შესავალი
14 წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტიანი სახელმწიფოებს შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმები საერთაშორისო ნორმების დასაცავად და შესასრულებლად.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ძალის გამოყენების შესახებ ეფუძნება გაერო-ს წესდებას. აღნიშნული დოკუმენტის ავტორებს სურდათ ძალის ნებისმიერი სახით გამოყენების აკრძალვა, თუმცა, იმავდროულად, გაითვალისწინეს ცალკეული გამონაკლისები, რომლებიც გაერო-ს წესდების შესაბამისად რეგულირდება.
გაერო-ს შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მე-20 საუკუნეში საერთაშორისო სამართლის მოდერნიზება გახლდათ. გაერო-ს წესდების ავტორებს სურდათ, შეექმნათ ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა, სადაც სამართლიანობის პრინციპი იქნებოდა დაცული და სახელმწიფოები პატივს სცემდნენ, შეასრულებდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. მათ, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის შექმნით, უნდოდათ თაობები გადაერჩინათ ომისგან, რომელმაც ორჯერ წარმოუდგენელი უბედურება მოუტანა კაცობრიობას.
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება
ძალის გამოყენება გულისხმობს ნებისმიერ ძალისმიერ ფორმას, ხოლო მისი გამოყენების კანონიერება განისაზღვრება გაერო-ს წესდებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების ფარგლებში.
გაერო-ს წესდების მე-7 თავის თანახმად, მშვიდობისადმი საფრთხის შექმნის, მშვიდობის ხელყოფის ან აგრესიის აქტის შემთხვევებში უშიშროების საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თუ რა იძულებით ზომებს გამოიყენებს. ეს ზომები შეიძლება მოიცავდნენ ეკონომიკურ ურთიერთობათა, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო, სატელეგრაფო, რადიო თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას, აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. თუ უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ზომები არასაკმარისია, იგი უფლებამოსილია, საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო ძალებით ისეთი მოქმედება განახორციელოს, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად და აღსადგენად.
ორგანიზაციის ყველა წევრი იმისათვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში, ვალდებულებას კისრულობს, უშიშროების საბჭოს განკარგულებაში, მისი მოთხოვნით და საგანგებო შეთანხმებისა თუ შეთანხმებათა შესაბამისად, გადასცეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელი შეიარაღებული ძალები, დახმარება და მომსახურების სათანადო საშუალებები მათ ტერიტორიაზე გავლის უფლების ჩათვლით.
ძალის გამოყენების მეორე გამონაკლისი შემთხვევა უკავშირდება გაერო-ს წესდების 51-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა მასზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელებისას, ვიდრე უშიშროების საბჭო არ მიიღებს სათანადო ზომებს.
14 წლის წინ, 2008 წელს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არ მოდის შესაბამისობაში ზემოაღნიშნულ გამონაკლის შემთხვევებთან. რუსეთს არ ჰქონდა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ნებართვა იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ და მისი მოქმედებები არ პასუხობდნენ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. პირიქით, რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული თავდასხმა საქართველოსათვის ქმნიდა საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებისათვის.
ამასთანავე, რუსეთის მიერ მისი აგრესიული მოქმედებების გამართლება ჰუმანიტარული ინტერვენციით არ შეესაბამებოდნენ აღნიშნული ინტერვენციის წინაპირობებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, მსგავსი ოპერაციების მიზანი უნდა იყოს ადამიანის უფლებების მასობრივი, უხეში ხელყოფის ფაქტების შეჩერება, ასევე, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა. რუსეთის მიზანი იყო ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სადამსჯელო მოქმედებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გამო, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ცხადია, აღნიშნული მიზანი ეწინააღმდეგება ჰუმანიტარულ მიზნებს. მეტიც, თავად რუსეთი ქმნის მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისებს, რაც მოითხოვს საერთაშორისო მონიტორებისათვის აღნიშნულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობების შექმნას. ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობამ კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების ხელყოფა დაგმო. არაერთმა პარტნიორმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება. მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე შეაფასეს საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ოკუპაციად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
ამასთანავე, რუსეთის სამხედრო მოქმედებები არ შეესაბამებოდნენ ძალის გამოყენების აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. კრემლს არ უცდია სამხედრო ძალის გამოყენების ნაცვლად სხვა ალტერნატიული საშუალებებისათვის მიემართა, პირიქით, ის ხელს უშლიდა ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. გარდა ამისა, მის მიერ გამოყენებული ძალა იყო არათანაბარზომიერი, არაპროპორციული, რაც დადასტურებულია ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ საკითხზე მიღებული დოკუმენტებით.
რუსეთმა თავდასხმის სამიზნედ გახადა არაერთი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, სამოქალაქო პირებით დასახლებული პუნქტები, გამოიყენა აკრძალული იარაღი, რითაც ხელყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ხელოვნურად გააფართოვა სამხედრო მოქმედებების არეალი და მოიცვა ტერიტორიები, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ კონფლიქტის ზონასთან. ამდენად „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ საბაბით დაწყებული რუსეთის სამხედრო მოქმედებები ტიპურ აგრესიულ აქტს წარმოადგენდნენ, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციას და ე.წ. გავლენის სფეროს აღდგენას, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარეობს.
საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით რუსეთის ქმედება პასუხობს ყველა იმ ნიშანს, რაც დამახასიათებელია აგრესიული მოქმედებებისათვის. კერძოდ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის „აგრესიის დეფინიციის შესახებ“ რეზოლუციის მესამე მუხლის თანახმად, აგრესია არის „ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა, ან სამხედრო ოპერაცია, თუნდაც დროებით, რომელიც ამ შეჭრის ან თავდასხმის შედეგია... ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის წინააღმდეგ; საზღვაო პორტებისა და სანაპიროების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ“. ამავე რეზოლუციის მე-5 მუხლი მიუთითებს, რომ „არანაირი ნებისმიერი ხასიათის მოსაზრება, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა ხასიათის, არ ამართლებს აგრესიას“. აგრესიული ომი ხელყოფს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რაც იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მოწყვლადობა
რუსეთის აგრესიული მოქმედებების არეალი შემდეგ წლებშიც გაფართოვდა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით 2014 წელს კრემლმა ყირიმი უკანონოდ მიიერთა. 2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განხორციელება დაიწყო. რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ჰოსპიტლებს, სამოქალაქო დასახლებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, იყენებს აკრძალულ იარაღს, ახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს ატომურ ელექტროსადგურებზე და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. კრემლის მიერ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კი მკაფიოდ აჩვენებს, რომ კრემლისათვის ყველა კანონგარეშე, დაუშვებელი საშუალება მისაღებია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. ის დაცლილია როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური კატეგორიებისგან. კრემლი ისწრაფვის ტერიტორიების დაპყრობისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის გენოციდის მოწყობის ფასად. აუცილებელია, დაჩქარებული წესით, დადგეს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უმძიმესი დანაშაულებრივი მოქმედებებისათვის, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებისათვის. სამართლიანობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა მომავალში.
რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მთავარი გამოწვევები. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ კვლავ ხელყო გაერო-ს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებისგან ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვას საერთაშორისო ურთიერთობებში. უშიშროების საბჭომ ამჯერადაც ვერ მიიღო სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს აიძულებდა უკრაინის დატოვებას. რუსეთი მისი ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას ვეტოს უფლების გამოყენებით დაბლოკავდა. კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის განხილვამ გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გენერალურ ასამბლეაზე გადაინაცვლა. კერძოდ, აღნიშნულმა საბჭომ გენერალური ასამბლეის სპეციალური საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც გაერო-ს 193 სახელმწიფოს შეუძლია პროცესში ჩართვა. ამა წლის 2 მარტს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფოდან 141-მა მხარი დაუჭირა. 96 ქვეყანა, მათ შორის საქართველო რეზოლუციის თანაავტორი იყო. აღნიშნული დოკუმენტის მხარდამჭერმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუყოვნებლივ, პირობების გარეშე, სრულად გაიყვანოს მისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.
პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის მიმართვის საფუძველზე, ამა წლის 16 მარტს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 13-მა მოსამართლემ რუსეთის ფედერაციისაგან სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვა. ამასთანავე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ მხარდაჭერილი ან კონტროლირებადი სამხედრო და არარეგულარული შეიარაღებული ძალები, კრემლის ხელმძღვანელობის ან გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები ან პირები სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას შეწყვეტენ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას. ამ გადაწყვეტილებით თავისუფლებისათვის მებრძოლმა უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. მიუხედავად ამისა, დღემდე რუსეთის ფედერაცია არცერთ ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებს და ყოველდღიურად აგრძელებს იმ წესრიგისათვის სერიოზული ზიანის მიყენებას, რომლისთვისაც ცივილიზებულმა კაცობრიობამ წლების განმავლობაში ძალისხმევა ჩადო.
დასკვნა
აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის ისტორიულად უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისათვის საერთაშორისო სისტემის ძირეული გარდაქმნაა აუცილებელი. გაერო-ს დღევანდელი ფორმითა და სტრუქტურით ფუნქციონირება არ იძლევა კრიზისებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების შესაბამის შესაძლებლობებს. მოქმედი უშიშროების საბჭოს რეფორმირება აუცილებელია სამართლიანობისა და სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. გაერო-ს წესდებით უშიშროების საბჭოა პასუხისმგებელი მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანოს ამ ფუნქციის შესრულება გაუჭირდება, ვიდრე არ შეიცვლება მუდმივი წევრი სახელმწიფოების მიერ ვეტოს უფლების გამოყენების წესი. სწორედ ვეტოს მექანიზმი იქცა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობა უნდა უზრუნველეყოთ. წარმოუდგენელია საერთაშორისო უსაფრთხოება დაიცვას იმ სახელმწიფომ, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით, ოკუპაციით, ანექსიით ხელყოფს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის პრინციპებს. რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, მათ შორის კრემლმა მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი ტერიტორიის ბიჭვინთის მიერთების შესახებ. რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ წყვეტს და ამ ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად რჩება ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობით. რეალისტური თვალთახედვით უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნის გლობალურ წესრიგს სხვა ტიპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა სჭირდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომი უნდა გახდეს მამოძრავებელი ფაქტორი ფუნდამენტური ცვლილებებისათვის, რაც სახელმწიფოთა პოლიტიკურ მზაობას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ აქტორების ერთობას, რომლებიც წესებზე დაფუძნებული სისტემის დამცველები და მხარდამჭერები არიან.
ვიდრე გლობალურ დონეზე განხორციელდება ცვლილებები, საქართველოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, დაჩქარებული წესით, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში. მოცემული რეალობის გათვალისწინებით სწორედ აღნიშნული რეგიონალური მექანიზმები მისცემენ ქვეყანას მეტ შესაძლებლობას დაიცვას მისი უსაფრთხოება და გააგრძელოს რეფორმების განხორციელება საკვანძო მიმართულებებით. ასევე, რეგიონალურ აქტორებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო ორმხრივი ფორმატების ფარგლებშიც, რაც ურთულეს საერთაშორისო გარემოში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას გაადვილებს.