ვიქტორ ყიფიანი - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი მოითხოვს საქართველოს, როგორც რეგიონალური შუამავლისა და მედიატორის გამოკვეთილ როლს

ავტორი:

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზად იყვნენ, შესაბამისად,ის თუ ამჯერად ვინ დაიწყო კონფლიქტი, მნიშვნელოვანი, თუმცა ტექნიკური საკითხია, რადგან რომელიმე ქვეყანა ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა.
 

„ეს გამწვავება გამორჩეულია წინა გამწვავებისგან, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხარეები აბსოლუტურად მზად იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის, გამალებული შეიარაღებისა და იმ იდეოლოგიური ფონის გათვალისწინებით, რომელიც იქმნებოდა ორივე ქვეყნის ლიდერის მხრიდან. ასე რომ, აქ საკითხი, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი, რა თქმა უნდა, არსებითია, მაგრამ, ალბათ, ყოველივეს ფონზე, ეს მაინც ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რადგან არ იქნებოდა ერთი, იქნებოდა მეორე და არ იქნებოდა მეორე, იქნებოდა პირველი,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

მისივე თქმით, უკვე ივლისში შეინიშნებოდა, რომ ეს არ იყო კონფლიქტი, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ იყო სხვა მესამე პირთა მხრიდან კონფლიქტის მიმდინარეობით ერთგვარი დაინტერესება.
 

„ივლისში როდესაც იყო ესკალაციის მორიგი ფაზა, მაშინ თურქეთის პოზიცია იყო ძალიან გამორჩეული, რადგან მანამდე თურქეთს ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება ამ კონფლიქტისადმი, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, რომ დაეფიქსირებინოს და ახლა დღეს რასაც ვხედავთ, პრაქტიკულად არის თურქეთის ივლისის ხაზის გაგრძელება. თურქეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა საკმაოდ დამაჯერებელია, ახლა ვუყურებთ შავ ზღვაზე რა ხდება, არის თუ არა ეს თურქეთის მხრიდან ახალი უსაფრთხოების მოდელის კონსტრუირება რუსული ინტერესების ხარჯზე და არა მარტო რუსეთის, რადგან თქვენ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ თურქეთი გარკვეულ სადავო ვითარებაში მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არ არის თურქეთის მხრიდან სპონტანურობა მოქმედებაში, ეს არის გარკვეული ხაზის გავრცობა, თუმცა რა საბოლოო კონტურებს მიიღებს ეს ან რა საბოლოო კონტურების მიღების საშუალებას მისცემს რომელიმე მესამე ქვეყანა, იგივე რუსეთს, რომელიც ადევნებს ყოველდღიურ რეჟიმში სიტუაციას თვალს, ამ მომენტში ამის თქმა რთულია,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

ექსპერტის განმარტებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში ეთნიკური კონფლიქტები უკვე დიდი ხანია აღარ ატარებენ ეთნიკურ ხასიათს, არამედ მათ მიიღეს მკვეთრად გეოპოლიტიკური ხასიათი, რასაც ყიფიანის, განმარტებით, ვხედავთ ყარაბაღის შემთხვევაშიც.
 

ამასთანავე, საქართველოს როლზე საუბრისას, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს მედიატორის როლი აიმაღლოს.
 

„ჩვენი გაგვჭირვებია და ამას დაემატა მორიგი ესკალაცია, რომელიც რეგიონს წარმოაჩენს ძალიან ცუდად, ეკონომიკური მიმზიდველობის, პოლიტიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ძალიან რთულია, რომ ჩვენ იდეალურ ვითარებაში რომც ვიყოთ, განკერძოებული და განცალკევებული ვიყოთ ამ თემისგან. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი მოითხოვს საქართველოს, როგორც რეგიონალური შუამავლისა და მედიატორის გამოკვეთილ როლს, ყოველ შემთხვევაში, ამაზე უნდა განაცხადოს მზაობა,“- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

გააზიარე: