„გვჯერა, რომ სამყარო მოძრაობს ასევე იდეებით და არა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით.“ - მიიჩნევდა ევროპული კომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ დელორი, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი 1987 წელს ევროპული გაცვლითი პროგრამის „ერასმუსის“ დაწყებისა. მას შემდეგ დღემდე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „მრავალფეროვნებაში ერთიანობის“ და იდეების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა 10 მილიონზე მეტ მოქალაქეს მიეცა ევროპის კონტინენტზე თუ მის მიღმა, მათ შორისაა 15 000-ზე მეტი ქართველი სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესიონალი. აღსანიშნავია საქართველოს, როგორც პროგრამის პარტნიორი ქვეყნის, წამყვანი პოზიცია - მე-6 ადგილი - მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის (Erasmus + ICM), რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციას კიდევ უფრო შეუქცევადს ხდის.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ პროცესში ქართულ-ევროპული დაწესებულებების მეტად დაახლოება სწორედ განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების, კვლევისა თუ ინოვაციების სფეროებში გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რაც საქართველოს „Soft-Power“-ად შეგვიძლია განვიხილოთ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენის კონტექსტში. ამავდროულად, ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობიდან თუ სტუმარ-მასპინძლობის უნიკალური ქართული ტრადიციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს საქართველოს, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბის, იმიჯის პოპულარიზაცია ევროპელ ახალგაზრდებში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი კვლევითი ცენტრების დაფუძნება კი საერთო წარსულის უკეთ გააზრებასა და ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნების პროცესის მხოლოდ მეტ ლეგიტიმურობას შეუწყობდა ხელს.
ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე მეტი აქცენტირება, განსაკუთრებით შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისებითა და ქართული მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის გაფართოებით, 2024 წლისთვის წევრობაზე განაცხადის წარდგენას უფრო მყარ საფუძველს შეუქმნიდა.
საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ტურიზმის განვითარება კი ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციის საფუძვლად და ამავდროულად, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საფრთხეების საპირწონედაც შეგვიძლია განვიხილოთ.
მით უმეტეს, ევროპული სახელმწიფოებრივი მოწყობის თანამედროვე ტენდენციები დღეს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროს გარდაუვალ ეკოლოგიზაციას გულისხმობს. აღნიშნული საქართველოს მხრიდან გარემოსდაცვით თემატიკაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას საჭიროებს; არსებითია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანიების წარმოება ქვეყნის მწვანე მოდერნიზაციის თაობაზე და მეტი შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიების ასათვისებლად.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ დეცენტრალიზაციისა და რეგიონული პოლიტიკის პრიორიტიზება ის მიმართულებაა, რამაც ეფექტიანად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება ამჟამინდელი ათწლეულის ისეთი გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველასთვის ყველგან, მათ შორის, ციფრული ტრანსფორმაციის გზით განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
რეგიონების დონეზე კავშირების გაღრმავება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ე.წ. „City Diplomacy“-ის საშუალებით ევროპული მოქალაქეობისა და ღირებულებების განმტკიცების გონივრულ გზად გვესახება. საქართველოს და ევროპის ქვეყნების დამეგობრებულ რეგიონებს/ქალაქებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გააქტიურების მიღმა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა ახალი კავშირების დამყარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარების პროცესის მეტ ევროპეიზაციას.
საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის კონტექსტში, ინსტიტუციური დაახლოების მიღმა, უდავოა, რომ ალტერნატივა არ აქვს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას. ამ მიზნით კი, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საქართველომ გაიზიაროს წარმატებული ევროპული გამოცდილება ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის კულტურის ფართოდ განვითარებით, მათ შორის, ევროპულ მოხალისეობრივ პროგრამებში მეტი ჩართულობის გზით.
და ბოლოს, ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ევროპელი ხალხებისთვის ახლოს გაცნობა საზღვარგარეთ ქართველოლოგიის დარგის პოპულარიზაციით, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ქსელის შექმნით და კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამების განვითარებით „ევროპაში მეტი საქართველოს, საქართველოში კი მეტი ევროპის“ საუკეთესო პერსპექტივად გვესახება.
„აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები“. - ტიციან ტაბიძე, 1916 წ.
თბილისი, 2021 წლის 9 მაისი
მომზადდა „ჯეოქეისის“ სტუდენტური ტრენინგ პროგრამის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მოდულის „ევროკავშირი და საქართველო“ ფარგლებში.
პროგრამის მონაწილეები:
აბულაძე ნიკა, კავკასიის უნივერსიტეტი
ამბროლაძე გვანცა, კავკასიის უნივერსიტეტი
ასლამაზაშვილი ანა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბარამაძე ნია, კავკასიის უნივერსიტეტი
ბაციკაძე ალექსანდრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბაქრაძე სოფიო, კავკასიის უნივერსიტეტი
ბეკურიშვილი გულიკო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
ბერუაშვილი ლიზი, თავისუფალი უნივერსიტეტი
გეგელიძე გიორგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ლომინაძე გიორგი, კავკასიის უნივერსიტეტი
მაღრაძე დათა, კავკასიის უნივერსიტეტი
მოსიაშვილი ანა, კავკასიის უნივერსიტეტი
ოქრუაძე ნინო, კავკასიის უნივერსიტეტი
ქირია ბაჩა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შენგელიძე ნინო, თავისუფალი უნივერსიტეტი
ციხელაშვილი ნინო, შავი ზღვის უნივერსიტეტი
ჯანჯალია ლიზა, კავკასიის უნივერსიტეტი
მოდულის ხელმძღვანელი: ლიკა ჭიპაშვილი