ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

12-13 თებერვალს ნატო-ს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შედეგებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

 

ქალბატონო ხათუნა, 12-13 თებერვალს ნატო-ს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თქვენ როგორ შეაფასებდით, საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეხვედრების შედეგებს?

 

- ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში პოზიტიურად აისახება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან, ასევე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. ნიშანდობლივია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე დასწრება.

 

"ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში პოზიტიურად აისახება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე"

 

განხილვის მთავარი თემები გახლდათ საქართველო-ნატო-ს „არსებითი პაკეტის“ (SNGP) შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლი, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი. აღნიშნული დღის წესრიგი კი საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის მნიშვნელოვან დინამიკაზე მიანიშნებს.

 

- როგორ შეაფასებდით საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის დინამიკას, როგორია ბრიუსელის შეფასებები საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით?

 

წლებია საქართველო ევროატლანტიკური გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, არაერთი რეფორმა განახორციელა დემოკრატიის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. წლიდან წლამდე, საბოლოო ჯამში, საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება დადებითად ფასდება.

 

ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ამა წლის 23 იანვარს ქ. ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი პოზიტიურად შეფასდა.

 

მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია.

 

"ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია"

 

აღნიშნული პოზიტიური გზავნილების მიღება ბრიუსელიდან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. თუმცა, საქართველო მეტს იმსახურებს, ვინაიდან, მას როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები პარტნიორების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

 

საქართველოსთან მიმართებით შესასრულებელია ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება, რომელიც უკვე თითქმის 12 წელს ითვლის. საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს.

 

"საქართველოსთან მიმართებით შესასრულებელია ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება, რომელიც უკვე თითქმის 12 წელს ითვლის. საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს."

 

- როგორ მიგაჩნიათ, რამდენადაა შესაძლებელი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების შესრულება?

 

- ამ თვალსაზრისით „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არიან ალიანსის ქვეყნების ლიდერები პოლიტიკურად მზად საქართველოს ნატო-ში წევრობა რეალობად აქციონ. ის აღნიშნავს, რომ დროა ამ მიმართულებით ნატო-ს წევრებმა პროგრესს მიაღწიონ.

 

ვფიქრობ, აღნიშნულ კონტექსტში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ უფრო გამოკვეთით.

 

ასევე, საქართველოს ნატო-ში წევრად მიწვევაზე საუბრისას, საყურადღებოა უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტი - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლი ალიანსის გაფართოების პროცესს ეხება. ამ მუხლის თანახმად, მხარეებს კონსენსუსის გზით შეუძლიათ მიიწვიონ ნატო-ში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას შეუწყოს ხელი და შეიტანოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

თუ ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო ძალის მქონე აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატო-ს პრინციპების ერთგულია და შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

 

მით უფრო, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ნატო-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება საქართველოსთან ერთადაა ეფექტიანად შესაძლებელი.

 

"საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ნატო-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება საქართველოსთან ერთადაა ეფექტიანად შესაძლებელი"

 

საქართველო ალიანსში წევრობას იმსახურებს, რისი გასაღებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დედაქალაქებშია.

 

ნატო სუვერენული სახელმწიფოების ერთობაა, რომელმაც არაერთ ევროპულ სახელმწიფოს მისცა წევრობის შესაძლებლობა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს - ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს. ალიანსის წევრებმა როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს მისცეს ისტორიული შანსი, ასევე უნდა შეძლონ საქართველოს მიმართაც კონსენსუსის მიღწევა.

 

ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

 

კერძოდ, 2019 წელს პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

 

"2019 წელს პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას"

 

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებები 22 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

 

- ბრძანეთ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ უფრო გამოკვეთა. ხომ არ დააკონკრეტებდით, რას გულისხმობთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ უფრო გამოკვეთაში?

 

შავი ზღვის რეგიონში მზარდი დასავლური ინტერესების ფონზე მეტად შეიძლება საქართველოს სტრატეგიული საჭიროების გამოკვეთა. სასურველია, ქართული დიპლომატიის ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით 2021 წლის ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში მეტი ფოკუსირება მოხდეს საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში, რაც შესაძლოა პრაქტიკული ნაბიჯებითაც გამოიკვეთოს. მაგალითად, შემუშავდეს ნატო-საქართველოს პაკეტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე (NATO-Georgia Package on the Black Sea Security).

 

საქართველო-ნატო-ს „არსებითი პაკეტის“ პარალელურად ზემოაღნიშნული ინსტრუმენტის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს როლის კიდევ უფრო გამოკვეთას ევროატლანტიკური სივრცის რუკაზე.

 

ეს კი მომავალში გაზრდის საქართველოს წევრობის შანსს და უფრო მეტად დაარწმუნებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რომ ჩვენი კონტრიბუცია, როგორც შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენლის, უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა - “არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ ჩვენ საქართველო და არ მივანიჭეთ სამოქმედო გეგმა გაწევრიანებისათვის“. მან ასევე დასძინა - „საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. გაფართოება საჭიროა და საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს.“

 

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, ხოლო მეორე მხრივ რას იტყოდით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების პროცესის შესაძლებლობაზე?

 

თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, რაც დასაფასებელია და პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის დაჩქარების კონტექსტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.

 

სახელდობრ, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა გაითვალისწინონ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭონ.

 

"საერთაშორისო პოზიტიური გზავნილები და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია"

 

ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ ერთი წლის წინ, საქართველოს ნატო-ში წევრობის დროულობაზე ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესიც საუბრობდა. მან მკაფიოდ განაცხადა - „საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს“. მით უფრო, რომ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მოიცავს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს, რაც არაერთგზის გაჟღერდა ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლების, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ.

 

მეტიც, ალიანსის საიუბილეო შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატო-ა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. საერთაშორისო პოზიტიური გზავნილები და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გააზიარე: