2019 წლის 8 ნოემბერს ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "ჯეოქეისი" პოლონური ჟურნალის - New Eastern Europe მთავარ რედაქტორს, ადამ რეიხარდტს არაფორმალური შეხვედრის - „Eastern Partnership to Georgia: Friends to Friends, Partners to Partners' - ფარგლებში უმასპინძლა.
ადამ რეიხარდტი ჟურნალის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრალური ევროპული ჟურნალის (CEJISS) სარედაქციო კოლეგიის წევრიაცაა. ასევე, გახლავთ ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსის (ვარშავა) პროექტის, „სამი უკრაინული რევოლუციის“ (3R), აღმასრულებელი გუნდის წევრი და რეგიონის შესახებ ახალი პოდკასტების სერიის, “Talk Eastern Europe” თანაწამყვანი.
შეხვედრას, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორის წევრებს, მოდერატორობას „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.
ადამ რეიხარდტმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც რჩება საქართველოს მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სიტყვით გამოსვლისას, მან სტუმრებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაძლიოს საქართველომ ნატო-ში გაწევრინების გზაზე მის წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ასევე, აღინიშნა, რომ ნატო-საგან მიღებული „საშინაო დავალების“ შესასრულებლად ჯერ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი. ამ პროცესში და იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს მიერ ჩრდილოატლანტიკური ერების ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ჰქვია, ისეთი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, როგორიც პოლონეთია, დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჯეოქეისი“-ს არაფორმალური „coffee chat” შეხვედრების მიზანია, შექმნას ღია და დამოუკიდებელი პლატფორმა განსჯისა და დისკუსიისათვის, სადაც არაფორმალურ გარემოში, სანდო და მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად შესაძლებელი იქნება ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო სტრატეგიისა და რეკომენდაციების შემუშავება.