ხათუნა ბურკაძე - დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირზე გადის, რასაც ალტერნატივა არ აქვს

"ჯეოქეისის" მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. 
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „რეგიონალური კონტექსტი საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს, რაც უფრო მკაფიოდ უნდა წარმოჩნდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებით, რომელიც ალიანსთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“. „თუმცა დღევანდელი მოცემულობის სიღრმისეული ანალიზი მიანიშნებს, რომ არსებითი პაკეტის განახლება ან სხვა მსგავსი ინიციატივების განხორციელება საკმარისი არ არის. საქართველო ნატოში წევრობას იმსახურებს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლისთვის უნდა გადაიდგას მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც 12 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ პოლიტიკურ დაპირებას რეალობად აქცევენ“, - დასძინა მან.
 

ევროინტეგრაციის კონტექსტში ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, საქართველოს სტრატეგიული როლის მეტად გამოკვეთასა და შესაბამისად, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. 
 

ხათუნა ბურკაძემ  განაცხადა: „საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ჩვენგან მოითხოვს მეტ ინოვაციურ რეფორმას ყველა საკვანძო მიმართულებით, თუმცა ეს უნდა შევძლოთ“.
 

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ  კიბერუსაფრთოების საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამართული კიბერუსაფრთხოების ფორუმი ადასტურებს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში პრიორიტეტულია. ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევაზე დაეხმაროს საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის დაცვაში.


იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია 

გააზიარე: