თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის გამოწვევები
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, უსამართლო და უკანონო ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტიანი სახელმწიფოებს შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმები საერთაშორისო ნორმების დასაცავად და შესასრულებლად. 2022 წლამდე კრემლმა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი არაერთგზის უხეშად ხელყო.
2014 წელს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით, კრემლმა ყირიმი უკანონოდ მიიერთა. 2014 წლამდე კი, 2008 წელს, რუსეთის ფედერაციამ სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო, აგრესიული მოქმედებები განახორციელა. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა არაერთი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, სამოქალაქო პირებით დასახლებული პუნქტები, ასევე, კრელმა გამოიყენა აკრძალული იარაღი და ხელყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. პირველად ისტორიაში საქართველოს წინააღმდეგ ერთდროულად განხორციელდა როგორც სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, ასევე კიბერშეტევითი თავდასხმები. შესაბამისად, ეს გახლდათ პრეცედენტი კონვენციური და არაკონვენციური ოპერაციების ერთობლიობისა. რუსეთის მოქმედებები მიზნად ისახავდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენას, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარეობს და დღემდე უცვლელია. 2022 წლამდე, მიუხედავად კრემლის აგრესიული პოლიტიკისა, სათანადოდ არ მოხდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გაანალიზება. გასული წლის 24-მა თებერვალმა ცხადყო, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ფაქტებსა და მასზე რეაგირების მექანიზმებს უნდა ეფუძნებოდეს და არა იმედებს, სხვაგვარად კვლავ აგრესიული მოქმედებების მოწმენი აღმოვჩნდებით.
გლობალური კოლექტიური სისტემის გარდაქმნის აუცილებლობა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ომმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაციის საჭიროება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ კვლავ ხელყო გაერო-ს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებისგან ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვას საერთაშორისო ურთიერთობებში. უშიშროების საბჭომ ამჯერადაც ვერ მიიღო სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს აიძულებდა უკრაინის დატოვებას. რუსეთი მისი ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას ვეტოს უფლების გამოყენებით დაბლოკავდა. კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის განხილვამ გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გენერალურ ასამბლეაზე გადაინაცვლა. კერძოდ, აღნიშნულმა საბჭომ გენერალური ასამბლეის სპეციალური საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც გაერო-ს 193 სახელმწიფოს შეუძლია პროცესში ჩართვა. 2022 წლის 2 მარტს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფოდან 141-მა მხარი დაუჭირა. 96 ქვეყანა, მათ შორის საქართველო რეზოლუციის თანაავტორი იყო. აღნიშნული დოკუმენტის მხარდამჭერმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუყოვნებლივ, პირობების გარეშე, სრულად გაიყვანოს მისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო, აგრესიული მოქმედებების განხორციელებიდან ერთი წლის თავზე გაეროს გენერალური ასამბლეა კვლავ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან უპირობა გაყვანას მოითხოვს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით რუსეთის ქმედება პასუხობს ყველა იმ ნიშანს, რაც დამახასიათებელია აგრესიული მოქმედებებისათვის. აგრესიული ომი ხელყოფს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რაც იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, ბავშვთა ჰოსპიტლებს, სამოქალაქო დასახლებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, იყენებს აკრძალულ იარაღს, ახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს ატომურ ელექტროსადგურებზე და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. კრემლის მიერ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კი მკაფიოდ აჩვენებს, რომ კრემლისათვის ყველა კანონგარეშე, დაუშვებელი საშუალება მისაღებია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. ბუჩამდე, 1992-1993 წლებში რუსმა ჯარისკაცებმა ჩემს მშობლიურ აფხაზეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს. კრემლი დაცლილია როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური კატეგორიებისგან. ის ისწრაფვის ტერიტორიების დაპყრობისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის ეთნიკური წმენდის, გენოციდის მოწყობის ფასად. აუცილებელია, დაჩქარებული წესით, დადგეს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უმძიმესი დანაშაულებრივი მოქმედებებისათვის, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებისათვის. სამართლიანობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა მომავალში.
რუსეთის ისტორიულად უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისათვის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი. გაერო-ს დღევანდელი ფორმითა და სტრუქტურით ფუნქციონირება არ იძლევა კრიზისებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების შესაბამის შესაძლებლობებს. მოქმედი უშიშროების საბჭოს რეფორმირება აუცილებელია სამართლიანობისა და სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. გაერო-ს წესდებით უშიშროების საბჭოა პასუხისმგებელი მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანოს ამ ფუნქციის შესრულება გაუჭირდება, ვიდრე არ შეიცვლება მუდმივი წევრი სახელმწიფოების მიერ ვეტოს უფლების გამოყენების წესი. სწორედ ვეტოს მექანიზმი იქცა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობა უნდა უზრუნველეყოთ. წარმოუდგენელია საერთაშორისო უსაფრთხოება დაიცვას იმ სახელმწიფომ, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით, ოკუპაციით, ანექსიით ხელყოფს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის პრინციპებს. რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, მათ შორის კრემლმა მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი ტერიტორიის ბიჭვინთის მიერთების შესახებ. რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ წყვეტს და ამ ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად რჩება ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობით. პრაქტიკული თვალთახედვით უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნის გლობალურ წესრიგს სხვა ტიპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა სჭირდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომი უნდა გახდეს მამოძრავებელი ფაქტორი ფუნდამენტური ცვლილებებისათვის, რაც სახელმწიფოთა პოლიტიკურ მზაობას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ აქტორების ერთობას, რომლებიც წესებზე დაფუძნებული სისტემის დამცველები და მხარდამჭერები არიან.
ბრძოლა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისათვის
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველთა პრიორიტეტია უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემისა და საბრძოლო მასალების მარაგების მიწოდების უზრუნველყოფა, რამაც გარდამტეხი ცვლილებები უნდა შეიტანოს საომარი მოქმედებების ველზე და უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა უნდა მისცეს. მეტიც, ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“. ეს კი გულისხმობს კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის სწრაფად მიწოდებას დაყოვნებების გარეშე. ლიბერალური წესრიგის დაცვა ამჟამად თვისებრივად განსხვავებული მიდგომების განვითარებასა და მეტი გაბედული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
ღირებულებებისათვის ომში უკრაინამ მსოფლიოს წარმოუდგენელი სიმტკიცე, შეუპოვრობა აჩვენა. უკრაინის მედეგობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წესებისადმი ერთგული ყველა აქტორის გასაერთიანებლად და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გასამარჯვებლად.
საგრძნობლად გაზრდილი სამხედრო დახმარება და პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისათვის გამარჯვების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამაზეა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მომავალი დამოკიდებული. უკრაინის წარმატება უნდა გახდეს საფუძველი ისეთი შეკავებითი, პრევენციული მექანიზმების განვითარებისა და თანამედროვე უსაფრთხოების ისეთი გლობალური არქიტექტურის შექმნისა, სადაც სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება და ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა არ მოხდება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო ომის ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და დასავლეთის სხვა ლიდერების ვიზიტები კიევში მკაფიო დასტურია იმისა, რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას და მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. აღსანიშნავია, რომ ომის ერთი წლის თავზე, სხვადასხვა პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული ძალების 7 სარდალმა, მათ შორის 2009-2013 წლებში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში, ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამაცი უკრაინელების მხარდაჭერისა და მათი გამარჯვებისათვის.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე გამოკვეთის აუცილებლობა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის პროცესში ყოველდღიურად იზრდება და რეგიონალურთან ერთად მათი გლობალური მნიშვნელობა განსაკუთრებით იკვეთება. ეს მოცემულობა რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აჩქარებს და ამ ორგანიზაციების გაფართოების პროცესის გაგრძელებას მოითხოვს.
პოლარიზაციის შემცირებით, რეფორმებითა და პროაქტიული საგარეო პოლიტიკით უნდა შევძლოთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე გამოკვეთა. ამ პროცესის წარმატება ქვეყნის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს, რადგან გულისხმობს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის. ამასთანავე, საქართველო საკუთარი ხმით მონაწილეობას მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის პრიორიტეტების დადგენაში, რაც საერთაშორისო არენაზე ჩვენს ქვეყანას უფრო ღირებულ სუბიექტად აქცევს.
დღეს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელზედაც იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი განვითარების 5 ან 10-წლიანი ციკლი. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძალთა კონსოლიდაციისკენ, რათა ჩვენს ღირებულებით და ცივილიზაციურ არჩევანს დაბრკოლებები არ შეექმნას. ამ გზაზე დამარცხების უფლება არ გვაქვს! გამარჯვება კი ერთობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი, ევროპული მომავლისათვის. ეს უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ახალი ისტორიის შექმნა, რომელიც მეტ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და გაზრდის რწმენას იმისას, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო საბოლოოდ შეძლებს ევროპული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას.