სერბეთმა შესაძლოა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს - ახალი რეალობა საქართველოსა და მსოფლიოსთვის

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ტელევიზია "POSTV-ის“ გადაცემა „პოლიტიკური პოსტის“ ეთერში სერბეთის პრეზიდენტსა და კოსოვოს პრემიერმინისტრს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე ისაუბრა. 


4 სექტემბერს ვაშინგტონში, სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდრე ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერმინისტრ, ავდულაჰ ჰოტის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა სახელწოდებით – „ეკონომიკური ნორმალიზაცია“ მსოფლიოში ახალი პრეცედენტი  შექმნა და ვნებათაღელვა გამოიწვია.


ხელმოწერილ დოკუმენტზე შეფასებებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მის შესაძლო გავლენაზე ეთერში საუბრისას, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ჩვენ და სერბეთს გვაქვს ერთი პრობლემა და ამ პრობლემაში გაგვაერთიანა კოსოვომ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართული საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას კოსოვო განმსაზღვრელი ელემენტის როლის შემსრულებელი გახდებოდა.“ 


ინტერვიუსას "ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განმარტა, რომ სხვა პროცედურულ საკითხერბთან ერთად, ჯერ კიდევ ბუდნოვანია დოკუმენტების სამართლებრივი ბუნება, რაც შემდგომი  განხილვის საგანს წარმოადგენს.  


ვიქტორ ყიფიანის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი სახელწოდებით „ეკონომიკური ნორმალიზაცია“ მხოლოდ ეკონომიკური საკითხების დარეგულირებას არ მოემსახურება და დოკუმენტში ჩამოთვლილი საკითხთა ნუსხის ნაწილი ეკონომიკურ კონტექსტს მიღმაა. 


„ჯეოქეისის” თავმჯდომარის თქმით, მთავარი პოლიტიკური სიახლეები მოცემულია დოკუმენტის მე -15 პუნქტში. ამ პუნქტის მიხედვით, კოსოვო დათანხმდა ერთწლიან მორატორიუმს, რომლის განმავლობაშიც იგი არ შეეცდება წევრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში. თავის მხრივ, სერბეთი იმავე პერიოდში არ შეეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ აღიარონ კოსოვო, ან უკან წაიღონ აღიარება.  ღრმა პოლიტიკური ჩიხის დროს კონფლიქტის მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში დარეგულირების მცდელობას ყიფიანი გამორიცხავს და თუ რა მოხდება 1 წლის მორატორიუმის გასვლის შემდეგ ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ლოგიკური ინტერპრეტაციით, სერბეთი შეეგუება სარკისებურად ამ ვითარების შეცვლას და კოსოვოს უფლება მიეცემა ეს პროცესი განაგრძოს. 


ჟურნალისტის კითხვაზე გაჩნდა თუ არა რუსეთსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყიფიანი პასუხობს, რომ საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელია როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის ფაქტორიც. საქმე ისაა, რომ ამ ორ ქვეყანას სერბეთის კურსზე არსებითი გავლენა აქვთ. 


რა შეიძლება მიიღოს სერბეთმა კოსოვოს აღიარების შემთხვევაში „საკომპენსაციოდ“? როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, სერბეთს საგარეო პოლიტიკური ვექტორი მაინც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს და გახდება თუ არა ის ევროკავშირის წევრი, კოსოვოს საკითხის გარდა, ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანება გადის კოსოვოს აღიარებაზე, ეს არის მცდარი მიდგომა, არასაკამარისი პირობა. სერბეთს დასაკმაყოფილებებლი აქვს სხვა მრავალი პირობა, ბოლო პერიოდში კი საჭირო რეფორმების გატარების გზაზე შეინიშნება გარკვეული სტაგნაცია,“ აცხადებს ყიფიანი. 


ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა პარალელების გავლება შეგვიძლია ამ პრეცედენტთან, ყიფიანი პასუხობს, რომ ქართულ და კოსოვურ მაგალითებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. კოსოვოს თვითგამორკვევა სერბებთან კონფლიქტში ღია ჩარევის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი კი  უშუალოდ, ღია და დაუფარავი გარე აგრესიის შედეგია, ისევე როგორც ეთნიკური წმენდა და მიმდინარე ოკუპაცია. აღსანიშნავია, სერბული არაღიარების პოლიტიკური შედეგი და ქართული არაღიარების პოლიტიკური შედეგი. საქართველოს პოლიტიკა მეტად წარმატებულია საქართველოს პარტნიორების და მოკავშირეების მხარდაჭერით. ანალიტიკოსი პოზიტიური ვარაუდით ასრულებს ინტერვიუს. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარნტიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინაშე საკითხის წამოჭრა სერბულ-კოსოვური სცენარით, წესით, უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან ეს საზიანოა არამარტო ქართული, არამედ შავი ზღვის რეგიონში დასავლური ინტერესებისათვის. 

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: