ნატო შავი ზღვის რეგიონში

ავტორი:

მოცემულ სტატიაში საუბარი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაცია - ნატო-ზე, როგორც ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანიზაციაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში წარმოადგენს მხარეს. სტატიაში საუბარი იქნება ორგანიზაციის მიზნებსა და გეგმებზე, ამასთან, შევეხებით რუსეთის ფაქტორსაც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას.


ცივი ომის და სსრკ-ს დაშლის შემდგომ, აშშ-ს ხელმძღვანელობით, ნატო-ს გაფართოება დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით. ქვეყნები, როგორიცაა ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, გახდნენ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები. ზოგიერთი ახალი წევრი სახელმწიფო სამხედრო ალიანსში იყო სსრკ-სთან ცივი ომის დროს, მაგ.: ვარშავის პაქტი (ჩეხეთი, უნგრეთი,პოლონეთი) და ასევე სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, როგორიცაა ბალტიის რეგიონი (ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა). ამან გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნატო-მ დაიწყო ბალტიის რეგიონის მიმართულებით გაფართოება. სწორედ ამ მოვლენებს მოჰყვა რუსეთის დუმა-ში მღელვარება და წევრები მოითხოვდნენ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, რათა განხილულიყო საზღვრისპირა რეგიონში შეიარაღებული ძალების დამატებითი ნაწილების განთავსების იდეა, თუმცაღა, აღსანიშნავია, ერთი დეტალი, რომ, გაფართოების მიუხედავად, კრემლმა რამდენიმე საჰაერო და საზღვაო სადაზვერვო სპეციალური ოპერაცია ჩაატარა ბალტიის ზღვის რეგიონში, რითაც ხაზი გაუსვა მის როლს რეგიონში და აგრეთვე დამოკიდებულებას, რაც იყო მოცემულ ვითარებასთან შეუგუებლობა. ამასთან, საინტერესოა ერთი მოვლენა, რომელიც 2009 წელს მოხდა: ნატო-ს 2009 წლის გაფართოების დროს კრემლი არ წასულა ალბანეთისა და ხორვატიის გაწევრიანების წინააღმდეგ, იყო ირიბი განცხადებები ოფიციალური პირებისგან, რომ ნატო-ს გაზრდა ევროპის კონტინენტზე შემაშფოთებელია და ძირს უთხრის უსაფრთხოებას კონტინენტზე (NBC News, 2009).


შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იყო ნატო-ს გაფართოების თითოეული ეტაპი, ეს კი გამომდინარეობდა იქიდან, რომ სწორედ ამ გაფართოების იდეა ერთიანი და ძლიერი ევროპის ჩამოყალიბება იყო, რაც აგრეთვე რუსული გავლენების აღმოფხვრის წინაპირობაც იყო, ოფიციალურ რუსეთს არ გადაუდგამს პროაგრესიული ნაბიჯები ორგანიზაციის მის სიახლოვეს გამოსარიცხად.


მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით, ეს პროცესი მაინც გრძელდებოდა. 2008 წელს ნატო-მ (ბუქარესტის სამიტზე) გამოაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან წევრები, რასაც რუსეთი განიხილავდა როგორც სტრატეგიულ საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გორბაჩოვს, საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს, დაჰპირდნენ, რომ ნატო არ წავიდოდა აღმოსავლეთისკენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ასე მწვავედ რეაგირებდა გაფართოებაზე, განპირობებული იყო უკრაინისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფებებით, ის თვლიდა, რომ ეს პროცესები გავლენას მოახდენდა ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ ინტერესებზე.


შავი ზღვის რეგიონი, ყოველთვის დიდი ინტერესის მატარებელი იყო ნატო-სთვის, ეს აუზი დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს კასპიის, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვებს შორის, იგი, ამავდროულად, ძალიან სტრატეგიული დერეფანია ახლო აღმოსავლეთთან დასაკავშირებლად, ეს კი აორმაგებდა დიდი ძალების, მათ შორის ნატო-ს, ინტერესებს რეგიონში. ცივი ომის დასრულების შემდგომ, აშშ-ს ინტერესში ხვდება შავი ზღვის რეგიონი, ამისთვის არსებობდა 3 კონკრეტული მიზეზიც: დემოკრატიის გავრცელება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და, რაც მისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო, ენერგორესურსების დივერსიფიცირება. საპირწონედ კი, რუსეთის ინტერესებთან კრიტიკულად შეუთავსებელი აღმოჩნდა ამ რეგიონში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარება, დასავლეთისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება. ასევე, მოსკოვისთვის მიუღებელი იყო შავი ზღვის რეგიონის გამოყენებით ევროპის კონტინენტზე ენერგო-პროექტების განვითარება. აქედან გამომდინარე, რუსეთი, იმისათვის რომ რეგიონის ქვეყნებს არ მიეღწიათ დასახული მიზნებისკენ და ხელი შეეშალა მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ქმნიდა ან/და ინარჩუნებდა კონტროლს რეგიონში არსებულ კონფლიქტურ კერებზე, რასაც შემდგომ იყენებდა მანიპულაციისთვის და იძულებისთვის. მოკლედ, შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტების ნაირგვარობის მიუხედავად, სწორედ თითოეული მათგანი იმართებოდა და იმართება რუსული ინტერესების ქვეშ, იქნება ეს ყარაბაღის, აფხაზეთი-ცხინვალის თუ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტები.


რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობის რამდენიმე მიზეზი არსებობს შავი ზღვის რეგიონში, პირველი გახლავთ, რუსული სამხედრო ძალის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია რეგიონში და წარმოშობილი კონფლიქტები. მეორე, რეგიონი წარმოადგენს გარკვეული სახის პლაცდარმს, სადაც რუსეთისა და ნატო-ს სამხედრო ძალებს უწევთ მჭიდროდ ურთიერთქმედება, რაც აგრეთვე არის წყარო მუდმივი დაძაბულობისა.


ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ, ხშირ შემთხვევაში, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, ხდება ისე, რომ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ტაქტიკის შემუშავების თაობაზე სხვადასხვა ხედვა ჩამოუყალიბებიათ.  ერთ-ერთ მიზეზად თუ რატომაც არ არის ნატო შავ ზღვაში სათანადოდ წარმოდგენილი გახლავთ თურქეთი და მისი ბოლო დროინდელი პოლიტიკა. მაგალითისთვის, 2001 წელს თურქეთის ინიციატივით შეიქმნა მრავალეროვნული სამხედრო-საზღვაო ჯგუფი სახელად „ბლექსიფორ“ი. (BlackSeafor(2001). ორგანიზაციაში გაწევრიანებული იყო; რუსეთი, საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი. ამ მოდელის შექმნით თურქეთი შეეცადა შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წარმომადგენლობის შესუსტებით მისი როლი გაეზარდა, რაღაც დონეზე იმუშავა კიდევაც და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის ნატო-ს ფლანგი დღესდღეობით ყველაზე სუსტი შვი ზღვის რეგიონში გახლავთ ზემოთ ხსენებული მოვლენა. თუმცა, თურქეთს აქვს დაძაბული ვითარება სირიასთან და მას სჭირდება ნატო-ს თავდაცვითი სისტემები, ამიტომაც მას უწევს, რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბალანსის გამონახვა თანამშრომლობის მიმართულებით რუსეთსა და ნატო-ს შორის.


უნდა აღინიშნოს, რომ რუმინეთი ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ ხდება მნიშვნელოვანი პლაცდარმი ორგანიზაციისთვის, ვარშავის სამიტზე სწორედ რუმინეთი იყო, რომელიც გამოვიდა ინიციატივით შექმნილიყო ნატო-ს შავი ზღვის ფლოტი, რამაც დადებითი შეფასებებიც მიიღო როგორც ბერლინში, ისე ნატო-ს შტაბ-ბინაში და ვაშინგტონში. ამასთან, ბულგარეთი გამოირჩეოდა შედარებით მეტი თავშეკავებულობით შავ ზღვაში, რითაც ერიდებოდა რუსეთის მეტად გაღიზიანებას, თუმცა, უკრაინის კონფლიქტმა და განვითარებულმა მოვლენებმა ერთიანად შეცვალა ამ ქვეყნის მიდგომაც, იგი 2021 წლიდან თავში ედგა ნატო-ს საზღვაო წვრთნების ოპერაციებს შავ ზღვაში, ოპერაციის სახელი „ზურგის ქარია“ და იგი ბოლოს 2022 წლის ივლისში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას 24 საბრძოლო და დამხმარე კატარღა, 5 სამხედრო თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და 1400-მდე სამხედრო იღებდა. ამ წვრთნების ჩატარებას რამდენიმე მიზანი და მიზეზი ჰქონდა, ერთი ის, რაც ზემოთ ითქვა, რომ იზრდება ალიანსის ინტერესები შავი ზღვის რეგიონში და მეორე გახლავთ, რუსეთის დომინანტობისა და საზღვაო მონოპოლიის მინიმუმ შესუსტება.


უკრაინაში წარმოშობილმა კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის წყლებში მიმდინარე მოვლენები, პირდაპირ კავშირშია და გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე. აღსანიშნავია, რომ ვარშავის სამიტამდე ნატო-ს არ ჰქონდა პროაქტიური გეგმა შავი ზღვის რეგიონში საკუთარი როლის თაობაზე (2016). ვარშავის სამიტზე შედგა შეთანხმება, რითაც გამოიკვეთა, რომ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება პირდაპირ ინტერესში მოდის ნატო-ს ინტერესებთან, რაც, საბოლოო ჯამში, გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას.  სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება განიხილება ორგანიზაციის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებად.
 

გააზიარე: