„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის 4 წლიანი დინამიკის შესახებ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის 4 წლიანი დინამიკა“ გაიმართა.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ონლაინ განხილვას მოდერატორობა გაუწია. ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების მიმართულებით.


„ჩვენი ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობა, მისი სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივა მნიშვნელოვანწილად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე გადის,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის 4 წლიანი დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ახლა  გამორჩეულია ისე როგორც არასდროს. 


„30 წლის განმავლობაში ჩვენ მოვედით იმ უმაღლეს ნიშნულზე, როდესაც ამერიკისთვის საქართველო სამაგალითო პარტნიორი გახდა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. ამერიკა ახლა უფრო მეტად ხედავს იმ მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს რეგიონში. ამერიკის მხრიდან $86 მლნ-დან $135 მლნ-მდე გაზრდილი წლიური დაფინანსება ადასტურებს, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერის განკარგვა ქვეყანაში სწორი მიმართულებით ტრანსფორმირდება, იქნება ეს დემოკრატიული, ეკონომიკური თუ სამხედრო თანამშრომლობის მიმართულება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.


ონლაინ დისკუსიის თანამოდერატორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება, მან დისკუსია გახსნა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გადახედვის საკითხების მიმართულებით.


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გიორგი ციკოლიამ, დისკუსიისას მიმდინარე წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები მიმოიხილა.


„დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან არის ჩვენი შანსი დავიკავოთ ადგილი თავისუფალი ვაჭრობის მიმარულებით და გადავიდეთ მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, ის სტრატეგიული პარტნიორობა რაც გვაქვს გარდაიქმნას სტრატეგიულ მოკავშირეობაში და გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ ხელთ არსებობს,“-განაცხადა გიორგი ციკოლიამ. 

 

დავით ბაქრაძემ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის 4 წლიანი დინამიკის შეჯამებისას გამოყო უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომელთა შორისაა 2017 წელს აპროპრიაციის დოკუმენტში, საკანონმდებლო დონეზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პირველად გაჩენილი ჩანაწერი,  არაღიარების პოლიტიკის გატარება სანქციების დაწესების გზით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმის გაფორმება, უმსხვილესი ინვესტიციების განხორციელება, ასევე მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტები და მათი მხარდამჭერი მნიშვნელოვანი გზავნილებია. 


საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ აღნიშნა, რომ თეთრ სახლში მოდის გუნდი, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და საქართველოს, რაც ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მხოლოდ მკაფიო ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.


„საქართველოს დემოკრატიული განვითარების, საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება საქართველოს პრიორიტეტად,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, დისკუსიის შეჯამებისას,  კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების დადებით დინამიკაზედა ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წარმატებით განვითარებაზე ამერიკული სტრატეგიული ინტერესების გადმოსახედიდან. მან ასევე საგანგებოდ აღნიშნა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის საქმიანოაბა და მისი როლი ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში, ისევე როგორც აშშ-ში საქართველოს დიპლომატიური მისიის შრომა და  ძალისხმევა იმ შედეგების მისაღწევად, რაც ორ ქვეყანაც შორის პარტნიორობას დღეს ასე გამოარჩევს.   

 

 

ონლაინ დისკუსიის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს

 

იხილეთ სრულად ონლაინ დისკუსია  
 

გააზიარე: