ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკა“ გაიმართა.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა და გამოწვევები მიმოიხილა.
„ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩვენ მრავალგვარი კრიზისის მოწმე გავხდით, იყო ეს ნავთობთან დაკავშირებული კრიზისი, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება თუ გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობა. ყველა ამ პრობლემამ უდიდესი გამოწვევები შეუქმნა ქართულ ეკონომიკას, თუმცა ის კრიზისი რის წინაშეც ამჟამად ვდგავართ - კოვიდ19-ის პანდემია, სრულიად უნიკალურია თავისი თვისობრიობით, კომპლექსურობითა და ხანგრძლივი შედეგებით. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია მეტი ძალისხმევის მიმართვა რომ მოვიძიოთ უნიკალური გზები და საშუალებები, რომლებიც ბიძგს მისცემენ ეროვნული ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უფროსმა ეკონომისტმა, Georgetown University-ის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორმა ფუად ჰასანოვმა ე.წ. „აზიური სასწაულის“ ქვეყნების მაგალითი განიხილა და ძირითად 3 პრინციპზე გაამახვილა ყურადღება, როგორც მათი ეკონომიკური ზრდისა და წარმატების საფუძველზე: 1) მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარება; 2) ექსპორტის განვითარება; 3) მჭიდრო კონკურენცია (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე) და მკაცრი ანგარიშვალდებულება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უფროსმა ეკონომისტმა, რედა შერიფმა მძიმე ეკონომიკური სიტუაციისგან თავის დაღწევისა და წინსვლისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”შეუძლებელია მცირე ეკონომიკებმა განვითარების სათანადო დონეს გახსნილობის გარეშე მიაღწიონ. დიდ ეკონომიკებსაც კი არ ძალუძთ ჩაკეტილ სივრცეში განვითარება. ჩინეთის წარმატებას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დიდწილად, იგი სხვა ეკონომიკების მიმართ გახსნილობას და მათთან ვაჭრობის განვითარებას ემყარება. ინდოეთმაც მას შემდეგ დაიწყო სწრაფად განვითარება რაც სხვა ქვეყნებთან დაამყარეს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, შეუძლებელია თუნდაც დიდი ქვეყნების ეკონომიკის ჩაკეტვა, რადგან განვითარებისათვის აუცილებელია კონკურენცია, ტექნოლოგიებზე წვდომა, ვალუტა და ა.შ.“- განაცხადა რედა შარიფმა.
დისკუსიისას, სელიმ ჩაქერმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენელმა საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა წარადგინა საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ.
”ჩვენ ვხედავთ საქართველოს დროულ თანამშრომლობას დონორებთან. სათანადო მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება ქვეყანას საშუალებას აძლევს შეამსუბუქოს კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე. ქვეყნის ფინანსური სისტემა კარგ მდგომარეობაშია, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბიზნესის დროებითი მხარდაჭერა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კონტროლდება და ინფლაცია უკვე მიუახლოვდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 3%-ს. მიუხედავად მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი შემცირებისა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო გაცილებით უარესი შედეგის თავიდან აცილება შოკის სიმძლავრიდან გამომდინარე. გამოწვევები ნამდვილად რჩება 2021 წლისთვის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკა და პანდემიის ეფექტიანად მართვა და დონორების დახმარებით ეკონომიკაზე მისი გავლენის შემსუბუქებისაკენ მიმართული მუდმივი მცდელობები საქართველოს საშუალებას მისცემს გადალახოს ეს რთული პერიოდი. იმედია, მომავალ წელს ამ დროისათვის მაკროეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე დღესაა ”- განაცხადა ბატონმა ჩაქერმა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გამგეობის წევრმა, ბაქარ ფალავანდიშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი სტრუქტურა და მისი პოტენციალი საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ქვეყანაში მეტი ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების კუთხით, რაც ქვეყნის ეკონომიკის ხელისშემწყობი ფაქტორია. ბაქარ ფალავანდიშვილმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას განსავითარებელი სექტორების არჩევის თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
”საერთაშორისო რეიტინგები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, შესაძლოა გარკვეული სახის სასიგნალო როლს ასრულებდეს ინვესტორებისთვის, თუმცა ამ როლს ზედმეტად არ უნდა დავეყრდნოთ, რადგან ინვესტორისათვის რეალური მიმანიშნებელი ფაქტორი ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოში შექმნილი ბიზნეს-გარემო და ის ინვესტორები არიან, რომლებიც ქვეყანაში უკვე საქმიანობენ.”- განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, დისკუსიის შეჯამებისას, კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეალობაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც უცხო არაა მსგავსი მოწყობისა და ეკონომიკის ქვეყნებისათვის, თუმცა არსებული პრობლემების დასაძლევად საჭიროა მეტი ინოვაციური და არაშაბლონური მიდგომის გამოყენება. მისი განცხადებით, პანდემიამდე საქართველოს მაკროეკონომიკის ყველა პარამეტრი მეტ-ნაკლებად დადებითი იყო, ამ ეტაპზე კი მეტი რამ უნდა გაკეთდეს კრიზისის გადასალახად და ეკონომიკის ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად.
”როდესაც საქართველოს ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, ასევე, ჩვენი წინდახედულობით, გამბედაობითა და კომპეტენტურობით შევძლებთ გავუმკლავდეთ სირთულეებს და შევქმნით უკეთეს მომავალს“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იხილეთ ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი