‘’ჯეოქისი’’-ს გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა რადიო „იმედზე’’ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა: „რესურსების მობილიზებას საჭიროებს ეკონომიკის თითოეული დარგი. ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოსთვის, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ამ სფეროში დასაქმებული. შესაბამისად, ამ სექტორის მიმართ ყურადღება ლოგიკურია. თუმცა, ბოლო დროს პანდემიასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, ახალი მიმართულებების ძიება, განვითარება“. გარდა ამისა, ის შეეხო ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობას და დასძინა, რომ დარგის განვითარება მკაფიო მიდგომებს საჭიროებს. „უმჯობესია აქცენტი გაკეთდეს სხვა ტიპის წარმოების განვითარებაზე, ვინაიდან ამ სექტორში რესურსები და დრო შეზღუდულია და საერთაშორისო კონიუქტურა გარკვეული ტიპის სავაჭრო ღონისძიების გასატარებლად შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი’’, - აღნიშნა მან.
მისი თვალთახედვით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, ვინაიდან ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას იყოს ინოვაციური, ჰქონდეს კვლევა-განვითარების დაწესებულებები, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესს ახალი ტიპის პროდუქციის შექმნასა და წარმოებაში. ეს სახელმწიფოში ზრდის წარმოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ბიზნესს და მასთან დაკავშირებული მომსახურების გამწევი ბიზნესების შექმნის შესაძლებლობას.
ბაქარ ფალავანდიშვილმა განაცხადა: „სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს სტრატეგიული ხედვა. დროა საქართველო ფოკუსირდეს იმ სექტორებზე, რომლებიც მისი გათვლით იქნებიან მომგებიანი და გააჩნიათ ზრდის პოტენციალი“. მისი აზრით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კურსი ძალიან კარგია და უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამასთანავე საჭიროა ფოკუსირება იმ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი როლი ექნებათ ინოვაციურობისა და მწარმოებელუნარიანობის თვალსაზრისით.
„საქართველოს აქვს გარკვეული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ასევე, ცხადია, რომ ცხოვრების არსებული დონე იძლევა მეტი შესაძლებლობების სურვილს“, - დასძინა მან.
ამასთანავე, ბაქარ ფალავანდიშვილს მიაჩნია, რომ პანდემიის პერიოდში საქართველომ აჩვენა მაღალი კოორდინაციისა და ეფექტური მოქმედების უნარი. სახელმწიფო ინსტიტუტების ყოველი შემდგომი განვითარება ქვეყანაში გააუმჯობესებს დემოკრატიის მაჩვენებელს, გადაწყვეტილებებისა და მართლმსაჯულების ხარისხს, გამოძიების ეფექტიანობას. თუმცა, ასევე, ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა სხვა მიმართულებებზე ფიქრი.
ბაქარ ფალავანდიშვილი, როგორც კონკურენციის სამართლის სპეციალისტი, ხაზს უსვამს ქვეყნის შიდა ჯანსაღი კონკურენციის მნიშვნელობას და დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული მცდარი წარმოდგენისგან განსხვავებით, მსხვილი ბიზნესი არ წარმოადგენს პრობლემას და ხელისშემშლელ გარემოებას, არამედ პირიქით, როგორც წესი, ახასიათებს მეტი ინოვაციურობა და პროდუქტიულობა.
ასევე, ბაქარ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ „ჯეოქეისი“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან ერთად მუშაობს რეკომენდაციების პაკეტზე ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით. მისი პრეზენტაცია იგეგმება შემოდგომაზე.
იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი