს ვარაუდი სარწმუნოა, რადგან წარსულში ბელარუსის პრეზიდენტმა ღიად გაიხსენა, თუ როგორ მოითხოვდნენ მისგან ამგვარ აღიარებას წარსულში. მოვლენათა ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ დაშვების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი გარკვეულ დონეზე უკვე მოთელილი აქვს რუსეთის ფედერაციას ბელარუსთან. აქვე ვუშვებთ, რომ რუსეთი და ბელარუსი შეიძლება შეთანხმდნენ შერეულ მიდგომაზეც: აფხაზეთი მიიღონ სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრად, ოღონდ ასოცირებული სტატუსით. ეს, თითქოს, არსებითად არაფერს ცვლის, თუმცა, შესაძლოა, ასოცირებულ წევრად მიღება მოხერხდეს ბელარუსის მიერ აფხაზეთის პირდაპირი აღიარების საჭიროების გარეშეც. ეს სცენარი, რა თქმა უნდა, „უკეთესია“ მეგობარი სახელმწიფოს (ბელარუსის) მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი დარღვევის ვერსიასთან შედარებით. 
 

 

სურ 2: უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობა. გეორგიევსკის ლენტების ფონზე ბელარუსის პრეზიდენტი ა. ლუკაშენკო, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ა. ბჟანია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი. 


კიდევ ვინ შეიძლება იყოს რუსეთისა და აფხაზეთის მოკავშირე? 


მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი შედარება ევროკავშირსა და რუსეთის კავშირს შორის მის სატელიტებთან, შეიძლება ითქვას, არასერიოზულია, მაინც ღირს მოკლედ განვიხილოთ, თუ კიდევ რომელი სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ ამგვარი წარმონაქმნის მონაწილეები. ვფიქრობთ, ისინი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, „დამოუკიდებელ სახელწიფოთა თანამეგობრობისა“ და „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრებს შორის უნდა ვეძებოთ. მაშ ასე:


დსთ-ს სამი სახელმწიფო, რომელიც არ არის დანარჩენი ორი ორგანიზაციის წევრი არის უზბეკეთი, მოლდოვა და აზერბაიჯანი. ვფიქრობთ, უზბეკეთის ჩართულობა სამოკავშირეო სახელმწიფოში ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო აზერბაიჯანისა და მოლდოვის - თითქმის გამორიცხული. მით უმეტეს, მიგვაჩნია, რომ აშკარა მიზეზების გამო (ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა), არცერთი დათანხმდება აფხაზეთის მიღებას ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც თვითონ არიან. 


„კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის“ ერთადერთი წევრი, რომელიც არ არის „ევრაზიული კავშრის“ წევრი, ტაჯიკეთია. ინტეგრაციის შედარებით დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც, ნაკლებად სავარაუდოა ტაჯიკეთის პირდაპირ სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრად ქცევა. 


უფრო „საფრთხის შემცველი“ ზონაა უშუალოდ „ევრაზიული კავშირის“ წევრი სახელმწიფოები: ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ამ რიცხვში აღარ შევიყვანთ ბელარუსს, რომელზეც უკვე ვიმსჯელეთ. ხსენებულ სახელმწიფოთა მიდგომა საკითხისადმი რთული გამოსაცნობია, რადგან მათ, ერთ მხრივ, გააჩნიათ სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილი, ხოლო, მეორე მხრივ, საკმაოდ მჭიდროდ არიან ინტეგრირებულები რუსეთის ფედერაციასთან. ვფიქრობთ, სომხეთი ამ ეტაპზე არ უნდა მოვიაზროთ სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრად და კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთმა პირდაპირ ან ირიბად აღიაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა (რაც უკიდურესად გაართულებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს). ყირგიზეთში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებული მოვლენების ფონზე, სიტუაციის შეფასება ჯერ შეუძლებელია. რაც შეეხება ყაზახეთს, რისკები არსებობს, თუმცა საფრთხეები მყისიერი არ არის, მით უმეტეს, რომ ყაზახეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და მისი მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხე აქამდე არ გვიგრძვნია. 


ალბათ, სწორედ ამიტომაც არის, რომ, ამ ეტაპზე, ბჟანიას მიერ განხილული სამოკავშირეო სახელმწიფოს კონტექსტში მხოლოდ უშუალოდ აფხაზეთი, რუსეთის ფედერაცია და „ბელარუსთან დაახლოვების საჭიროების“ საკითხი ფიგურირებს. სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს წლებში გაზრდის ზეწოლას მასზე ყველაზე მეტად დამოუკიდებულ და ყველაზე მოწყვლად სახელმწიფოებზე, რათა ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეზე (ანუ, სუვერენიტეტის მეტად დათმობაზე) დაიყოლიოს. 


რა რისკებს ქმნის მოვლენათა ამგვარი განვითარება?


როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება, წლების განმავლობაში აკვირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. არაერთხელ უხსენებიათ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებით რუსეთმა ნაწილობრივ დაკარგა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტი, რადგან ყველაზე უარესი უკვე გააკეთა - მან აწარმოა აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, განახორციელა ოკუპაცია და აღიარა რეგიონთა დამოუკიდებლობა. სინამდვილეში, მრავალ ჩვენგანს არ ტოვებს უსიამოვნო მოლოდინი, რომ რუსეთი ოკუპაციით არ შემოიფარგლება და შესაძლოა მოახდინოს ხსენებული რეგიონების ანექსია, ანუ, შეიერთოს ისინი. ოკუპირებული რეგიონების რუსულ სივრცეში ინტეგრაციისკენ მიმართულ თითოეულ გადაწყვეტილებას, მოქმედებას თუ ხელშეკრულებას სწორედ რომ ანექსიის ნაწილად მივიჩნევთ. ამასთან, როგორც ვხედავთ, არსებობს ანექსიის უფრო ბრუტალური, თუმცა ნაკლებად სავარაუდო და უფრო „ლოიალური“, მაგრამ უფრო რეალური სცენარები. 


პირველი სცენარი არის საქართველოს რეგიონების რუსეთის ფედერაციის სუბიექტად მიერთება, როგორც ეს, თუნდაც ყირიმის შემთხვევაში მოხდა. მეორე ვერსია არის სწორედ ის, რაც ზემოთ განვიხილეთ - საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობანას თამაშის შენარჩუნება და მათი „დამოუკიდებელ“ სუბიექტებად მიღება სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში. რუსეთმა შეიძლება, სულაც, ჰიბრიდული მოდელი არჩიოს - პირველი სცენარი სრულად მორჩილ ცხინვალის რეგიონში გაათამაშოს, სადაც უკვე არაერთხელ „მისცეს ხმა“ რუსეთთან შეერთებას, ხოლო, მეორე მოდელი დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხის მქონე აფხაზეთთან აამუშავოს. შეიძლება ამ ორ მოდელში საქართველოს რომელიმე ერჩივნოს? აქ ამაზე საუბარი, ალბათ, ძალიან რთულია, თუმცა ორ უმძიმეს ვერსიას შორის „უკეთესი“ მაინც მეორეა, რამდენადაც ის ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების მეტ რესურსს ტოვებს, რადგან რუსეთის ფედერაციის სუბიექტად ქცეული რეგიონზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა ბევრად რთული ამოცანა იქნება. 


ვფიქრობთ, რუსეთი მოერიდება საქართველოს რეგიონების პირდაპირ შეერთებას, რადგან ამ შემთხვევაში მართლაც აღარაფერი ექნება საქართველოს დასაკარგი ან განსახილველი რუსეთთან. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავთ არც იმ სცენარს, რომ, გარკვეულ მომენტში, რუსეთმა სამოკავშირეო სახელმწიფოში დამოუკიდებელ სუბიექტებად მიიღოს ქართული რეგიონები და შემდეგ საქართველოს შესთავაზოს სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა იმ პირობით, რომ ამავე სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრ საქართველოს ფორმალურად დაუბრუნდება კონტროლი მისსავე რეგიონზე. სცენარი, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ფარგლებში „მთლიანდება“ უკვე გვინახავს.


დაპყრობილად ყოფნის გამოცდილებამ გასწავლა... 


რუსეთს საქართველოს როგორც ნაწილ-ნაწილ (მე-19 საუკუნე), ისე მთლიანად (მე-20 საუკუნე) ანექსიის გამოცდილება გააჩნია. თავის მხრივ, ეს გამოცდილებაა საქართველოსთვისაც. საქართველოს დაპყრობა ხომ, სხვადასხვა დროს, მისმა შიდა არასტაბილურობამ, დეზინტეგრაციამ, ძლიერი მოკავშირეების არარსებობამ, საერთაშორისო კუთხით მისმა უმნიშვნელო როლმა, სამხედრო შესაძლებლობების ნაკლებობამ და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის ნიშნების სიმცირემ ან მისმა მორღვევამ განაპირობა. 


ამგვარად, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ახლა საქართველოს მთავარი თავდაცვითი იარაღი უნდა იყოს:
 

გამყარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან (აშშ, ნატო, ევროკავშირი); რეგიონალური კავშირების გაძლიერება სახმელეთო (თურქეთი, აზერბაიჯანი) და საზღვაო (უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი) მეზობლებთან; საქართველოში იმგვარი დამატებითი ლოჯისტიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომლებიც მრავალი გავლენიანი სახელმწიფოს ინტერესს მოემსახურება (გაზსადენები, ნავთობსადენები, სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო დერეფნები); სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება; ინსტიტუტების გამართვა და პოლიტიკური სტაბილურობა; სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვისა და, ზოგადად, თანამედროვე თავდაცვითი ომის წარმოებისთვის საჭირო სხვა საშუალებების შექმნისა და შეძენის გზით. 


მხოლოდ ამგვარად და სწორი მომენტის (რომელსაც ისტორია, საშუალოდ, საუკუნეში ორჯერ გვაძლევს ხოლმე) შერჩევით შეძლებს ქართული სახელმწიფო შემდგარი ოკუპაციისა და მიმდინარე ნაწილობრივი ანექსიის არამხოლოდ შეჩერებას, არამედ პროცესის შემოტრიალებას. 
 

ავტორი: სანდრო სამადბეგიშვილი
10 დეკემბერი, 2020 წ.

გააზიარე: