„ჯეოქეისისა“ და საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის Tillotoma Foundation-ის ერთობლივი ორგანიზებით საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების შესახებ ონლაინ ღონისძიება გაიმართა

„ჯეოქეისისა“ და ინდური გლობალური ანალიტიკური ორგანიზაციის Tillotoma Foundation-ის  ერთობლივი ორგანიზებით, საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების შესახებ ონლაინ ღონისძიება გაიმართა.


ონლაინ დისკუსიაზე, რომელსაც თანამოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და Tillotoma Foundation-ის წარმომადგენელი, ტანიშა აჩარია უწევდნენ, საქართველო-ინდოეთის ორმხრივი თანამშრომლობის კულტურული, პოლიტიკური, რეგიონალური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ინდოეთის პოლიტიკის საკითხები განიხილეს.


ღონისძიების საპატიო სტუმრები და მომხსენებლები იყვნენ: ინდოეთის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, აჩალ კუმარ მალჰოტრა, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი, Tillotoma Foundation-ის დასავლეთ და ცენტრალური აზიის ცენტრის ხელმძღვანელი, მინა სინგ როი და „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილე, ბაქარ ფალავანდიშვილი.


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს დისკუსიის  თანაორგანიზებისათვის. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებების ხელს შეუწყობს ინდოეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.


სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ერთი მხრივ ევროპისა და აზიის მიჯნაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მისი როლი სხვადასხვა სატრანზიტო დერეფნებში, ხოლო მეორე მხრივ კი ინდოეთის გლობალური მასშტაბი და მზარდი შესაძლებლობები მეტ მოლოდინებს აჩენს. ინდოეთის საგარეო პოლიტიკის სპეციფიური ნიუანსების გათვალისწენებით, ვაცნობიერებთ რუსეთ-ინდოეთის კავშირებს, თუმცა გარკვეული რეგიონალური ასპექტების გამო ინდოეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს მოლოდინები მეტად პრაგმატული და რეალისტური უნდა იყოს. რეგიონზე გავლენები და კონკურენცია იზრდება, რაც როგორც გეოპოლიტიკურ ჭრილში, ასევე, ბიზნესის თვალსაზრისითაც უნდა გაანალიზდეს“.


ელჩმა აჩალ კუმარ მალჰოტრამ წარსულში საქართველო-ინდოეთის პოლიტიკური ურთიერთობების შედარებით დაბალი ტემპის შესახებ ისაუბრა, რის მიზეზადაც რუსეთის ფაქტორი დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ფაქტს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება არ შეუფერხებია. 


„ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის პოლიტიკური ნაწილი დაბალი აქტივობით გამოირჩევა, არ არსებობს მოცემულობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს დააბრკოლებს. ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებმა, ორივე ქვეყნის კერძო სექტორთან ერთად, მხარდამხარ უნდა იმუშაონ და მოიძიონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პოტენციურ ინვესტორებში ნდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ელჩმა მალჰოტრამ.


„ინდოეთის მთავრობას ვურჩევდი, საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის დონის ასამაღლებლად ჩამოყალიბდეს რეზიდენტი დიპლომატიური მისია და თბილისში გაიხსნას საელჩო, ან თუნდაც საკონსულო, რათა საზოგადოებრივი,  სავაჭრო და ინვესტიციებთან დაკავშირებული ურთიერთობები უფრო დინამიურად გაგრძელდეს.“ - დასძინა მან.


„ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა -საქართველო-ინდოეთის პოლიტიკური ურთიერთობების რეგიონულ კონტექსტზე და რეგიონში ინდოეთის შესაძლო ინტერესებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ სფეროებს, სადაც, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებისა და მასში სამხრეთ კავკასიის ადგილის გამოკვეთის გათვალისწინებით, ინდოეთს შეუძლია უფრო გააქტიურდეს. ამ მხრივ, მან აღნიშნა შესაძლო თანამშრომლობის შემდეგი ასპექტები: ეკონომიკა (საქართველოს განსაკუთრებით მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან და დასავლეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე), მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი და სამხედრო თანამშრომლობა. ასევე, ხაზი გაუსვა ინდოეთის, როგორც პოტენციური დამბალანსებლის როლს სხვა რეგიონალურ მოთამაშეებს შორის. 


 „ინდოეთი შედარებით მოკრძალებული მოთამაშეა ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, თუმცა, ახლა სწორედ ის მომენტია, როცა ინდოეთს აქვს შანსი გახდეს უფრო დიდი მოთამაშე ეკონომიკური და, თუნდაც, გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც,“ - დასძინა ემილ ავდალიანმა.


პროფესორ მინა სინგ როის თქმით, საქართველო-ინდოეთის პარტნიორობის წინსვლისათვის მნიშვნელოვანია თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნა რათა დიპლომატიური ურთიერთობები შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ასევე, უნდა განმტკიცდეს ეკონომიკური კავშირებიც, ამ მხრივ განსაკუთრებულ გავლენას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება იქონიებს. „სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის, ფოლადის წარმოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობა შესაძლებელია უფრო მეტად განვავითაროთ, თუმცა, ტელე-მედიცინა, ტელე-განათლება, კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა, ის სფეროებია, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით“, -აღნიშნა პროფესორმა სინგ როიმ. მან, ასევე, ხაზი გაუსვა „ჯეოქეისსა“ და Tillotoma Foundation-ს შორის პროფესიონალური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ერთობლივი კვლევების განხორციელებას ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის ან რეგიონალური უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით. 


„ჯეოქეისის“ თავჯდომარის მოადგილემ, ბაქარ ფალავანდიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაზე და მსმენელს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების შესახებ სტატისტიკა მიაწოდა. 2021 წლის მონაცემები ეხებოდა საქართველოს მიერ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტზე გატანილ საქონელს. მისი თქმით, საქართველომ ექსპორტის 80% იმ ქვეყნებში განახორციელა, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული (ევროკავშირი, დსთ-ს ქვეყნები, ჩინეთი, ჰონკონგი). ასევე, ისაუბრა ინდურ ტატა ჯგუფთან დაკავშირებით, რომელმაც 700 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, აჭარის რეგიონში შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში. „აღნიშნული ინვესტიცია და ტატა ჯგუფის მონაწილეობა ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით.“


„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინდოეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობა არც თუ ისე მძლავრია, არსებობს თანამშრომლობის მკაფიო პერსპექტივები და ვიმედოვნებთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მხრივ ურთიერთობების განვითარებას”. - შეაჯამა ბაქარ ფალავანდიშვილმა.


ვებინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაგრძელებასა და საერთო პროექტებზე მუშაობისათვის მზაობა გამოთქვეს.

 

 

იხილეთ ონლაინ ღონისძიების ჩანაწერი

გააზიარე: