საბჭოთა კავშირის სამხედრო-ბირთვული პოლიტიკა ცივი ომის პერიოდში


გადმოწერეთ PDF ფაილი

ავტორი: ნიკა აბულაძე, "ჯეოქეისის" ალუმნი   

 

 

შესავალი
 

საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია დიპლომატიაზე, სახელმწიფოთა, ორგანიზაციათა შორის დამოკიდებულებებსა და თანამშრომლობაზე თანამეგობრობისა და საზოგადოებების მიერ აღიქმება, როგორც მრავალფეროვანი კვლევის საგანი. მასში ერთიანდება რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო: ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სამხედრო და ა.შ. ისტორიას თუ გადავხედავთ და გავაკეთებთ სახელმწიფოთა შორის ურთიერთქმედების ანალიზს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ საერთაშორისო აქტორთა ურთიერთობები დინამიკა ძირითადად სამი მიმართულებით ვითარდება:

  • ქვეყნები იწყებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს, მათ შორის ვითარდება მეგობრული დამოკიდებულება და სუფევს მშვიდობა (დემოკრატიული მშვიდობის თეორია) ( Robert Longley, 2019).[1]
  • არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელთა დავაც მასშტაბურ ან რეგიონალურ სახეს იღებს, რაც სცდება დიპლომატიურ ომს.
  • რამდენიმე სახელმწიფო ერთვება საბრძოლო მოქმედებებში, როგორც ერთი სახელმწიფოს მოკავშირე მხარე.

საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა შორის რადიკალური მიდგომების გამოვლინების ფორმაა სამხედრო დაპირისპირებები, თუმცა არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ამ ყოველივეს არგეულირებს. კონვენციური ომის იარაღებისა და სტრატეგიების განვითარება-დახვეწასთან ერთად, მე-20 საუკუნეში მსოფლიომ ახალი იარაღი შექმნა, კერძოდ, ბირთვული იარაღი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობებში გააძლიერა რეალისტთა მიდგომები, ძალისმიერი რეალიზმი, თავდაცვითი რეალიზმი და შეცვალა მიდგომა ომის წარმოებასთან მიმართებაში. მსოფლიოში ცივი ომის პერიოდში წარმოიქმნა ახალი ძალა, რომელსაც აშშ და სსრკ წარმოადგენდნენ, ორივე ფლობდა გამანადგურებელ იარაღს და, შესაბამისად, მოცემული ნაშრომის კვლევის მთავარი მიმართულებებია (საკვლევი კითხვებია):

  • როგორი სამხედრო-პოლიტიკური მიდგომა ჰქონდა საბჭოთა კავშირს ბირთვული იარაღის გამოგონებამდე მსოფლიოში?
  • რა გარდატეხა მოხდა სსრკ-ს საგარეო პოლიტიკაში ატომური იარაღის გამოგონების შემდგომ?

ხოლო ნაშრომის მიზანი გამომდინარეობს უშუალოდ საკვლევი კითხვებიდან და მათზე პასუხების მოძიებასა და იდენტიფიცირებას ემსახურება.

მოცემული საკითხის აქტუალურობა გამომდინარეობს შემდეგიდან, რომ ბირთვული იარაღი დღემდე არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი სახელმწიფოთა შორის სრულმასშტაბიანი და მძიმე ომებისა. ამასთანავე, არსებობს დიდი საფრთხე, რომ შესაძლებელია მისი, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება რადიკალურ ძალებში (ტერორისტები) საშინელი შედეგების მომასწავებელი გახდეს. [2]ასევე, საბჭოთა ბირთვული პოლიტიკა უამრავჯერ გამხდარა დისკუსიის საგანი სხვადასხვა აკადემიურ წრეში, აქტუალურობის საკითხს აძლიერებს ის ფაქტორი, რომ, ზოგადად, ბირთვული იარაღი რჩება ყველაზე დამანგრეველი ძალის მქონე იარაღად მსოფლიოში. დამატებით კი, საზოგადოებაში არის მწირი ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს ბირთვული იარაღი და როგორ შეიქმნა იგი, რა პრეცენდენტები წარმოქმნა და ა.შ. თემის კვლევისა და წერის მეთოდოლოგიური მხარე ეყრდნობა ე.წ „desk research” პრინციპს, რაც გულისხმობს მეორეული ინფორმაციის გაცნობასა და დამუშავებას, დასკვნების გამოტანასა და ანალიზის გაკეთებას ავტორის მიერ. დამატებით, ნაშრომის სიმყარე ეფუძნება სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებებსა და კვლევებს, რომელთა დასკვნების შედარებაც მოხდება მოცემულ ტექსტში.


საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო-პოლიტიკური მიდგომა ბირთვული იარაღის გამოგონებამდე
 

აუცილებელია, გაირკვეს რა ძირითადი მიდგომები ჰქონდა საბჭოურ ძალას მსოფლიო გავლენების მოსაპოვებლად უშუალოდ ბირთვული იარაღის მოპოვებამდე. სსრკ, რომელიც მარქსისტულ იდეებზე იყო დაფუძნებული, კავშირის უმნიშვნელოვანესს შიდა ბირთვს წარწმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომმა დიდი გამოცდა მოუწყო მთელს მსოფლიოს და მათ შორის საბჭოურ სახელმწიფოებს.  საგარეო პოლიტიკიკური მიზნები ქვეყნებისა და ფართო სამხედრო შესაძლებლობები გახდა ის ბერკეტი, რომლითაც სტალინის მმართველობის ქვეშ სსრკ-მ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულის სტატუსი მიიღო და ცივი ომის პერიოდში ისე გადაინაცვლა. უპირველეს ყოვლისა, საბჭოურ სიძლიერეს განაპირობებდა მისი გეოპოლიტიკური სიდიდე, კერძოდ გასასვლელები ზღვაზე, როგორც ევროპაში, ისე აზიაში, შემავალი რესპუბლიკების ადამიანური, მიწისა და სამხედრო რესურსები სრულიად მოსკოვის ხელში იყო. საბჭოური ძალის მთავარ ელემენტს კი უზარმაზარი ჯარი წამოადგენდა, რომლის დიდი ნაწილიც აღმოსავლეთ ევროპაში იყო გაგზავნილი. სსრკ-ს მთავარ საყრდენს კი წარმოადგენდა სტალინის დოქტრინა, რომელიც იყო გამაერთიანებელი ზემოთ ხსნებულისა და მისგან გამომდინარეობდა ანუ წყარო სსრკ-ს სიძლიერისა იყო სწორედ ეს დოქტრინა. მისი არსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ იგი მოიცავდა ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნას, სწრაფ ინდუსტრიალიზაციას, სოციალიზმის სახელმწიფო იდეოლოგიად ჩამოყალიბებას, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას, სხვა საბჭოური ძალების დამორჩილებასა და მათზე გავლენების მოხდენას (Deutscher, 1961)[3]. სტალინის დოქტრინის არსებობისა და მუშაობის მიუხედავად, 1950-იანი წლებისათვის უკვე იგი მოძველებული იყო და იმ მზარდ ძალას, რომელიც დასავლეთში იკიდებდა ფეხს, წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის დოქტრინა მოწყვეტილიც კი იყო უკვე რეალობას (Oudenaren, 1990, გვ. 5). ტექნოლოგიური განვითარებისა და ახალი ძალის აღმოჩენის ეტაპი ატომური იარაღის შექმნით იდენტიფიცირდება.


ატომური იარაღის შექმნა სსრკ-ში და მსოფლიო წესრიგის ცვლილება


მე-20 საუკუნეში ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა ორმა სუპერსახელმწიფომ დაიწყო. აშშ იყო პირველი ინიციატორი საკუთარი „მანჰატენის“ პროექტით, რომელსაც მოგვიანებით ბრიტანეთიც შეუერთდა, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი ატომური იარაღის შექმნა მოგვიანებით წამოიწყო (Holloway, 2010, გვ. 376). უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, როგორც მთელი ცივი ომის პერიოდში, აშშ და სსრკ კონკურენტენებად აღიქვამდნენ ერთი მეორეს და ბირთვული იარაღების შექმნა და მათი გამოყენების საშიშროება ამ კონკურენტულობის პოლიტიკისა და მიდგომების ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება იყო. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც გაიხსნა საარქივო საცავები, სსრკ-მ ჯაშუშებისა და თავიანთი შპიონაჟის საშუალებით იცოდნენ, რომ აშშ ამუშავებდა ბირთვულ იარაღს. [4]ერთი შეხედვით ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გახდა წყარო კონკურენციაში არ დაჩაგვრისა და სსრკ-მ განიზრახა ფეხი აეწყო აშშ-სათვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ბრიტანეთიც მიუერთდა ამერიკულ პროექტს ატომური ბომბის შექმნის თაობაზე. სსრკ-სთვის მსგავსი განვითარება დასავლური სამყაროს ორი სტრატეგიული და ძლიერი სახელმწიფოსი მთავარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევა იყო. ამ ყველაფრის ფონზე კი სტალინის დოქტრინა უძლური ჩანდა. იაპონიის დაბომბვითმა მოქმედებებმა კი ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პერიოდში საბჭოთა კავშირს ბირთვული იარაღის შექმნისაკენ „მწვანე შუქი“ აუნთო, რადგან სსრკ-ს უკვე ჰქონდა პრეცენდენტი, რომლითაც მას ბირთვული იარაღის შექმნისა და გამოყენების შემთხვევაში ვერავინ დასდებდა ბრალს.

ბირთვული იარაღის წარმოებაზე პირველი საუბრები სსრკ-ში 1939 წელს დაიწყო. უკრაინის ხარკოვის მდებარეობა განიხილებოდა საუკეთესო ვარიანტად, რათა ჩატარებულიყო ბირთვული კვლევები.[5] ბირთვული იარაღის შექმნისას წარმატების გარანტიას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზრდიდა:

  1. რესურსები, რომლებიც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში არსებობდა და იძლეოდა საშუალებას კვლევებში გამოეყენებინათ.
  2. საბჭოელი ფიზიკოსებისა და მეცნიერების გონიერების დამსახურება იყო ბირთვული იარაღის წარმოების გაძლიერება.

თუმცა, მიუხედავად ამ ფაქტორების არსებობისა სსრკ-ში არსებული მეცნიერები გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებდნენ ბირთვული ენერგიის იარაღად გამოყენების აუცილებლობას. 1941 წელს კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ განვითარებულიყო ბირთვული იარაღი.[6] ბირთვული პოლიტიკის ცვლილების მიზეზი 1943 წლისათვის სსრკ-ს პრესტიჟისა და სამომავლო საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარიანობის ზრდა გახდა. 1943 წელს სტალინმა ბირთვული იარაღის დამზადება ლენინგრადის ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, კურჩატნოვს დაავალა. იაპონიის მოვლენების შემდეგ კი საბჭოური სისტემა ახალი იარაღის შექმნისაკენ ძალას არ იშურებდა და მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მალე ჰქონოდა სსრკ-ს ატომური იარაღი ხელთ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ატომური პროექტი უზარმაზარი წამოწყება იყო ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისთვის. 1949 წლის 29 აგვისტოს მოხდა პირველი ატომური იარაღის გატესტვა საბჭოთა ძალების მიერ. რაც შეეხება საერთაშორისო წესრიგის ცვლილებას, ზემოთ ხსენებული პროცესების ფონზე, საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს დასავლეთის სახელმწიფოებთან, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობა სტაბილურად გაუარესდა. დასავლურმა სამყარომ დაინახა, რომ სსრკ არ ჩერდებოდა და კონკურენციის პოლიტიკას თანაბრად უწყობდა ფეხს.


საბჭოური ბირთვული იარაღის ეტაპობრივი განვითარება: კრიზისები და საფრთხეები
 

სტალინის გარდაცვალების შემდგომ მმართველობაში ხრუშჩოვის მოსვლასთან და ბირთვული იარაღის განვითარებასთან ერთად შეიცვალა საბჭოთა კავშირის სამხედრო მიდგომებიც და იგი მეტ წილად კონვენციური იარაღების ნაცვლად, ატომური იარაღის არსებობაზე და მის გამანადგურებელ ეფექტებზე ჰქონდა იმედი დამყარებული. ხრუშჩოვი სსრკ-ს მოწინავეობასა და კონკურენციის პოლიტიკაში მტკიცედ ყოფნას პირდაპირად არ მიაწერდა ატომური იარაღის განვითარებას, თუმცა გარკვეულწილად გულისხმობდა მასაც.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხრუშჩოვი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირი უსწრებდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს სამრეწველო ძალებით და მალე შეძლებდა უკეთესი ცხოვრების დონის შექმნას თავისი ხალხისთვის (Oudenaren, 1990, გვ. 5-6). თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. სსრკ საკუთარ ბირთვულ იარაღს, როგორც მუქარის მნიშნველოვან წყაროს იყენებდა დასავლური და კაპიტალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს მუქარა კი იმდენად დიდი იყო, რომ გარკვეულ შიშის საფუძველს ქმნიდა. მაგალითად, 1956 წლის 5 ნოემბერს მან გაუგზავნა მუქარის წერილები ლონდონს და პარიზს, თუ ისინი არ გაიყვანდნენ ძალებს ეგვიპტიდან, სადაც მათ ეკავათ სუეცის არხზე კონტროლი, სარაკეტო თავდასხმებით იმუქრებოდა. მან მსგავსი წერილი გაუგზავნა ისრაელის მთავრობას, რომელიც თანამშრომლობდა ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. შედეგი კი იყო, რომ მეორე დღესვე სახელმწიფოებმა გაიყვანეს ძალები და ოპერაციები შეწყდა (Holloway, 2010, გვ. 391). ხრუშჩოვის მოსვლასთან ერთად კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, იგი არ ცვლიდა სტალინისეულ დოქტრინას. საბჭოთა ბირთვული ენერგიის გამოყენების ძლიერებამ მიაღწია პიკს, შეიძლება ასე ითქვას კიდეც, როდესაც 1961 წელს მათ მოაწყვეს ყველაზე ძლიერი ბომბის „TSAR” იგივე „მეფის“ აფეთქება. გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, შეიმუშავა ბირთვული ძალების ტრიადა: სახმელეთო კონტინენტური ბალისტიკური რაკეტები (ICBM), წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები (SLBM) და მძიმე ბომბდამშენი, რომლებიც აღჭურვილია ბირთვული იარაღით. წყალქვეშა ნავები ატარებდნენ საშუალო დიაპაზონის (და არა კონტინენტური დიაპაზონის) რაკეტებს, მაგრამ მათმა მობილობამ საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს დამუქრებოდა სამიზნეებს მთელ ევროპაში და, გარკვეულწილად, შეერთებულ შტატებში. (CSR Reports, 2020, გვ. 6). საბჭოთა კავშირი აფასებდა ბირთვულ იარაღს როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვისებებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბირთვული იარაღი საბჭოთა სტატუსის საზომი იყო, ხოლო შეერთებულ შტატებთან ბირთვული პარიტეტი საბჭოთა კავშირს პრესტიჟს და გავლენას სთავაზობდა საერთაშორისო საქმეებში. სამხედრო თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირმა მიიჩნია, რომ ბირთვული იარაღი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საბრძოლო გეგმებში.

1962 წელს სსრკ-ს სამხედრო-ბირთვულ პოლიტიკასა და ამერიკას შორის მოვლენები საკმაოდ დაიძაბა, რომელიც კუბის კრიზისის სახელით შევიდა ისტორიაში. სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ 1961 წელს ჩატარებული ბომბის ტესტირების ფონზე საბჭოურ მხარეს ჰქონდა შემართება, რომ კუბაში პირდაპირ დაპირისპირებოდა აშშ-ს, რომელიც კრახით დასრულდა. რაც არუნდა უცნაურად ჩანდეს, ეს მოვლენა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორი მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი, რომელთაგანაც ერთი ცუდია მეორე კი კარგი:

  1. კუბის კრიზისმა მსოფლიო თითქმის მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანა. ხრუშჩოვი ამბობდა, რომ თუ ამერიკელები განახორციელებდნენ შეტევას, საბჭოელებიც უპასუხედბნენ, რაც დიდ ომს გამოიწვევდა (Holloway, 2010, გვ. 394).
  2. სსრკ და აშშ მიხვდნენ და გააცნობიერეს, რომ თუ როგორი დამანგრეველი შესაძლოა ყოფილიყო ეს ომი და ბირთვული იარაღი, რამეთუ მსოფლიოს განადგურებამდე მივიდოდა საქმე.

ზემოთ დასახელებული მიმართულებების გათვალისწინებით, აუცილებელია ითქვას, რომ კუბის კრიზისი იყო ყველაზე დაძაბული მოვლენა ბირთვული იარაღის გამოყენების მიმართულებით, როგორც აშშ-სთვის, ასევე სსრკ-სთვის. მათ გააცნობიერეს რა საშიში და რისკის შემცველი იყო ეს იარაღი, რომელის გამოყენებაც გამოიწვევდა იმაზე საშინელ ვითარებასა და შედეგებს, როგორიც არცერთ მანამდე არსებულ ომს არ გამოუწვევია.

 

ბირთვულ იარაღზე კონტროლის დაწესება და ჩერნობილის ტრაგედია


ბირთვული იარაღის საბრძოლო მოქმედებებისა და სხვადასხვა მუქარებისათვის გამოყენებამ, საკმაოდ რთული და არასახარბიელო პრეცედენტი შექმნა კუბის კრიზისის სახით. მნიშვნელოვანი გახდა ბირთვული ძალის შემცირება. ამავე აზრზე იყო საბჭოთა კავშირის მმართველი ელიტაც. კუბის კრიზისის შემდგომ 1963 წელს სწრაფადვე დაიდო ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა ატომური იარაღის გატესტვას, ასევე ამას მოჰყვა მალევე კოსმოსში ბირთვული იარაღის აკრძალვა და ასევე, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის აქტების ხელმოწერა (Burr and Rosenberg, 2010, გვ. 105). მომავალი 1960-1970-იან წლებში სსრკ, ასევე მხარს უჭერდა ბირთვული იარაღის გამოუყენებლობას.  ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რეალობა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო ბირთვული ომის წამოწყება, მეორესგან გამანადგურებელი საპასუხო თავდასხმის დარწმუნების გარეშე, კოდიფიცირდა სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის მოლაპარაკებების (SALT) დროს მიღწეულ შეთანხმებებში. 1972 წლის ანტიბალისტიკური რაკეტის (ABM) ხელშეკრულების ხელმოწერით, ორივე მხარემ მიიღო შეზღუდვები მათ შესაძლებლობაზე, რომ თავი დაეცვათ საპასუხო ბირთვული შეტევისგან. 1982 წელს გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი არ იქნება პირველი ქვეყანა, ვინც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს კონფლიქტის დროს (Goshko, 1982). [7]

რაც შეეხება ჩერნობილის ტრაგედიას, იგი მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ საბჭოთა ენერგო მომარაგებისა და ბირთვული მიმართულების განვითარების თვალსაზრისით. განვითარებულმა მოვლენებმა საბჭოთა კავშირსა და არამარტო მას, არამედ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ საჭირო იყო ბირთვული ენერგიისადმი მეტი ყურადღება და მისი მაქსიმალურად შეზღუდვა საომარი მიზნებით გამოყენებისთვის. ათწლეულის ბოლოს და განსაკუთრებით ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ავარიის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა მიიჩნია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა (CSR Reports, 2020, გვ. 10). საბოლოო ჯამში კი ჩერნობილის სადგურზე განვითარებულმა მოქმედებებმა, სსრკ-ს თითქმის მთელი ქვანახშირის რესურსები შეიწირა. განვითარებული მოვლენები და დამდგარი შედეგები კი სსრკ-ს, როგორც სახელმწიფოებრიობის ასევე, საერთაშორისო პრესტიჟისთვის დამანგრეველი ძალის მქონე აღმოჩნდა და ერთ დროს მუქარა საბჭოთა კავშირი, რომელსაც საკუთარი ბირთვული ძალის ეამაყებოდა, მისი დაშლის მნიშვნელოვანი ბზარი გახდა.

 

დასკვნა


დასკვნის სახით კი უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო და სამხედრო პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მაქსიმალურად ორიენტირებული იყო შეექმნა იარაღი, რომელიც შეცვლიდა დამოკიდებულებას ომის წარმოების კუთხით. ამერიკულმა ბირთვული იარაღის შექმნის პროექტმა ბიძგი მისცა იოსებ სტალინის სსრკ-ს, რომ მალევე შეექმნა ბირთვული იარაღი, რათა ამერიკასა და სსრკ-ს შორის არსებული კონკურენციის პოლიტიკის პირობებში არ დაჩაგრულიყო. მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა ორი მიმართულებით მოქმედებდა, სსრკ-ს საგარეო სამხედრო-პოლიტიკურ მიდგომებს ცვლიდა და ამასთანავე, პრესტიჟზეც ახდენდა გავლენას. 1961 წელი საბჭოური ბირთვული ენერგიის გამოყენებისა და ბომბების შექმნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დღე გახდა, სსრკ-მ მსოფლიოში უძლიერესი იარაღი შექმნა. თუმცა, მალევე 1962 წელს კარიბის ზღვაში, კუბის კრიზისმა, სსრკ-სა და აშშ-ს ლიდერებს დაანახა, თუ რაოდენ დიდი საფრთხე და რისკი ჰქონდა ბირთვული იარაღის გამოყენებას ყველანაირ კონტექსტში ანუ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მანიპულირებისთვის. გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, ორივე სახელმწიფომ დაიწყო ბირთვული არსენალისა და რაკეტების შემცირებაზე მოლაპარაკებები. 1986 წელს ჩერნობილის ტრაგედიით კი, კიდევ ერთხელ მოხდა შეხსენება ყველა ბირთვული ენერგიის მაწარმოებელი სახელმწიფოსათვის, რომ რისკები ნებისმიერ ეპოქაში იარსებებს და მისი გავრცელება მკაცრად უნდა კონტროლირდეს.

 

[1] https://www.thoughtco.com/democratic-peace-theory-4769410

[2] Russian Military Doctrine, https://www.armscontrol.org/act/2000-05/russias-military-doctrine

[3] https://archive.org/details/stalinpoliticalb00deut/page/n7

[4] https://www.ctbto.org/specials/testing-times/29-august-1949-first-soviet-nuclear-test

[5] https://digitalarchive.wilsoncenter.org/document/121628

[6] https://digitalarchive.wilsoncenter.org/document/121634

[7] https://www.washingtonpost.com/archive/politics/1982/06/16/soviet-chief-renounces-first-use-of-a-weapons/69fde24a-b92c-4bba-b253-4693dfbda9f7/

 

ბიბლიოგრაფია
 

გააზიარე: