2020 წლის 4 თებერვალს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის ეკონომიკის მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის კომისარის, მარგარეტ ვესტაგერის მიმართ. გავრცელებულ მიმართვაში, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები მიუთითებდნენ, რომ გლობალური კონკურენციული პროცესების გამო აუცილებელი იყო ევროკავშირის კონკურენციის სამართლის რეფორმა. წერილში აღნიშნულია, რომ ევროპულ კომპანიებს უწევთ კონკურენცია ისეთ უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან სუბსიდიებს მათი წარმოშობის სახელმწიფოსგან და ოპერირებენ ტერიტორიულად დაცულ შიდა ბაზრებზე. შესაბამისად, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ბაზრები, მისი მოთამაშეები და პოტენციური კონკურენცია. ამ მიზნით, კი საჭირო იყო შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება.
წერილის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვანი მოვლენები ერთი წლით ადრე. კერძოდ, 2019 წლის 6 თებერვალს ევროკომისიამ არ გასცა თანხმობა ევროპის უმსხვილესი სარკინიგზო მოთამაშეების, გერმანული „სიმენსის“ და ფრანგული „ალსტომის“ შერწყმაზე, რომლის შედეგად წარმოიშობოდა მსოფლიოში სიდიდით მეორე სარკინიგზო კომპანია, 15 მილიარდი ევროს ერთობლივი შემოსავლით.
შერწყმის მიზანი იყო ევროპული მსხვილი მოთამაშის გაჩენა, რომელსაც უნდა გაეწია კონკურენცია ჩინური სახელმწიფო სარკინიგზო გიგანტის „CRRC კორპორაციისთვის.“ შედარებისთვის, იმ ფონზე, როდესაც „სიმენსი“ და „ალსტომი“ წელიწადში მხოლოდ 35-მდე სწრაფმავალ მატარებელს აწარმოებდნენ, „CRRC კორპორაცია“ ამავე პერიოდში ბაზარს 230 ერთეულს აწვდიდა.
„ალსტომისა“ და „სიმენსის“ სარკინიგზო აქტივების შერწყმა ფრანგული ახალი ინიციატივის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო - ევროპა, რომელიც იცავს. ინიციატივა გულისხმობდა ევროკავშირის სამუშაო ადგილების დაცვას ჩინური კომპანიებისგან, რომელთა ზომა და იაფ ფინანსებზე წვდომა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ევროპულ კომპანიებს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ მაკრონის მოსაზრებით, ევროკავშირს სჭირდებოდა მსხვილი, ევროპის „ჩემპიონი“ მწარმოებლები.
„ალსტომისა“ და „სიმენსის“ გარიგების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შერწყმის შედეგად წარმოშობილი სუბიექტი ევროპის ყველაზე მსხვილი სარკინიგზო მოთამაშე გახდებოდა, რითაც საგრძნობლად შემცირდებოდა კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე და სხვა სარკინიგზო ოპერატორებს მნიშვნელოვნად შეეზღუდებოდათ წვდომა პროდუქტებსა და მიმწოდებლებზე. გარდა ამისა, შერწყმა მილიონობით ევროპელ მომხმარებელს სარკინიგზო მომსახურების ტარიფის გაუძვირებდა.
აღსანიშნავია, რომ შერწყმის შეფასებისას ევროკომისია იკვლევს, თუ რეალურად ბაზრის რომელ მოთამაშეებზეა შესაძლებელი, რომ გადაერთონ მომხმარებლები, თუ რომელიმე მათგანი გაზრდის ფასს, შეამცირებს ხარისხს, მომხმარებელს შესთავაზებს ნაკლებ არჩევანს ან შეწყვეტს ინოვაციას. კონკრეტულ შემთხვევაში, ევროკომისიამ დაადგინა, რომ ჩინური სარკინიგზო მოთამაშეები არ ოპერირებდნენ ევროპის ბაზარზე, ვერ ახდენდნენ კონკურენციულ ზეწოლას ევროპულ სარკინიგზო კომპანიებზე და, ამიტომ, ისინი ვერ განიხილებოდნენ რეალურ ალტერნატივად ევროკავშირის მომხმარებლებისათვის.
„სიმენსისა“ და „ალსტომის“ გარიგების აკრძალვას საკმაოდ მძაფრი შეფასება მოჰყვა საფრანგეთისა და გერმანიის მაღალჩინოსნებისგან. საფრანგეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც გერმანიის კანცლერი, აცხადებდნენ, რომ ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა არაადექვატური იყო შექმნილი რეალობის წინაშე და რომ კონკურენციის სამართლის გამოყენების შედეგად უპირატესობა (არაპირდაპირ) ენიჭებოდა ჩინურ და სხვა ქვეყნების კომპანიებს ევროპული კომპანიების ხარჯზე, რაც დაუშვებელი იყო.
ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან მალევე გერმანიამ და საფრანგეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მანიფესტი, რომელიც მოიცავდა მოწოდებას რამდენიმე არსებითი ხასიათის რეფორმის ჩასატარებლად: ინოვაციური პროექტების დაფინანსების გაზრდას, ევროპაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების წინასწარი შეფასების პროგრამის დანერგვას და ევროკავშირის კონკურენციის სამართლის რეფორმას. მანიფესტის ავტორები მოითხოვდნენ კომპანიათა შერწყმის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის განახლებას, რომლის შედეგადაც ევროკავშირს ექნებოდა სათანადო რეაგირების მექანიზმი და სამართლებრივი შესაძლებლობა, გაეთვალისწინებინა გლობალური, სამომავლო (პოტენციური) კონკურენციული რისკები.
მანიფესტის ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს (რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები) უნდა მიეცეს უფლება, რომ დასაბუთებული აუცილებლობისას, გადასინჯოს ევროკავშირის კომისიის მიერ კონკურენციის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ ეს ინიციატივა განხორციელდება, იგი ფუნდამენტურად შეცვლის ევროკავშირის ორგანოებს შორის ძალთა ბალანსს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეულ ღრმა ექსპერტულ ანალიზს ჩაანაცვლებს პოლიტიკური გადაწყვეტილებით.
ევროკავშირის კომისიაზე პოლიტიკური ზეწოლა და მოწოდება, კონკურენციის სამართლის აღსრულებისას გაითვალისწინოს პოლიტიკური რეალიები, არახალია. ევროკომისია ხშირად ყოფილა თავდასხმის ობიექტი, რომ შეფასებისას უგულებელყოფს სამრეწველო პოლიტიკას ან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური საჭიროებები და დასაქმების დონე. ევროკომისიის პასუხი ასეთ მოწოდებებზე შემდეგია: კონკურენციის სამართლის საკითხის შეფასებისას რელევანტურია, უპირატესად, კონკურენციული ფაქტორები ანუ იმის ანალიზი, რამდენად შეეძლება მომხმარებელს, გადაერთოს სხვა მომწოდებელზე, თუ გაიზრდება ფასები, შემცირდება ხარისხი ან ინოვაცია.
თუმცა სიტუაცია ამჟამად განსხვავებულია და რეალური რეფორმის შანსები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალი. გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი მანიფესტის გამოქვეყნება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ევროკავშირში შეინიშნება მზარდი პოპულიზმი, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე აპელირება ნაკლებად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის შედეგად, და არსებობს რეალური გამოწვევა, თუ რამდენად შეძლებს ევროკავშირის ინდუსტრიული კომპლექსი, გაუძლოს ჩინეთიდან და აზიის რეგიონიდან მომდინარე კონკურენციულ ზეწოლას.
ამ ფონზე, 2019 წლის 9 დეკემბერს მარგარეტ ვესტაგერი აქვეყნებს ბევრისთვის მოულოდნელ განცხადებას, რომელშიც ევროკომისარმა მიმოიხილა რელევანტური ბაზრის დეფინიციის წესები, აღნიშნა, რომ შეინიშნება გარკვეული ტრენდი ბაზრების განვითარებაში და განაცხადა, რომ დაიწყებს მუშაობას ბაზრის დეფინიციის წესების რეფორმირების კუთხით. ევროკომისარს არ დაუკონკრეტებია რეფორმის არც ვადები და არც შინაარსი.
პარიზის, ბერლინის, რომისა და ვარშავის 2020 წლის 4 თებერვლის ერთობლივი წერილის რეალური მიზანი, სწორედ მარგარეტ ვესტაგერისათვის იმის შეხსენება იყო, რომ საჭირო იყო რეფორმები და რაც შეიძლება სწრაფად. მოულოდნელი იყო წერილის ერთ-ერთ ავტორად იტალიის ხილვა, რომელიც აქამდე აქტიურად მონაწილეობდა ჩინეთის „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ ინფრასტრუქტურულ ინიციატივაში. თუმცა, ბოლო დროინდელი მოვლენების გამო, იტალიამ გადაწყვიტა სრული სვლით შეერთებოდა რეფორმისადმი მოწოდებას.
ევროკომისარის მიმართ მსგავსი კონფრონტაციული ტონი უჩვეულოა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისგან, თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მას არსებითი გავლენა ჰქონდეს ვესტაგერზე. ბრიუსელის მაღალჩინოსნების დამოუკიდებლობის წყარო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთგვარი ‘ჯანსაღი სკეპტიციზმია’ - ვინაიდან წევრი ქვეყნების ინტერესში არ არის, რომ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩეულ იქნას რომელიმე ქვეყნისადმი მიკერძოებული საჯარო მოხელე, ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრებს უწევთ დამოუკიდებელ კანდიდატებზე შეჯერება. ამ მხრივ, მარგარეტ ვესტაგერი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ევროკავშირის კონკურენციის სამართლის რეფორმა მაინც მოსალოდნელია. რთულია შეფასება, რა დოზით გაითვალისწინებს ვესტაგერი ევროპის წამყვანი ქვეყნების მოწოდებას, რომ ევროკომისიამ მხედველობაში იქონიოს ევროკავშირის ფართო სტრატეგიული მიზნები და გეოპოლიტიკური საფრთხეების გრძელვადიანი შედეგები. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ევროკავშირის ბაზრის შემდგომ განვითარებას, სწორედ, გლობალური კონკურენციული რისკები განსაზღვრავს და ასევე სავარაუდოა, რომ გაიზრდება მოწოდებები მეტი პროტექციონიზმისკენ.
ცვლილებები, თუ იგი განხორციელდა, გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზეც. დადგება საკითხი, უნდა მოხდეს თუ არა ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკასთან საქართველოს კონკურენციის სამართლის აღსრულების პრაქტიკის დაახლოება, რომელიც, დღეს-დღეობით, უფრო მეტად, ორიენტირებულია სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დახმარებების საკითხებზე და ნაკლებად ინვაზიურია ბაზრის არადომინანტური მოთამაშეების გადაწყვეტილებების მიმართ.
მიუხედავად რეგიონული კონკურენციული რისკებისა (მაგალითად, ირანული ფოლადის მწარმოებლები, რომლებიც ფინანსდებიან ირანული სახელმწიფოს მიერ), კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სახელმძღვანელო პრინციპად უნდა შენარჩუნდეს მომხმარებლის კეთილდღეობა, რომელიც შეუთავსებელია პროტექციონიზმთან და მოკლევადიან პოლიტიკურ საჭიროებებთან კონკურენტული ბაზრის განვითარების ხარჯზე.