დონალდ ტრამპის და ჯოზეფ ბაიდენის ანტი-პანდემიური მიდგომების შედარება

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ურთულეს მომენტში. მრავალ უძნელეს გამოწვევებს შორის კოვიდ-19 პანდემია პირველი და უმნიშვნელოვანესია. ამერიკა რჩება მსოფლიო ლიდერად ინფიცირებულთა (25 მილიონი შემთხვევა, გლობალური შემთხვევების 25%) და გარდაცვლილთა რაოდენობის (425,000 – 20%) მხრივ, რეკორდული შემთხვევების და მზარდი ჰოსპიტალიზაციის გამო მძიმე მდგომარეობაა რიგ შტატებში, განსაკუთრებით კალიფორნიაში, და ვაქცინირების კამპანიის რეალიზაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება ადრე გამოცხადებულ გეგმას. ამას ემატება საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაცია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეცესია, უმუშევრობის მაღალი დონე და გეოპოლიტიკური სირთულეები.

როგორი იყო ანტი-პანდემიური პოლიტიკა დონალდ ტრამპის დროს და რა შეიძლება შეიცვალოს ჯოზეფ ბაიდენის მიერ?

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის მიდგომა, კორონავირუსის პანდემიის მართვის კუთხით, მასშტაბური, თუმცა, წინააღმდეგობრივი და ფრაგმენტული იყო. 

პანდემიის დასაწყისში იგი ყოველნაირად ცდილობდა თავის გამოსვლებში კორონავირუსის გავრცელებისაგან მოსალოდნელი რისკების მინიმიზირებას, აცხადებდა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი და იოლად მოსახდელი გრიპი  იყო. თუმცა, ბობ ვუდვორდისთვის მიცემული და ბოლო დროს გასაჯაროებული ინტერვიუების აუდიოჩანაწერების თანახმად, პრეზიდენტმა თავიდანვე იცოდა, რომ კორონავირუსი ძალიან სახიფათო იყო. შემდეგ მან განმარტა, რომ სახალხოდ საფრთხის სპეციალურად მინიმიზირებით საზოგადოებაში პანიკის აცილებას ცდილობდა. სხვათაშორის, პანდემიის დასაწყისში პრეზიდენტი ტრამპი მადლიერებას გამოხატავდა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინ პენის მიმართ დროული და მძლავრი კარანტინის დაწესებისათვის, თუმცა შემდეგ კატეგორიულად შეიცვალა აზრი, ჩინეთს ბრალი დასდო ვირუსის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დაგვიანებაში (რაც, ფაქტიურად, სიმართლეს შეესაბამება) და ლაბორატორიიდან შესაძლო და, სავარაუდოდ, სპეციალურად გავრცელებაშიც კი (რისი დამტკიცებაც ვერ მოახერხა).  ტრამპმა მკვეთრად გაამწვავა ურთიერთობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ჩინეთის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდა. საბოლოოდ მან შეაჩერა ამერიკის წევრობა ჯანმო-ში, რამაც პანდემიის გლობალური მართვის ისედაც არამყარი პოტენციალი და რესურსები მნიშვნელოვნად დააზიანა და კიდევ უფრო გაიზარდა ჩინეთის პოტენციური გავლენა.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კოვიდ-19 სამუშაო ჯგუფი შექმნა უკვე 27 იანვარს და მალევე კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელ საფრთხედ გამოაცხადა. დაკეტა ქვეყანაში შემოსვლა ჩინეთიდან, ხოლო ევროპაში ინფიცირების ზრდის დაწყებისას - მგზავრების შემოსვლა ევროპიდანაც (ბრიტანეთის გარდა). ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 13 მარტს და ხელი მოაწერა  გადაუდებელი ხარჯვის 4 კანონს, რომლებითაც ავტორიზება გაუკეთა ტრილიონობით დოლარის გამოყენებას სხვადასხვა გადაუდებელი მიზნებისა და დახმარებებისათვის. მოხსნა ტელემედიცინის გამოყენების ლეგალური შეზღუდვები და ნება დართო FDA-ს ასობით ტესტისა და სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიის გადაუდებელი მიზნებისთვის სწრაფი ავტორიზება განეხორციელებინა. 

როგორც ინტუიციურ, და ნაკლებად - რაციონალურ, პოლიტიკოსს, დონალდ ტრამპს არ აინტერესებდა პანდემიის და ვირუსის კვლევების სამეცნიერო ნიუანსები, და სათანადოდ არ  ითვალისწინებდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და მოსაზრებებს.

როგორც გამოცდილ ბიზნესმენს, მას კარგად ესმოდა პანდემიის შესაძლო კატასტროფული  შედეგი ეკონომიკაზე. და ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ მისთვის 2020 წლამდე სწორედ ამერიკული ეკონომიკის აღმავალი მრუდი და რეკორდულად დაბალი უმუშევრობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განმეორებით არჩევნებზე წარმატების მისაღწევად. პრეზიდენტი ტრამპი ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ლოქდაუნებს, კარანტინს. ცდილობდა ეკონომიკის უსწრაფეს გახსნას, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა. ამ საკითხში მისმა დემოკრატებთან დაპირისპირებამ სერიოზული ზიანი მიაყენა პანდემიის ერთიან მართვას ამერიკაში - შტატები და ქალაქები დაიყვნენ პარტიული ნიშნის მიხედვით; ამერიკა მკვეთრად გაიმიჯნა წითელ ნაწილად, სადაც ადგილობრივი [ძირითადად, რესპუბლიკელი] ხელისუფალნი ეკონომიკის პრიმატს ამკვიდრებდნენ და ლურჯად, სადაც პირიქით [დემოკრატი] გუბერნატორების და მერების მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამსახურები, სკოლები, უნივერსიტეტები იხურებოდა ან იზღუდებოდა. იმის ნაცვლად, რომ ეს დაყოფა მხოლოდ ობიექტურ ინდიკატორებზე და კვლევებზე - ავადობის და სიკვდილობის მონაცემებზე და ტენდენციებზე - ყოფილიყო მხოლოდ დაფუძნებული, როგორც ეს ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ხდებოდა. შედეგად განსხვავებით გაზაფხულისაგან, როდესაც კოვიდ- შემთხვევები ძირითადად დემოკრატების მიერ მართულ ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში პრევალირებდა, ზაფხულის პერიოდში აშკარა გახდა ინფექციის 2-3-ჯერ მეტად გავრცელება სამხრეთის შტატებში და მცირე დასახლებებში, რომელთა უმრავლესობას რესპუბლიკელები მართავდნენ და სადაც ინფექციის საწინააღმდეგო შეზღუდვები პრაქტიკულად არ იყო გამოყენებული.

დონალდ ტრამპიც და მისი განათლების მდივანი ბეტსი დე ვოსიც პანდემიამდე მხარს უჭერდნენ ონლაინ/ვირტუალური განათლების დანერგვას. თუმცა 2020 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა ტრამპმა მკვეთრად გააკრიტიკა ონლაინ სწავლება, როგორც ადგილზე სწავლებასთან შეუდარებლად უარესი ხარისხის მქონე და სასწრაფოდ მოუწოდა სასწავლო პროცესის ჩვეულებრივი მეთოდით (საკლასო/კამპუსში) აღდგენისაკენ. თეთრი სახლის და ოფიციალური პირების განცხადებებით სკოლებს შეიძლება დაფინანსებაც კი შეწყვეტოდათ, თუ ისინი ტრადიციული სწავლების მეთოდს არ აღადგენდნენ. 

არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო უნდა უმადლოდეს დონალდ ტრამპს ვაქცინების უსწრაფეს განვითარებას. აქამდე არნახული თანხა - 11 მილიარდი დოლარი იქნა უსწრაფესად მობილიზებული და გაიცა როგორც ვაქცინების კვლევების დასაფინასებლად, ასევე წინასწარი შესყიდვების განსახორციელებლად - როგორც ამერიკულ, ასევე ბრიტანულ, გერმანულ კომპანიებზე. ამას მოჰყვა რამდენიმე ეფექტური ვაქცინის შექმნა რეკორდულად მცირე დროში. შემდგომში 300 მილიონი ვაქცინის მისაღებად Operation Warp Speed-ის ბიუჯეტი 18 მილიარდამდე გაიზარდა. როდესაც ამ  გეგმას ამტკიცებდა, ტრამპი იმედოვნებდა, რომ ვაქცინები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოესწრებოდა და ეს მის გამარჯვების შანსებს მკვეთრად გაზრდიდა. თუმცა, ვაქცინებს რამდენიმე კვირა დააგვიანდა.

დონალდ ტრამპის ერთგვარი ვოლუნტარიზმი თვალნათლივ გამოვლინდა მის რამდენიმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში - პირბადის ტარების დემონსტრაციულად მიუღებლობაში (ინფიცირების შემდეგ თეთრ სახლში მალე დაბრუნების მომენტშიც), უცნაურ გამონათქვამებში დეტერგენტების ინექციის ან ულტრაიისფერი გამოსხივების შინაგანი გამოყენების შესახებ, ზაფხულის განმავლობაში ხშირად გაკეთებული განცხადებებით, რომ ვირუსი ქრება და მალე დასრულდება...  და მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად, ვფიქრობ, მისი იმიჯი დააზარალა საკუთარი კოვიდ-19 სამუშაო ჯგუფის წამყვან ექსპერტთან - დრ. ენტონი ფაუჩისთან ხშირმა დაპირისპირებამ, რომელშიც ფაუჩის რეპუტაცია ამერიკელი საზოგადოების თვალში ძნელად დასამარცხებელი აღმოჩნდა. მსგავსი უთანხმოება პრეზიდენტს ხშირად ჰქონდა ანტიპანდემიური სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთანაც, ზოგჯერ საკუთარ დაუსაბუთებელ მოსაზრებას მათთან შეუთანხმებლად გამოთქვამდა, ან მათ მოსაზრებებს უაპეალციოდ აკრიტიკებდა, რაც მძიმე დაღს ასვამდა ამ ჯგუფის მუშაობის კოორდინირებასაც და ამერიკის გლობალურ როლს და ქმედებების დამაჯერებლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო არენაზეც, და მკვეთრად განსხვავდებოდა, მაგალითად, ანგელა მერკელის მიერ პანდემიის მართვაში დამკვიდრებული - ექსპერტების და ექიმების მოსაზრებებზე, ობიექტურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული -  სტილისაგან. 

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისთვის კოვიდ პანდემიის მართვა რთული ამოცანაა. ამერიკა დღესაც „ლიდერობს“ პანდემიის უარყოფით რეიტინგებში. ამავდროულად „წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო“, ვამბობთ ჩვენ და ბაიდენი გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობით იწყებს: რაც მთავარია, ვაქცინები მზადაა, მათი წარმოება ფეხზე დგას (თუმცა მოცულობის პრობლემები რჩება), უკვე 16 მილიონზე მეტი ამერიკელია ვაქცინირებული და არის იმედი, რომ ახალი პრეზიდენტი 100 დღეში 100 მილიონი ამერიკელის ვაქცინირების ამბიციურ ამოცანას წარმატებით გადაჭრის.  ამას ჯო და ჯილ ბაიდენების პირადი მაგალითიც შეუწყობს ხელს, რომელთაც ჯერ კიდევ თეთრ სახლში მოსავლამდე საჯაროდ გაიკეთეს ვაქცინა, განსხვავებით ტრამპისაგან. ზაფხულიდან მნიშვნელოვნად გაძლიერებულია ტესტირების პროცესიც, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური კვლევები. თუმცა ამ ორივე მიმართულებით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ამერიკა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას დაეწიოს. და მაინც, ვაქცინების მსგავსად, ეს ამოცანაც უფრო ახლოსაა გადაწყვეტასთან, ვიდრე ტრამპის დროს. ამის გარდა, პრეზიდენტი ბაიდენი უფრო დაეყრდნობა სამეცნიერო მტკიცებულებებს და, ალბათ, გაცილებით მეტი თანხვედრა ექნება ექსპერტების სამუშაო გუნდთან, სადაც ენტონი ფაუჩის შენარჩუნება ბაიდენისთვის სერიოზული ბონუსია. ამერიკელებმა თანდათან გაითავისეს პირბადის ტარება და დისტანცირება და ბაიდენის პირადი მაგალითი აქაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მის მერე, რაც ბრიტანეთში ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამის გაჩენამ მძიმედ ჩააფიქრა მსოფლიო ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების განუხრელად დაცვის აუცილებლობაზე. 

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამერიკის პირველივე დღეს დაბრუნებამ ჯანმო-ს რიგებში განამტკიცა იმის შანსი, რომ ეს ორგანიზაცია უფრო შეინარჩუნებს გაჯანსაღების პოტენციალსაც და რესურსების მოძიების კრიტიკული ამოცანის გადასაჭრელად ავტორიტორული რეჟიმების მხრიდან მზარდი გავლენის საფრთხესაც აიცილებს. ზოგადად, პანდემიის გლობალური მართვის პროცესში საერთაშორისო არენაზე - აფრიკა იქნება ეს, სამხრეთ ამერიკა თუ აზიის ღარიბი ქვეყნები, დღეს ჩინეთის დომინირება იგრძნობა. აქტიურობენ ასევე რუსეთი და თურქეთი. და ამ ფრონტზე ამერიკის სერიოზული როლის გარეშე ახლო მომავლის მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების ისეთი გადანაწილება შეიძლება მოჰყვეს, რაც დემოკრატიული განვითარების იდეალებს და პერსპექტივებს, ისევე როგორც - ეკონომიკურ კავშირებს მესამე მსოფლიოსთან - გაართულებს. ამისათვის ჯოზეფ ბაიდენს სასწრაფოდ დასჭირდება მრავალმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის აღდგენა ტრადიციულ მოკავშირეებთან - ევროკავშირთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან, რაც ტრამპის მმართველობისას ბევრი მიმართულებით შესუსტდა. კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებელ ფრონტზე, ისევე როგორც კლიმატის და ეკოლოგიის დასაცავად, ასეთი ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში.

პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი ამოცანა - წლის ბოლომდე პანდემიის  დამარცხებაა (ან ეფექტურად მართვის ტენდენციის მიღწევა მაინც). ამ შემთხვევაში მას სხვა, არანაკლებ რთულ მიზნებზე მაქსიმალურად კონცენტრირების საშუალება ექნება - ეკონომიკა, რომლის გამოსწორების გარეშე ამერიკელების დიდ ნაწილს დონალდ ტრამპი შეიძლება მოენატროს, და გლობალური პოლიტიკური და თავდაცვითი უსაფრთხოება, რომლის მიმართულებით ამერიკის მხრიდან სერიოზული გარღვევის გარეშე პოსტპანდემიური სამყარო კიდევ უფრო მძიმე, ნაკლებად პროგნოზირებად, რეგიონული დომინაციებისა და კონფლიქტების მკვეთრი გახშირების პერიოდში შეიძლება შევიდეს. 

დასკვნა: დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, მისი ანტიპანდემიური პოლიტიკა არათანმიმდევრული და ფრაგმენტირებული იყო. ჯოზეფ ბაიდენის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსის და რაციონალური ლიდერის, უნარ-ჩვევები მეტად შეესაბამება პანდემიური პროცესის საშინაო თუ გლობალური მართვის გამოწვევებს. მართალია, მის მიერ პანდემიის კონტროლის კუთხით გადასაჭრელი ამოცანები სადღეისოდ შედარებით ოდნავ გაადვილებულია, თუმცა, მაინც ძალიან რთული საიმისოდ, რომ მან გარანტირებულ და სწრაფ გამარჯვებას მიაღწიოს. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მოახერხებს პრეზიდენტი ბაიდენი პანდემიურ ფრონტზე ამერიკის და მსოფლიოს იმედების გამართლებას. 

ომი COVID პანდემიასთან: აშშ-ს პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მიდგომების შედარება

 

მიდგომები / ქმედებები

დონალდ ტრამპის პოზიცია და/ან ქმედებები

ჯო ბაიდენის პოზიცია და/ან მოსალოდნელი ნაბიჯები

ვირუსის საფრთხის შეფასება

თავდაპირველად - რისკის არასათანადოდ შეფასება

რისკის სერიოზულად აღქმა

ტესტირების მასობრიობა

დაგვიანება

მოსალოდნელია, რომ გაძლიერდება; სკოლებშიც

პირბადის გამოყენება

არ ექცეოდა სათანადო ყურადღება; პირადად ძალიან იშვიათად იყენებდა

ყოველთვის ეთმობოდა ყურადღება, მათ შორის, პირადი მაგალითით. პრეზიდენტობის პირველივე დღეს სავალდებულო გახდა პირბადის ტარება აეროპორტებში და ტრანსპორტში

ადრეული ზომები: საზღვრების ჩაკეტვა; 

მგზავრების სკრინინგი

ჩინეთთან მიმოსვლა შეჩერდა 31.01.20, ევროპასთან - 12.03.20. მგზავრების სკრინინგი არ ხდებოდა

პირველივე დღეს აღდგა ტრამპის მიერ 2021 იანვარში გაუქმებული მოგზაურობის შეზღუდვები

გადაუდებელი მდგომარეობა; გადაუდებელი ხარჯვის კანონები

გამოცხადდა 13 მარტს.

4 კანონი - ტრილიონობით $ მობილიზება დახმარების და სხვადასხვა საჭიროებებისთვის

 

„თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენება პანდემიის მიზნებში

პერსონალური აღჭურვილობის წარმოებისათვის

ტესტირების და ვაქცინების წარმოების მხარდასაჭერად

სამეცნიერო არგუმენტები

არ ექცეოდა სათანადო ყურადღება

ყოველთვის ეთმობოდა ყურადღება; მონაცემებზე დაყრდნობილი დაგეგმვა

ვაქცინების კვლევები,  დაფინანსება, შესყიდვა, განაწილება

მძლავრი და ადრეული ფინანსური მხარდაჭერა

ტრამპის ქმედების დადებითად შეფასება

ვაქცინირების მაღალი ტემპი

გეგმისგან ჩამორჩენა - 2020: ვაქცინების განაწილებაში (55%) და ვაქცინირებაშიც (15%)

გეგმა - 100 მლნ ვაქცინირებული 100 დღეში. FEMA და СDC ჩართვა ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებაში

ჯანმო-ს წევრობა

შეჩერდა

პირველივე დღეს მოეწერა ხელი ჯანმო-ში აშშ-ის წევრობის აღდგენას

ონლაინ სწავლების მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში

უარყოფითი დამოკიდებულება (ხარისხზე აპელირებით)

უსაფრთხოების გათვალისწინებით და მტკიცებულებების თანახმად;

სკოლების გახსნა - ეტაპობრივად

ეკონომიკის გახსნილობის პრიორიტეტულობა

მხარდაჭერა;

ლოქდაუნის მიუღებლობა

გაურკვეველია

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი

$900 მილიარდი

$1,900 მილიარდი

პანდემიასთან ბრძოლის ორგანიზების თანმიმდევრულობა

ნაკლებად თანმიმდევრული, უფრო სპორადიული

სავარაუდოდ - უფრო თანმიმდევრული.

 

 

https://www.nytimes.com/2020/12/28/business/economy/second-stimulus-package.html

https://www.bbc.com/news/world-us-canada-55670801

https://www.reuters.com/article/us-usa-biden-idUSKBN29Q15Y

https://www.kff.org/coronavirus-covid-19/issue-brief/comparing-trump-and-biden-on-covid-19/

https://www.theguardian.com/world/2021/jan/17/joe-biden-covid-vaccination-plan-fauci

https://apnews.com/article/joe-biden-donald-trump-pandemics-ap-top-news-coronavirus-pandemic-33ab870fbf13f8052111d7892764261a 

https://www.brookings.edu/blog/the-avenue/2020/09/11/covid-19s-summer-surge-into-red-america-sets-the-stage-for-novembers-election/

https://www.politico.com/news/2020/07/17/trump-sours-on-online-learning-that-his-administration-evangelized-368536  

https://www.reuters.com/article/us-usa-biden-coronavirus-orders-factbox-idUSKBN29Q2GG

გააზიარე: