შესავალი
კორონავირუსისა და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე ყოველდღიურად თითქმის ყველა სფერო ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის. ამ თვალსაზრისით დიპლომატიური სამსახური არ წარმოადგენს გამონაკლისს. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იქცნენ იმ ინსტრუმენტებად თუ საშუალებებად, რომელთა მეშვეობით მცირე ან ნაკლები დანახარჯებითა და დროულად შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყანამ უზრუნველყოს მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება. მით უფრო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ციფრული სამყარო არ არის შემოფარგლული კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრებით. ციფრული პლატფორმების სათანადოდ ათვისება საგარეო უწყებებს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეთ კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. ქვეყნებს, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებს სოციალურ ქსელებში კამპანიების სწორად დაგეგმვის, წარმართვის შემთხვევაში შეუძლიათ საკუთარი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი ფართო აუდიტორიას უკეთ გააცნონ. მეტიც, პანდემიის გამო ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში ონლაინ მინისტერიალების, სამიტების, კონფერენციების, ფორუმების პრაქტიკა დამკვიდრდა.
თანამედროვე დიპლომატიის ორი ახალი სახე
ზემოაღნიშნული კონტექსტი კი გვკარნახობს, რომ იკვეთება თანამედროვე დიპლომატიის ორი ახალი სახე: ციფრული და კიბერდიპლომატია. ციფრული დიპლომატია გულისხმობს სოციალური ქსელებისა და სხვა ციფრული პლატფორმების, ტექნოლოგიური მიღწევების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საგარეო პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისა და განხორციელებისათვის მიუხედავად დისტანციისა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკის გაციფრულებას თან ახლავს გამოწვევები კიბერშეტევების, კიბერდანაშაულის, ციფრული ეთიკისა და შესაბამისი უნარების ნაკლებობის, კიბერსივრცეში ანონიმურად დარჩენის შესაძლებლობებისა და სხვა სირთულეების სახით. სწორედ ამ თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავება მოითხოვს საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტრუმენტების ტრანსფორმაციის პროცესში კიბერ დიპლომატიის გამოყოფას.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) გამოცდილების საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ კიბერსივრცე წარმოადგენს ოპერაციების განხორციელების დომეინს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებმა საკუთარი ინტერესები კიბერსივრცეშიც უნდა დაიცვან. კიბერსაფრთხეების ბუნებიდან გამომდინარე, კიბერ დიპლომატიის თანამედროვე დღის წესრიგი შემდეგ პრიორიტეტებს უნდა მოიცავდეს: 1) სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გასავითარებლად; 2) საერთაშორისო კიბერ პროექტების განხორციელებას სახელმწიფოთა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დასაცავად; 3) კიბერსივრცეში ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფას; 4) ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შექმნას კიბერ ქცევის მახასიათებლების განსახილველად; 5) უნივერსალურ დონეზე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთო ხედვის განვითარებას. ამდენად, კიბერ დიპლომატიას შეუძლია ხელი შეუწყოს კიბერსივრცის უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ინიციატივები საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ციფრული ტრანსფორმაციისათვის
თანამედროვე დიპლომატიის სახეების ანალიზის შედეგად, შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოს ინოვაციური დიპლომატიური სამსახურის განვითარება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის უფრო მეტად გამოკვეთის გარეშე რთულია. საქართველოს „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 25 დეკემბრის რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება ციფრული მიმართულებით. ხოლო 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმისწარმოების ელექტრონული პროცესის გამარტივებას, უზრუნველყოფილი იქნება ინსტიტუციური მეხსიერების გადატანა ციფრულ ფორმატში და ჩამოყალიბდება მაღალი რანგის ღონისძიებების მართვის სისტემა.
საქართველოს საგარეო უწყების გაციფრულების კონტექსტში სასურველია, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და მის საფუძველზე დაწესდეს ახალი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა - ციფრულ საქმეთა ელჩი. მისი მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ქართულ დიპლომატიაში ციფრული მიღწევების დანერგვას, მათ შორის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებისას ციფრული მმართველობის ინსტრუმენტების გამოყენებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემების, განსაკუთრებით დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას. აღნიშნული პოზიციის შემოღება მნიშვნელოვანია ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების თვალსაზრისითაც. კერძოდ, მას ექნება პერმანენტული ურთიერთობა ტექნოლოგიურ კომპანიებთან. ციფრული ბიზნესის ლობირებისათვის ხელშეწყობით კი ქვეყანას გაუჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე ორიენტირებულმა ტრანსნაციონალურმა ორგანიზაციებმა ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ასევე, თავიანთი წარმომადგენლობები გახსნან.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში პირველად 2017 წელს დანიამ ტექნოლოგიების სფეროში ელჩის პოზიცია შემოიღო. დღეს ავსტრიას ანალოგიური უმაღლესი რანგის დიპლომატი ჰყავს, ხოლო საფრანგეთის დიპლომატიურმა სამსახურმა ციფრულ საკითხებში ელჩის თანამდებობა დააწესა. ესტონეთს კიბერუსაფრთხოების სფეროში ელჩი ჰყავს. ნიდერლანდების სამეფოში ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით მრჩევლის პოზიცია შემოიღეს.
ამასთანავე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, მომავალში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ეკონომიკური და სხვა პროფილის დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
ციფრული დიპლომატიის პოლიტიკის წარმართვისათვის სასურველია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ციფრული დიპლომატიის ოფისის დაფუძნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ციფრულ პლატფორმათა გამოყენების პროცესს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, მათთვის პერმანენტულად შეიმუშავებს ინოვაციურ წინადადებებს ციფრულ პლატფორმათა შინაარსობრივ, ვიზუალურ საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სისტემის დაცვისა და კიბერ დიპლომატიასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში კიბერ საკითხების კოორდინატორის პოზიციის შემოღება. აღნიშნული პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 2011 წლის 22 თებერვლიდან არსებობს.
რაც შეეხება საკონსულო ურთიერთობებს, ამ მიმართულებით შესაძლოა „ჩეთბოტ კონსულის“ მექანიზმის დანერგვა. კერძოდ, საკონსულო ურთიერთობების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ონლაინ დიალოგის ფორმატში შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უწყვეტად საკონსულო მომსახურების გაწევა და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ავტომატიზებული მიდგომების დანერგვა.
დასკვნა
ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად, ქართული დიპლომატიის მომავალი ტენდენციები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ციფრულ პლატფორმებს უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით და რამდენად შევუწყობთ ხელს დიპლომატების ციფრული უნარების განვითარებას. ასევე, როგორ დავნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობებში. მიუხედავად ციფრული რეალობისა, ბუნებრივია, დიპლომატიაში კომუნიკაციის ტრადიციული ფორმები რჩებიან მნიშვნელოვან საშუალებებად სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ტრადიციული დიპლომატიის პარალელურად იზრდება ციფრული დიპლომატიის მნიშვნელობა. ისტორიულად, გლობალურ დონეზე კრიზისებმა განაპირობეს მასშტაბური ცვლილებები მსოფლიოში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არც კოვიდპანდემია წარმოადგენს გამონაკლისს. საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო პოლიტიკის მახასიათებლებს, ძირითად ტენდენციებს ის სახელმწიფო აქტორები განსაზღვრავენ, რომლებიც შეძლებენ ციფრულ სივრცეში წარმატებით ფუნქციონირებას.