მოკლე წერილი ნატო-ს მოახლოებული სამიტის და სამომავლოდ სხვა სამიტების მოლოდინში

ავტორი:

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მინიმუმ, ბოლო ათწლეულის ყოველი სამიტი საქართველოს იმ მოლოდინისა და მოთმინების წვრთნაა, რომელიც ალიანსის რიგებში დამსახურებულ ფორმალურ გაწევრებას უკავშირდება. ნატომ ტრადიციად დაამკვიდრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში ამა თუ იმ პროგრესის შექება და ახალი, ხან კონკრეტული, ხან კი ზოგადი ფორმულირებებით გაჯერებული ახალი ორიენტირების მონიშვნა. ისე როგორც მყარ ქართულ „ჩვევად“ იქცა ამ ახალ ორიენტირებსა და დაპირებებში ფარული პასუხის ამოკითხვის მცდელობა ასევე ტრადიციულ შეკითხვაზე: როდის იქცევა ალიანსის დაპირება ნატო-ში გაწევრიანების მყარ ოფიციალურ გადაწყვეტილებად?
 

სამიტს სამიტი ცვლის, ალიანსის ოფიციალურ პირთა განცხადებებს – ახალი განცხადებები, ხოლო ალიანსის ფორმალური წევრობის მიღწევის გზაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩაღრმავების პერსპექტივებს ზღვარი ისევ არ უჩანს. ამასობაში, 2008 წლისა და 2021 წლის სამიტებს შორის არა მარტო დროის დიდი მონაკვეთია, არამედ უზარმაზარი განსხვავება საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის მხრივ. ასევე რადიკალურად შეცვლილია შავი ზღვის დიდ რეგიონში უსაფრთხოების მეტად რთული და არაპროგნოზირებადი ვითარება, რომელსაც დროული და ადეკვატური რეაგირება სჭირდება. ეს კი, თავის მხრივ, მეტად დროულ და საგნობრივ პოლიტიკურ-სამხედრო გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასეთ კონკრეტიკას ალტერნატივა ვერ მოეძებნება, ხოლო ნებისმიერი სხვა - „ინდივიდუალური წევრობის გეგმისა“ (MAP) თუ „არსებითი პაკეტის“ მორიგი განახლების – გზა ნიშნავს ერთს: როგორც საქართველო, ისე რეგიონში მისი მოკავშირეები კვლავ პოსტრეაქტიულ რეჟიმში დარჩებიან. მეტიც, პროცესების განვითარებისდამიხედვით, მკვეთრად შეიზღუდება ის შესაძლებლობებიც, რომლებსაც თუნდაც ეს რეჟიმი გულისხმობს და, საბოლოოდ, მხოლოდ ზედაპირული რეაგირების პოლიტიკურ და უსაფრთხოების უსარგებლო ზომათა ნუსხად შეგვრჩება. შედეგად, რეგიონში ჩვენი ერთობლივი გეოსტრატეგიული ინტერესი საგრძნობლად დაკნინდება; ხოლო მისი შემობრუნების სამომავლო მცდელობა არარაციონალურ დანახარჯს და ძალისხმევას დაუკავშირდება.
 

ვფიქრობთ, სათქმელი აქ გასაგებად ითქვა. ეს სათქმელი აქამდეც არაერთხელ თქმულა და, მგონი, კიდევ მრავალჯერ ითქმება. ჩვენ, ქართველებმა, მაინც ვიცით, რომ ევროატლანტიკური ერთობისაკენ მიმავალ გზაზე თავი არ დაგვიზოგავს და, ამ მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან პირნათელი ვართ. და მაინც: ვინაიდან, როგორც ეს მორიგი, ისე მომდევნო უახლოესი სამიტები, თითქოსდა, რეალურად, სხვას არაფერს მოასწავებს, - ალიანსში გაწევრებისაკენ სწრაფვის „წამახალისებელი პრიზების“ გარდა, - გვსურს, საკუთარ თავსა და ყველა გულშემატკივარს რამდენიმე შეუვალი ფაქტი და გარემოება შევახსენოთ:
 

- დღეს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადება და საბრძოლო სულისკვეთება არ ჩამოუვარდება ნატოს არაერთი წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დონეს; ხოლო, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ქართველი სამხედროს ბრძოლისუნარიანობა აღემატება კიდეც ახლო აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ქვეყნის თავდაცვით კონდიციას. იოლი წარმოსადგენია ისიც, თუ როგორ იმოქმედებს ალიანსის წევრობა ქართული შეიარაღებული ძალების შემდგომ სრულყოფასა და მოდერნიზებაზე, თუ ასეთი წევრობა დროში მეტად არ გაჭიანურდება;
 

- საქართველოს პოლიტიკური სისტემა რეგიონში მზარდი დემოკრატიულობით გამოირჩევა, ხოლო დასახული ამოცანები და მტკიცედ ნაკისრი ვალდებულებები ჩვენსა და რეგიონალურ სამეზობლოს შორის სახელმწიფო-ინსტიტუციონალური ევოლუციის მხრივ არსებულ ამ განსხვავებას კიდევ უფრო აშკარას გახდის;
 

-  თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სწრაფვა ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვით ერთობაში სრული ინტეგრაციისაკენ უპრეცედენტოა. ამდენად, ევროპული და ევროატლანტიკური დაახლოების პროცესში ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრული სვლის, პრინციპებისადმი ერთგულებისა და პარტნიორთათვის საიმედოობის კარგი მაგალითია სხვა ქვეყნებისათვის.
 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ჩვენ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რეგიონში ერთმანეთი საბოლოოდ „ვიპოვოთ“ და ინტერესთა ეს ჩვენი თანხვედრა სათანადო წესით დამტკიცდეს. ნებისმიერი სხვა გეოპოლიტიკური მოსაზრებით, ფსევდო-ეთნიკური კონფლიქტებისა თუ ტექნიკური მიზეზებით, საკითხის განუსაზღვრელ დროში გამოკიდება ურთიერთდამაკავშირებელ გზას მხოლოდ დამატებითი დაბრკოლებებით ხერგავს და პერსპექტივას აბუნდოვანებს. ამგვარი გაურკვევლობა კიდევ მეტად ათამამებს კრიტიკოსებს ქვეყნის შიგნით და აქეზებს მოწინააღმდეგეს ქვეყნის გარეთ.
 

ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოვებისა და მასში საქართველოს გაწევრების ოპონენტები ხშირად მსჯელობენ თანმდევი რისკებისა და მათი თავიდან არიდების თაობაზე. ამაზე არც ჩვენ გვაქვს სადავო: ალიანსში არცერთი ქვეყნის წევრობა - საქართველოს ჩათვლით - არ უნდა იქცეს ცხელი ფაზის გლობალური დაპირისპირების ან მწვავე რეგიონალური კონფლიქტის მიზეზად. ისიც კარგად გვესმის, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ხელშესახები ინტერესის მისაღწევად რაციონალურ გათვლას აშკარა უპირატესობა აქვს იდეალებისათვის დაუფიქრებელ თავდადებასთან. ეს ყოველივე გასაგებია და მისაღებიც. მეტიც: ეს პრაგმატული მართვის ის ხელოვნებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახალია ამჟამინდელი ქართული სახელმწიფოსათვის, მაგრამ, რომლის ათვისებაც მას უპირობოდ მოუწევს, თუ უნდა, რომ რეალურად თანამედროვე და კონკურენტუნარიან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ორგანიზაციად იქცეს.
 

თუმცა! განა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხოლოდ ძლიერი ქვეყნების გაერთიანებაა, სადაც სუსტი ქვეყნები ნატო-ს ყურადღებისა და თავდაცვითი რესურსის მიღმა უნდა დარჩნენ? განა ალიანსი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია არ არის, რომელიც ვალდებულია, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის მოსაზრებების ზეპრაგმატულობას არ ანაცვალოს ქართული დემოკრატია და ჩვენი საზოგადოების პროევროპული განწყობა? სწორედ ასეთი ქვეყნის დაცვა, მასთან ერთად კი სხვების მფარველობაც, ისე როგორც მსგავსი პოლიტიკური სულისკვეთებისა და განვითარების ხელწერის მქონე ქვეყნების ქომაგობა და შენარჩუნება არ არის ნატოს უმთავრესი დანიშნულება? განა ეს არ არის საკუთრივ ალიანსის შემდგომი რეფორმირებისა და შექმნილ რეალობასთან მართებულად მისადაგების ერთერთი მთავარი გზა?
 

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, არაერთხელ აღნიშნულა პროცესის ორმხრივობა, მისი ორივე მხარის ერთმანეთისაკენ თანაბარი მოძრაობის აუცილებლობა. თანაბრობის გარდა, ეს პროცესი მიმდინარე გარე მოვლენების ტემპთანაც უნდა იყოს შეწყობილი. არაორდინარულ დროს პრაგმატული ადამიანების კონკრეტული, შედეგის მომტანი გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება. ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს გაწევრება უკვე გასცდა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფორმალური წევრობის ხასიათს. მან ბევრად ღრმა დატვირთვა შეიძინა: შეძლებს თუ არა ახლო მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომლითაც საკუთარ თავს დაუმტკიცებს თავისივე პერსპექტიულობას, ხოლო ყველა ჩვენგანს კი უკვე გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის სიმყარესა და უალტერნატივობას? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად განკუთვნილი დრო ადრინდელზე უფრო სწრაფად გარბის.

 

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის” თავმჯდომარე

9 ივნისი, 2021 წ.

გააზიარე: